საქმე N 010100123006765578
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №410აპ-24 6 აგვისტო, 2024 წელი
ჩ–ე შ., №410აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. ჩ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ჩ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. შ. ჩ–ე (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) და საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ქონების მესაკუთრის დაზიანება მოტყუებით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (2 ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენითა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განაჩენით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი შ. ჩ–ე, ლ. მ–თან და რ. გ–თან ერთად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად, 2022 წლის 5 დეკემბერს, დღის საათებში, ქ. ბ–ში, .........ის ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ შპს „ბ–ს“ კუთვნილ „ბმვ“-ს მარკის ავტომობილს (სახელმწიფო ნომრით – .......), რითაც დაზარალებულ შპს „ბ–ს“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
1.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენითა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განაჩენით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევმა შ. ჩ–მ, ლ. მ–თან და რ. გ–თან ერთად, წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, 2022 წლის 5 დეკემბერს, დღის საათებში, ქ. ბ–ში, გ–ს ქუჩის N..-ში მდებარე შპს „ლ.ჯ.ს“ კუთვნილ „..–ს“ ბენზინგასამართ სადგურზე, შპს „ბ–ს“ კუთვნილ „ბმვ“-ს მარკის ავტომობილში (სახელმწიფო ნომრით – .........) ჩაასხეს 50 ლარის ღირებულების საწვავი და ისე, რომ ოპერატორს არ გადაუხადეს საწვავის საფასური, მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
1.4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენითა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განაჩენით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევმა შ. ჩ–მ, ლ. მ–სთან და რ. გ–სთან ერთად, წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, 2022 წლის 5 დეკემბერს, დღის საათებში, ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ–ში მდებარე შპს „ჩ–ის“ კუთვნილ „ვაკოილის“ ბენზინგასამართ სადგურზე, შპს „ბ–ს“ კუთვნილ „ბმვ“-ს მარკის ავტომობილში (სახელმწიფო ნომრით – ........) ჩაასხეს 50 ლარის ღირებულების საწვავი და ისე, რომ ოპერატორს არ გადაუხადეს საწვავის საფასური, მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის განაჩენით, შ. ჩ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ. ჩ–ს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. ჩ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელი.
შ. ჩ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 5 დეკემბრის ბათუმის ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 5 დეკემბრის ლანჩხუთის ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, შ. ჩ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. ჩ–ს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.2. 2024 წლის 26 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. ჩ–მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით. წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ შ. ჩ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას. სასამართლოში დაკითხულმა ლ. მ–მა და რ. გ–მა ჩვენების მიცემისას არ დაადასტურეს შ. ჩ–სთან რაიმე შეთანხმების არსებობა. შ. ჩ–მ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. რაც შეეხება პოლიციელ მოწმეთა ჩვენებებს, ისინი ირიბია და შესაბამისად, სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს გაზიარებული. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ამ მხრივ სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია. უცნობია, რა არგუმენტებზე დაყრდნობით მიიჩნია სასასმართლომ დადასტურებულად ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმება. ამდენად, დაცვის მხარის პოზიციით, შ. ჩ–ს მიმართ, გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფით. განაჩენის გამომტანი სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ საეჭვო მტკიცებულებებს და მტკიცებულებათა ერთობლიობით არათუ გონივრულ ეჭვს მიღმა, არამედ საერთოდ ვერ დაასაბუთა წარდგენილი ბრალდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლად უთითებს გამოკვლეულ მტკიცებულებათა არასათანადო და არასწორი შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობასა და დაუსაბუთებლობაზე.
5.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა მოიცავს საპროცესო კოდექსის ისეთ დარღვევას, რაც არსებით გავლენას ახდენს საქმის შედეგსა და მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობაზე. ამასთან, არსებითი დარღვევა, შესაძლოა, ვლინდებოდეს ისეთი საპროცესო დანაწესის დარღვევით, რასაც მოიცავს სამართლიანი სასამართლოს ინსტრუმენტული უფლება, მათ შორის: გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობა, მტკიცებულებათა შეფასებისას ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის („In dubio pro reo“) პრინციპის, მტკიცებულებათა უტყუარობისა და დასაშვებობის სტანდარტების დარღვევა და სხვა.
5.4. საკასაციო საჩივრის თანახმად, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ მცდარი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მიუთითოს მოქმედი კანონმდებლობის იმ სამართლებრივ ნორმებზე, რომლებითაც დგინდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტები.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“.
5.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განმარტავს „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტის“ ცნების მნიშვნელობას, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად: ,,გონივრულ ეჭვს მიღმაა – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში“.
5.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.
5.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კი: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.10. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, ქვემდგომ სასამართლოებში საპროცესო ნორმათა დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა მსჯავრდებულ შ. ჩ–ს ბრალადწარდგენილი ქმედებებისთვის მსჯავრდებისთვის რელევანტური ფაქტების დასადგენად. ასევე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქმედების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რომელიც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას.
5.11. სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები, შ. ჩ–ს მიმართ ინკრიმინირებული ქმედებების კვალიფიკაციის სამართლებრივი ელემენტები და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის ქმედებები შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულებს. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა არარსებობის თაობაზე, ასევე დაცვის მხარის განმარტებას გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანით სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფის თაობაზე და აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ნათლად და ერთმნიშვნელოვნად უპასუხეს დაცვის მხარეს, სასამართლოებმა გადაწყვეტილებებში მიუთითეს იმ ძირითად არგუმენტებზე, რის გამოც არ გაიზიარეს დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულის უდანაშაულობასთან მიმართებით.
5.12. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოწმეების – გ. ქ–ს, მ. პ–ს, ი. თ–ს, ზ.თ–ს და თანაბრალდებულების – რ. გ–სა და ლ. მ–ს ჩვენებებზე, რომლებითაც დასტურდება, რომ 2022 წლის 5 დეკემბერს, შ. ჩ–ე, ლ. მ–თან და რ. გ–ნ ერთად, ქ. ბ–ში, .......ს ქ.№..-ის მიმდებარე ტერიტორიიდან, ფარულად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შპს „ბ–ს“ კუთვნილ „BMW“-ს მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით – .........., რის შემდგომაც, ქ.ბ–ში, გ–ს ქუჩის №1-ში მდებარე შპს „ლ.ჯ.ს“ კუთვნილ „ლ–ს“ ბენზინგასამართ სადგურზე, აღნიშნულ ავტომობილში მან და მისმა მეგობრებმა ჩაასხეს 50 ლარის ღირებულების საწვავი ისე, რომ ოპერატორს არ გადაუხადეს საწვავის საფასური. ასევე, დღის საათებში ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ–ში მდებარე შპს „ჩ–ს“ კუთვნილ „....–ს“ ბენზინგასამართ სადგურზე, მათ კვლავ ჩაასხეს ავტომობილში 50 ლარის ღირებულების საწვავი, რომლის თანხაც არ გადაიხადეს და მიიმალნენ ადგილიდან. მოწმეთა ჩვენებების სანდოობასა და მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის სანდოობაზე მეტყველებს ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ისევე როგორც – ლ. მ–სა და რ. გ–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლითაც ცალსახად დადასტურებულია შ. ჩ–სა და მისი თანმხლები პირების გადაადგილების მარშრუტი შპს „ბ–ს“ კუთვნილი „BMW“-ს მარკის ავტომობილით (სახელმწიფო ნომრით – ..........). საზოგადოებრივი მართვის ცენტრ „112“-ში განხორციელებული N........... შეტყობინებითა და მ. ა–ს გამოკითხვის ოქმით (მხარეთა მიერ მიჩნეულია უდავოდ) კი დადასტურებულია, რომ ქ.ბ–ი, ბ–ს ქ. №..-ის წინ გაჩერებული მისი კუთვნილი „BMW“-ს მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით – ..........., მოიპარა მისთვის უცნობმა პიროვნებამ. ამდენად, მოწმეთა ჩვენებები და ზემოხსენებული მტკიცებულებები თანხვდება, როგორც რ. გ–სა და ლ. მ–ს ჩვენებებს, ისე ექსპერტიზის დასკვნებს, ამოღების ოქმებსა და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ წერილობით მტკიცებულებებს.
