გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-315-02 17 მაისი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: წილის ნატურით გამოყოფით საზიარო უფლების შეწყვეტა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ.თბილისში, ... მდებარე სახლი საკუთრების უფლებით ირიცხება ე. ქ-ძესა და ნ. ჩ-შვილის სახელზე, თითოეულზე 1/2 წილი. ე. ქ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მიწასა და სახლზე საზიარო უფლების შეწყვეტა წილის ნატურით გამოყოფით, შემდეგი საფუძვლით: სახლი ½არის მისი საკუთრება, ასევე სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის შესაბამისად, იმის გამო, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, არის მხარეთა კანონიერ სარგებლობაში და არ არის მიტაცებული, მიწაც გახდა მათი საკუთრება. ამდენად, იგი არის სახლისა და 675კვ.მ2 მიწის 1/2–ის მესაკუთრე. ფაქტობრივად მასსა და მოპასუხეს შორის გაყოფილია მიწაც და სახლიც, მაგრამ ეს გაყოფა იურიდიულად არ არის გაფორმებული. მას კი სურს გამოიყოს საზიარო საკუთრებიდან თავისი წილი. მოპასუხე ნ. ჩ-შვილმა სარჩელი არ ცნო.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ე. ქ-ძეს მისი 1/2 იდეალური წილის შესაბამისად გამოეყო თბილისში, ... მდებარე 675 მ2 მიწის ნაკვეთიდან 329,7მ2 საეზოვე მიწის ნაკვეთი ექსპერტიზის 2001წ. 26 თებერვლის დასკვნის შესაბამისად. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიჩნია, რომ თბილისში, ... მდებარე მიწის ნაკვეთის ნატურით გამოყოფა შესაძლებელია. ამდენად, სარჩელი პასუხობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე და 963-ე მუხლების მოთხოვნებს, რის საფუძველზედაც დააკმაყოფილა სარჩელი.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ჩ-შვილმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა ე. ქ-ძეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელე მხარეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ოდენობას _ 675მ2, ადასტურებს წარმოდგენილი საინვენტარიზაციო გეგმით, სადაც აღრიცხვის თარიღად მითითებულია 1940 წელი. სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის შესაბამისად მართალია, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება იმ პირთა საკუთრებად, მაგრამ აქვე მითითებულია, რომ მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად კი უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს დადგენილი წესით თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში არ აღურიცხავთ, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ე. ქ-ძემ, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლი. მართალია, ამ მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები და სასამართლომ ეს დაუკავშირა მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში გაუტარებლობას, მაგრამ სასამართლომ უგულებელყო იმავე კოდექსის 1515-ე მუხლის მოთხოვნები, რომელთა თანახმადაც, საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებენ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები. საქმეში არსებობს საინვენტარიზაციო გეგმები, რომელთა თანახმადაც ... მდებარე სახლოს სახლთმფლობელობა აღრიცხულია ტექინვენტარიზაციის ბიუროში; რადგანაც ასეთი აღრიცხვა განხორციელებულია საჯარო რეესტრის ჩამოყალიბებამდე, საკუთრების უფლება არ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმის ერთადერთ საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში მხარეთა სახელზე და მოსარჩელე არ მიიჩნია მიწის მესაკუთრედ.
პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ჩანაწერები უნდა იქნეს განხილული, როგორც საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე ამ სამსახურისათვის დაკისრებულ ფუნქციებს განახორციელებენ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მხარეები სადავო სახლის მესაკუთრეეებად რეგისტრირებული იყვნენ ჯერ კიდევ საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე, ასევე რეგისტრირებული იყო მიწის ნაკვეთი, რასაც ისინი ფლობდნენ. მართალია, სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომელზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად, მაგრამ ეს ნორმა საკუთრების წარმოშობისათვის არ ითვალისწინებს საჯარო რეესტრის სამსახურში ხელახალ რეგისტრაციას. სამოქალაქო კოდექსი კი 1504-ე მუხლის თანახმად ამოქმედდა 1997წ. 25 ნოემბრიდან. 1514-ე მუხლი იმპერატიული მოთხოვნაა, რომ სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, მიწის ნაკვეთის ყოველი ახალი რეგისტრაცია მოხდეს საჯარო რეესტრის სამსახურში არსებულ საადგილმამულო წიგნში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, დაარღვია სამართლის ნორმა, არასწორად განმარტა კანონი, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები, საჭიროა მტკიცებულებათა გამოკვლევა, რის გამოც საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას გამოიტანოს ახალი გადაწყვეტილება.
საქმის ხელახალი განხილვის დროს სააპელაციო პალატამ უნდა გაარკვიოს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, გაარკვიოს მხარეები რას მოითხოვენ, მიწის ნაკვეთზე საზიარო უფლების შეწყვეტას, თუ სარგებლობის წესის განსაზღვრას და როგორ უნდა გადაწყდეს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე, შენობა ნაგებობებზე საზიარო უფლებების საკითხი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ქ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.