Facebook Twitter

¹ 3კ/336-02 6 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,მ. გოგიშვილი

დავის საგანი: წილის კომპენსაცია.

აღწერილობითი ნაწილი:

1999 წლის 12 ოქტომბერს მ. ვ-იამ შპს “გ." წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ის წარმოადგენს შპს “გ." დამფუძნებელ პარტნიორს და საზოგადოების 48% წილის მესაკუთრეს. მ. ვ-იამ მოითხოვა შპს-დან მისი კუთვნილი წილის შესაბამისი ქონების ნატურით გამოყოფა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შპს-დან პარტნიორის მიერ წილის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღება პარტნიორთა კრების გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს. ამიტომ წილის ნატურით გამოყოფა დაუშვებლად მიიჩნია.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ვ-იას სასარგებლოდ _ წილის საკომპენსაციოდ შპს “გ." დაეკისრა 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ხოლო საზოგადოების კუთვნილი ინვენტარის 48%-ის საკომპენსაციოდ _ 1650 ლარის გადახდა.

გარდა ამისა, რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო შპს “გ." პარტნიორებსა და მესამე პირ რ. ტ-ძეს შორის 1999 წლის 10 აგვისტოს დადებული ხელშეკრულება, შპს-ს საწესდებო კაპიტალში ჩადებული არასაცხოვრებელი ფართის ნაწილის გაყიდვის შესახებ, თუმცა ამაზე მხარეს სარჩელი შეტანილი არ ჰქონდა და არც რ. ტ-ძე ჰყოლია ჩაბმული საქმეში მოპასუხედ.

ამავე გადაწყვეტილებით რაიონულმა სასამართლომ 48%-ით შეამცირა შპს “გ." საწესდებო კაპიტალი.

როგორც შპს “გ." წარმომადგენელმა, ისე რ. ტ-ძემ სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

რ. ტ-ძის სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლომ თავდაპირველად განუხილველად დატოვა იმ საფუძვლით, რომ იგი პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარედ არ იყო ჩაბმული საქმეში და უფლება არ ჰქონდა სააპელაციო საჩივრის შეტანის, მაგრამ მას შემდეგ, რაც მ. ვ-იამ სააპელაციო სასამართლოში შეიტანა დამატებითი სარჩელი შპს “გ." პარტნიორებსა და რ. ტ-ძეს შორის 1999 წლის 10 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ და სააპელაციო სასამართლომ მოპასუხედ ჩააბა საქმეში რ. ტ-ძე, მიიღო მისი სააპელაციო საჩივარიც.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 8 ოქტომბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ. ტ-ძის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება შპს “გ." პარტნიორსა და რ. ტ-ძეს შორის 1999 წლის 10 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ და ახალი გადაწყვეტებილებით ამ ნაწილის დაკმაყოფილებაზე მ. ვ-იას სარჩელს უარი ეთქვა.

სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე იყო შპს “გ." პარტნიორი და 48%-ის წილის მფლობელი. 1999 წლის 10 აგვისტოს შპს “გ." ყველა პარტნიორსა და რ. ტ-ძეს შორის დაიდო ხელშეკრულება საზოგადოების ქონების ნაწილის გაყიდვის შესახებ. ამ ხელშეკრულების შესაბამისად რ. ტ-ძემ საზოგადოებისაგან შეისყიდა საწესდებო კაპიტალში ჩადებული არასაცხოვრებელი 120კვ.მ. ფართის მაღაზიის ნაწილი _ 30 კვ.მ. ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული იყო სანოტარო წესით.

სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის პრეტენზია იმის შესახებ, რომ მოცემული ხელშეკრულება დადებული იყო მეწარმეთა შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, უსაფუძვლოდ მიიჩნია და მიუთითა, ვინაიდან ხელშეკრულებას ხელს აწერდა ყველა პარტნიორი, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს ქონების გასხვისებაზე, ამიტომ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება ამავე საკითხთან დაკავშირებით საჭირო აღარ იყო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცული იყო “მეწარმეთა შესახებ" კანონის 47.7 მუხლის მოთხოვნა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 22 ოქტომბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხე შპს “გ." წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელეს სასარგებლოდ წილის საკომპენსაციოდ 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და საწესდებო კაპიტალის 48%-ის ნატურით გამოსაყოფი წილის _ 1650 ლარის გადასახდელად დაკისრების, ასევე, 48%-ით საწესდებო კაპიტალის შემცირების შესახებ და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელი არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელის დაკმაყოფილებით საფრთხე შეექმნებოდა საზოგადოების საწესდებო კაპიტალსა და მთლიანად საზოგადოების საკუთრებას. აქედან გამომდინარე, პარტნიორის მიერ წილის კომპენსაციის მოთხოვნა დაუშვებლად მიიჩნია.

2002 წლის 16 იანვარს მ. ვ-იამ საკასაციო საჩივრით მიმართ საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:

მას მიაჩნია, რომ შპს “გ." და რ. ტ-ძეს შორის დადებული ხელშეკრულება არ შეესაბამება “მეწარმეთა შესახებ" კანონის 3.6 მუხლის მოთხოვნებს. ასევე დარღვეულია “მეწარმეთა შესახებ" კანონის 47.3 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად უძრავი ქონების გასხვისებისათვის აუცილებელია პარტნიორთა თანხმობა, რასაც 1999 წლის 10 აგვისტოს დადებული ხელშკერულების დროს არ ჰქონია ადგილი. მას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “მეწარმეთა შესახებ"'კანონის 47.7 მუხლი, ასევე არასწორად განმარტა ამავე კანონის 46-ე მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 1999 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულებას ქონების გასხვისების თაობაზე ხელს აწერს შპს-ს ყველა პარტნიორი, ანუ მათ წერილობით გამოამჟღავნეს თავიანთი ნება უძრავი ქონების გასხვისებაზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა “მეწარმეთა შესახებ" კანონის 47.7 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, როცა ყველა პარტნიორი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს. მოცემულ შემთხვევაში კი პარტნიორებმა თავიანთი ნება გამოხატეს ხელმოწერით.

კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა “მეწარმეთა შესახებ" კანონის 3.6 მუხლი, ვინაიდან გასხვისებული ქონება წარმოადგენდა პარტნიორთა მიერ საწესდებო კაპიტალში განხორციელებული შენატანის ნაწილს, ამ გასხვისებით კი შემცირდა საწესდებო კაპიტალი, რაც არ ყოფილა რეგისტრირებული შემცირებიდან 12 თვის შემდეგ, საკააციო პალატა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს.

შესატანი, ისევე როგორც საზოგადოების საკუთრებაში არსებული ყველა ობიექტის ერთობლიობა, საზოგადოების საკუთრებაა და მას განკარგავს საზოგადოება თავისი მართვის ორგანოებით. მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა შესატანის უკან დაბრუნებასთან, როგორც ამას კასატორი მიუთითებს, არამედ პარტნიორთა თანხმობით საწესდებო კაპიტალში ჩადებული საერთო ქონების ნაწილის გასხვისებასთან. ამ გასხვისებით არ შემცირებულა საწესდებულო კაპიტალი, არამედ შეიცვალა ფულადი შენატანით, რადგან ნატურით გასხვისებული ქონების ნაცვლად მისი ღირებულება ჩაიდო საწესდებო კაპიტალში და არაფულადი შენატანის ნაწილი შეიცვალა ფულადი შენატანით, რაც დასაშვებია “მეწარმეთა კანონის" შესახებ 3.3 მუხლით.

“მეწარმეთა შესახებ" კანონის 46-ე მუხლით, მართალია, შესაძლებელია გამსვლელ პარტნიორს წილი დაუბრუნდეს ნატურით კომპენსაციის გზით, მაგრამ წილის კომპენსაცია საზოგადოებიდან გასვლის შემთხვევაში დაუშვებელია, თუკი ამით საფრთხე ემუქრება საზოგადოების საწესდებო კაპიტალს და მთლიანად საზოგადოების საკუთერებას. მოცემულ შემთხვევაში საზოგადოებამ მიზანშეუწონლად ჩათვალა რა საზოგადოებიდან გამსვლელი პარტნიორისათვის წილის კომპენსაციის მიცემა იმ საფუძვლით, რომ ამით საფრთხე ექმნებოდა საზოგადოების საწესდებო კაპიტალს და მთლიანად საზოგადოების ქონებას, სააპელაციო სასამართლომაც ამავე მოტივით სწორად უთხრა უარი მოსარჩელეს წილის კომენსაციაზე. მოსარჩელეს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება წილის კომპენსაციის თაობაზე შეუძლია მიიღოს წილის გაყიდვით (“მეწარმეთა შესახებ" კანონის 46.1 მუხლი).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ვ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 8 და 22 ოქტომბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებები.

მ. ვ-იას სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 306 ლარი, საიდანაც 214 ლარი ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 ანგარიშზე, ხოლო 92 ლარი _ სახელმწიფო ბიუჯეტში.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.