/ ¹ 3კ/321-02 13 მარტი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
ს.ს. “ე.” გენერალური დირექტორი 1998 წლის 13 ივლისის წერილში სთხოვს ს.ს. ,,ს. ბ.” გენერალურ დირექტორს, რომ მიმდინარე წლის 10 ივლისიდან უწარმოონ ანგარიშსწორების ანგარიშზე ოპერაციები სადებეტო სალდოთი.
1999 წლის თებერვლიდან ს.ს. “ე.” ანგარიშებზე რიცხული თანხების გადამეტებით საბანკო ოპერაციების წარმოების შედეგად მიმდინარეობს უარყოფითი სალდოს წარმოშობა და პარალელურად საბანკო ანგარიშებზე შესული ძირითადი თანხების მოძრაობა მიმართულია უარყოფითი სალდოს დაფარვისაკენ.
1999 წლის 17 მარტს ს.ს. “ე.” გასცა საგარანტიო წერილი მოქალაქე გ-ორზე 17 მარტიდან 17 სექტემბრამდე ვადით, საგარანტიო თანხით 70 000 დოლარი. გარანტიის ვადის გასვლის შემდეგ ამ საგარანტიო წერილის საფუძველზე მოპასუხის სადებეტო სალდო მოსარჩელემ გაზარდა 48 319 აშშ დოლარით.
1999 წლის 28 ივლისს ს.ს. “ე.” გასცა საგარანტიო წერილი პ. ფ-ინზე, ვადით 28 ივლისიდან 28 ოქტომბრამდე, საგარანტიო თანხა 5000 აშშ დოლარი. გარანტიის ვადის გასვლის შემდეგ ამ საგარანტიო წერილის საფუძველზე მოპასუხის სადებეტო სალდო მოსარჩელემ გაზარდა 4816 აშშ დოლარით.
1999 წლის 2 აგვისტოს ს.ს. “ე.” გასცა საგარანტიო წერილი დ. ი-იაზე ვადით 2 აგვისტოდან 2 თებერვლამდე, საგარანტიო თანხით 35000 აშშ დოლარი. გარანტიის ვადის გასვლის შემდეგ მოპასუხემ მოსარჩელის სადებეტო სალდო გაზარდა 23712 აშშ დოლარით.
1999 წლის 29 სექტემბრის თავდებობის ხელშეკრულებით ს.ს. “ე.” თავდებად დაუდგა შპს “ბ–ს” 60 000 აშშ დოლარზე, თავდებობის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელემ გაზარდა მოპასუხის სადებეტო სალდო 64931 აშშ დოლარით.
მხარეთა შორის 2000 წლის 17 ივლისს გაფორმდა ,,საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულება”. ხელშეკრულების 2.3.3 და 2.3.7 პუნქტების მიხედვით მოპასუხე ვალდებული იყო ბანკის წინაშე ფულადი ვალდებულების არსებობის ან ასეთის სამომავლოდ წარმოქმნის შემთხვევაში არ დაეშვა სხვა საბანკო დაწესებულებებში გახსნილი ანგარიშებით სარგებლობის ფაქტები მოსარჩელესთან ანგარიშის გასწორებამდე. Aაღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში მოპასუხე დაჯარიმდებოდა ფულადი ვალდებულების 30%-ით.
2001 წლის 1 აგვისტოს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ანგარიშზე დაშვებული სადებეტო ნაშთის მაქსიმალური თანხა შეადგენს 1500 000 ლარს, ოვერდრაფტი დაიშვება ოთხი თვის ვადით, წლიური 25,2%-ის დარიცხვით.
სადებეტო ნაშთის დაშვების ვადა ამოიწურა 2000 წლის 1 დეკემბერს. ოვერდრაფტის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელემ წერილობით მოსთხოვა მოპასუხეს დავალიანების თანხის დაფარვა. მიუხედავად ასეთი მოთხოვნისა, მოპასუხის მიერ არ იქნა დაფარული სადებეტო ნაშთი და მასზე დარიცხული პროცენტები. სს. ,,ს. ბ.” სარჩელი აღძრა სასამართლოში.
საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა თავისი მოთხოვნები: ოვერდრაფტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება მოითხოვა 631814 აშშ დოლარის ოდენობით, როგორც ძირითადი დავალიანების, ისე დარიცხული პროცენტის სახით, საქმის არსებითი განხილვისას არსებული მდგომარეობით. Oოვერდრაფტის თანხასთან ერთად მოსარჩელე მოპასუხისაგან მოითხოვს ჯარიმის 450 000 ლარის გადახდას, გამომდინარეს ,,საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ” 2000 წლის 17 ივლისის ხელშეკრულების 2.3.3 და 2.3.7 პუნქტებიდან, რომელთა მიხედვით მოპასუხე ვალდებული იყო ბანკის წინაშე ფულადი ვალდებულების არსებობის ან ასეთის სამომავლოდ წარმოქმნის შემთხვევაში არ დაეშვა სხვა საბანკო დაწესებულებებში გახსნილი ანგარიშებით სარგებლობის ფაქტები მოსარჩელესთან ანგარიშის გასწორებამდე. სამოქალაქო კოდექსის 869-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა 164165 აშშ დოლარის და 25121 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელემ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯისათვის მოითხოვა 22380 აშშ დოლარის და 9702 ლარის, ასევე, მოითხოვა 8000 ლარის ანაზღაურება პროცესის სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურებისათვის. მოსარჩელის მიერ აგრეთვე აღძრულია მოთხოვნა თანხის გადახდაზე 1997 წლის 3 ივნისის საგარანტიო წერილის საფუძველზე, რომელიც მოსარჩელის მიერ გაცემული იყო მოპასუხის მიმართ სატელეკომუნიკაციო კომპანია “ჰ.” 1076900 აშშ დოლარის მიღებაზე. ვინაიდან მოპასუხე მოსარჩელის მიმართ ამ ვალდებულების არსებობის პერიოდში სარგებლობდა “ა.” ვაკის ფილიალის ანგარიშით და არღვევდა საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების 2.3.5 პუნქტის მოთხოვნებს, მოსარჩელე ითხოვს ჯარიმას 323 040 აშშ დოლარს, რაც წარმოადგენს საგარანტიო თანხის 30 პროცენტს.
მოპასუხე მიუთითებდა, რომ მხარეთა შორის 2000 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე ვალდებული იყო მოპასუხის ყველა ანგარიშზე დაეშვა სადებეტო ნაშთი 1.500000 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ მოპასუხეს არაერთხელ უთხრა უარი მიეღო საგადასახადო დავალებები ოვერდრაფტის ხელშეკრულების საფუძველზე. ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოსარჩელის მიერ განაღდებულ იქნა სამი საგადასახადო დავალება; 2000 წლის 10 აგვისტოს, 2000 წლის 6 ოქტომბერს, 2000 წლის 16 ნოემბერს, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელის მიერ განხორციელდა 8617 ლარის გადახდა, ამ თანხას მოპასუხე მიიჩნევს მის მიერ ფაქტობრივად მოხმარებული ოვერდრაფტის თანხად.
მოპასუხემ აგრეთვე განმარტა, რომ ოვერდრაფტის ხელშეკრულების გაფორმებისას მას გააჩნდა მოსარჩელის მიმართ დავალიანება 517796 აშშ დოლარის და 406971 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოშობილი იყო ჯერ კიდევ 2000 წლის თებერვლიდან მხარეთა შორის ზეპირი გარიგების საფუძველზე და ეს დავალიანება არ შეიძლება განხილულიყო როგორც ოვერდრაფტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი დავალიანება. მოპასუხემ აგრეთვე უარყო მოარჩელის მიერ 1997 წლის 3 ივნისის საგარანტიო წერილის საფუძველზე მის მიმართ აღძრული მოთხოვნები იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს ამ საგარანტიო წერილის საფუძველზე საგარანტიო თანხა არ გადაეცა და შესაბამისად, არც მას წარმოქმნია ვალდებულება ამ თანხაზე.
მოპასუხემ უარყო სარჩელი და აღძრა შეგებებული სარჩელი საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ 2000 წლის 17 ივლისის ხელშეკრულების 2.3.5 და 2.3.6 მუხლების ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ,,საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ” მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ის პირი, რომლის ყველა გვერდზეც მან მოაწერა ხელი და შემდგომ ხელმოსაწერად გადასცა მეორე მხარეს, რათა მას ხელმოწერილი, დანომრილი და აკინძული დაებრუნებინა, საერთოდ არ შეიცავდა 2.3.5 და 2.3.6 პუნქტებს ჯარიმის დაკისრების თაობაზე.
2. სადავო ხელშეკრულების 2.3.5 და 2.3.6 პუნქტები კაბალურია და მათი რეალურად არსებობის შემთხვევაშიც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად.
3. ს.ს. “ე.” გენერალური დირექტორი ა. ი-შვილი ხელს აწერს სადავო ხელშეკრულებას, რომლის 2.3.5 და 2.3.6 პუნქტების საფუძველზე მოპასუხე ითხოვს დიდი ოდენობით ჯარიმის გადახდას. ასეთი სახის ხელშეკრულების დასადებად საწარმოს გენერალური დირექტორი არ არის უფლებამოსილი სამეთვალყურეო საბჭოს ნებართვის გარეშე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს.ს. “ს. ს. ბ.” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ს.ს. “ე.” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 102 425 აშშ დოლარის ანაზღაურება. სს “ე.” “ს. ს. ბ.” სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 2500 ლარის ოდენობით, მასვე დაეკისრა 1600 ლარის ანაზღაურება ექსპერტიზის ხარჯებისათვის.
“ს. ს. ბ.” დაეკისრა ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება 8000 ლარის ოდენობით.
ს.ს. “ე.” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ს.ს. “ს. ს. ბ.” და ს.ს. “ე.” შორის 2000 წლის 17 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების 2.3.5 და 2.3.6 პუნქტები.
ს.ს. “ს. ს. ბ.” სს. “ე.” სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 2500 ლარის ოდენობით.
კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადაა 1999 წლის თებერვლიდან 2000 წლის 1 აგვისტომდე და 2000 წლის 1 აგვისტოდან “ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების” შესახებ წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადაა 2000 წლის 1 დეკემბრამდე.
1999 წლის 4 თებერვლიდან 2000 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში მხარეთა შორის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ფულადი საკრედიტო ურთიერთობა, ასევე ამ ურთიერთობიდან გამომდინარე ვალის არსებობა აღიარებულია მოპასუხე მხარის მიერ.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 3 დეკემბრის ¹118 ბრძანებით დამტკიცებული “კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობის და რეგულირების წესის” მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად “ოვერდრაფტი” წარმოადგენს მოკლევადიანი დაკრედიტების ფორმას, რომლითაც ბანკი კლიენტს აძლევს უფლებას მისი ანგარიშსწორების ანგარიშზე რიცხული ნაშთის გადამეტებით განახორციელოს გადახდები ოვერდრაფტის შესახებ ბანკსა და კლიენტს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით.
კოლეგია აღნიშნავს, რომ მხარეთა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ზემოთ მითითებული პერიოდის შემდგომ, კერძოდ, 1999 წლის თებერვლიდან ს.ს. “ე.” ანგარიშებზე მიმდინარეობს უარყოფითი სალდოს წარმოშობა ანგარიშებზე რიცხული თანხების გადამეტებით საბანკო ოპერაციების წარმოების შედეგად და პარალელურად მის საბანკო ანგარიშებზე შესული ძირითადი თანხების მოძრაობა მიმართულია უარყოფითი სალდოს დაფარვისაკენ. ამგვარი წესით ვალის დაფარვაზე შეთანხმება, როგორც ორივე მხარე განმარტავს, მიღწეული იყო ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე.
ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონისა და 1998 წლის 20 მარტის ¹018022 წერილის “კლიენტთა მიმდინარე ანგარიშზე სადებეტო სალდოს (ოვერდრაფტი) დაშვების შესახებ” შესაბამისად კლიენტის მიერ თავის ანგარიშსწორების ანგარიშზე რიცხული თანხების გადამეტებით საბანკო ოპერაციების წარმოება, ამ გზით წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა მის ანგარიშსწორების ანგარიშზე შესული თანხებით შესაძლებელია მხოლოდ ბანკსა და კლიენტს შორის არსებული ოვერდრაფტის ხელშეკრულების საფუძველზე.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ სესხისათვის შეთანხმებული, აღიარებული წლიური საპროცენტო განაკვეთი ვერ დაადგინა. მოსარჩელის განმარტებით, გათვალისწინებული იყო დღიური 0,3%-ის დარიცხვა, რომელიც 1999 წლის 19 ნოემბრიდან შემცირდა 0,1%-დე. მოპასუხე მხარე კი განმარტავს, რომ სესხისთვის პროცენტი საერთოდ არ ყოფილა განსაზღვრული. ს.ს. “ე.” საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერის მიხედვით კი ირკვევა, რომ მოსარჩელე მოპასუხეს სესხით სარგებლობისათვის პროცენტებს სხვადასხვა პერიოდებში არიცხავდა სხვადასხვა ოდენობით: 1999 წლის თებერვლიდან 1999 წლის 1 ივნისამდე პერიოდში წლიური 109%-ის, 1999 წლის 1 ივნისიდან 1999 წლის 22 ნოემბრამდე წლიური 54%-ის, 1999 წლის 22 ნოემბრიდან 2000 წლის 1 აგვისტომდე 30,5%-ის ოდენობით.
კოლეგია მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის მე-5 პუნქტით, თუ წლიური საპროცენტო განაკვეთი არ არის მითითებული, მაშინ გამოიყენება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წლიური პროცენტი.
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად კანონი განსაზღვრულ პროცენტში გულისხმობს ისეთ პროცენტს, რაც გონივრულ შესაბამისობაში იქნება ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან.
სასამართლო კოლეგიის აზრით, სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის 1 და 2 პუნქტებიდან გამომდინარე მოპასუხის საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების საფუძველზე მოსარჩელის მიმართ არსებული მისი დავალიანების დადგენა, გაანგარიშება უნდა მოხდეს შემდეგი პრინციპით: მოპასუხის ანგარიშზე შესული თანხებით ჯერ იფარება ძირითადი დავალიანების თანხა, შემდეგ სესხით სარგებლობის პროცენტი, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მიხედვით, თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად და თუ მოთხოვნათა შესრულების ვადა ერთდროულად დადგა, მაშინ თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის მოთხოვნა, რომლის შესრულება მოვალისათვის უფრო მძიმეა.
სასამართლო კოლეგია არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის ზეპირი ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო პროცენტის ყოველდღიური გადახდა. ასეთი შეთანხმების არსებობა ვერ იქნა დადასტურებული.
კოლეგიის მითითებით, იგი იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის შესახებ, რომ მოპასუხის მიმართ არსებული მისი დავალიანების თანხიდან ამოღებული უნდა იქნეს 141778 აშშ დოლარი, მასზე დარიცხული შესაბამისი პროცენტებით.
კოლეგიამ დაადგინა, რომ 1999 წლის 17 მარტს ს.ს. “ე.” გასცა საგარნტიო წერილი გ-ორზე 17 მარტიდან 17 სექტემბრამდე ვადით, საგარანტიო თანხით 70 000 დოლარი. გარანტიის ვადის გასვლის შემდეგ ამ საგარანტიო წერილის საფუძველზე მოპასუხის სადებეტო სალდო მოსარჩელემ გაზარდა 48 319 აშშ დოლარით.
1999 წლის 28 ივლისს ს.ს. “ე–მა” გასცა საგარანტიო წერილი პ. ფ-ინზე, ვადით 28 ივლისიდან 28 ოქტომბრამდე, საგარანტიო თანხა 5000 აშშ დოლარი. გარანტიის ვადის გასვლის შემდეგ ამ საგარანტიო წერილის საფუძველზე მოპასუხის სადებეტო სალდო მოსარჩელემ გაზარდა 4816 აშშ დოლარით.
1999 წლის 2 აგვისტოს ს.ს. “ე.” გასცა საგარანტიო წერილი დ. ი-იაზე ვადით 2 აგვისტოდან 2 თებერვლამდე, საგარანტიო თანხით 35000 აშშ დოლარი. გარანტიის ვადის გასვლის შემდეგ მოპასუხემ მოსარჩელის სადებეტო სალდო გაზარდა 23712 აშშ დოლარით.
1999 წლის 29 სექტემბრის თავდებობის ხელშეკრულებით ს.ს. “ე–ი” თავდებად დაუდგა შპს “ბ.” 60 000 აშშ დოლარზე, თავდებობის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელემ გაზარდა მოპასუხის სადებეტო სალდო 64931 აშშ დოლარით.
კოლეგიის აზრით, მოსარჩელემ ზემოთ მითითებული საგარანტიო წერილებისა და თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული თანხების თვითნებური ჩამოჭრით მოპასუხის ანგარიშსწორების ანგარიშიდან, ამ თანხებით მოპასუხის ძირითადი ვალის გაზრდით და მათზე პროცენტების დარიცხვით დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 861-ე მუხლის მოთხოვნები იმის შესახებ რომ “საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა აწარმოოს მისი მფლობელის ნებართვის ან მითითების საფუძველზე”, რის გამოც 141776 აშშ დოლარი მასზე დარიცხული პროცენტებითურთ ამოღებული უნდა იქნეს მოპასუხის დავალიანების თანხიდან.მოსარჩელის განმარტება, რომ მას ამაზე მოპასუხის ნებართვა ჰქონდა მტკიცებულებებით ვერ დასტურდება.
სასამართლო კოლეგია ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ზეპირი ოვერდრაფტის ხელშეკრულების საფუძველზე 1999 წლის თებერვლიდან წარმოეშვა დავალიანება სალარე ანგარიშებზე, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის, კერძოდ, 2000 წლის 1 აგვისტოსათვის ჯერ კიდევ არ არის დაფარული, მაგრამ მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტისათვის, კერძოდ 2000 წლის დეკემბრისათვის მოპასუხის სალარე ანგარიშებზე დავალიანება აღარ ირიცხება. პირიქით, 2000 წლის 7 დეკემბრიდან მის ანგარიშზე წარმოიშობა და იზრდება დადებითი სალდო, რომელიც წარმოშობის დღიდან წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას.
სასამართლო კოლეგიამ დაადგინა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ზეპირი ოვერდრაფტის ხელშეკრულების საფუძველზე სავალუტო ანგარიშებზე წარმოეშვა დავალიანება 1999 წლის თებერვლიდან, რომელიც ძირითადი დავალიანების თანხიდან საგარანტიო წერილების საფუძველზე დარიცხული თანხების ამოღების, წლიური 36%-ის დარიცხვის და პრინციპის ჯერ იფარება ძირითადი ვალი, ხოლო შემდეგ სესხით სარგებლობის პროცენტი, გათვალისწინებით, 2001 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით წარმოადგენს ძირითადი დავალიანების თანხის სახით 110924 აშშ დოლარს, დარიცხული პროცენტის სახით 123692 აშშ დოლარს. ამ თანხისათვის მოპასუხის სალარე ანგარიშებზე ამავე პერიოდისათვის არსებული დადებითი სალდოს გამოკლებით, რომელიც უცხოურ ვალუტაში კონვენტირებით შეადგენს 132191 აშშ დოლარს, ხდება ძირითადი დავალიანების თანხის გადაფარვა და მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ რჩება დავალიანება მხოლოდ სესხით სარგებლობის პროცენტის სახით, რომელიც შეადგენს 102524 აშშ დოლარს.
კოლეგიას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის საკრედიტო ურთიერთობის მეორე ეტაპი იწყება 2000 წლის 1 აგვისტოს, “ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ” წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე. ამ ხელშეკრულებით ბანკმა აიღო ვალდებულება, ს.ს. “ე.” ყველა ანგარიშზე დაეშვა სადებეტო ნაშთი (ოვერდრაფტის) 1500000 ლარის მაქსიმალური ოდენობით. ოვერდრაფტის ვადად განისაზღვრება 4 თვე, სადებეტო ნაშთზე წლიური 25,2%-ის დარიცხვის პირობით.
დადგენილია, რომ როგორც ძირითადი დავალიანების თანხა, ისე მასზე დარიცხული სარგებელი წლიური 25,2% ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მომენტისათვის მოპასუხის მიერ დაფარული იყო.
სასამართლო კოლეგია “ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ” 2000 წლის 1 აგვისტოს წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილ ურთიერთობას განიხილავს 1999 წლის თებერვლიდან 2000 წლის 1 აგვისტომდე მხარეთა შორის მოქმედი ზეპირი ხელშეკრულების დამოუკიდებლად. მიიჩნევს, რომ 2001 წლის 1 აგვისტოს წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა 2000 წლის 7 დეკემბრისათვის მოპასუხის მიერ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებით.
კოლეგია არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის შესახებ, რომ 2000 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულებით მხარეებმა გააგრძელეს მათ შორის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ერთიერთობები იმგვარად, რომ მოხდა ძველი ვალის რესტრუქტურიზაცია და წერილობითი ოვერდრაფტის მაქსიმალურ თანხაში 1500000 ლარში გადავიდა ადრე არსებული ვალი, ვინაიდან წერილობითი ხელშეკრულება ასეთი პირობების შესახებ მითითებას არ შეიცავს, ხოლო ამ ხელშეკრულების 4.4 პუნქტის საფუძველზე მხარეებმა არა თუ გააგრძელეს მანამდე არსებული ურთიერთობა არამედ შეთანხმდნენ ამ ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე.
კოლეგიამ მიიჩნია, რომ საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების ის პუნქტები, რომელთა საფუძველზე მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის ჯარიმის დაკისრებას არის ბათილი სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე.
ხელშეკრულების 2.3.3 პუნქტებით “ე.” წარმოეშვა ვალდებულება ბანკის წინაშე ვალდებულების არსებობის შემთხვევაში ბანკთან ანგარიშსწორებამდე არ დაეშვა სხვა საბანკო დაწესებულებებში გახსნილი ანგარიშებით სარგებლობის ფაქტები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ,,ე.” ვალდებულია გადაუხადოს ბანკს ჯარიმა ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების მთლიანი ღირებულების 30%-ის ოდენობით.
ხელშეკრულების 2.3.7 პუნქტებით ს.ს. “ე.” ვალდებულია ბანკთან რაიმე ვალდებულების არსებობის ან სამომავლოდ წარმოქმნის შემთხვევაში ანგარიშსწორების ან სხვა ანგარიში იქონიოს მხოლოდ “ს. ბ.” ფილიალებში.
კოლეგიას მიაჩნია, რომ აღნიშნული პუნქტები ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ბათილია.
კასატორს ,,ს. ს. ბ.” მიაჩნია, რომ სასამართლომ რიგ შემთხვევაში არასწორად განმარტა კანონი, ხოლო რიგ შემთხვევაში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
კასატორის აზრით, კოლეგიამ არ გაითვალისწინა, რომ დარიცხული პროცენტების ოდენობა შეთანხმებული იყო მოპასუხესთან და მისი მოცულობა მხოლოდ მისივე თხოვნით იცვლებოდა. სს ,,ე.” საფონდო ბირჟაზე წარადგინა დეკლარაცია, რომელში მითითებული გადახდილი პროცენტების ოდენობა ზუსტად შეესაბამება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთის ოდენობას. კოლეგიამ, ასევე, ყოველგვარი შეფასების გარეშე დატოვა ისეთი წერილობითი მტკიცებულებები, როგორიცაა სს ,,ე.” წლიური ბალანსები, სადაც მათ მიერვე სხვადასხვა პერიოდში დეტალურადაა მითითებული მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანების ზუსტი ოდენობა.
კასატორი მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ ბანკის წინაშე დავალიანების თანხა, და მოსარჩელის მიერ Mმითითებული პროცენტი არაერთხელ იყო აღიარებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლით დადგენილი ორივე ფორმით, როგორც სასამართლო სხდომამდე წარმოდგენილ დოკუმენტებში, ასევე სასამართლო სხდომაზე.
კასატორის აზრით, კოლეგიამ შეკრებილი მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლიდან გამომდინარე მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების გაანგარიშება უნდა მოხდეს შემდეგი პრინციპით: მოპასუხის ანგარიშზე შესული თანხებით ჯერ იფარება ძირითადი დავალიანების თანხა, შემდეგ სესხით სარგებლობის პროცენტი.
კასატორის განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ უსაფუძვლოდ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ დავალიანების თანხიდან ამოღებული ყოფილიყო 141778 აშშ დოლარი. Aამ ნაწილში კოლეგიამ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები.
კასატორის აზრით, სასამართლო კოლეგიამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი და არ გაითვალისწინა, რომ სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად მოსარჩელეს, როგორც კრედიტორს უფლება ჰქონდა მოეთხოვა მოვალისაგან გარკვეული მოქმედებისაგან თავის შეკავება. Kკასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სს ,,ე.” სს ,,ს. ბ.” სასარგებლოდ 1141399 აშშ დოლარისა და 502824 ლარის დაკისრებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ვინაიდან იგი კანონის დარღვევით არის მიღებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სამართლის ნორმები დარღვეულად ითველება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
კოლეგიამ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
კოლეგია მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებიდან გამომდინარე მოპასუხის საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების საფუძველზე მოსარჩელის მიმართ არსებული მისი დავალიანების დადგენა, გაანგარიშება უნდა მოხდეს შემდეგი პრინციპით: მოპასუხის ანგარიშზე შესული თანხებით ჯერ იფარება ძირითადი დავალიანების თანხა, შემდეგ სესხით სარგებლობის პროცენტი.
387-ე მუხლი განსაზღვრავს სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავს რამდენიმე შესრულების თანმიმდევრობას. 387-ე მუხლი არ ადგენს ერთი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების გაანგარიშების და დადგენის პრინციპს. თუ მოვალეს კრედიტორისათვის უნდა გადაეხადა 100 ლარი სესხის ვალი და 200 ლარი ბინის ქირა მოვალის ეს ორი შესრულება ერთმანეთის მსგავსი შესრულებაა და 387-ე მუხლის საფუძველზე უნდა გადაწყდეს მათი შესრულების თანმიმდევრობა. სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლი ადგენს სხვადასხვა საფუძვლებიდან (ხელშეკრულებიდან) გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების რიგითობას და არა ერთი სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ფულადი ვალდებულების ოდენობის დადგენისა და გაანგარიშების წესს. მოცემული მუხლი არეგულირებს იმ შემთხვევას, როცა სხვადასხვა ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნათა შესრულების ვადა ერთდროულად დადგა.
აღნიშნულიდან გამომდინარე ამ მუხლის მიხედვით შეუძლებელია დადგინდეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის დაფარვა, თუ ძირითადი დავალიანების დაფარვა უნდა განხორციელდეს პირველ რიგში.
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია ნორმები, რომელთა შესაბამისად უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სესხისათვის პროცენტები გადახდილი უნდა იქნეს ყოველი წლის გასვლის შემდეგ. თუ სესხი წინასწარ არის ვადით განსაზღვრული, მაშინ ვალიცა და პროცენტიც გადახდილი უნდა იქნეს ვადის დადგომისას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით სესხისათვის სარგებლის ოდენობა განისაზღვრება სასესხო თანხის განსაზღვრული პროცენტის სახით მისი მთელი წლის მანძილზე გამოყენებისათვის. აქედან გამომდინარე შეიძლება დადგინდეს ყოველთვიური პროცენტის ოდენობაც. ჩვეულებრივ მხარეთა შეთანხმებით ხდება პროცენტის გადახდის წესის განსაზღვრა. თუ ხელშეკრულებაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი, კოდექსის 626-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით სესხის სარგებლობისათვის დადგენილი პროცენტი გადახდილ უნდა იქნეს ყოველი წლის გასვლის შემდეგ. თუ ხელშეკრულება ვადიანია, ყოველი წლის გასვლისას მოხდება სარგებლის გადახდა, ხოლო მომდევნო წლის დანარჩენ პერიოდში სესხის დაბრუნებასთან ერთად უნდა მოხდეს ამ პერიოდის შესაბამისი პროცენტის დაბრუნებაც.
კანონმდებელი ასევე ადგენს, რომ პროცენტიანი ვალის დაბრუნება ვადაზე ადრე შეიძლება მხოლოდ კრედიტორის თანხმობით, რადგან საბოლოოდ ვალის დაბრუნება ამ უკანასკნელისათვის პროცენტის სახით მისაღები შემოსავლის დაკლებას იწვევს.
სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება.
საპროცენტო განაკვეთი საბანკო კრედიტისათვის არის კრედიტის ფასი, რაც კრედიტით სარგებლობის გარკვეული ეტაპის დასრულებისას უნდა იყოს გადახდილი. საპროცენტო განაკვეთი უზრუნველყოფს ბანკს, რომ მან დაფაროს ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია დეპოზიტზე მოზიდული სხვისი სახსრების პროცენტების გადახდასთან, შესაბამისი მოგების მიღებასთან და სარესურსო ფონდების გაზრდასთან
აღნიშნულის საფუძველზე პალატა მიუთითებს, რომ საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოვალის მიერ გადახდილი თანხებით ვალის საერთო თანხა კი არ მცირდება, არამედ ხდება პროცენტის დაფარვა. საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროცენტის გაანგარიშება ხდება ძირითადი თანხიდან.
სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე 1999 წლის თებერვლიდან განხორციელდა კრედიტის გაცემა, უვადო იყო. პალატა იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის შესახებ, რომ 2000 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულებით მხარეებმა გააგრძელეს მათ შორის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ერთიერთობები იმგვარად, რომ წერილობითი ოვერდრაფტის მაქსიმალურ თანხაში 1500000 ლარში, გადავიდა ადრე არსებული ვალი, ვინაიდან ხელშეკრულების 4.4 პუნქტი მიუთითებს, რომ ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე ძალას კარგავს მხარეთა შორის ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებული ყველა სხვა შეთანხმება. Aაღნიშნული ნორმის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ის ურთიერთობა რომელიც ოვერდრაფტთან დაკავშირებით მხარეთა შორის ამ ხელშეკრულების დადებამდე არსებობდა. ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებმა გააგრძელეს მანამდე არსებული ურთიერთობა ამ ხელშეკრულებაში მოცემული პირობებით.
აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით ოვერდრაფტის ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა გაგრძელდა 2000 წლის 1 დეკემბრამდე. ხელშეკრულების თანახმად პროცენტის გადახდა ხდება ყოველდღიურად.
ამასთან, პალატა ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს:
საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე. 1999 წლის 4 თებერვლიდან 2000 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში მხარეთა შორის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ფულადი საკრედიტო ურთიერთობა, ასევე ამ ურთიერთობიდან გამომდინარე ვალის არსებობა აღიარებულია მოპასუხე მხარის მიერ. კოლეგიის მიერ დადგენილია, რომ მხარეები ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილ საკრედიტო ურთიერთობას განიხილავდნენ, როგორც საოვერდრაფტო ურთიერთობას.
სააქციო საზოგადოება ,,ე.” გენერალური დირექტორი გ. ნ-ძე 1998 წლის 13 ივლისის წერილში სთხოვს საფოსტო ბანკის გენერალურ დირექტორს, რომ მიმდინარე წლის 10 ივლისიდან უწარმოონ ანგარიშსწორების ანგარიშზე ოპერაციები სადებეტო სალდოთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი თანხმობის შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ოფერტის (წინადადების) ავტორმა გამოხატა თავისი ნება ოვერდრაფტის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ და ამასთან, გამოხატა თანხმობაც, რომ ამ წინადადების აქცეპტის შემთხვევაში იგი დაემორჩილება ამ ხელშეკრულებას. დაემორჩილება იმ პირობებს, რასაც ოვერდრაფტის ხელშეკრულება აყენებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის 1998 წლის 20 მარტის საბანკო დაწესებულებების ხელმძღვანელებისადმი კლიენტთა მიმდინარე ანგარიშებზე სადებეტო სალდოს დაშვების შესახებ წერილში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო პრაქტიკით მიღებულია ბანკსა და კლიენტს შორის მომსახურეობის თაობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში კლიენტთა მიმდინარე ანგარიშებზე სადებეტო ნაშთების (ოფერდრაფტის) დაშვება, იმ შემთხვევაში, როცა კლიენტს ანგარიშზე სახსრები არა აქვს და წარმოეშვება გადაუდებელი გადახდის საჭიროება, რომლის დაფარვა შემდგომში წარმოებს მიმდინარე ანგარიშებზე შემოსული სახსრების ხარჯზე.
,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მესამე აბზაცის მიხედვით იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ამა თუ იმ მიმართულების საბანკო საქმიანობის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესი, ბანკები მოქმედებენ საერთაშორისო საბანკო ნორმებისა და ჩვევების შესაბამისად.
საერთაშორისო პრაქტიკა ოვერდრაფტის კრედიტთან დაკავშირებით ასეთია: ოვერდრაფტი არის კრედიტი, რომელიც გაიცემა ბანკის მიერ საიმედო კლიენტებზე მიმდინარე ანგარიშზე არსებულ ნაშთებს ზევით წინასწარ განსაზღვრული თანხების ფარგლებში, ან ფარგლების განსაზღვრის გარეშე მისი ანგარიშის დებეტირების გზით. Aამ დროს წარმოიშობა სადებეტო (უარყოფითი) სალდო. Oოვერდრაფტი კლიენტს აძლევს უფლებას განახორციელოს საგადასახადო დავალება მიმდინარე ანგარიშზე არსებულ ნაშთს ზევით.
ანგარიშზე არსებული დებეტის მეშვეობით ხორციელდება კლიენტის ყველა გადახდები და კრედიტში ირიცხება ამონაგები და სხვა შემოსავლები, რომელიც საწარმოს გააჩნია.
ოვერდრაფტს აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა ჩვეულებრივ დაკრედიტებასთან შედარებით. ოვერდრაფტის კრედიტის მიღება არის ჩვეულებრივზე სწრაფი პროცედურა, რამდენადაც ის არ ითხოვს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების წარდგენას. Uუმეტეს შემთხვევაში ოვერდრაფტის კრედიტის გაცემა ხდება ყოველგვარი გარანტიის გარეშე. Oოვერდრაფტს არა აქვს მიზნობრივი ხასიათი.
პროცენტები ოვერდრაფტით სარგებლობისათვის ერიცხება ოვერდრაფტის თანხას ყოველდღიურად.
იმის გამო, რომ ოვერდრაფტის კრედიტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კლიენტმა კრედიტით ისარგებლოს ოპერატიულად, როგორც წესი, გარანტიების გარეშე, ოვერდრაფტის კრედიტი განეკუთვნება შედარებით ძვირადღირებულ კრედიტთა კატეგორიას. ოვერდრაფტის საპროცენტო განაკვეთი სხვაგვარ კრედიტის განაკვეთთან შედარებით გაცილებით დიდია. ამგვარი ფორმის ხელშეკრულების დადებისათვის არ არის აუცილებელი სპეციალური საკრედიტო ხელშეკრულების არსებობა.
ს.ს. “ე.” 1998 წლის 18 ივლისის წერილით, რომლითაც მოხდა ოვერდრაფტის კრედიტის გაფორმების შესახებ წინადადების მიცემა, აღიარა იმ პირობების დაცვის აუცილებლობაც, რასაც ამგვარი ურთიერთობა ითვალისწინებს.
მხარეთა იმ ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებაში და საქმის მასალებში პალატა ვერ გაიზიარებს კოლეგიის მოსაზრებას, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული და აღიარებული წლიური საპროცენტო განაკვეთი არ არსებობს. დადგენილია, რომ ს.ს. “ე.” საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების მიხედვით მოსარჩელე მოპასუხეს სესხის სარგებლობისათვის პროცენტებს სხვადასხვა პერიოდში არიცხავდა სხვადასხვა ოდენობით: 1999 წლის თებერვლიდან 1999 წლის 1 ივნისამდე პერიოდში წლიური 109% ოდენობით. 1999 წლის 1 ივნისიდან 1999 წლის 22 ნოემბრამდე წლიური 54%-ის, 1999 წლის 22 ნოემბრიდან 2000 ლის 1 აგვისტომდე – 36,5%-ის ოდენობით. საქმის ფურცელ 193-ზე მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ბანკის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტების შესაბამისად მოპასუხეს ერიცხებოდა ს.ს. “ს. ს. ბ.” დავალიანება 517796 დოლარი და 406 971 ლარის ოდენობით. ეს იყო ზეპირი გარიგების საფუძველზე წარმოშობილი დავალიანება, რომელსაც მხარე (მოსარჩელე) არ უარყოფს. ასეთივე, აღიარებას აქვს ადგილი მოპასუხის 2001 წლის 17 აპრილის შესაგებელში, რომლის თანახმად 2000 წლის 1 აგვისტოს მხარეთა შორის ოვერდრაფტის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის მოპასუხეს გააჩნდა ს.ს. “ს. ს. ბ.” დავალიანება 517,796,33 აშშ დოლარისა და 406 971 ლარის ოდენობით. ამ ვალის პროცენტებსაც მოპასუხე იხდიდა მოსარჩელესთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე და ამ მიმართებით მოპასუხეს დღესაც არ გააჩნია არავითარი პრეტენზია.”
აღიარებას ადგილი ჰქონდა მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ სარჩელი წარადგინა და მიუთითა, როგორც მოპასუხის ძირითადი დავალიანების ოდენობა, ისე მასზე დარიცხული პროცენტების ოდენობა და პროცენტის დარიცხვის წესი.
აღიარების სინამდვილეს ამყარებს ის გარემოებებიც, რომ ს.ს. “ე.” მიერ საქართველოს საფონდო ბირჟაზე და საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილ საწარმოს ბალანსებში და მოგების ყოველწლიურ დეკლარაციებში მითითებული ბანკების წინაშე არსებული გრძელვადიანი ვალდებულებების და კრედიტისათვის გადახდილი პროცენტების ოდენობა ემთხვევა იმ თანხების ოდენობას, რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებში იყო მითითებული და რომელიც მოპასუხემაც აღიარა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ კასატორის პრეტენზია კოლეგიის მიერ კრედიტის პროცენტის დადგენასთან დაკავშირებით დასაბუთებულად უნდა ჩაითვალოს.
სახეზე გვაქვს მოპასუხის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის დადასტურება, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებდა თავის მოთხოვნას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლის თანახმად მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღიარების შემდეგ. ანდა მასზე ფსიქიკური და ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას.
აღიარების ამგვარ გაქარწყლებას სასამართლოში ადგილი არ ჰქონია.
აღნიშნულის გამო სასამართლო ვერ გაიზიარებს კოლეგიის მოსაზრებას, რომ მხარეთა მიერ სესხისათვის შეთანხმებული, აღიარებული პროცენტის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან Pპროცენტის დარიცხვის წესიც და ოდენობაც მოპასუხის მიერ აღიარებულია.
პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ კოლეგიამ მოპასუხის დავალიანების თანხიდან დაუსაბუთებლად ამორიცხა 141778 აშშ დოლარი, მასზე დარიცხული შესაბამისი პროცენტებით.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ 1999 წლის 17 მარტს ს.ს. “ე.” გასცა საგარანტიო წერილი ჯ. გ-ორზე 17 მარტიდან 17 სექტემბრამდე ვადით, საგარანტიო თანხით 70 000 აშშ დოლარზე. გარანტიის ვადის გასვლის შემდეგ საგარანტიო წერილის საფუძველზე მოპასუხის სადებეტო სალდო მოსარჩელემ გაზარდა 48319 აშშ დოლარით. ამავე დროს, პ. ფ-ინზე, დ. ი-იაზე და ს.ს. “ბ.” გაცემული თავდებობისა და საგარანტიო წერილის საფუძველზე სადებეტო სალდო გაიზარდა 4816, 23712 და 64931 აშშ დოლარით. ბანკის მიერ აღნიშნული თანხების საგარანტიო წერილების საფუძველზე გაცემა მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა.
1999 წლის 29 სექტემბრის თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,ე.” კრედიტორის წინაშე თავდებად დაუდგა და სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა შპს ,,ბ.” მიერ კრედიტორთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. 1999 წლის 17 მარტის, 1999 წლის 28 ივლისის, 1999 წლის 2 აგვისტოს საგარანტიო წერილების საფუძველზე მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოვალეთა მიერ სესხის და მასზე დარიცხული პროცენტების ვადაში დაუფარაობის შემთხვევაში კრედიტორის მიერ უშუალოდ წარმოდგენილი წერილი განიხილოს კანონით დადგენილ ვადაში და კრედიტორს გადაურიცხოს თანხები პრინციპალის სახელზე რიცხული იმ დავალიანების დაფარვის მიზნით, რომელზეც იგი დაუდგა გარანტად.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ კრედიტორის მიერ მოთხოვნილი თანხები მოვალეთა მიერ დაფარული არ არის.
თუ სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ოვერდრაფტის ხელშეკრულების საფუძველზე არ შეიძლება მოცემული თანხის მოპასუხისათვის დაკისრება, მხოლოდ ეს არ შეიძლება ყოფილიყო სარჩელზე უარის თქმის საფუძველი. საქმეში წარმოდგენილი იყო თავდებობის ხელშეკრულებები და თავდების აღიარება, რომ ეს თანხა გაცემული იყო მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიერ მიცემული გარანტიით. სასამართლო ვალდებული იყო შეეფასებინა აღნიშნული მტკიცებულებები და მხარეთა შორის არსებული ურთიერთობისათვის მიეცა შესაბამისი იურიდიული კვალიფიკაცია. იმის მტკიცება, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის არ არსებობს საბანკო-საკრედიტო ურთიერთობა, არ გამორიცხავს, რომ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების წარმოშობის სხვა საფუძვლები.
პალატა თვლის, რომ მოცემულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
კოლეგიამ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს თავდებობის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ფაქტები და შესაბამისი შეფასება მისცეს მათ.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვეს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამ მუხლის თანახმად გარიგების ბათილობას იწვევს შემდეგი სახის ფასეულობათა დარღვევა: ა) კანონით დადგენილი წესები და აკრძალვები; ბ) საჯარო წესრიგი; გ) ზნეობის ნორმები. საჯარო წესრიგის დარღვევაში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა საკუთრების უფლება, ხელშეკრულებისა და მეწარმეობის თავისუფლებანი და ა.შ. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ იგი ვნებას აყენებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ¹222 ბრძანებით დამტკიცებული დროებითი ინსტრუქცია, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საანგარიშსწორებო, საკორესპონდენტო, სავალუტო, საბიუჯეტო, მიმდინარე და სხვა ანგარიშების გახსნასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების წესებს, მეორე მუხლით ადგენს, რომ იურიდიულ, ფიზიკურ და არაიურიდიულ პირებს ენიჭებათ უფლება დამოუკიდებლად აირჩიონ საბანკო დაწესებულება საკრედიტო-საანგარიშსწორებო და საკასო მომსახურებისათვის, ამასთან, მათ შეუძლიათ საბანკო ანგარიშები გახსნან ერთ ან რამდენიმე ბანკში.
აღნიშნული ნორმა იურიდიულ პირს აძლევს უფლებას ანგარიში გახსნას ერთ ან რამდენიმე ბანკში. რამდენიმე ბანკში ანგარიშის გახსნა და საბანკო ოპერაციების წარმოება არ არის სავალდებულო.
ამდენად, თუ პირს ანგარიში ექნება გახსნილი მხოლოდ ერთ ბანკში, ან მხოლოდ ამ ბანკში არსებული ანგარიშით ისარგებლებს, არ შეიძლება ჩაითვალოს კანონის და კანონით დადგენილი წესის დარღვევად.
აღნიშნულის გამო, პალატა თვლის, რომ კოლეგიის მოსაზრება, რომ საბანკო მომსახურების შესახებ ხელშკრულების 2.3.3. და 2.3.7. პუნქტები ეწინააღმდეგება საბანკო მომსახურეობის განხორციელების მოწესრიგებისათვის განსაზღვრულ ნორმებს დაუსაბუთებელია.
საჯარო წესრიგის დარღვევა შეიძლება გამოიხატოს პიროვნების თავისუფლების დარღვევაში, პირადი თავისუფლების შეზღუდვაში, ისე, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოების თავისუფალი წევრის მდგომარეობას და პირს აყენებდეს მონურ მდგომარეობაში. ხშირ შემთხვევაში საჯარო წესრიგის დარღვევის შეფასების კრიტერიუმად მიჩნეულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის (1966) ნორმა, რომლის თანახმად, არავის არ შეიძლება წაერთვას თავისუფლება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მას არ ძალუძს შეასრულოს რაიმე სახელშეკრულებო ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად “სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება.” ამ ნორმის თანახმად სამოქალაქო კანონით აუკრძალავი ნებისმიერი მოქმედება დაშვებულია.
ს.ს. “ე.” უფლება ჰქონდა შეეზღუდა მისი სხვა საბანკო დაწესებულებაში არსებული ანგარიშებით სარგებლობის უფლება. იმ პირობებში, როდესაც ს.ს. “ე.” ესაჭიროებოდა საკრედიტო სახსრები და ,,ს. ბ.” ყოველგვარი დამატებითი გარანტიის გარეშე აძლევდა მას აღნიშნულ სახსრებს, ამგვარი ხელშეკრულების გაფორმება მისთვის, შესაძლოა, ხელსაყრელიც იყო. გასათვალისწინებელია, რომ მხარეთა შორის არსებულ ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ ხელშეკრულების თანახმად იურიდიული პირის ანგარიშზე არსებული თანხები მთლიანად მიემართებოდა სადებეტო სალდოს დაფარვისათვის. Mამგვარი შეზღუდვები სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელია. იგი წარმოადგენს ვალდებულების შესრულების გარანტიას და ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას.
ნების ამგვარი წესით შეზღუდვის კონკრეტული ნორმები მოცემულია საქართველოს ცალკეულ საკანონმდებლო აქტებშიც. სახელმწიფო ვალის შესახებ საქრთველოს კანონის 38-ე მუხლის თანახმად საქართველოს პარლამენტის დადგენილების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო გარანტიის გაცემისას აუცილებლად დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკურ აგენტს შორისEუნდა დაიდოს შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო კრედიტების დასაფარავად მიმართული სახსრების მთლიანად დაბრუნებას; შეთანხმება, რომელშიც მითითებულია ეკონომიკური აგენტის საბანკო ანგარიშებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უპირობო კონტროლის უფლება; შეთანხმება, რომელიც უფლებას იძლევა მოიხსნას სახსრები ეკონომიკური აგენტის საანგარიშსწორებო ან სადეპოზიტო ანგარიშებიდან. Aამავე კანონის მე-40 მუხლის თანახმად ხელშეკრულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკურ აგენტს შორის განსაზღვრავს ეკონომიკური აგენტის შემდეგ ვალდებულებებს: ყველა ანგარიშიდან შემოსული ნაღდი ფული მოახმაროს გარანტირებულ კრედიტზე დავალიანების დაფარვას; არ გააფორმოს დამატებით ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავენ გარანტირებულ კრედიტებთან შედარებით პრიორიტეტულ სავალო ვალდებულებებს.
აღნიშნულის გამო, პალატა თვლის, რომ უსაფუძვლოა კოლეგიის მოსაზრება, რომ მხარეთა შორის არსებული 2000 წლის 17 ივლისის ,,საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ” ხელშეკრულების 2.3.5. და 2.3.6. პუნქტები ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
Kკოლეგიამ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა დაადგინოს მოპასუხის მიერ დარღვეულია თუ არა ,,საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ” ხელშეკრულების 2.3.3 პუნქტით ნაკისრი ვალდებულება და ასეთის არსებობის შემთხვევაში დააკისროს მას ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო.
პალატა თვლის, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს თანხა პრინციპით: ჯერ იფარება საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მხარეთა მიერ შეთანხმებული და აღიარებულია, შემდეგ იფარება ძირითადი ვალი. საქმეში არსებული 2001 წლის 8 ოქტომბრის ექსპერტის დასკვნის მიხედვით გაანგარიშებული თანხიდან თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე გაცემული 141778 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული პროცენტების გამოკლებით, ძირითად დავალიანებაზე საკასაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე 25,2%-ის დარიცხვით დავალიანების თანხა შეადგენს 434097 აშშ დოლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 869-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ, თუ მსესხებელი აყოვნებს გადახდას, რაც მას ევალებოდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, დავალიანების თანხას უნდა დაერიცხოს ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის შესაბამისი პერიოდისთვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის სამი პროცენტის ოდენობით გადიდებული თანხა.
მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულების დაყოვნების შემთხვევაში დავალიანების თანხაზე დასარიცხი პროცენტი უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად: დავალიანების თანხას უნდა დაერიცხოს ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის შესაბამისი პერიოდისთვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის ოდენობას მიმატებული სამი პროცენტი. თუ ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებული იყო 30%, ასეთ შემთხვევაში ვადაგადაცილებულ თანხას უნდა დაერიცხოს 33%.
კოლეგიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმის ხელახლა განხილვისას უნდა დააზუსტოს მხარეთა მოთხოვნები და აღნიშნული წესის გათვალისწინებით გადაწყვიტოს დავა.
სასამართლო ხარჯების მხარეებზე განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმის ხელახლა განხილვის შემდეგ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 412-ე მუხლები და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
სს “ს. ს. ბ.” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სს “ს. ს. ბ.” მოთხოვნა ოვერდრაფტის ხელშეკრულებით გამოყენებული და ბანკისათვის დასაბრუნებელი თანხის სს “ე.” დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სს “ე.” სს “ს. ბ.” სასარგებლოდ დაეკისროს 434097 აშშ დოლარის გადახდა.
საქმე სს “ე.” მიერ ჯ. გ-ორზე, დ. ი-იაზე, პ. ფ-ინზე, შპს “ბ.” გაცემული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე სს “ს. ბ.” მიერ გაცემული 141778 დოლარის და მასზე დარიცხული პროცენტების გადახდევინების, 2000 წლის 17 ივლისის ხელშეკრულების 2.3.5 და 2.3.6 პუნქტების ბათილად ცნობისა და მისი დარღვევის გამო ჯარიმის გადახდევინების, ასევე, ფულადი ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო ჯარიმის გადახდევინების ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.