საქმე N 330100124008534891
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №645აპ-24 ქ. თბილისი
შ–ე შ., 645აპ-24 10 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 აპრილის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამთა გახარიამ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ შ. შ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულს არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები. სასამართლომ სათანადოდ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და სიმძიმე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის განაჩენით შ. შ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, შ. შ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.
შ. შ–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის ვადა – 2023 წლის 9 დეკემბრიდან 2024 წლის 30 იანვრის ჩათვლით პერიოდი.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ შ. შ–ს დაევალა, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
გაუქმდა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო. ასევე გაუქმდა შ. შ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დაწესებული შეზღუდვები (საგამოძიებო ორგანოში კვირაში სამჯერ გამოცხადების ვალდებულება, დაზარალებულთან მიახლოება და კომუნიკაცია).
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. შ–მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
ü 2023 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ–ში, .......ის ქუჩა ..., ბინა N..-ში, შ. შ–მ, არასრულწლოვანი შვილის – ლ. შ–ს თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ნ. ფ–ს, კერძოდ: თავდაპირველად სახლის საძინებელ ოთახში ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელის არეში, ხოლო შემდეგ სადარბაზოში ფეხი რამდენჯერმე ჩაარტყა მარცხენა ფეხის არეში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü 2023 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ–ში, .......ის ქუჩა ..., ბინა N..-ში, შ. შ–ე მეუღლეს, ნ. ფ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამთა გახარიამ. პროკურორმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ შ. შ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი თამთა გახარია განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილით.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით; შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული.
10. საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ შ. შ–ს შეუფარდა სასჯელების ისეთი სახე და ზომა, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
11. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, დანაშაულების ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები), ასევე ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა შ. შ–მ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, წარსულში არ არის ნასამართლევი, აგრეთვე: შ. შ–ს პატიმრობაში ყოფნის დრო (2023 წლის 9 დეკემბრიდან 2024 წლის 30 იანვრის ჩათვლით პერიოდი) და ის ფაქტი, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ (2024 წლის 30 იანვრიდან) სასამართლოში არ წარმოდგენილა ინფორმაცია მსჯავრდებულის მხრიდან რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შესახებ; ყოველივე აღნიშნულისა და საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით დადგენილი სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი წინაპირობების მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულს განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც არ არის აშკარად ლმობიერი, სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი