საქმე N 150139624008968071
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №913აპ-24 ქ. თბილისი
ე–ი ა., 913აპ-24 23 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ე–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ა–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა. ე–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ა–მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას სრულად პირობითი მსჯავრით შეცვლით, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით.
2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 14 მაისის განაჩენით ა. ე–ი, − დაბადებული .... წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 4 (ოთხი) თვით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა (სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი (სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით) დანიშნული სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ე–ს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, საიდანაც 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი 1 (ერთი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ა. ე–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან − 2024 წლის 16 თებერვლიდან;
გაუქმდა ა. ე–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა;
მსჯავრდებულის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალა შესაბამის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ე–მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ორი პირისა და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
ü 2024 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. ნ–ში, ჰ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ა. ე–სმა არასრულწლოვან შვილს გ. ე–სა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (უსინათლო), არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ა. ე–ს არასრულწლოვანი შვილების − გ. ე–ს, ვ. ე–სა და ე. ე–ს თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გ. ე–სს ხელი დაარტყა სახის არეში, ხოლო ა. ე–ს ხელები დაარტყა სახისა და თავის არეში, ასევე, ხელები მოუჭირა ყელის არეში და ცდილობდა მის დახრჩობას. აღნიშნული ქმედებების შედეგად, გ. ე–მა და ა. ე–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
ü 2024 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. ნ–ში, ჰ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ა. ე–ი სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ა. ე–ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და გადაწვავდა მის სახლს, ამის პარალელურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამტვრევდა სახლის ფანჯრებს, რის შედეგადაც, ა. ე–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ü 2024 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. ნ–ში, ჰ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ა. ე–მა, არასრულწლოვან შვილს, გ. ე–ს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (უსინათლო), არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ა. ე–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც სახისა და თავის არეში ხელების დარტყმით, ასევე – ფიზიკურად იძალადა შემთხვევის ადგილზე მყოფ ა. ე–ს დეიდაზე, ი. პ–ზე, რომელიც მის დამშვიდებას ცდილობდა. აღნიშნული ქმედების შედეგად, ი. პ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 14 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.
ü მსჯავრდებულმა ა. ე–სმა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ა–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.
ü ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კონსტანტინე ბახუტაშვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულ ა. ე–სათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილითა და 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ა. ე–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ა–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ კონსტანტინე ბახუტაშვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 14 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
ა. ე–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 9 (ცხრა) თვე, იმავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 4 (ოთხი) თვით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 8 (რვა) თვე, იმავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე, იმავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ე–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 9 (ცხრა) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64--ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულ ა. ე–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 16 თებერვლიდან;
გაუქმდა ა. ე–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ა. ე–ს დაეკისრა მოვალეობა – პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი და გაიაროს ალკოჰოლიზმის მკურნალობის კურსი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება, ასევე ალკოჰოლიზმისგან მკურნალობის კურსის გავლაზე ზედამხედველობა, დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა. ე–სათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის სრულად პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ, უსაფუძვლობის გამო.
9. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და იგი სამართლიანია. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის შეფარდებისას, სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება და პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია), ასევე გაითვალისწინა – ა. ე–ს მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, დანაშაულის ეპიზოდთა სიმრავლე, ქმედებების განხორციელების სახე და მართლსაწინააღმდეგო შედეგი (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის სამი სხვადასხვა ეპიზოდი, დანაშაულებს ჰყავს სამი დაზარალებული, მათ შორის – ერთი არასრულწლოვანი, ამასთან, დანაშაულის სამივე ეპიზოდი ჩადენილია ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში და დგინდება ისიც, რომ ა. ე–ი განსაკუთრებით აგრესიული ხდება მაშინ, როდესაც მიღებული აქვს ალკოჰოლური სასმელი). საკასაციო პალატის აზრით, მსჯავრდებულ ა. ე–ს მიმართ სრულად პირობითი მსჯავრის გამოყენება, ზემოთ მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, წარმოადგენს ზედმეტ ლმობიერებას, რაც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ე–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ა–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი