¹ 3კ/310-02 27 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე,მ. ცისკაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. ზ-შვილი 1999 წლის მაისიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტში.
საქართვლეოს შსს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოს 2000 წლის 7 ივნისის ¹425\7 ბრძანების მიხედვით პოლიციის .... ი. ზ-შვილი 2000 წლის 15 თებერვლიდან დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების თადარიგში სამსახურის გავლის შესახებ დებულების 65-ე მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე შტატების შემცირების გამო.
2001 წლის 10 ივლისს ი. ზ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოს მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ. ი. ზ-შვილის განმარტებით, იგი სამუშაოდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 111-ე მუხლის II ნაწილის, 112-ე მუხლის, შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით განთავისუფლდა. მოსარჩელემ მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. დამატებითი სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ მოითხოვა მორალური ზიანის სახით მოპასუხისათვის 20000 ლარის დაკისრება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით ი. ზ-შვილის სარჩელს სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. ზ-შვილმა. სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა ნაწილობრივ შეცვალა მოთხოვნა და მოითხოვა მისი გათავისუფლების უკანონოდ ცნობა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ზ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოს 2000 წლის 4 ივნისის ბრძანების უკანონოდ ცნობისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა.
ი. ზ-შვილის განთავისუფლების ბრძანება ცნობილ იქნა უკანონოდ, მას აუნაზღაურდა ხელფასი სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარმა სამმართველომ საკასაციო საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ი. ზ-შვილი კანონიერად იქნა დათხოვნილი სამსახურიდან, კერძოდ, იგი დათხოვნამდე ოთხი თვით ადრე იქნა გაფრთხილებული, მიუღებელი და გაუგებარია გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელფასის ანაზღაურების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 12 ნოემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი ი. ზ-შვილი 2000 წლის 7 ივნისს დათხოვნილ იქნა სამსახურიდან 2000 წლის 15 თებერვლიდან; ამ უკანასკნელის საშტატო ერთეული გაუქმდა 1999 წლის 15 დეკემბერს.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ი. ზ-შვილის სამსახურიდან დათხოვნის ბრძანების უკანონოდ ცნობისა და მისთვის სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელფასის ანაზღაურების შესახებ იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სასამართლომ არ მიუთითა ნორმა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ მუშაკს, რომლის სამუშაოზე აღდგენა არ მოხდა, მიეცეს იძულებითი განაცდური; საქმის მასალებით, აპელანტმა ი. ზ-შვილმა სააპელაციო სასამართლოში უარი თქვა სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულ გარემოებას არ მიეცა სამართლებრივი შეფასება. ასევე შეფასება არ მიეცა იმ ფაქტს, რომ სამუშაოდან დათხოვნის ბრძანებით მუშაკი 4 თვით ადრე იქნა გაფრთხილებული.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მითითებული საკითხების გარკვევის შემდეგ უნდა მიიღოს სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
გაჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.