გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-323-02 8 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, ქ. გაბელაია
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ა-იანი 1972 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ა. ყ-ძესთან. მათ 1973 წელს შეეძინათ ქალიშვილი. 1988 წელს მეუღლეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. ა. ყ-ძე გარდაიცვალა 1996 წელს. მ. ს-შვილი-ყ-ძე არის გარდაცვლილი ა. ყ-ძის მეორე მეუღლე. გ. ა-იანმა 1998 წლის დეკემბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე მ. ს-შვილი-ყ-ძის მიმართ და მოითხოვა შემდეგი ნივთების დაბრუნება: ოთხი ცალი ძველებური ანტიკვარული ჭაღი, “დესაო”, “გორკა”, ძველებური, წითელი ხისაგან დამზადებული ხუთი სურათი (შიშკინის “სოკოები”, “ღრეობა”, “გოგო სანთლით ხელში”, ორი პატარა სურათი ძვირფასი ჩარჩოებით), სარკე, მაგიდა თავისი ათი სკამით და წითელი ხისგან დამზადებული კედლის საათი.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ა-იანის სარჩელს, მოპასუხე მ. ს-შვილის უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის შესახებ, ეთქვა უარი ხანდაზმულობის გამო.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-იანმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. ა-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ მოტივებს: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეები შეთანხმდნენ, რომ ძველი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა განხილულ იქნეს ახალი სამოქალაქო კოდექსით.
მოცემულ შემთხვევაში გ. ა-იანსა და ა. ყ-ძეს შორის ქორწინება შეწყდა სასამართლოს 1988 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით. მხარეები ვერ შეთანხმდნენ, რომ დავა მოწესრიგებულიყო ახალი სამოქალაქო კოდექსით, ამიტომ სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამოქალაქო სამართლის კოდექსის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქცია) 75-ე მუხლის შესაბამისად, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, განისაზღვრება სამი წლით.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით გამოარკვია, რომ სადავო ნივთების მოთხოვნა გ. ა-იანმა დაიწყო 1988 წლიდან, მაგრამ მოპასუხე უარს აცხადებდა ნივთების დაბრუნებაზე და პირველად მხოლოდ 1992 წელს დაუბრუნა სადავო ნივთების მცირე ნაწილი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. ა-იანისათვის უკვე 1988 წლიდან იყო ცნობილი, რომ დაირღვა მისი უფლება და სამი წლის განმავლობაში უნდა მიემართა სასამართლოსთვის, ანუ მიემართა 1992 წლამდე. მან კი სარჩელი სასამართლოში შეიტანა 1998 წელს, ე.ი. სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით. მართალია, მოპასუხემ ნივთების ნაწილი 1992 წელს დააბრუნა, რითაც აღიარა ვალდებულება, მაგრამ სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულის აღიარებით ვერ მოხდებოდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის შეწყვეტა და ახლიდან დაწყება, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 83-ე მუხლი, ვინაიდან იმისათვის, რომ მოხდეს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის შეწყვეტა, ვალის აღიარება უნდა მომხდარიყო ამ ვადის მიმდინარეობის ფარგლებში, ანუ მოცემულ შემთხვევაში 1991 წლის ჩათვლით, რასაც ადგილი არ ჰქონია. გამომდინარე იქედან, რომ ნივთების გადაცემა მოხდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ეს ვერ შეწყვეტდა უკვე გასული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობას. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-იანმა. მან მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს არქივში აღმოჩენილ იქნა სამოქალაქო საქმე ¹2/79-91 გ. ა-იანსა და ა. ყ-ძეს შორის ბინების იძულებითი წესით გაცვლის თაობაზე. ამ საქმეში მოცემულია სასამართლოს აღმასრულებელი ბ-ძის მიერ 1989 წლის 24 აგვისტოს შედგენილი აქტი ქ. თბილისში, ... ბინაში; აღნიშნულ აქტში მითითებულია, რომ ა. ყ-ძის მიერ, მისივე თანდასწრებით, ამ ბინაში გადატანილ იქნა გ. ა-იანისა და ი. ყ-ძის კუთვნილი ნივთების ნაწილი. გ. ა-იანის უფლება 1988-1991 წლებში არ დარღვეულა და მას მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა არ გაუშვია, ვინაიდან ვალის აღიარება მოხდა ამ ვადის მიმდინარეობის ფარგლებში, ანუ 1991 წლამდე. საბოლოოდ მან თავისი უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო მხოლოდ ყოფილი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, როცა მოპასუხემ უარი განუცხადა ნივთების დაბრუნებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. ა-იანის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ გ. ა-იანი და ა. ყ-ძე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ქალიშვილი ი. ყ-ძე. ოჯახური უსიამოვნების გამო 1988 წელს მეუღლეები განქორწინდნენ.
კასატორმა გ. ა-იანმა ყოფილი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ (ა. ყ-ძე გარდაიცვალა 1996 წელს) 1998 წლის დეკემბერში აღძრა სარჩელი მოპასუხე მ. ს-შვილი-ყ-ძის (ა. ყ-ძის მეორე მეუღლე) წინააღმდეგ და მოითხოვა შემდეგი ნივთების დაბრუნება: ოთხი ძველებური ანტიკვარული ჭაღი; წითელი ხის მასალისაგან დამზადებული “გორკა”, ხუთი სურათი, სარკე, მაგიდა ათი სკამით და წითელი ხის მასალისაგან დამზადებული კედლის საათი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გ. ა-იანის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ მისი უფლება 1988-1991 წლებში არ დარღვეულა და მას მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა არ გაუშვია, ვინაიდან აწ გარდაცვლილმა ა. ყ-ძემ ამ ვადის მიმდინარეობის ფარგლებში აღიარა ვალი. კასატორმა თითქოს საბოლოოდ თავისი უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო მხოლოდ ყოფილი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, როცა მოპასუხემ უარი განუცხადა კუთვნილი ნივთების დაბრუნებაზე. სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) მე-80 მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან; სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ აწ გარდაცვლილმა ა. ყ-ძემ 1987 წლის 23 დეკემბერს სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. და ქ. ა-იანების მიმართ და მიუთითა, რომ დედა-შვილ ქ. და გ. ა-იანებს შორის 1986 წლის 13 მარტს სანოტარო წესით დადასტურებული ჩუქების ხელშეკრულებაში მითითებული ნივთების ძირითადი ნაწილი მოსარჩელის პირადი საკუთრებაა, ნაწილი კი გ. ა-იანთან ერთად ცხოვრების პერიოდშია შეძენილი, ამიტომ ქ. ა-იანს არ ჰქონდა ამ ქონების განკარგვის უფლება. ა. ყ-ძემ მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და კუთვნილი ნივთების დაბრუნება, ასევე - ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა. ქ. თბილისის ყოფილი ორჯონიკიძის რაიონის სასამართლოს 1988 წლის 17 ივნისის განჩინებით მხარეთა გამოუცხადებლობის გამო ა. ყ-ძის სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული. ამდენად კასატორ გ. ა-იანის ყოფილმა მეუღლემ გამოხატა თავისი განზრახვა, რომ იმდროისათვის მასთან არსებული ნივთები კასატორ გ. ა-იანს არ მისცემდა.
პალატა თვლის, რომ გ. ა-იანს პირადი ქონების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1987 წლის დეკემბრიდან, როცა ა. ყ-ძემ სადავო გახადა ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრული სხვადასხვა ნივთის საკუთრების საკითხი. სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქცია) 75-ე მუხლის თანახმად კი საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, განისაზღვრება სამი წლით.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან აწ გარდაცვლილმა ა. ყ-ძემ 1992 წელს დაუბრუნა გარკვეული ნივთები, რითაც შეწყდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა და იგი ახლიდან უნდა აითვალოს. სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქცია) 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა წყდება ვალდებული პირის ისეთი მოქმედებით, რაც მოვალეობის აღიარებას ადასტურებს, ეს მოქმედება შესრულებული უნდა იყოს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში. მოცემულ შემთხვევაში კი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, 1992 წელსაა გარდაცვლილ ა. ყ-ძის მიერ ინდივიდუალურად განსაზღვრული ცალკეული ნივთები გადაცემული კასატორზე. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაშიც რომ ყოფილიყო აწ გარდაცვლილ ა. ყ-ძის მიერ დაბრუნებული ნივთების ნაწილი, კასატორ გ. ა-იანს მაინც გაშვებული აქვს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან მითითებული 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის შემდეგ ვადის მიმდინარეობა ხელახლა დაიწყება და იგი აითვლება ვალდებული პირის აღიარებითი მოქმედების მომენტიდან. კასატორმა კი სარჩელი აღძრა ყოფილი მეუღლის, ა. ყ-ძის, გარდაცვალების შემდეგ 1998 წლის დეკემბერში.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების კანონიერი საფუძველი ვერ გახდება საკასაციო საჩივარზე თანდართული სასამართლოს გადაწყვეტილება საცხოვრებელი ბინების იძულებით გაცვლის თაობაზე და ამ გადაწყვეტილების აღსრულების საბუთები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო პალატა იმსჯელებს მხოლოდ იმ მტკიცებულებების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. კასატორ გ. ა-იანის საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები უნდა წარედგინა პირველი ან სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოცემული საქმის გადაწყვეტისას არ დაურღვევია კანონი, რის გამოც მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ა-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.