Facebook Twitter

¹ 3კ/316-02 22 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,ქ. გაბელაია

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 1995 წლის 19 აგვისტოს ბრძანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეთანხმებით ვ. ც-ავას მიეცა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლის რწმუნება.

ბრძანების თანახმად, წარმომადგენელს უნდა ეხელმძღვანელა 1995 წელს დამტკიცებული ინსტრუქციით. ინსტრუქციაში მითითებულია, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების საინისტროს წარმომადგენელი არის უცხოეთში მოქმედი საქართველოს საელჩოს თანამშრომელი. ანაზღაურების შესახებ ინსტრუქციაში არ არის აღნიშნული.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 1999 წლის 1 მარტის ¹9 ბრძანებით ვ. ც-ავას მოეხსნა წარმომადგენლის რწმუნება, სამსახურებრივი ინსტრუქციით განსაზღვრული უფლებამოსილების გადაჭარბების გამო. ბრძანებას საფუძვლად დაედო რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის წერილი ¹110/I, 21.01.99წ. და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა ¹113-н/4дснг. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 1999 წლის 1 მარტის ¹9 ბრძანების ასლი ვ. ც-ავამ ჩაიბარა 9 თვის გასვლის შემდეგ _ 1999 წლის 11 დეკემბერს.

2000 წლის 29 მაისს ვ. ც-ავამ სარჩელით მიმართა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა. მოსარჩელის განმარტებით, მისი თანამდებობიდან განთავისუფლება განხორციელდა შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 136-ე მუხლის I ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით. ამასთან, შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე მოითხოვა ამავე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ერთთვიანი ვადის აღდგენა. 2000 წლის 14 სექტემბერს სასამართლოში წარდგენილ განხცხადებაში მოსარჩელემ ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების გარდა, მოითხოვა ასევე მატერიალური და მორალური ზარალის _ 10000 ლარის _ ანაზღაურება, შრომის კანონთა კოდექსის 209-ე მუხლის, 76-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 116-ე მუხლის საფუძველზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ვ. ც-ავას თანამდებობიდან გათავისუფლებისას კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ. ც-ავას უარი ეთქვა სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის გამო.

მოსარჩელემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო საჩივარში ც-ავამ აღნიშნა, რომ თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების ასლი ოფიციალური სახით დღემდე არ ჩაბარებია, ხოლო მის ხელთ არსებული ასლი ბრძანებისა მიაჩნია საეჭვოდ, ვინაიდან მასში არ არის მითითებული, თუ რაში გამოიხატა მის მიერ უფლება-მოსილების გადაჭარბება; მისი გათავისუფლების შესახებ მასალები გასაიდუმლოებულია, სასამართლოს კი მან მიმართა მაშინ, როცა ამოწურა ყველა შესაძლებლობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით შეიცვალა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება და ვ. ც-ავას სარჩელს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე არ იყო სამინისტროს შტატში და მას არ უხდიდნენ ხელფასს, რის გამოც აღნიშნული ურთიერთობა არ შეიძლება დარეგულირდეს შრომის კანონთა კოდექსით ან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით. შესაბამისად, აპელანტის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული სასამართლოსთვის მიმართვის ერთთვიანი ვადაც; აპელანტს შეეძლო მოეთხოვა წარმომადგენლის რწმუნების მოხსნის შესახებ ბრძანების გაუქმება, რაც ექვემდებარება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას.

ვ. ც-ავამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიტანა საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 29 აგვისტოს განჩინებით ვ. ც-ავას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე გაუქმდა და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის ხელახალი გახილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა, სწორი შეფასება მისცეს მას და გაარკვიოს, მოპასუხის ბრძანებით კასატორ ვ. ც-ავაზე სამინისტროს წარმომადგენლის რწმუნების მინიჭებით და რწმუნებულის სამსახურებრივი ინსტრუქციის დამტკიცებით მხარეთა შორის რა უფლება-მოვალეობები წარმოიშვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ც-ავას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ც-ავას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსარჩელე ვ. ც-ავა მიიჩნია საჯარო მოსამსახურედ, რის გამოც იხელმძღვანელა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ზიანის ნაწილში სარჩელზე უარის თქმა დაასაბუთა იმით, რომ ვ. ც-ავამ მუშაობის დაწყებისთანავე, ანუ 1996 წლის 19 აგვისტოდან იცოდა, რომ წარმომადგენლის რწმუნების მიცემის შესახებ ბრძანება არ ითვალისწინებდა შრომის ანაზღაურებას, რის გამოც სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე, 80-ე მუხლების საფუძველზე, არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

2001 წლის 26 დეკემბერს ვ. ც-ავამ თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიტანა საკასაციო საჩივარი. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რის გამოც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის _ ვ. ვ-ძის 1995 წლის 19 აგვისტოს ¹54 ბრძანებით ვ. ც-ავას მიეცა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლის რწმუნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეთანხმებით. ამავე ბრძანებაში მითითებულია, რომ წარმომადგენელმა მუშაობისას უნდა იხელმძღვანელოს სამსახურებრივი ინტრუქციით, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი არის უცხოეთში მოქმედი საქართველოს საელჩოს თანამშრომელი. მოცემული ინსტრუქცია არ ითვალისწინებს წარმომადგენლის შრომის ანაზღაურებას. აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ფაქტი იმის შესახებ, რომ ვ. ც-ავასა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შორის ადგილი ჰქონდა შრომით ურთიერთობას.

დადგენილია ასევე, რომ ვ. ც-ავამ წარმომადგენლობის რწმუნების გაუქმებისა და, შესაბამისად, დათხოვნის შესახებ შეიტყო 1999 წლის 3 მარტს, სასამართლოს კი მიმართა 2000 წლის 29 მაისს _ 1 წლისა და 3 თვის გასვლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ასეთი შინაარსის პრეტენზია კი საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი არ არის.

სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ვინაიდან მოსარჩელე შრომით საქმიანობას ეწეოდა სახელმწიფო დაწესებულებაში, იგი მიიჩნევა საჯარო მოსამსახურედ, რის გამოც მოცემული სადავო ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ნორმებით. ხსენებული კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება.

ვინაიდან მოცემული კანონი არ ითვალისწინებს 127-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადის ათვლის წესს, ამ ვადის ათვლა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. აქედან გამომდინარე, სააპელაციო

პალატამ სწორად ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვის ერთთვიანი ვადა უნდა აითვალოს 1999 წლის 3 მარტიდან, ანუ იმ მომენტიდან, როდესაც მოსარჩელემ შეიტყო რწმუნების გაუქმების _ სამსახურიდან დათხოვნის _ შესახებ.

რაც შეეხება მორალური ზიანის შესახებ მოთხოვნას, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მოცემულ შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა გამომდინარეობს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე წარმოშობილი შრომითი ურთიერთობებიდან. მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა არ ითვლისწინებს ასეთ შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას, რის გამოც აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

ამდენად, ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. ც-ავას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.