გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-319-02 15 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ს-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა რუსთავში, ... მდებარე ბინიდან ქ. მ-ის გამოსახლება და ბინის მისთვის გადაცემა შემდეგი საფუძვლით: აღნიშნული ერთოთახიანი ბინა შეიძინა 1995წ. 14 მარტს. მოპასუხე ქ. მ-ე არის მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის და, პროფესიით პედაგოგი, თხოვა დროებით დაეთმო ბინა ბავშვების მოსამზადებლად, რაზეც დაეთანხმა. მაგრამ როცა სთხოვა, რომ ბინა გაენთავისუფლებინა, რადგან ბინა თავისთვის სჭირდებოდა, ქ. მ-ემ ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
მოპასუხე მ-ემ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძლით: სადავო ბინაზე მას აქვს უფლებები, რადგან ბინა შეძენილი იყო ოჯახის საერთო სახსრებით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 24 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე მჭედლიძე გამოსახლდა სადავო ბინიდან და ბინა დაუბრუნდა მის მესაკუთრეს, ნ. ს-ეს. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბინა წარმოადგენს მოსარჩელე ნ. ს-ის საკუთრებას, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ ბინა შეძენილია ოჯახის საერთო სახსრებით, რადგან მიიჩნია, რომ მოპასუხეს ამის დამადასტურებლად არაფერი წარმოუდგენია. საქალაქო სასამართლომ სკ-ს 172-ე მუხლის თანახმად დააკმაყოფილა სარჩელი და მოპასუხე გამოასახლა სადავო ბინიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ქ. მ-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 6 ნოემბრის განჩინებით მჭედლიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 24 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელე სადავო ბინის მესაკუთრეა სკ-ს 183-ე მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად და ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მიხედვით მოქმედებს რეესტრის მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, აქედან გამომდინარე, სკ-ს 172-ე მუხლის თანახმად მიიჩნია, რომ მჭედლიძე სწორად იქნა გამოსახლებული სადავო ბინიდან.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ქ. მ-ემ, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა დავის გადაწყვეტის დროს სკ-ს 173-ე მუხლი, რადგან ბინა შეძენილია არა მოსარჩელე ნ. ს-ის მიერ, არამედ მისი ხარჯებით, გარდა ამისა, სასამართლომ ისე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ არ მოუთხოვია საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 6 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სადავო ბინა ირიცხება მოსარჩელე ნ. ს-ის სახელზე, აღნიშნული დადგენილია საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების ასლით, რომლის მიხედვითაც სადავო ბინა 1995წ. 14 მარტს ნ. ს-ემ შეიძინა გ. შ-ისაგან. ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში იმავე დღეს. სკ-ს 183-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამდენად, სადავო ბინის შეძენის დროს ნ. ს-ეს დაცული აქვს სკ-ს 183-ე მუხლით გათვალისწინებული წესი და იგი უნდა ჩაითვალოს სადავო ბინის მესაკუთრედ. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სკ-ს 172-ე მუხლის შესაბამისად სწორად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ბინის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ, რადგან მოპასუხე ქ. მ-ემ ვერ დაადასტურა რომ მას სადავო ბინის ფლობის უფლება აქვს.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს დავის გადაწყვეტის დროს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 173-ე მუხლი. აღნიშნული მუხლი აწესრიგებს საერთო საკუთრების სამართლებრივ რეჟიმს. ის, რომ სადავო ბინა არის საერთო საკუთრება და იგი შეძენილია მოპასუხისა და მისი ოჯახის საერთო სახსრებით, კასატორმა ვერც პირველ ინსტანციაში და ვერც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ვერ დაადასტურა. უფრო მეტიც, იგი თვითონ აღიარებს სააპელაციო საჩივარში, რომ ბინა, მართალია, ოჯახმა მთლ.დ იყიდა, მაგრამ პირობითად გაფორმდა ნ. ს-ეზე, ანუ თვითონვე აღიარებს, რომ ბინის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ნ. ს-ე. სკ-ს 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს რეესტრის მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში არ ყოფილა დაყენებული საკითხი რეესტრის ჩანაწერების გაუქმებისა და მასში ცვლილების შეტანის შესახებ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოქმედებს რეესტრის ჩანაწერების უტყუარობის პრეზუმფცია და სწორად არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 6 ნოემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.