¹ 3კ/324-02 5 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, ქ. გაბელაია
დავის საგანი: ბავშვთან ურთიერთობისა და ნახვის დღეების განსაზღვრა.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. ტ-შვილი და გ. ს-შვილი 1999 წლის 14 ოქტომბერს გატარდნენ ქორწინების რეგისტრაციაში. 2000 წლის 3 აპრილს მათ შეეძინათ შვილი ნ. ს-შვილი.
2001 წლის მაისში ე. ტ-შვილმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში გ. ს-შვილის მიმართ განქორწინების შესახებ.
გ. ს-შვილმა, მისმა მშობლებმა ც. კ-ძემ და ი. ს-შვილმა შეგებებული სარჩელით მოითხოვეს ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 14 ივნისის გადაწყეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რომლითაც ე. ტ-შვილსა და გ. ს-შვილს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
ასევე დაკმაყოფილდა გ. ს-შვილის, ც. კ-ძისა და ი. ს-შვილის სარჩელი. მათი განსაზღვრით მცირწლოვანი ნ. ს-შვილის ნახვის დრო, ყოველი პარასკევის დღის მეორე ნახევარია, ბავშვის ბინიდან გაყვანის გარეშე და ექიმთან შეთანხმებით.
ე. ტ-შვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბავშვთან ურთიერთობისა განსაზღვრის ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, იმ საფუძვლით, რომ არ შესრულდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
საკასაციო საჩივრით ე. ტ-შვილი ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც გ. ს-შვილს და მის მშობლებს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით დროებით აეკრძალა მასთან ურთიერთობა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მშობელს, რომელიც შვილთან არ ცხოვრობს, უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში. სასამართლოს უფლება აქვს ცალკე მცხოვრებ მშობელს განსაზღვრული ვადით ჩამოართვას შვილთან ურთიერთობის უფლება, თუ ასეთი ურთიერთობა ხელს უშლის შვილის ნორმალურ აღზრდას და მავნე ზეგავლენას ახდენს მასზე.
ე. ტ-შვილმა სასამართლოს ვერ წარუდგინა ისეთი მტკიცებულება, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო გ. ს-შვილისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების დროებით ჩამორთმევის საფუძველი.
სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან, აღნიშნული ცნობა ვერ გახდება იმის მტკიცების საფუძველი, რომ გ. ს-შვილს, ც. კ-ძეს და ი. ს-შვილს დროებით უნდა ჩამოერთვათ კასატორთან აღსაზრდელად მყოფი ბავშვის ნახვის უფლება სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუკი ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.
ქ.თბილისის ბავშვთა ¹6 პოლიკლინიკის მიერ 2001 წლის 5 ივნისს გაცემული ცნობის თანახმად, ნ. ს-შვილი იმყოფება ნევროლოგიური მეთვალყურეობის ქვეშ დიაგნოზით: “ცენტრალური ნერვიული სისტემის პოსტჰიპოქსიური დაზიანება. ბავშვი არის ხშირად ავად მწვავე რესპირექციული ვირუსული ინფექციით, ობსტრუქციული ბრონქიტით.”
სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ტ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 30 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.