Facebook Twitter

¹ 3კ/330-02 12 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, თ. კობახიძე

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ა. კ-ძის სარჩელი. მას უარი ეთქვა 1990 წლის 20 დეკემბერს დადებული ბათუმში ... მდებარე სახლის ნაწილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანაზე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა საკასაციო კოლეგიის 1998 წლის 25 აგვისტოს განჩინებით და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. 2000 წლის მარტში ა. კ-ძემ განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაიცო პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაიცო პალატის 2000 წლის 28 აპრილის განჩინებით გაუქმდა სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სადაც მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა როგორც სანოტარო მოქმედებებში, ასევე ბათუმის მერიის ტექინვენტარიზაციის მონაცემებში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, მასზე აღრიცხული სახლის 1/2-ის ნაცვლად აღრიცხული 7/10 ნაწილი იმ საფუძვლით, რომ სადავო სახლთმფლობელობა ადრინდელ მესაკუთრეზე ა. გ-ძეს ერიცხებოდა 7/10 ნაწილი.

საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ-ძემ და მოითხოვა როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, ისე აჭარის უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 28 აპრილის განჩინების, რომლითაც ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმდა სასამართლოს ძველი გადაწყვეტილება, გაუქმება. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაიცო პალატის 2001 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სააპელაიცო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება, ასევე გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 28 აპრილის განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქ.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებისა და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიის ამავე წლის 25 აგვისტოს განჩინების გაუქმების შესახებ. სააპელაიცო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: მიაჩნია, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაიცო პალატის 2000 წლის 28 აპრილის განჩინება არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან, რადგან 1985 წლის ¹360 საბჭოთა კავშირის სტატისტიკური სამმართველოს ინსტრუქციის საქმეში არ არსებობა არ ჩაითვლება ახლადაღმოჩენილ გარემოებად, რადგან ეს ინსტრუქცია არსებობდა და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიის თავის განჩინებაში მოხსენიებული აქვს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაიცო პალატის განჩინება საკასაიცო საჩივარი შეიტანა ა. კ-ძემ რომლითაც ითხოვს განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: დავა განიხილა პალატამ რომელსაც უწყებრივად არ ექვემდებარებოდა, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტი, კერძოდ დავა უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ, რადგან ისინი მოითხოვდენ ცვლილებების შეტანას ტექინვენტარიზაციის მონაცემებში, რის გამოც ტექინვენტარიზაციის ორგანომ უნდა გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. გარდა ამისა, საქმის განხილვის დროს არ იყო გათვალისწინებული ის გარემოებები, რომელსაც ისინი ახლად აღმოჩენილად მიიჩნევენ. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ აპელანტი თავის სააპელაციო საჩივარში არ ითხოვდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 28 აპრილის განჩინების გაუქმებას სააპელაციო სასამართლოს თავის ინიციატივით გააუქმა განჩინება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყლფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ დავა უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ, რადგან მოსარჩელე ითხოვდა ცვლილებების შეტანას ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებში. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა მოსარჩელე ა. კ-ძე მოითხოვს 1990 წელს მასსა და სახლის ძველ მესაკუთრე გ-ძეს შორის დადებული სადავო სახლის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას და ნაცვლად სახლის 1/2½ ნაწილისა, 7/10-ის აღრიცხვას მის სახელზე. აქედან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს შემცირდეს მოპასუხე ე. ჩ-ძის საკუთრების წილი სადავო სახლის 1/2 ნაწილიდან 3/10 ნაწილამდე. ამდენად, მთავარი მოსარჩელის მოთხოვნაში არის სახლის ნაწილზე მოპასუხისათვის საკუთრების უფლების ჩამორთმევა. აქედან გამომდინარე დავა არის სამოქალაქო სამართლებრივი მოსარჩელის მეორე მოთხოვნა რომ ცვლილებები შევიდეს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებში გამომდინარეობს პირველი მოთხოვნიდან და ამდენად სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ დავა არის არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, არამედ სამოქალაქო დავა და განიხილა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაიცო სასამართლომ არასწორად გააუქმა აჭარის უმალღესი სასამართლოს 2000 წლის 28 აპრილის განჩინება ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. რადგან აღნიშნული განჩინება აპელანტს არ გაუსაჩივრებია და თან მართლა არსებობდა ახლად აღმოჩენილი გარემოება.

პალატა თვლის, რომ მართლია სააპელაციო საჩივარში აპელანტი არ ითხოვდა ხსენებული განჩინების გაუქმებას, მაგრამ მან სააპელაიცო სასამართლოს სხდომის მიმდინარეობის დროს დააყენა განჩინების კანონიერების საკითხი ასეთ ვითარებაში სააპელაციო სარჩელი უფლებამოსილი იყო ემსჯელა განჩინების კანონიერებაზე და არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ სასამართლო ასცდა აპელანტის მოთხოვნის ფარგლებს.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა გაეუქმებინა ამავე სასამართლოს განჩინება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-432-ე მუხლები, რომლებიც არეგულირებს ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესს, დასაშვებად მიიჩნევს არა მარტო ერთი და იმავე დონის სასამართლოების, არამედ ზემდგომი ინსტანციის მიერ გამოტანილი განჩინების გაუქმებას.

სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ საბჭოთა კავშირის სტატისტიკის სამმართველოს 1985 წლის ¹360 ინსტრუქციის საქმეში არ არსებობა არ შეიძლება ჩაითვალოს ახლად აღმოჩენილ გარემოებად. ინსტრუქცია წარმოადგენს ნორმატიულ მასალას და სავალდებულო არ არის ნორმატიული მასალა საქმეში იყოს წარმოდგენილი. აღნიშნული ინსტრუქციის შესახებ მსჯელობს აჭარის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო კოლეგია თავის 1997 წლის 25 აგვისტოს განჩინებაში და მის საფუძველზე დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძალაში. ამასთან, ნორმატიული აქტის სასამართლოს მიერ გამოუყენებლობა, არ წარმოადგენს ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველს. ასევე არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება კასატორის მიერ მითითებული სახლის ძველი მესაკუთრის გ-ძის ჩვენება, რომელიც მან 1998 წლის ოქტომბერში გამოგზავნა საბერძნეთიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ამ მუხლის “ვ” პუნქტში აღიშნული საფუძვლით, საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარედგინა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს შეეძლო მოეპოვებინა მოწმის ჩვენება. გარდა ამისა, მოწმის ჩვენება არ განეკუთვნება იმ მტკიცებულებათა კატეგორიას, რომელიც წარმოადგენს ახლად აღმოჩენილს. ამგვარი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმემ თავის დროზე არასწორი, ცრუ ჩვენება მისცა სასამართლოს, რაც კანონიერ ძალაში შესული განაჩენითაა დადგენილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.