Facebook Twitter

საქმე N 190100123007533624

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №601აპ-24 ქ. თბილისი

ნ–ი ბ., 601აპ-24 9 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ–მ–სა და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ბ. ნ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. კ–მ–მა და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა.

ü დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო ალტერნატიული მოთხოვნის სახით - განაჩენში ცვლილების შეტანას და სასჯელის მსუბუქი სახისა და ზომის გამოყენებას, შემდეგი ძირითადი საფუძვლებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და არასამართლიანია; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ ადასტურებს ბ. ნ–ს ბრალეულობას, ვინაიდან წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ ს. ა–ს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მსჯავრდებულს. სხვა მოწმეთა ჩვენებები და მტკიცებულებები კი ირიბია, რის გამოც, ისინი საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. მეორე დაზარალებულმა, ბ. ნ–ს არასრულწლოვანმა შვილმა, ბ. ნ–მა სასამართლოში მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რაც დაცვის მხარეს აფიქრებინებს, რომ თავდაპირველად, გამოძიებაში არასრულწლოვანზე მოხდა გარკვეული ზემოქმედება; ბრალდების მხარემ არ წარმოადგინა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები; დაცვის მხარე ასევე უთითებს, რომ მსჯავრდებულ ბ. ნ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა უსამართლოა, ვინაიდან მის მიმართ მსჯავრად შერაცხილი მუხლი მოიცავს ალტერნატიულ სასჯელებსაც. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, არ დაურღვევია აღკვეთის ღონისძიება, შემაკავებელი ორდერით დაკისრებული ვალდებულებები და მას წარსულში არასდროს ჰქონია კანონთან კონფლიქტი და ის არ წარმოადგენს საფრთხის წყაროს ოჯახის არც ერთი წევრისთვის, მისთვის შეფარდებული სასჯელი ზედმეტად მკაცრია, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს.

ü ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და ბ. ნ–ს მიმართ უფრო მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს განზრახი, ძალადობრივი დანაშაულები, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია გააჩნია, დანაშაულის ერთი ეპიზოდი ჩადენილია გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მეორე ეპიზოდში კი, მან იძალადა არასრულწლოვანზე.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ბ. ნ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ბ. ნ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

ბ. ნ–ს სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 11 დეკემბრიდან.

გაუქმდა ბ. ნ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით განსაზღვრული დამატებითი აკრძალვები.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ნ–მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

სასამართლომ დადგენილად ჩათვალა შემდეგი:

ü 2023 წლის 11 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში მდებარე სახლის სამზარეულოში, ბ. ნ–მა, მიიჩნია, რომ მისი მეუღლე, ს. ა–ა, ასახული იყო ერთ-ერთი ეროტიკულ საიტზე, ინტიმური შინაარსის ვიდეობსა და ფოტოებზე, რის გამოც, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, თმით თრევის, წაქცევის, ფეხის ორივე ბარძაყის არეში ერთხელ და ხელის თავის არეში დარტყმის, ასევე, ხის სკამის სროლისა და წელის არეში მორტყმით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, ს. ა–ზე, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური ძალადობის ფაქტებს შეესწრო მათი საერთო არასრულწლოვანი შვილი - ბ. ნ–ი.

ü 2023 წლის 11 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში მდებარე სახლის სამზარეულოში, ბ. ნ–მა, ოჯახურ კონფლიქტში დედისთვის მხარდაჭერის გამო, გაშლილი ხელის მარჯვენა ლოყაზე დარტყმითა და მარჯვენა ფეხის მუცელში დარტყმით, ფიზიკურად იძალადა არასრულწლოვან შვილზე, ბ. ნ–ზე, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.

ü დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო ალტერნატიული მოთხოვნის სახით - განაჩენში ცვლილების შეტანა და სასჯელის მსუბუქი სახისა და ზომის გამოყენება.

ü ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ. ნ–ს მიმართ უფრო მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ბ. ნ–ს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბ. ნ–ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაზარალებულ ს. ა–ს ჩვენებით, მოწმეების: ს. თ–ს, თ. ლ–ს, ჩ. ა–ს, შ. ლ–ს, მ.ბ–ს, დაზარალებულ ს. ა–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ბ. ნ–ს მიმართ გამოცემული №........., №........ შემაკავებელი ორდერებითა და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ბ. ნ–მა ჩაიდინა მის მიმართ მსჯავრად შერაცხილი ქმედებები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, კერძოდ:

10. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ ოჯახური დანაშაული არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით, დანაშაული ძირითადად ხდება სახლში და შესაბამისად, დაზარალებულიც და, ხშირ შემთხვევაში, მოწმეებიც ოჯახის წევრები არიან, რომლებსაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვთ, არ მისცენ ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მათ ახლო ნათესავს. ოჯახის წევრის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა შეიძლება მრავალი მიზეზით იყოს განპირობებული, მათ შორის, დაზარალებული ან/და მოწმე შეიძლება თავისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს.

11. მართალია, არასრულწლოვანმა დაზარალებულმა – ბ. ნ–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მამის წინააღმდეგ, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს ბ. ნ–ს ბრალეულობას.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულის მიერ კანონით მინიჭებული ზემოხსენებული უფლებით სარგებლობის პირობებში სწორედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა, გაიხმო თუ არა საჩივარი უკან დაზარალებულმა ან შეურიგდა თუ არა მოძალადეს. სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან უფლების რეალიზება არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე (მაგ. გამოკითხვის ოქმში) მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას და არ ადასტურებს დანაშაულებრივი ქმედების არარსებობას. ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე.

13. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებული ს. ა–ა არის ბ. ნ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ერთი ეპიზოდის უშუალო მსხვერპლი და შემსწრე პირი. იგი ასევე შეესწრო ბ. ნ–ს მიერ მათ საერთო შვილზე, არასრულწლოვან ბ. ნ–ზე ძალადობის ფაქტსაც და მსჯავრდებულს ამხელს როგორც თავის, ისე, მათი არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობაში. თავის მხრივ, დაზარალებულის მეზობლები: ს. თ–ი, თ. ლ–ი, შ. ლ–ი და მ. ბ–ი განმარტავენ, რომ ისინი უშუალოდ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს არ შესწრებიან, მაგრამ გაიგეს ბ. ნ–ს ოჯახიდან ყვირილისა და ჩხუბის ხმა, ასევე, შეესწრნენ, თუ როგორ უყვიროდა ბრალდებული ა–ლ ენაზე თავის მეუღლეს, რომელიც იყო ძლიერ აღელვებული, ტიროდა და სხეულის სხვადასხვა ადგილს იტკიებდა. ს. ა–მ მათ ადგილზევე აუხსნა, რომ ამ მდგომარეობაში ჩააყენა მისმა მეუღლემ, რომელმაც სცემა. მოწმეებმა ასევე აღნიშნეს, რომ შემთხვევის ადგილზე მისულებს მათ ადგილზე დახვდათ ბ. ნ–ც. დაზარალებულ ს. ა–ს მამა, მოწმე ჩ. ა–ი განმარტავს, რომ როდესაც ნახა ს. ა–ა, იგი სულ დალურჯებული იყო, სახეზე და სხეულზე ყველგან დალურჯებული იყო. ბ. ნ–ს სილურჯე არ ჰქონდა, თუმცა მარჯვენა მხარეს ხელს იკიდებდა და მუცლის არეში იტკიებდა, ასევე თავბრუსხვევები ჰქონდა. როგორც ბ. ნ–მა უთხრა, ბ–მა ფეხები დაარტყა, ს–ს კი, ხელებითა და ფეხებით სცემდა. ს–მ უამბო, რომ მეზობლებმა გადმოათრიეს ფანჯრიდან. ს–საც და ბ. ნ–საც სტკიოდათ, გამომძიებლები რომ მოვიდნენ, ს–ა სამმა ადამიანმა ძლივს გაიყვანა ოთახში რომ დაეკითხათ.

14. დაზარალებულ ს. ა–ს ჩვენებას ასევე სრულად შეესაბამება და ავსებს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ბ. ნ–ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები. კერძოდ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებზე თუ რა ვითარებაში და რა ადგილას იძალადა მსჯავრდებულმა დაზარალებულებზე, ხოლო N......... შემაკავებელი ორდერის მიხედვით, ს. ა–აას მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 2023 წლის 11 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე გ–ს რაიონის სოფელ ყ–ში ბ. ნ–სმა ს. ა–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა – ათრია თმით, წააქცია, ცემა ხელებისა და ფეხების გამოყენებით, ურტყამდა სხვადასხვა ადგილას, ფეხი დაარტყა მარჯვენა და მარცხენა ბარძაყის არეში, მარჯვენა ხელი დაარტყა თავის არეში, ხის სკამი ესროლა და მოარტყა წელში, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე, განიცადა ფსიქოლოგიური ძალადობა; №.......... შემაკავებელი ორდერის მიხედვით კი, 2023 წლის 11 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე გ–ს რაიონის სოფელ ყ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბ. ნ–მა ფიზიკურად იძალადა შვილზე – არასრულწლოვან ბ. ნ–ზე, რითაც ბ. ნ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ოქმის თანახმად, ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიმწოდებელია ბ. ნ–ი.

15. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბ. ნ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

16. რაც შეეხება ბ. ნ–ს მიმართ შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო არ აზიარებს ბრალდებისა და დაცვის მხარეების მოთხოვნებს, შესაბამისად, მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრებისა და შემსუბუქების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სასჯელთა ზომები შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ბ. ნ–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს. სააპელაციო პალატამ ბ. ნ–სათვის უფრო მკაცრი, ან უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრის შესახებ მხარეთა მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ–მ–სა და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი