Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-312-02 17 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. ა-იანის წარმომადგენელმა ჯ. ვ-იანმა და ნ. შ-ძემ სარჩელებით მიმართეს ქ. თბილისი კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე დ. ბ-შვილის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

ჯ. ვ-იანმა სარჩელის საფუძვლად მიუთითა, რომ ცხოვრობს ... ქ. თბილისში. ამ მისამართზე მდებარე შენობის პირველ სართულზე მოთავსებულია მისი ოროთახიანი იზოლირებული ბინა, საერთო ფართით 29 კვ.მ., რომელშიც მან გახსნა “სილამაზის სალონი” და 1997წ. 11 მარტიდან ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. აღნიშნული შენობის მესამე სართული მთლიანად იჯარით აიღო დ. ბ-შვილმა სტომატოლოგიური კაბინეტის მოსაწყობად და მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნდა კანონით დადგენილი წესით მიღებული ნებართვა, დაიწყო იჯარით აღებულ ფართზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულება. აღნიშნულის გამო მოსარჩელის ბინაში გაჩნდა ბზარები, კარ-ფანჯარამ განიცადა დეფორმაცია, რის გამოც ჯ. ვ-იანს სანეპიდსადგურის მუშაკებმა აუკრძალეს სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელება. ასეთივე ზიანი მიადგა ნ. შ-ძესაც, რომელმაც სასარჩელო განცხადებაში აღნიშნა, რომ დ. ბ-შვილმა უქირავა ბინა და მათ კუთვნილ ბინებში სარემონტო სამუშაოების შესრულებას დაჰპირდა, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა და გარკვეული პერიოდის შემდეგ უარი განუცხადა მოსარჩელეებს ბინის ქირის გადახდაზეც.

ჯ. ვ-იანმა სასარჩელო განცახდებით მოითხოვა მისი ბინის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, სახლის გამაგრება, მისთვის დროებით ბინის დაქირავება და ბინის ქირის გადახდა.

ნ. შ-ძემ მოითხოვა ბინის აღდგენა პირვანდელ მდგომარეობაში, შენობის საძირკველის გამაგრება და ბინის ქირის 750 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა შუამდგომლობა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხის, დ. ბ-შვილის კუთვნილ საცხოვრებელ ბინას. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 12 სექტემბრის განჩინებით 18 ივლისის განჩინება დარჩა ძალაში.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 ივნისის სხდომაზე, მხარეთა პაექრობის სტადიაზე არ გამოცხადდა მოპასუხე და მისი წარმომადგენელი. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სხდომის გაგრძელება. სასამართლომ გააგრძელა სხდომა და გამოიტანა დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელები. სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ თბილისში, ... მდებარე მრავალბინიან ოთხსართულიანი სახლის მესამე სართულზე მოპასუხემ სტომატოლოგიური კაბინეტის მოსაწყობად სათანადო ნებართვის გარეშე აწარმოა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, დაანგრია საყრდენი კედლები და მოაწყო კარებები, ხის არსებულ გადახურვაზე იატაკი შეკრა არმატურით, დაასხა ბეტონი და დააგო მძიმე წონის ფილები, რამაც გამოიწვია დაბლა სართულებზე მცხოვრები მოსარჩელეების საცხოვრებელი ბინების დაზიანება, დაიბზარა კედლები, კარ-ფანჯრებმა მიიღო დეფორმაცია და საცხოვრებელ ბინებს შეექმნათ ჩამოქცევის საშიშროება. მოპასუხე შეპირდა მოსარჩელეებს შეაკეთებდა მათ ბინებს, თავისი ინიციატივით ვ. ა-იანს უქირავა “სილამაზის სალონისათვის” სამოთახიანი ბინა 400 აშშ დოლარად, ხოლო ნ. შ-ძეს 70 აშშ დოლარად. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე, და 992-ე მუხლების გამოყენებით 2001წ. 6 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაავალა მოსარჩელეთა ბინების შეკეთება-აღდგენა დაზიანებამდე არსებულ მდგომარეობაში მოყვანით, ასევე მოსარჩელეთა ბინების პირველი სართულის საძირკველის გამაგრება სათანადო წესით შედგენილი და დამტკიცებული პროექტის საფუძველზე, მასვე დაეკისრა საპროექტო-კვლევითი სამუშაოებისა და პროექტების შედგენის ხარჯების ანაზღაურება, მასვე დაეკისრა 2800 აშშ დოლარის გადახდა ვ. ა-იანის, ხოლო 750 აშშ დოლარის გადახდა ნ. შ-ძის სასარგებლოდ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-შვილის წარმომადგენელმა მ. დ-იამ. მან საჩივარში მიუთითა, რომ მის მხარეს არ ჩაბარებია უწყება სსსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით და არ არსებობდა მოპასუხეთა მხრიდან სხდომაზე გამოძახების დადასტურება ხელმოწერით, სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 216-ე მუხლის III ნაწილის და 229-ე მუხლის მოთხოვნები.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ დ. ბ-შვილმა და მისმა წარმომადგენელმა გ. დ-იამ მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს სხდომაში 2001წ. 17 მაისს, სასამართლომ მოისმინა მათი ახსნა-განმარტება, სამუშაო საათების დამთავრების გამო სხდომა შეწყდა. სხდომის გაგრძელების დრო ეცნობათ მხარეებს და მათ წარმომადგენლებს.

