Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-309-02 17 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, თ. კობახიძე

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1999წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხე ზ. ც-ეს მოსარჩელე მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4273 ლარი. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და იგი კანონიერ ძალაშია შესული. ზ. ც-ემ თავისი საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ზესტაფონში, ..., 1999წ. 30 ივლისს მიჰყიდა დ. ს-ეს.

მ. მ-ემ სარჩელით მიმართა ქ.ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: დ. ს-ისა და ზ. ც-ის მიმართ და მოითხოვა საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებით დადებული გარიგების ბათილად ცნობა,.

ქ. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 მარტის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დ. ს-ესა და ზ. ც-ეს შორის 1999წ. 30 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება ქ. ზესტაფონში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის შესახებ ცნობილი იქნა ბათილად.

რაიონულმა სასამართლომ სადავო საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებით დადებულ გარიგებად მიიჩნია შემდეგი საფუძვლით: მოპასუხემ თავი აარიდა ვალის გადახდასა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გააფორმა გარიგება მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა (მოჩვენებითი გარიგება).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ც-ემ და დ. ს-ემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 12 ნოემბრის განჩინებით უცვლელი დარჩა ქ. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 მარტის გადაწყვეტილება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ც-ემ და დ. ს-ემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 12 ნოემბრის განჩინებით უცვლელი დარჩა ქ.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია და აღნიშნა, რომ მოპასუხეებს შორის გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა. მხარემ გამოიყენა იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნის მისაღწევად, თავი აარიდა კრედიტორის დაკმაყოფილებას და სწორედ ამ მიზნით დადო დ. ს-ესთან სახლის ნასყიდობის მოჩვენებითი გარიგება.

დ. ს-ემ და ზ. ც-ემ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. დ. ს-ემ თავის საკასაციო საჩივარში განმარტა, რომ მან სადავო სახლი შეიძინა ზ. ც-ისაგან კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ვინაიდან ნოტარიუსის განმარტებით სახლი არ იყო ყადაღისა და რაიმე სხვა დატვირთვის ქვეშ.

კასატორ ზ. ც-ის განმარტებით კი სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

სააპელაციო საჩივარში იგი ითხოვდა არა რაიონული სასამართლოს 1999წ. 14 აპრილის გადაწყვეტილების გადასინჯვას, არამედ იმ ფაქტის შეფასებას, რომ მან აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ არ იცოდა, ვინაიდან გადაწყვეტილება არ ჩაბარებია. სასამართლომ არასწორად შეაფასა ცნობები მისი და დ. ს-ის ზესტაფონში ჩაწერისა და მისი თბილისიდან ზესტაფონში სტუმრად ჩასვლისა და დროებით დარჩენის შესახებ და შეუსაბამოდ დაუკავშირა ისინი ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითობის საკითხს.

სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 377-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა და არ იმსჯელა მის მიერ დასმულ საკითხებზე, ამავე კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილება იურიდიულად არ დაასაბუთა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1999წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ც-ეს მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4273 ლარისა და 50 თეთრის გადახდა. სააღსრულებო ფურცელი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 1999წ. 3 მაისს გაიცა სასამართლოს მიერ. ზ. ც-ემ 1999წ. 30 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებით მის სახელზე რიცხული, ზესტაფონში, ... მდებარე ბინა მიყიდა დ. ს-ეს. ნასყიდობის მომენტში სადავო ბინა ყადაღის ან რაიმე უფლებრივი დატვირთის ქვეშ არ იმყოფებოდა.

სააპელაციო სასამართლომ სკ-ს 58-ე მუხლის შესაბამისად მოჩვენებით გარიგებად მიიჩნია ნასყიდობის ხელშეკრულება და ბათილად ცნო იგი.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოტივაციას და თვლის, რომ მათ მიერ წამოყენებულია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორი ზ.ც-ე მიიჩნევს, რომ მიუხედავად მის მიერ სააპელაციო საჩივარში დაყენებული პრეტენზიისა, სასამართლოს არ გაურკვევია ის გარემოება, იცოდა თუ არა ამ უკანასკნელმა მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ და მოქმედებდა თუ არა მოსაჩვენებლად.

სასამართლოს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზით არ შეუფასებია მყიდველის, დ. ს-ის კეთილსინდისიერების საკითხი.

ჩათვალა რა სადავო გარიგება მოჩვენებითად, სასამართლომ არ დაასაბუთა, რაში გამოიხატა განზრახვის არარსებობა, რომ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა. მაშინ, როცა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველი აღირიცხა საჯარო რეესტრში მესაკუთრედ და გარიგებას იურიდიული შედეგი მოჰყვა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსაჩვენებლად მოქმედებდა ხელშეკრულების ორივე მხარე, მათ შორის მყიდველი დ. ს-ე, მაგრამ არ დაასაბუთა, არ მიუთითა მტკიცებულებებზე, რომლებზე დაყრდნობითაც მივიდა ასეთ დასკვნამდე. ... მდებარე ბინაში, ამ უკანასკნელის ზ. ც-ესთან ერთად ცხოვრების, ასევე 26 მაისის ქუჩა ¹30-ში 1991 წლიდან რეგისტრაციის ფაქტი არ მიუთითებს მის მიერ ბათილი გარიგების დადების განზრახვის არსებობაზე.

სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებით მ. მ-ეს მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის ქონების დაყადაღება არ მოუთხოვია, რის გამოც გასხვისების მომენტში საცხოვრებელ სახლს ყადაღა არ ედო, საქმის მასალების მიხედვით კი სასამართლო აღმასრულებელმა ქონებაზე ყადაღის დადების მიზნით სასამართლოს 1999წ. სექტემბერში, ე.ი. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმართა.

სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს ევალებოდა დამტკიცება იმისა, რომ მოპასუხე მხარეებმა სწორედ მოჩვენებითი გარიგება გააფორმეს.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს მოქმედებდა თუ არა მოპასუხე ზ. ც-ე მოჩვენებით, იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინა ვალის გადახდა და არის თუ არა დ. ს-ძე არაკეთილსინდისიერი შემძენი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. ც-ის და დ. ს-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 12 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.