5.13. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა არარსებობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ კუმულაციურად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, როგორიცაა: მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების თითოეულ ეპიზოდში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შეთანხმებულ, ურთიერთთავსებად უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, ყველა ის არგუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც დაცვის მხარე გამორიცხავს შ. ჩ–ს ბრალეულობას, გონივრულ ეჭვს მიღმა გაქარწყლებულია წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი ანალიზის შედეგად.
5.14. საკასაციო პალატა, ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას იმის თაობაზე, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება შ. ჩ–ს მიერ თანამზრახველებთან ერთად განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების წინასწარი შეთანხმებით განხორციელებისა და შეცნობის ფაქტი, ვინაიდან აღნიშნული დადასტურებულია, როგორც ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ისე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებითა და რ. გ–სა და ლ. მ–ს ჩვენებებით. მართალია, რ. გ–მ სასამართლოში განმარტა, რომ მანქანა მან შენიშნა და წაყვანის იდეაც მისი იყო, თუმცა მან განზრახვა გაანდო ორივეს (ლ. მ–ს და შ. ჩ–ს) და ისინიც დაეთანხმნენ, რის შემდეგაც განზრახვა ერთობლივად აღასრულეს, მსჯავრდებულის ნებაზე ასევე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულმა თანამზრახველებთან ერთად, დანაშაულის ობიექტური ნიშნების განხორციელების შემდეგ მოპარული ავტომობილით განაგრძო გადაადგილება და ახალი დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელება.
5.15. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ჯგუფური დანაშაულის დეფინიციას მოიცავს საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლი, კერძოდ: ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულის ჩადენამდე დროის ხანგრძლივი პერიოდი, მთავარია შეთანხმება არსებობდეს ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე, რაც უნდა დადასტურდეს საქმეში არსებული შესაბამისი მტკიცებულებებით. შეთანხმება შესაძლოა განხორციელდეს, როგორც სიტყვიერი ფორმით ასევე არავერბალური ფორმითაც, კერძოდ, გამოიხატოს ჟესტებით და მიმიკებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის №618აპ-15 განაჩენი).
5.16. საკასაციო სასამართლოს მიზანშეწყონილად მიაჩნია, ყურადღება გაამახვილოს საკასაციო საჩივარში დაცვის მხარის მითითებაზე, თითქოსდა ქვედა ინსტანციის სასამართლომ ხელყო სამართლიანი სასამართლოს უფლება და დამატებით მიუთითებს, რომ თანაბრალდებულების ჩვენებების გამოყენებაც კი, შეუთავსებელი არ არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან, მით უფრო, მაშინ როდესაც ეს ჩვენებები დასტურდება სხვა მტკიცებულებებით და დაცვის მხარეს მიეცა გონივრული შესაძლებლობა ჯვარედინი დაკითხვის გზით შეემოწმებინა მათი სანდოობა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ ამ სახის მტკიცებულების შეფასებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს ჩვენების ხასიათზე, მისი მიცემის დროზე, მოტივზე, ჩვენების სანდოობასა და ნებისმიერი ზეწოლის არარსებობაზე ჩვენების მიცემისას (იხ. Brzuszczynski v. Poland, 2013 წლის 17 სექტემბერი, 23789/09, § 89).
5.17. ამდენად, სასამართლომ შეაფასა რ. გ–სა და ლ. მ–ს მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში თანაბრალდებულები თავიდანვე აღიარებდნენ ბრალადშერაცხულ დანაშაულებს და ამხელდნენ ერთმანეთს, ამასთან, დაცვის მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარესთან თანაბარ პირობებში ჯვარედინი წესით დაეკითხა თანაბრალდებულები, რომლებიც მის წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებებს, რის გამოც, საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფის თაობაზე.
5.18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.19. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ შ. ჩ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ჩ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე