საქმე N 330100123007077698
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №633აპ-24 ქ. თბილისი
თ–ე ბ., 633აპ-24 9 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. თ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ს–სა და მსჯავრდებულ ნ. ვ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. თ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ს–მა და მსჯავრდებულ ნ. ვ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ნ–მა.
ü მსჯავრდებულ ბ. თ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ს–ი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობას, შემდეგი საფუძვლებით: ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბ. თ–ს დამნაშავედ ცნობისთვის, განაჩენი ემყარება მხოლოდ ვარაუდებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა, ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად.
ü მსჯავრდებულ ნ. ვ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ნ–ი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ნ. ვ–ს ბრალეულობა. განაჩენი ემყარება მხოლოდ პოლიციის მიერ ჩანერგილი აგენტის, ნარკოდამოკიდებული მოწმის, რ. ღ–ს არასარწმუნო და ცრუ ჩვენებებს, ხოლო სხვა რაიმე ობიექტური მტკიცებულება, რაც მის ბრალეულობას დაადასტურებდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება; ვიდეო-აუდიო გადაღებისას მოპოვებული ჩანაწერით ირკვევა, რომ უშუალოდ ნ. ვ–სს არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება, მათ შორის – ნარკოტიკული საშუალება, რ. ღ–სთვის არ გადაუცია. ჩანაწერიდან ირკვევა ის გარემოება, რომ ნ. ვ–ს არ ესმის რაზე ესაუბრება რ. ღ–ი, ვინაიდან აქვს სმენის პრობლემები. ამასთან, არც ნ. ვ–ს პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას არ ამოუღიათ კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება; ასევე არ წარმოდგენილა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდებოდა ნ. ვ–ს შემხებლობა 2023 წლის 30 იანვარს რ. ღ–სგან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებასთან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ნოემბრის განაჩენით:
2.1. ბ. თ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით – ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა და თანაბარმა სასჯელმა, შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და, საბოლოოდ, ბ. თ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლით.
ბ. თ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება ხოლო 20 (ოცი) წლით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
ბ. თ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 14 თებერვლიდან;
გაუქმდა ბ. თ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
2.2. ნ. ვ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა, შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, ნ. ვ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლით.
ნ. ვ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლით: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;
ნ. ვ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 14 თებერვლიდან;
გაუქმდა ნ. ვ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, შემდეგი:
3.1. ნ. ვ–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
3.2. ბ. თ–მ ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება ჩადენილი დიდი ოდენობით; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა;
ნ. ვ–სისა და ბ. თ–სის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2023 წლის 30 იანვარს, ქ. რ–ში, ....ის ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ. თ–მ და ნ. ვ–მა რ. ღ–ზე 300 ლარად უკანონოდ გაასაღეს მათ მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,4762 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაც 2023 წლის 30 იანვარს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რ. ღ–სთან ჩატარებული ამოღების შედეგად.
ü 2023 წლის 3 თებერვალს, ქ. რ–ში, მ–ს გამზირი N.., ბინა N..-ში არსებულ თავის საცხოვრებელ ბინაში, ბ. თ–მ რ. ღ–ზე 300 ლარად უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,5197 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაც 2023 წლის 3 თებერვალს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რ. ღ–სთან ჩატარებული ამოღების შედეგად.
ü ბ. თ–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 0,0256 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რასაც 2023 წლის 14 თებერვალს, ასევე უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: ქ. რ–ში, მ–ს გამზირის N.., ბინა N..-ში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2023 წლის 14 თებერვალს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქ. რ–ში, მ–ს გამზირის N.., ბინა N..-ში მდებარე ბ. თ–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.
ü ბ. თ–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 26,70 გრამი გამომშრალი „მარიხუანა,“ რასაც 2023 წლის 14 თებერვალს, ასევე უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: ქ. რ–ში, მ–ს გამზირის N.., ბინა N..-ში, რომელიც 2023 წლის 14 თებერვალს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქ. რ–ში, მ–ს გამზირის N.., ბინა N..-ში მდებარე ბ. თ–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ნ. ვ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ნ–მა, ასევე მსჯავრდებულ ბ. თ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ს–მა.
ü ნ. ვ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ნ–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
ü ბ. თ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ს–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ბ. თ–ს უდანაშაულოდ ცნობა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
9. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივრების მოთხოვნას მსჯავრდებულების: ბ. თ–სა და ნ. ვ–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ ბ. თ–ს ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო ნ. ვ–ს ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: რ. ღ–ს, ა. მ–ს, გ. ლ–ს, გ. ს–ს, რ. ი–ს, კ. გ–ს, გ. ხ–ს, დ. დ–სა და სხვათა ჩვენებებით, რ. ღ–სთან ჩატარებული 2023 წლის 30 იანვრის ამოღების ოქმით, ოპერატიულ სამძებრო ღონისძიება „საკონტროლო შესყიდვის“ შესახებ 2023 წლის 30 იანვრის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის N.......... დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ჩვენებით, რ. ღ–სთან ჩატარებული 2023 წლის 3 თებერვლის ამოღების ოქმით, ოპერატიულ სამძებრო ღონისძიება „საკონტროლო შესყიდვის“ შესახებ 2023 წლის 3 თებერვლის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის N.......... დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ჩვენებით, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2023 წლის 3 თებერვლის ოქმით, ბ. თ–ს პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის 2023 წლის 14 თებერვლის ოქმებით, ნ. ვ–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის 2023 წლის 14 თებერვლის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის N........... დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ჩვენებით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის 2023 წლის 29 მარტის N....დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ჩვენებით, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის 2023 წლის 19 სექტემბრის დასკვნით, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმებითა და სხვა მტკიცებულებებით.
10. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ გარდა მოწმე რ. ღ–ს ჩვენებისა, ნ. ვ–სა და ბ. თ–ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია როგორც მოწმე პოლიციელთა ჩვენებებით, ასევე – სხვა წერილობითი მტკიცებულებებითა და ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული, დამაჯერებელი და სრულად თანხვდენილია როგორც ერთმანეთთან, ისე სხვა მტკიცებულებებთან, რის გამოც მათი საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების საფუძველი არ არსებობს.
11. დანაშაულის შესაძლო წაქეზებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სახელისუფლებო ორგანოებს განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდების გამოყენება უწევთ, რაც საჭიროა ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების პროცესში. ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ დაადგინა, რომ განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდები, კერძოდ, ფარული ოპერაციების ჩატარების ტექნიკა თავისთავად არ არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ ასეთი ტექნიკის გამოყენება დაკავშირებულია დანაშაულის წაქეზების რისკთან, მათი გამოყენება მკაცრად დაცულ ფარგლებში უნდა იყოს დასაშვები (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 51). სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია უფლებამოსილია, ჩაატაროს ფარული ოპერაციები, მაგრამ არა წააქეზოს დანაშაული (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Khudobin V. Russia, პარ. 128). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დანაშაულის წაქეზების თაობაზე მსჯელობს ორი მიმართულებით – საპროცესო და მატერიალური ტესტის შესაბამისად. საკასაციო სასამართლომ დაცვის მხარის მიერ წამოჭრილი არგუმენტები შეაფასა, როგორც საპროცესო, ასევე მატერიალური ტესტის ფარგლებში და აღნიშნავს, რომ ბ. თ–სა და ნ. ვ–სის მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეზე სრულად არის დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დანაშაულის წაქეზების თაობაზე დადგენილი სტანდარტები.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართალწარმოებისას დაცული იყო შეჯიბრებითი პროცესის უფლება და დაცვის მხარეს ჰქონდა ეფექტური შესაძლებლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ედავა დანაშაულის შესაძლო პროვოკაციის თაობაზე, რაზეც ამომწურავად მსჯელობს სასამართლო (საპროცესო ტესტი). აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ განსახილველ საქმეზე გამოძიებას საფუძვლად დაედო რ. ღ–ს განცხადება, რომ ბ. თ–ე და ნ. ვ–ი ეწევიან ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვასა და უკანონო გასაღებას, რომელთაც განმცხადებელს შესთავაზეს, 300 ლარის სანაცვლოდ, ნარკოტიკული საშუალებების ნებისმიერ დროს შეძენა. რ. ღ–ს განცხადებაში მითითებული შესაძლო დანაშაულის გამოძიებისა და დამნაშავეთა მხილების მიზნით ჩატარდა პროკურატურისა და სასამართლოს უშუალო კონტროლით სხვადასხვა, მათ შორის – ფარული საგამოძიებო მოქმედებები; მსჯავრდებულთა დანაშაულებრივი წინასწარგანწყობა სარწმუნოდ დგინდება ოპერაციის მსვლელობის დროს გამოვლენილი აქტივობებით, კერძოდ, რ. ღ–ს, ბ. თ–სა და ნ. ვ–ს შეხვედრების ამსახველი ჩანაწერებით ცალსახად დასტურდება მსჯავრდებულთა აქტიური როლი ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაში და ნათლად იკვეთება, რომ ისინი საკუთარი სურვილით მოქმედებდნენ და მათზე რაიმე სახის ზეწოლა ან/და იძულება არ მომხდარა (მატერიალური ტესტი). ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულთა მიმართ დანაშაულის შესაძლო პროვოკაცია არ იკვეთება.
13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ასევე ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივრებში აპელირებს დაცვის მხარე, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორები საჩივრებში არ უთითებენ.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. თ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ს–სა და მსჯავრდებულ ნ. ვ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი