გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-328-02 1 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, მ. ახალაძე
დავის საგანი: საკუთრების უფლებით ქონებიდან წილის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. ხ-იკი და ლ. ბ-ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1991 წლიდან. ისინი ჩაწერილი იყვნენ და ცხოვრობდნენ ქ.თბილისში, ... მდებარე სამოთახიან ბინაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ბ. ბ-ძე და თ. ბ-ძე. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის დადგენილების თანახმად, 1993 წლის 8 ივნისს, პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ.თბილისში, ... მდებარე სამოთახიანი ბინა საკუთრებაში გადაეცა ლ. ბ-ძეს. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 5 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. ბ-ძესა და რ. ხ-იკს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2001 წლის მარტში რ. ხ-იკმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ლ. ბ-ძის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისში, ... მდებარე სამოთახიანი ბინიდან საკუთრების უფლებით წილის გამოყოფა.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით რ. ხ-იკის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მას თავის ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად საკუთრების უფლებით გამოეყო ქ. თბილისში, ... მდებარე სამოთახიანი ბინიდან, რომელიც რეგისტრირებულია ლ. ბ-ძის სახელზე, ორი ოთახი _ 20,35 კვ.მ და 14.04 კვ.მ, ასევე ლოჯიის ნახევარი _ 6,6 კვ.მ, ხოლო დამხმარე სათავსები დარჩა მხარეთა საკუთრებაში. მასვე გამოეყო სადავო ბინის ქვეშ მდებარე ერთი სარდაფი.
მოცემულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ლ. ბ-ძემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. რ. ხ-იკს ქ. თბილისში, ... მდებარე სამოთახიანი ბინიდან საკუთრების უფლებით გამოეყო 2/3 იდეალური წილი.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ მოტივებს: ქ. თბილისში, ... მდებარე სამოთახიანი ბინა საკუთრების უფლებით ლ. ბ-ძის სახელზე აღირიცხა მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას). ამ კოდექსის ძალაში შესვლამდე მოქმედი საქორწინო და საოჯახო კოდექსის 21-ე მუხლი ასევე საერთო თანასაკუთრებად მიიჩნევდა მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლი ითვალისწინებს თითოეული მეუღლის მოთხოვნით მათი საერთო ქონების გაყოფას როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინებით, კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ძემ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ ისევე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი პრივატიზაციის საფუძველზე აღრიცხულია მის სახელზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება წარმოიშობა შემძენის საჯარო რეესტრში რეგისტრაციით. მოსარჩელე კი რეესტრში რეგისტრირებული არ არის და ამდენად, საკუთრების უფლებით მისთვის საცხოვრებელი ბინის ნაწილის გამოყოფა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. სასამართლომ მოსარჩელეს ისე გამოუყოEსაკუთრების უფლებით სადავოდ გამხდარი 2/3 იდეალური წილი, რომ იგი მესაკუთრედ (თანამესაკუთრედ) არ უცვნია.
სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად სასამართლომ მოსარჩელეს წილი კი არ გაუდიდა, არამედ არასრულწლოვანი შვილები ცნო სადავო ბინის 1/3 ნაწილის მესაკუთრედ, მაშინ, როდესაც შვილი მშობლების ქონების მესაკუთრე შეიძლება გახდეს მხოლოდ მშობლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობის მიღების შემთხვევაში, მშობლის ნების გარეშე მისი ქონების შვილისათვის გადაცემის სხვა შემთხვევას კანონი არ ითვალისწინებს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ რ. ხ-იკი და ლ. ბ-ძე 1991 წლის ოქტომბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. მეუღლეები ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ..., ბინაში.
ლ. ბ-ძემ 1993 წლის 8 ივნისს მოახდინა ამ ბინის პრივატიზაცია და ბინის მესაკუთრედ იგი იქნა რეგისტრირებული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში. ოჯახური უსიამოვნების გამო, 2000 წელს რ. ხ-იკი და ლ. ბ-ძე განქორწინდნენ. რ. ხ-იკმა განქორწინების შემდეგ, 2001 წლის მარტში, სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ლ. ბ-ძის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისში, ... მდებარე სამოთახიანი ბინიდან საკუთრების უფლებით წილის გამოყოფა, რადგან იგი სადავო ბინის პრივატიზაციის პერიოდში, 1993 წლის ივნისში, ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა ამ ბინაში.
სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რაიმე არ არის დადგენილი. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან რ. ხ-იკი არ არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სადავო ბინის მესაკუთრედ, ამიტომ მას საკუთრების უფლებით წილი არ ეკუთვნის.
დადგენილია, რომ სადავო ბინა მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებაა, ამიტომ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიუხედავად, აღნიშნული მუხლის საფუძველზე რ. ხ-იკიც ითვლება ამ ბინის თანამესაკუთრედ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილი და მოსარჩელეს კი არ გაუდიდა წილი, არამედ არასრულწლოვანი შვილები ცნო სადავო ბინის 1/3 ნაწილის მესაკუთრედ.
სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რაიმე არ არის გათვალისწინებული, ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილში კი აღნიშნულია, რომ სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით. კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა, თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილი და რ. ხ-იკს თანასაკუთრების ბინიდან მიაკუთვნა ნახევარ წილზე მეტი არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინებით და იგი ცნო ქ. თბილისში, ... მდებარე სამოთახიანი ბინის 2/3 იდეალური წილის მესაკუთრედ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.