საქმე N 330100124008549066
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №912აპ-24 ქ. თბილისი
ც–ი დ., 912აპ-24 20 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ც–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. შ–იის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ც–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმამ. შ–მა. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, დ. ც–ს გამართლებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (გასაღების ეპიზოდი), შემდეგი ძირითადი საფუძვლებით: მოწმე ლ. მ–ი დაინტერესებული და, ამავე დროს, დანაშაულის მაპროვოცირებელი პირია, მისი ჩვენების სანდოობა სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს; საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დ. ც–ს მიერ ნარკოტიკული საშუალების ლ. მ–იისათვის გასაღების ფაქტი, ვინაიდან მსჯავრდებულს მისი რეალიზაციის მიზანი არ გააჩნდა; მოწმე ლ. მ–ი და მსჯავრდებული, ორივე არიან ნარკომომხმარებლები, რის გამოც, ლ. მ–მა შესთავაზა ნარკოტიკული საშუალებების ერთად მოძიება და ერთად მოხმარება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 მარტის განაჩენით დ. ც–ი, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით − თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
აქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით − თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და, საბოლოოდ, დ. ც–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით.
დ. ც–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო ხოლო 20 (ოცი) წლით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
გაუქმდა დ. ც–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.
დ. ც–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან − 2023 წლის 20 დეკემბრიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ც–მა ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
2023 წლის 24 ნოემბერს, ქ. თ–ში, გ–ს .. მ/რ-ის, N.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დ. ც–მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება − 0,1812 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, უკანონოდ გაასაღა ლ. მ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა დ. ც–ს გამართლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (გასაღების ეპიზოდი).
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი, მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომ დ. ც–ს ქმედებაში არ დასტურდება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით (მოწმე ლ. მ–ს ჩვენებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეოჩანაწერებით, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: გ. უ–ს გამოკითხვის ოქმით, ფულადი თანხის წარდგენისა და დათვალიერების შესახებ 2023 წლის 20 ნოემბრის ოქმით, ფულადი თანხის გადაცემის და ჩაბარების შესახებ 2023 წლის 24 ნოემბერს ოქმით, ლ. მ–თან ჩატარებული 2023 წლის 24 ნოემბრის ამოღების ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის 2023 წლის 29 ნოემბრის დასკვნით, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის 2024 წლის 24 იანვრის დასკვნით, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2024 წლის 23 თებერვლის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება როგორც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, ასევე – ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტი.
10. დ. ც–ს მიერ ლ. მ–ზე ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტი დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმე ლ. მ–ს ჩვენებით, რომლის მიხედვით, დასტურდება, რომ 2023 წლის 20 ნოემბერს ,,მესენჯერის” საშუალებით დაუკავშირდა დ. ც–ი და შესთავაზა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შეძენა 400-იდან 600 ლარის ფარგლებში. ვინაიდან დ–ს ქმედება წარმოადგენდა დანაშაულს, მან ამის შესახებ განაცხადა პოლიციის შესაბამის განყოფილებაში, რის შემდეგაც, მონაწილეობა მიიღო ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვაში. კერძოდ, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ მისთვის გადაცემული 400 ლარიდან 305 ლარი, ჩასარიცხი აპარატის მეშვეობით, ჩარიცხა დ. ც–ს მიერ მითითებულ ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი თანხა დ. ც–ს შეხვედრისას პირადად გადასცა. თავის მხრივ, ფულის გადახდის შემდეგ, დ. ც–მა მას გადასცა შავ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შემდეგ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა ამოიღეს. მოწმემ, ასევე განმარტა, რომ დ. ც–სთან ერთად ნარკოტიკული საშუალება არ მოუხმარია.
11. სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმე ლ. მ–ს ჩვენება თანმიმდევრული, დეტალური და დამაჯერებელია, რაიმე სახის არსებითი წინააღმდეგობები მის ჩვენებაში არ იკვეთება. ამასთან, მოწმის ჩვენება სრულად შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს – მოწმე პოლიციელების გამოკითხვის ოქმებს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ აუდიო-ვიდეოჩანაწერებს, ფულადი თანხის გადაცემისა და ჩაბარების ოქმს, ამოღების ოქმებს, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას და სხვა წერილობით მტკიცებულებებს. ამდენად, ლ. მ–ს ჩვენება სრულად აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ არსებობს მის მიმართ უნდობლობის საფუძველი.
12. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებზე (ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერები და მისი კრებსები), რომლის თანახმად, დგინდება შემდეგი: 2023 წლის 24 ნოემბერს, მამაკაცი (ლ. მ–იი) დგას ჩასარიცხ აპარატთან და ესაუბრება დ. ც–ს, რომლის მითითებითაც, 305 ლარს რიცხავს, შემდეგ მონაცემზე: 01 00 20 22 697 (გ. უ–სთან). მოგვიანებით, ამავე დღეს, ლ. მ–ი ხვდება დ. ც–ს, რომელიც მას გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებას, კერძოდ: ,,ავტომანქანის წინა სალონში, სავარძლებს შორის პატარა საბარგულში დებს რაღაც პატარა ზომის შეფუთულ ნივთიერებას“. ნარკოტიკული საშუალების გადაცემის დროს დ. ც–სა და ლ. მ–ს შორის შედგა საუბარი ნარკოტიკული საშუალების ხარისხთან და მოხმარებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ლ. მ–ს შეკითხვაზე: ,,ბიჭო, ეს ის ხომ არ არის, სიცხიანი რო ხალხი დახოცა რამის, ბო...შვილი ვიყო“. დ. ც–ი პასუხობს: ,,არა ძმაო, არა. ეგეთ რამეს მე, ხომ იცი არ ვეკარები“. დ. ც–ი ჩანაწერში ასევე ამბობს შემდეგ ფრაზებს: ,,რვა კაცი ლ–ნ, ,,იმენნა“ ტრაკზე იცურავებს. სველია ძმა, არ გეგონოს რო რაღაც“, ,,ოთხი კუბი.../არ ასრულ/ კაროჩე სამ კუბნახევარი წყალი დაასხი და 30-ზე მეტი არ გაიკეთო. ცოტა მერე გაიკეთე თუ რამე“. ჩანაწერის თანახმად, ლ. მ–იი, დ. ც–სს გადასცემს დანარჩენ თანხასაც.
13. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი გ. უ–ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ მას 2023 წლის 24 ნოემბერს საქართველოს ბანკის ანგარიშზე ჩაერიცხა 305 ლარი, რის შესახებაც, წინასწარ იცოდა, რადგან ამ თანხის ჩარიცხვას დ. ც–სგან ელოდა. მოწმემ, 2023 წლის 24 ნოემბრამდე რამდენიმე დღით ადრე დ. ც–ს ასესხა 305 ლარი, რომელიც მან დაუბრუნა 24 ნოემბერს. ვალის ჩარიცხვის შემდეგ გ. უ–მა დავითს უთხრა, რომ ვალი გასტუმრებული იყო.
14. ზემოთ წარმოდგენილი და გაანალიზებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ დ. ც–სმა ფულადი თანხის სანაცვლოდ, ლ. მ–ზე მოახდინა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია. ამას ცალსახად ადასტურებს ის ფაქტი, რომ დავითი სრულიად ნებაყოფლობით, მომზადებული ხვდება ლ. მ–ის, ასევე, იგი სრულად ინფორმირებულია ნარკოტიკის ხარისხსა და ოდენობაზე, რომელსაც გადასცემს ლ. მ–ის (დ. ც–ი ლ. მ–ს უხსნის, რომ მას 8 კაცის სამყოფ, კარგი ხარისხის ნარკოტიკულ საშუალებას აძლევს, რომელიც სველია და ,,სხვა რამ არ ეგონოს”, ასევე უხსნის მისი მოხმარების წესსა და დოზას). დგინდება ისიც, რომ დავითმა ლ. მ–ის ფულადი თანხა ჩაარიცხვინა სწორედ იმ პირის – გ. უ–ს საბანკო ანგარიშზე, რომლის ვალიც თვითონ ჰქონდა, რის შემდეგაც, აღნიშნული ვალი გადახდილად ჩაეთვალა. ლ. მ–ს ჩვენებით ასევე ირკვევა, რომ დ. ც–სთან ერთად, ნარკოტიკული საშუალება არ მოუხმარია. ყოველივე აღნიშნული ცალსახად ადასტურებს დ. ც–სის მიერ, მატერიალური სარგებლის მიღების სანაცვლოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტს და გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას, რომ დ. ც–ი ლ. მ–ის მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დაეხმარა, რაც შემდეგაც, მათ ნივთიერება ერთად უნდა მოეხმარათ. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე – №447აპ-23), რის შესახებაც სააპელაციო პალატა დეტალურად მსჯელობს და, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
15. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული, ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ც–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. შ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი