Facebook Twitter
საქმე N 330141324009673800

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით



საქმე №34I-24 თბილისი
ძ. ზ., 34I-24 20 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:


მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი


ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ძ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის N... ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან შემოსული, მსჯავრდებულ ზ. ძ-ს (დაბადებული 19.. წლის ... იანვარს, პ/ნ ...) პირადი საქმის მასალების მიხედვით:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 მაისის განაჩენით:
ზ. ძ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა – 4 წლით – ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 4 წელი; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.
ზ. ძ-ს სასჯელი აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 12 ნოემბრიდან;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით:

მსჯავრდებულ ზ. ძ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით (რაც სასჯელის მოხდის ვადის გათვალისწინებით – 2019 წლის 12 ნოემბერი – მის მიერ იყო მოხდილი) და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან, ხოლო – 2 წელი თავისუფლების აღკვეთა, პირობით არ იქნა გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 იანვრის განაჩენით:

ზ. ძ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 6 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთამ, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა – 2 წლითა და 8 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა – 1 წლითა და 4 თვით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 მაისის (N1/5978-19) განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შედეგად დარჩენილი 2 წლით პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ, ზ. ძ-ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 4 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა – 2 წლითა და 8 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა – 1 წლითა და 4 თვით, საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ზ. ძ-ს სასჯელი აეთვალა განაჩენის მიღების დღიდან – 2022 წლის 28 იანვრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2021 წლის 29 მაისიდან – 2021 წლის 12 ივლისის ჩათვლით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განაჩენით:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება და საბოლოოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 მაისის (N1/5978-19) განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის N3269/3269 განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შედეგად დარჩენილი პირობითი მსჯავრი – 2 წელი და საბოლოოდ, ზ. ძ-ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 4 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილისა და ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 2 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა – 1 წელი და 4 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 8 თვე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ზ. ძ-ს სასჯელი აეთვალა 2022 წლის 28 იანვრიდან. მასვე, სასჯელის საერთო ვადაში ჩაეთვალა – პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2021 წლის 29 მაისიდან – 2021 წლის 12 ივლისის ჩათვლით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მაისის განაჩენით:

ზ. ძ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 მაისის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი 2 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 მაისის განაჩენით განსაზღვრული, მოუხდელი დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 4334.12 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ძ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 9 თვითა და 15 დღით; მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 4334.12 ლარი.

ზ. ძ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელი აეთვალა დაკავებიდან – 2021 წლის 12 აგვისტოდან.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მაისის განაჩენი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით:

მსჯავრდებულ ზ. ძ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – კ. ჩ-ს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება:
ზ. ძ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 7 წლით;
ზ. ძ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით ზ. ძ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 7 წლით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, ზ. ძ-ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალა პატიმრობის 75 დღე და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 9 თვითა და 15 დღით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ზ. ძ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 მაისის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 მაისის განაჩენით დამატებით სასჯელად შეფარდებული და მოუხდელი ჯარიმა – 4334,12 ლარი, აგრეთვე, ამავე განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ძ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 6 წლით, 9 თვითა და 15 დღით;
ზ. ძ-ს სასჯელი აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 12 აგვისტოდან.

8. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის (განაჩენების მიხედვით სასჯელების განსაზღვრის შესახებ) განჩინებით:
შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ზ. ძ-ს მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა – თავისუფლების აღკვეთამ 6 წლით, 9 თვითა და 15 დღის ვადით („ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე 7 წლიდან შემცირებულია 75 დღით) შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 1 წელი და 4 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 8 თვე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ ზ. ძ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 7 წლით; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, ზ. ძ-ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალა პატიმრობის 75 დღე და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 9 თვითა და 15 დღით.
მსჯავრდებულ ზ. ძ-ს სასჯელი აეთვალა – 2021 წლის 12 აგვისტოდან. მასვე, სასჯელის საერთო ვადაში ჩაეთვალა – პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2021 წლის 29 მაისიდან – 2021 წლის 12 ივლისის ჩათვლით.

9. მსჯავრდებულმა ზ. ძ-მ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონის მოქმედების გავრცელება.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ივლისის განჩინებით:
მსჯავრდებულ ზ. ძ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი არ გავრცელდა.

11. საჩივრის ავტორი – მსჯავრდებული ზ. ძ. ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ივლისის განჩინების გაუქმებასა და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონის გავრცელებას. ზ. ძ. აღნიშნავს, რომ ქონება, რომლის გამოც ბრალდება ედავებოდა, სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს. იგი ამ მიწით სარგებლობდა. საჩივრის ავტორის მიერ მითითებული ფართი მდებარეობს ... ქუჩაზე. იგი აღნიშნავს, რომ მატერიალურად არავინ დაზარალებულა.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :


1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხსენებული კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შესაბამისი დანაშაულის ჩადენით მოპოვების შემთხვევაზე.
3. განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებულ ზ. ძ-ს პირადი საქმის მასალებითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მაისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენებით დგინდება, რომ:
3.1. ზ. ძ. დამნაშავედ ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით) და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შექმნა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
4. ზემოხსენებული განაჩენების მიხედვით, ზ. ძ., ყალბი დოკუმენტის შექმნითა და გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაეუფლა ამხანაგობა .... წევრების – მესაკუთრე მ. ა-სა და ... ნ. ს-სა და მ. მ-ს კუთვნილ უძრავ ქონებას – 100,32 კვ.მ სარდაფს საკადასტრო კოდით – ...., რითაც მ. ა-ს, ნ. ს-ა და მ. მ-ს მიადგათ დიდი ოდენობით – 67909 ლარის მატერიალური ზიანი.
5. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის N658აპ-23 განაჩენით (პარაგრაფი – 5.8) დადასტურებულია ის გარემოება, რომ საჩივრის ავტორის მიერ დასახელებულ მისამართზე არსებული ფართი .... ) წარმოადგენდა ამხანაგობა ....-ის წევრების – მ. ა-ს, ნ. ს-სა და მ. მ-ს კუთვნილ უძრავ ქონებას.
6. შესაბამისად, უზენაესი სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, ზ. ძ. თაღლითურად დაეუფლა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (და არა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს). მაშასადამე, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონის მოქმედება ვერ გავრცელდება, ამავე კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. ძ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვასაძე


მოსამართლეები: შ. თადუმაძე


ლ. ფაფიაშვილი