¹ 3კ/318-02 12 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი,რ. ნადირიანი
დავის საგანი: სს “ოქროს თასის" ლიკვიდაციის რეგისტრაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “ნ." გენერალურმა დირექტორმა მ. ფ-იამ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1994 წელს შპს “ო. თ." სხვა სავაჭრო-სამრეწველო კომპანიების მსგავსად, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, შეწყვიტა ფუნქციონირება. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 ნოემბრის ¹802 დადგენილების მე-10 პუნქტის საფუძველზე შპს “ო. თ." მეანაბრეებს უნდა დაეარსებინათ სააქციო საზოგადოება და თითოეული მეანაბრის ანაბრის თანხა უნდა ჩათვლილიყო საწესდებო კაპიტალში წილობრივ შენატანად, შესაბამისად, მეანაბრეები უნდა გამხდარიყვნენ საზოგადოების დამფუძნებლები.
მოსარჩელემ განმარტა, რომ სს “ო. თ." დაფუძნების დროს დაშვებულ იქნა მნიშვნელოვანი ხარვეზები. საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტებში საერთოდ არ არის დაფიქსირებული დამფუძნებლების ვინაობა, გაურკვეველია ვისი შენატანით არის შექმნილი საწესდებო კაპიტალი, რაც შეუძლებელს ხდის მეანაბრეთა უფლებების დაცვას და ხელს უწყობს ქონების განიავებას. მოსარჩელის აზრით, სს “ო. თ." სასამართლო რეგისტრაციის დროს დარღვეულ იქნა “მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები, დაშვებულ იქნა მნიშვნელოვანი ხარვეზი, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სს “ო. თ." რეგისტრაციის შესახებ ქ. თბილისის კრწანისის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 31 ოქტომბრის დადგენილების გაუქმება.
რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და “მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 5.7 მუხლის თანახმად მოითხოვა სს “ო. თ." ლიკვიდაცია, იმავე კანონის 5.8 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააქციო საზოგადოების უფლებამოსილების შეჩერება, სს “ო. თ." სახელზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების და საბანკო ანგარიშების დაყადაღება.
სს “ო. თ." დირექტორმა და მისმა წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სს “ნ." არ წარმოადგენს ყოფილი შპს “ო. თ." უფლებამონაცვლეს, რის გამოც მას არა აქვს საზოგადოების ლიკვიდაციის მოთხოვნის უფლება. ამასთან, წარმოდგენილი სარჩელი “მეწარმეთა შესახებ" კანონის 15.2 მუხლის თანახმად, არის ხანდაზმული. გარდა აღნიშნულისა, მოწინააღმდეგე მხარემ მიუთითა, რომ სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის შესახებ დადგენილება შესულია კანონიერ ძალაში და მისი გადასინჯვა შეიძლება მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 422-ე, 423-ე მუხლების საფუძველზე.
სს “ო. თ." წარმომადგენლებმა, ასევე, განმარტეს, რომ სააქციო საზოგადოებას ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, იგი დაფუძნებულია შპს სავაჭრო-სამრეწველო კომპანია “ო. თ." მეანაბრეთა შენატანებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს “ო. თ."'წარმომადგენლებმა მოითხოვეს მოცემულ საქმეზე საქმის წარმოების შეწყვეტა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით სს “ნ." გენერალური დირექტორის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ ვერ დააკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას სააქციო საზოგადოების ლიკვიდაციის შესახებ. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სს “ო. თ." ლიკვიდაციის შესახებ შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ გაკოტრების საქმის გახსნის გზით, ხოლო გაკოტრების დაწყება ხდება განცხადების საფუძველზე, ასეთი განცხადება კი სასამართლოს არ გააჩნია. ამდენად, სასამართლომ მიუთითა, რომ ვერ გასცდება თავის უფლებამოსილებას და ვერ მიაკუთვნებს მხარეს იმას, რაც მას არ მოუთხოვია.
სს “ნ." დირექტორმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა მიუთითა, რომ მათი სარჩელის თანახმად სს “ო. თ." რეგისტრაცია განხორციელდა “მეწარმეთა შესახებ" კანონის უხეში დარღვევით, მნიშვნელოვანი ხარვეზებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნაზე. ამდენად, აპელანტის აზრით, სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მოითხოვა რაიონული სასამართლოს 2001 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სს “ოქროს თასის" ლიკვიდაციის რეგისტრაცია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 8 ნოემბრის განჩინებით სს “ნ." სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 მუხლები, ვინაიდან სწორად არ შეაფასა სასარჩელო მოთხოვნა, არ გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებანი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც აწესრიგებს კონკრეტულ სადავო ურთიერთობებს და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც სსსკ-ს 393-ე, 394-ე მუხლების თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა შეეხება სს “ო. თ." ლიკვიდაციის რეეგისტრაციას. პირველი ინსტანციის სასამართლომ ლიკვიდაციის რეგისტრაციის უარსაყოფად გამოიყენა გაკოტრების წარმოების შესახებ კანონი და მიიჩნია, რომ გაკოტრების საქმის გახსნის გარეშე შეუძლებელია ლიკვიდაციის რეგისტრაცია. ამასთან, არ შეაფასა უმთავრესი მოთხოვნა, იყო თუ არა სს “ო. თ." რეგისტრაციისას დაშვებული ხარვეზი, შესაძლებელია თუ არა აღნიშნული ხარვეზის გამოსწორება 3 თვის ვადაში, ასევე, არ იქნა შეფასებული საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტები.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს “ო. თ." რეგისტრაციაში არსებობს მნიშვნელოვანი ხარვეზი, კერძოდ, ვერ დგინდება დამფუძნებელი პარტნიორების ვინაობა და მისი საწესდებო კაპიტალი არ არის შესაბამისობაში მეანაბრეთა შენატანებთან, ამასთან, იგი არ არის დაყოფილი აქტივებად. “მეწარმეთა შესახებ" კანონის 5.7 მუხლის თანხმად ეს არის არსებითი ხასიათის ხარვეზი და იგი წარმოადგენს საზოგადოების ლიკვიდაციის რეგისტრაციის საფუძველს.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ო. თ." დირექტორმა ლ. ხ-შვილმა. Kკასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების თანახმად მოსარჩელის მიერ მითითებული ხარვეზი წარმოადგენს არსებითი ხასიათის ხარვეზს, მისი აღმოფხვრა შეუძლებელია და იგი წარმოადგენს საზოგადოების რეგისტრაციის ლიკვიდაციის საფუძველს. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს ეს მოსაზრება დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია სს ,,ო. თ.” რეგისტრაციასთან დაკავშირებული გარემოებები და შესაბამისად მსჯელობა არსებითი ხარვეზის არსებობაზე უსაფუძვლოა. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში ხელახლა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ რაიონული სასამართლოს მიერ არ იქნა გამოკვლეული დაირღვა თუ არა სს “ო. თ."'რეგისტრაციისას “მეწარმეთა შესახებ" კანონის მოთხოვნები, რაც წარმოადგენდა სს “ნ."' სარჩელის ძირითად საფუძველს. ამასთან, სასამართლოს მიერ არ იქნა გამოკვლეული წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ იქნა დაზუსტებული არსებობდა თუ არა რეგისტრაციის ხარვეზი და შეიძლებოდა თუ არა მისი გამოსწორება. რაიონულმა სასამართლომ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, რის გამოც მისი გადაწყვეტილება კანონიერი საფუძვლით გაუქმდა სააპელაციო პალატის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. Aამავე კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია.
პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ უდავოდ არსებობს მოპასუხის რეგისტრაციის ლიკვიდაციის საფუძველი. Aაღნიშნული საკითხი საქმის ხელახლა განხილვისას შესწავლილი და გამოკვლეული უნდა იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, როგორც M,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის, ასევე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ,,კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ცალკეული კომპანიებისა და ბანკების მეანაბრეთა სოციალური დაცვის ზოგიერთი ღონისძიების სესახებ” 1995 წლის 22 ივნისის ¹252 ბრძანებულების და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 ნოემბრის ¹802 დადგენილების მოთხოვნები.
“მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 5.8 მუხლის თანახმად, თუ საწარმო რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, რეგისტრაცია უქმდება. თუკი ეს ხარვეზი სამი თვის ვადაში არ იქნება გამოსწორებული, რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს აგრეთვე საზოგადოების ნებისმიერი პარტნიორის ან ნებისმიერი მესამე პირის მიერ სარჩელის საფუძველზე. ამავე კანონის 5.7 მუხლის თანახმად საზოგადოების წესდებაში სასამართლოს მიერ არსებითი ხარვეზის დადგენისას სასამართლო ვალდებულია მოახდინოს საზოგადოების ლიკვიდაციის რეგისტრაცია და მიუთითოს საფუძველი.
თუ დადგინდება, რომ ხარვეზი არსებითია და მისი გამოსწორება შეუძლებებლია, ამ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს რეგისტრაციის გაუქმებისა და სალიკვიდაციო პროცესის გახსნის საკითხი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “ო. თ." დირექტორის ლ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 8 ნოემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.