Facebook Twitter

¹ 3კ/335-02 8 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე,მ. ცისკაძე

დავის საგანი: ალიმენტის და სარჩოს დაკისრება; განქორწინება; სარგებლობის უფლებით ფართის გამოყოფა (სარჩელში); განქორწინება (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 17 ივნისს ე. ი-ოვამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ი. შ-შვილის მიმართ და მოითხოვა ალიმენტის, სარჩოს დაკისრება და სარგებლობის უფლებით სადავო ბინის 1/3-ის გამოყოფა.

მოსარჩელე მოთხოვნების საფუძვლად მიუთითებდა, რომ იგი 1998 წლის 10 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინებით ცოლად გაყვა მოპასუხე ი. შ-შვილს. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი მ. შ-შვილი, დაბადებული 1999 წლის 4 აგვისტოს.

2001 წლის ივნისამდე მოსარჩელე ე. ი-ოვა და მისი მეუღლე მოპასუხე ი. შ-შვილი ერთად ცხოვრობდნენ მოპასუხის დედის არაპრივატიზებულ სამოთახიან ბინაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ თავი იჩინა ცოლქმრულმა უთანხმოებამ.

მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ მოპასუხე ი. შ-შვილი კერძო ფირმაში “ე.” მუშაობდა და კარგი შემოსავალი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, იგი მატერიალურად არ უზრუნველყოფდა ოჯახს და მუდმივი უთანხმოება ჰქონდა მეუღლესთან. 2001 წლის ივნისის თვეში მოპასუხე უმიზეზოდ ეჩხუბა და სახლიდან გააგდო მეუღლე თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად.

მოგვიანებით, 2001 წლის 3 აგვისტოს, მოსარჩელე ე. ი-ოვამ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საქმეში მოპასუხედ ბინის მფლობელის, დედამთილ ვ. კ-ინას ჩართვა. სასამართლომ 6 აგვისტოს განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩართო ვ. კ-ინა.

მოპასუხე ი. შ-შვილმა შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა იმავე სასამართლოს და მოითოვა ე. ი-ოვასთან განქორწინება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე. ი-ოვას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ი. შ-შვილს ე. ი-ოვას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით, მისი შვილის 1999 წლის 4 აგვისტოს დაბადებული მ. შ-შვილს სარჩოდ ბავშვის სრულწლოვნებამდე და ყოველთვიურად - სარჩო 25 ლარის ოდენობით ე. ი-ოვას სასარგებლოდ ბავშვის სამი წლის ასაკის მიღწევამდე, სასამართლოში სარჩელის შეტანის დღიდან, 2001 წლის 17 ივნისიდან. ე. ი-ოვას სარგებლობის მიზნით შესახლების უფლება მიეცა ქ.ბათუმში ... ქუჩაზე 21,56მ2 ფართობის ოთახში შვილთან ერთად.

შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მხარეებს მიეცათ შერიგების ვადა _ ორი თვე.

2001 წლის სექტემბერში მოპასუხეებმა ი. შ-შვილმა და ვ. კ-ინამ სააპელაციო საჩივრით მიმართეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ბინაში შესახლებისა და განქორწინებაზე ვადის მიცემის ნაწილში. სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ მოტივებს:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, რადგან მოსარჩელე ე. ი-ოვა და მოპასუხე ი. შ-შვილი ბინის მეპატრონეები არ იყვნენ. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე ე. ი-ოვა არ შეიძლება შესახლებული ყოფილიყო ბინაში, რომელიც მისი მეუღლის საკუთრებას არ წარმოადგენდა. ბინის მესაკუთრე არის მოპასუხის დედა ვ. კ-ინა.

მოწმეები, რომლებიც დაკითხულნი იყვნენ მოსარჩელის თხოვნით, მისი ოჯახის ნათესავები არიან, ხოლო აპელანტების მიერ წარმოდგენილი მოწმენი მეზობლები. სასამართლოს უნდა გაერკვია მათი ურთიერთკავშირი.

სასამართლომ უკანონოდ არ დააკმაყოფილა შეგებებული სასარჩელო განცხადება და შერიგების ორთვიანი ვადა მისცა მხარეებს მაშინ, როცა ი. შ-შვილი ამჟამად დაქორწინებულია ნ. ნ-შვილზე, მაგრამ ე. ი-ოვასთან ქორწინების გამო მათი ქორწინების რეგისტრაცია ვერ ფორმდება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბინაში შესახლების ნაწილში უკანონოა, ვინაიდან ამ სახლში ერთი ოჯახი უკვე ცხოვრობს: აპელანტი ი. შ-შვილი და მისი მეორე მეუღლე ნ. ნ-შვილი.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით აპელანტების ი. შ-შვილისა და ვ. კ-ინას მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა. მოპასუხე ე. ი-ოვას არასრულწლოვან შვილთან ერთად უარი ეთქვა ბათუმში, ... 37-ე ოთახში შესახლებაზე. სასამართლომ დააკმაყოფილა შეგებებული სარჩელი განქორწინების თაობაზე.

ე. ი-ოვამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ იგი დამქირავებლის ოჯახის წევრი იყო და სადავო ბინის თანამფლობელი, სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 571-ე მუხლების შესაბამისად. კანონით არ არის შეზღუდული იმ პირთა წრე, რომლებიც შეიძლება ჩაითვალონ დამქირავებლის ოჯახის წევრებად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის, მმართველობის ორგანო და დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა), აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო ბინა, მდებარე ... ქ.ბათუმში, არის ბათუმის მერიის საკუთრება, რომელიც საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირადაა ჩართული.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს ბათუმის მერიის ბალანსზე არსებულ ბინაში შესახლებას სარგებლობის უფლებით და ფართის იზოლირებულად გამოყოფას, ე.ი. მოითხოვს ბათუმის მერიასთან სათანადო ხელშეკრულების დადებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ განსახილველი საქმე განეკუთვნება არა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის, არამედ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის განსჯადს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით განისაზღვრა საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატები, მათი შემადგენლობის, ფორმირების, სხვა კოლეგიის ან პალატის მოსამართლის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობის წესი. არაგანსჯადი საქმის განხილვა იწვევს სამართალწარმოების განსხვავებულ პრინციპზე აგებას, საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ი-ოვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.