საქმე # 330100124008597719
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №859აპ-24 ქ. თბილისი
ა–ი ა., 859აპ-24 20 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე, შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების ხასიათი, მსჯავრდებულის პიროვნება და მსგავსი სახის დანაშაულის შედეგად წარმოქმნილი პოტენციური საფრთხე, გასათვალისწინებელია ოჯახური დანაშაულების ხასიათიც; ამდენად, პირობითი მსჯავრი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 მარტის განაჩენით ა. ა–ი, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ა. ა–ს დაეკისრა მოვალეობა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაუქმდა ა. ა–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − გირაო.
ა. ა–ს სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი − 2023 წლის 23 ნოემბრიდან 2023 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ა. ა–მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგით:
2023 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თ–ში, .....ების ქუჩის N..-ში ... სართულზე მდებარე ბინაში, ნასვამმა ა. ა–მა, მეუღლეს – ე. გ–ს, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ სამჯერ დაარტყა შეკრული მუშტი სახეში, კერძოდ, ცხვირისა და ტუჩის არეში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება: ცხვირის ძვლის მარჯვენა ფირფიტის მოტეხილობა, მარცხენა და მარჯვენა თვალბუდის უსწორო ფორმის სისხლნაჟღენთები და ჭრილობა ზედა ტუჩზე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის პროკურატურის პროკურორი ლევან ვეფხვაძე ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ზომას.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და სასჯელთან მიმართებით აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ა. ა–სათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
10. სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სასჯელის შეფარდებისას, მსჯავრდებულის პიროვნებასთან, მის მახასიათებლებთან და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად (ა. ა–ი არ არის წარსულში ნასამართლევი, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გახადა უდავო, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა განაცხადა, რომ მას პრეტენზია არ გააჩნია ბრალდებულის მიმართ და არ სურს მის მიმართ გამოყენებულ იქნას საპატიმრო სასჯელი), ასევე სრულად გაითვალისწინეს: ა. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (მან ჩაიდინა განზრახი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის ოჯახური დანაშაული), ქმედების განხორციელების სახე და ხერხი (ა. ა–მა სახის არეში მუშტის რამდენჯერმე დარტყმით, დაზიანებები მიაყენა მეუღლეს), ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენება), ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ა. ა–ს, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, განუსაზღვრეს სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი