¹ 3კ/325-02 29 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 7 აგვისტოს ი. ბ-ძემ, მ. კ-ძემ და სხვებმა, სულ 12 პირმა, სარჩელით მიმართეს სასამართლოს ს/ს “ა.” წინააღმდეგ და მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება.
სარჩელში აღნიშნეს, რომ 1992 წელს საქართველოს სახელმწიფო კომერციულ აგროსამრეწველო ბანკში შეიტანეს თანხა აქციების შესაძენად, რის შესახებაც აღნიშნული ბანკის თერჯოლის განყოფილებიდან მიიღეს მოწმობები. ამ მოწმობების მიხედვით, ბანკის მიერ აქციების გამოშვების შემდეგ, ისინი შეიძლება გადაცვლილიყო შესაბამისი აქციების რაოდენობაზე და შეტანილ თანხაზე უნდა დარიცხულიყო ყოველწლიური საპროცენტო განაკვეთი. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ბანკმა დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მათი თანხები ცალმხრივად გადაიტანა პირად ანგარიშებზე და ბანკის პრივატიზაცია მოხდა ისე, რომ თანხები არ ჩაუთვლიათ საწესდებო კაპიტალში და მოსარჩელეები არ სცნო აქციონერებად.
აღნიშნულის გამო მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ მოპასუხემ მათ მიაყენა მატერიალური ზიანი და მოითხოვეს მისთვის 203528 ლარის დაკისრება.
ს/ს “ა.” სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეებზე გაცემულ მოწმობებში არსებული მითითება, რომ ისინი შეიძლება გადაცვლილიყო აქციებზე, არ ნიშნავს მათ ავტომატურ გადაცვლას. აღნიშნული უნდა მომხდარიყო მოსარჩელეების მოთხოვნის საფუძველზე, რაც მათ არ გაუკეთებიათ. აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ბ-ძის, მ. კ-ძის და სხვათა სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ მიუთითა, რომ ბანკის მიერ აქციების გამოშვების შემდგომ, მოსარჩელეებს უნდა მიემართათ მისთვის, მათ ხელთ არსებული მოწმობების აქციებზე გადაცვლის მოთხოვნით. სახელმწიფო კომერციული აგროსამრეწველო ბანკის გარდაქმნა ს/ს “ა.” მოხდა 1995 წელს, ხოლო მოსარჩელეებმა თანხის და მასზე რიცხული პროცენტების მისაღებად ამ უკანასკნელს მიმართეს 1997 წლის ნოემბერში, რაზედაც მიიღეს უარი, თანახმად საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 ივლისის ¹575 დადგენილების და საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 16 სექტემბრის ¹363 ბრძანებულებისა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ ეკისრებოდა სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ სწორად არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ასევე, არასწორად მიუთითა მინისტრთა კაბინეტის დადგენილებაზე და სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებაზე. ამასთან მოსარჩელეებმა შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა 23 463 ლარამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 3 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეები გაფრთხილებულები იყვნენ სასამართლოს სხდომის ჩატარების დროის და ადგილის შესახებ კანონით დადგენილი წესით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ს/ს “ა.” საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა. აღნიშნულის გამო დაკმაყოფილდა აპელანტების შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ და მოწინააღმდეგე მხარეს მათ სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა შემდეგნაირად:
1. ი. ბ-ძის სასარგებლოდ 1604,9 ლარი;
2. მ. კ-ძის სასარგებლოდ 1328,77 ლარი;
3. მ. კ-ძის სასარგებლოდ 1662,012 ლარი;
4. თ. ლ-ავას სასარგებლოდ 2897,532 ლარი;
5. ნ. ჩ-უას სასარგებლოდ 1636,5888 ლარი;
6. თ. ც-ძის სასარგებლოდ 2338,358 ლარი;
7. ა. ხ-შვილის სასარგებლოდ 1687,162 ლარი;
8. გ. კ-შვილის სასარგებლოდ 5668,8208 ლარი;
9. დ. ჭ-ძის სასარგებლოდ 629,5212 ლარი;
10. ი. ბ-ძის სასარგებლოდ 2686,068 ლარი;
11. ე. ჩ-ძის სასარგებლოდ 918,0864 ლარი;
12. ვ. რ-ძის სასარგებლოდ 404, 9842 ლარი.
ს./ს “ა.” საჩივრით მიმართა საოლქო სასამართლოს და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მისი წარმომადგენელი, რომელსაც უნდა მიეღო მონაწილეობა სააპელაციო საჩივრის განხილვაში, იმყოფებოდა ავად. აღნიშნული გარემოება კი ბანკმა შეიტყო 5 ივლისს, რის გამოც დროულად ვერ აცნობა სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ს/ს “ა.“ საჩივარი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა წარმომადგენლები კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებულნი იყვნენ საქმის განხილვის ადგილის და დროის შესახებ, რის გამოც არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს/ს “ა.”. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების, ასევე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის არსებითი განხილვისათვის დაბრუნებას იმავე სასამართლოსათვის იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ მტკიცებულებად არ მიიღო ¹10-ე პოლიკლინიკის მიერ გაცემული ცნობა, მისი წარმომადგენლის ავადმყოფობის ფაქტის დადასტურების შესახებ. ასევე, უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა წარდგენილი ბრძანებები იურისტების მივლინებაში წარგზავნის და შვებულებაში გაშვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებთან ერთად შეამოწმა მისი საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მითითება, რომ მხარის გაფრთხილება ხელწერილის ჩამორთმევით საქმის განხილვის გადადების შესახებ, სასამართლოს არ აძლევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის უფლებას. დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვა საოლქო სასამართლოში დანიშნული იყო 2001 წლის 5 ივნისს, რომლის განხილვაც კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო 3 ივლისისათვის. საქმის გადადების შესახებ ორივე მხარის წარმომადგენელს ჩამოერთავთ ხელწერილი, რომლითაც გაფრთხილებული იქნენ, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში საქმე განიხილებოდა მათ დაუსწრებლად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო საქმის განხილვის გადადებისას, დანიშნავს დღეს ახალი სასამართლო სხდომისათვის და ამას აცნობებს გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელისმოწერით. გამოუცხადებელ და საქმეში ხელახლა ჩაბმულ პირებს ახალი სხდომის დღეს აცნობებენ 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორთა მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის გადადების შესახებ მას არ აცნობა სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. როგორც უკვე აღინიშნა, ამავე კოდექსის 216-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სხდომაზე გამოცხადებული მხარეების წარმომადგენლებს ჩამოერთვათ ხელწერილები საქმის განხილვის გადადების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ ისინი გაფრთხილებულნი არიან სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით თბილისის საოლქო სასამართლოში 2001 წლის 3 ივლისს 1400 სთ-ზე გამოცხადების შესახებ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო არ იყო ვალდებული მხარისათვის გაეგზავნა უწყება სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 72-ე მუხლის “ზ” პუნქტის ბოლო წინადადება ავალდებულებს გამოუცხადებელ მხარეს აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორების მიერ წარმოდგენილი ¹10 პოლიკლინიკის სამედიცინო ბარათი მისი წარმომადგენლის ავადმყოფობის შესახებ, არ წარმოადგენს იმ სახის მტკიცებულებას, რომელიც შეიძლება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდეს.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ამონაწერს ავადმყოფის ამბულატორიული სამედიცინო ბარათიდან და იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ავადმყოფისათვის სპეციალურად გაცემულ შრომისუუნარობის ფურცლად. ამასთან მომუშავე ავადმყოფზე ცნობა არ გაიცემა. მას აუცილებლად ეძლევა შრომისუუნარობის ფურცელი. წარმომადგენელმა ასევე ვერ ახსნა, თუ რატომ არ აცნობა სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წარმომადგენელზე მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.
საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერ წარდგენილი ბრძანებები იურისტების მივლინებაში წარგზავნისა და შვებულებაში გაშვების შესახებ. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, კასატორის კანონიერ ინტერესებს სააპელაციო სასამართლოში წარმოადგენდა ბანკის იურისტი ზ. დ-ძე, რომელიც არ გამოცხადდა საქმის განხილვაზე. რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ ბრძანებებს, ისინი გაცემულია ბანკის სხვა თანამშრომლებზე, რომლებსაც მოცემულ საქმესთან კავშირი არ ჰქონიათ.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს მიერ 2001 წლის 3 ივლისს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2001 წლის 29 ნოემბრის განჩინება სწორი და სამართლებრივად დასაბუთებულია, რის გამოც არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს/ს “ა.” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 3 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 29 ნოემბრის განჩინება.
ს/ს “ა.” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 939 ლარის ოდენობით, საიდანაც 657 ლარი ჩაირიცხოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ¹000141107, ხოლო 282 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.