სასამართლოს სხდომაზე 2001წ. 6 ივნისს არ გამოცხადდა მოპასუხე დ. ბ-შვილი და მისი ადვოკატი, რადგან მათი ახსნა-განმარტება მოსმენილი ჰქონდა სასამართლოს, მოსარჩელეებმა მოითხოვეს პროცესის გაგრძელება. რაიონულმა სასამართლომ სარჩელი განიხილა მხარეთა დაუსწრებლად და გამოიტანა დასაბუთებული გადაწყვეტილება. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხემ იცოდა სასამართლოს სხდომის დროსა და ადგილის შესახებ, მაგრამ არ გამოცხადდა განახლებულ სასამართლო სხდომაზე.

თბილისის არქიტექტორულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციის 2000წ. 18 აპრილის წერილის, დამოუკიდებელი ექპერტების და განმეორებითი კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად ცნო დ. ბ-შვილის ბრალის არსებობა მოსარჩელეებისათვის ზიანის მიყენებაში და მთლიანად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო პალტის 2001წ. 15 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა დ. ბ-შვილის წარმომადგენლის მ. დ-იას სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

დ. ბ-შვილმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არასაკმარისად არის დასაბუთებული. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მისი წარმომადგენლის არგუმენტი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გააჩნდა საფუძველი გადაწყვეტილების გამოსატანად, რადგან მხარეთა პაექრობა პრაქტიკულად არ იყო ჩატარებული და მითუმეტეს სასამართლოს არც სარჩელის დასაკმაყოფილებლად გააჩნდა საფუძველი. კასატორის მოსაზრებით ზიანის მიყენებაში მისი ბრალი არ არის დადასტურებული. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ექსპერტიზის დასკვნები.

კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას საოლქო სასამართლოს შესაბამის პალატაში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ დ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. ამვე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

მოცემულ საქმეზე საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად არის ცნობილი, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე ოთხ ოთახში მოპასუხემ სტომატოლოგიური კაბინეტის მოსაწყობად სათანადო ნებართვის გარეშე აწარმოა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, დაანგრია საყრდენი კედლები და მოაწყო კარებები, ხის არსებულ გადახურვაზე იატაკი შეკრა არმატურით, დაასხა ბეტონი და დააგო მძიმე წონის ფილები, რამაც გამოიწვია მოსარჩელეების საცხოვრებელი ბინების დაზიანება, კერძოდ დაიბზარა კედლები, კარ-ფანჯრებმა მიიღო დეფორმაცია და საცხოვრებელ ბინებს შეექმნა ჩამოქცევის საშიშროება. დადგენილია ასევე, რომ მოპასუხე დაპირდა მოსარჩელეებს, რომ შეაკეთებდა მათ ბინებს და თავისი ინიციატივით ვ. ა-იანს უქირავა “სილამაზის სალონისათვის” სამოთახიანი ბინა 400 აშშ დოლარად სამი თვის ვადით, ხოლო ნ. შ-ძეს დაუქირავა საცხოვრებელი ბინა 70 აშშ დოლარად. დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეების საცხოვრებელი ბინები არ გაარემონტა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეებისათვის ზიანის მიყენებაში მისი ბრალი დადასტურებული არ არის და სასამართლოს მიერ სათანადოდ არ არის შეფასებული ექსპერტიზის დასკვნები, რომლის შესაბამისადაც შენობის ფუნდამენტის არათანაბარი ჯდენის მიზეზად დასახელებულია საძირკველის ქვედა გრუნტების მნიშვნელოვანი შესუსტება ტექნოლოგიური წყლების ხანგრძლივი მოქმედების შედეგად და მეოთხე სართულის დაშენება ასი წლის შენობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნით შენობის ფუნდამენტის არათანაბარი ჯდენის რამდენიმე ძირითადი მიზეზია: შენობის ხანდაზმულობა და მისი ექსპლუატაციის დაბალი დონე; მეოთხე სართულის დაშენება 100 წლის შენობაზე და მესამე სართულზე ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ამავე დასკვნით დადგენილია, რომ შენობა თავისი სიძველით არ შეიძლება ჩაითვალოს ამორტიზებულად, მაგრამ არის ავარიული და მოითხოვს გამაგრებას. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შენობის ფუნდამენტის არათანაბარი ჯდენის ერთ-ერთი მიზეზია მოპასუხის მიერ მესამე სართულზე შენობის ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის, მუშა პროექტის და მშენებლობის წარმოების ნებართვის გარეშე ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები. კერძოდ, მოპასუხის მიერ მოწყობილი იქნა რკინა-ბეტონი და მასზე დააგო მეტლახის ფილა, 16 ტონა სიმძიმის დაწოლამ გამოიწვია დამატებითი დატვირთვების გადაცემა კედლებზე და საძირკველზე. რკინა-ბეტონი ძირითადად დააწვა ხის კოჭებს, რითაც საშიშროება შეექმნა მის ქვეშ მცხოვრებ მოსარჩელეებს და მათი ბინები საცხოვრებლად უვარგისი გახდა.

საქმის მასალებით დადგენილია ასევე, რომ 1999წ. 16 თებერვალს სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევებისათვის არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციის მიერ შედგენილ იქნა ოქმი საჯარიმო სანქციაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა მოპასუხემ მაინც გააგრძელა სამშენებლო სამუშაოები და მოაწყო სტომატოლოგიური კაბინეტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მტკიცებულებათა სრული, ყოველმხრივი და ობიექტური განხილვის შედეგად გამოიტანა სწორი დასკვნა იმის შესახებ, რომ სწორედ ხანდაზმულ და ავარიულ შენობაზე, შენობის ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის, მუშა პროექტის და მშენებლობის წარმოების ნებართვის გარეშე, მოპასუხის მიერ ჩატარებულმა სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა გამოიწვიეს მოსარჩელეების ბინების დაზიანება. რაც შეეხება კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეთა ბინებში არსებული ბზარების ნაწილი ძველია, საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა აღადგინოს ის მდგომარეობა, რაც არსებობდა მის მიერ მესამე სართულზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებამდე.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ასევე კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ რაიონულმა სასამართლომ მოცემულ საქმეზე საპროცესო ნორმების დარღვევით გამოიტანა გადაწყვეტილება.

დადგენილია, რომ ჯ. ვ-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში 2000წ. 25 აპრილს. ამავე წლის 2 ივნისის განჩინებით სასამართლომ ჯ. ვ-იანისა და ნ. შ-ძის სარჩელები გააერთიანა ერთ წარმოებად. საქმეზე ჩატარდა რამდენიმე მოსამზადებელი სხდომა, დაინიშნა კომპლექსური საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.

სასამართლოს მთავარი სხდომა ჩატარდა ერთი წლის შემდეგ 2001წ. 17 მაისს. ამდენად, მოპასუხეს საკმარისი დრო ჰქონდა აღეძრა შუამდგომლობები საქმის მომზადების სტადიაზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის შესაბამისად მართებულად არ დაკმაყოფილდა მთავარ სხდომაზე მოპასუხის მიერ აღძრული შუამდგომლობები..

დადგენილია, რომ 2001წ. 17 მაისის სხდომაზე, სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და სამუშაო დღის დამთავრების გამო სხდომა შეწყდა. სხდომის გაგრძელების დრო ეცნობათ მხარეებს და მათ წარმომადგენლებს, რაც დადასტურებულია მათივე ხელმოწერებით. 2001წ. 6 ივნისს სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე და მისი წარმომადგენელი. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სხდომის გაგრძელება. სასამართლომ გააგრძელა სხდომა პაექრობის სტადიამდე მოპასუხის დაუსწრებლად და გამოიტანა დასაბუთებული გადაწყვეტილება..

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რადგან სხდომის დღე კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო მოპასუხისათვის, სასამართლო უფლებამოსილი იყო გაეგრძელებინა სხდომა და ვინაიდან სასამართლოს მოსმენილი ჰქონდა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შესწავლილი ჰქონდა წარმოდგენილი მტკიცებულებები, პაექრობის სტადიაზე არ იქნებოდა მიზანშეწონილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სასამართლომ მართებულად გამოიტანა დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება გამოტანილია საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე, რაც დადგენილია სააპელაციო პალატის მიერ. ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საპროცესო ნორმების დარღვევას ადგილი რომც ჰქონოდა, სსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იგი მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადწყვეტილება იქნა გამოტანილი.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს პალატის მიერ გამოტანილ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 15 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.