Facebook Twitter

¹3კ-341-02 7 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისში ..... მდებარე სახლის 1/3 საკუთრების უფლებით ირიცხება ლ. კ-შვილის სახელზე. აღნიშნული სახლის ერთი ოთახი, ფართობით _ 14,3 მ2 და დამხმარე სათავსი, ფართობით _ 7,1 მ2, დაკავებული აქვს მ. გ-შვილს. კ-შვილმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა მ. გ-შვილის გამოსახლება მის საკუთრებაში არსებული ბინიდან და მოსარგებლის უფლებით მისი შესახლება მის კუთვნილ სხვა ბინაში, კერძოდ, ..... მდებარე 19 მ2 ფართობის ერთ ოთახში და დამხმარე სათავსში შემდეგი საფუძვლით: გ-შვილი არ უხდის ბინის ქირას, მათ შორის არის მწვავე კონფლიქტური სიტუაცია, ბინას ესაჭიროება კაპიტალური რემონტი, რემონტის შემდეგ სადავო ოთახი უნდა გამოიყენოს თავისი ოჯახის საჭიროებისათვის.

თბილისის ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. კ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა: მ. გ-შვილი გამოსახლდა ..... მდებარე სადავო ფართიდან და შესახლებულ იქნა მდგმურის უფლებით თბილისში, ..... მდებარე კ-შვილის კუთვნილ 19მ2 ფართობის ოთახში. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე მ. გ-შვილი არ იხდის სასამართლოს გადაწვეტილებით დაკისრებულ ბინის ქირას, მხარეებს შორის არის მწვავე კონფლიქტური სიტუაცია, რასაც მოწმობს ისნის რაიონის პოლიციიდან გადმოგზავნილი მასალები. გარდა ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღარ არსებობს გამოსახლებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ 2001წ. 7 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიციურად ცნო “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის შესახებ” კანონის მე-5 მუხლი, რომელიც მოსარგებლეს ავალებდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეცალა ბინა, თუ მესაკუთრე შესთავაზებდა სხვა საცხოვრებელ ფართს ან ფულად კომპენსაციას. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 562-ე მუხლის საფუძველზე შეწყვიტა მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულება.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. გ-შვილმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კვლავ დაკმაყოფილდა ლ. კ-შვილის სარჩელი, მ. გ-შვილი გამოსახლდა თბილისში, ..... მდებარე ლ. კ-შვილის კუთვნილი სახლის 14 მ2 ფართობის ოთახიდან და სათავსიდან და სარგებლობის უფლებით შესახლდა თბილისში, ..... მდებარე ლ. კ-შვილის კუთვნილ 19 მ2 ფართობის ოთახსა და დამხმარე სათავსში. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ ... მდებარე სახლის 1/3 ნაწილი ეკუთვნის ლ. კ-შვილს. მ. გ-შვილს აღნიშნული სახლის 14 მ2 ოთახი და 7 მ2 დამხმარე სათავსი დათმობის წესით აქვს აღებული. მხარეებს შორის არსებობს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის ურთიერთობა და ამიტომ ისანი-სამგორის სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 562-ე მუხლის გამოყენება და მასზე დაყრდნობით ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა არასწორად მიიჩნია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების თანახმად გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად კ-შვილს, როგორც მესაკუთრეს, შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებას. მართალია, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში კ-შვილის მოთხოვნა მიმართულია თავისი უფლების განხორციელებისაკენ. ამით იგი ზიანს არ აყენებს გ-შვილის როგორც მოსარგებლის უფლებებს, რადგან მას შესთავაზა გაცილებით უკეთესი საცხოვრებელი ოთახი. ამასთან, იგივე რჩება მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაიცო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. გ-შვილმა, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 115-ე მუხლები, რადგან კანონის მითითებული ნორმები არ ითვალისწინებს მართლზომიერი მფლობელობის შეწყვეტას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისს წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” 1998წ. 25 ივნისის კანონის მე-5 მუხლი და მე-7 მუხლის II ნაწილი. მართალია, აღნიშნული გადაწყვეტილებით ეთხოვა საქართველოს პარლამენტს გარემოებების გათვალისწინებით კანონში ცვლილებების შეტანა, მაგრამ ცვლილებები ჯერჯერობით არ განხორციელებულა; არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ კ-შვილი სთავაზობს უკეთეს პირობებს, რადგან სადავო ბინა არის მეტრო “.......-თან”, ხოლო შეთავაზებული ბინა მიუდგომელ ადგილას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ თბილისში, ..... მდებარე სახლის 1/3 ნაწილი ირიცხება მოსარჩელე ლ. კ-შვილის სახელზე. 1999წ. 3 დეკემბერს მესაკუთრეთა შორის დადებული ურთიერთსარგებლობის ხელშეკრულებით ლ. კ-შვილს განესაზღვრა ორი ოთახი, ერთი _ სახლის პირველ სართულზე და ერთი – მეორეზე. მისი კუთვნილი წილიდან 14 მ2 ფართობის ოთახი და 7 მ2 ფართობის სათავსი დათმობის წესით დაკავებული აქვს მოპასუხე მ. გ-შვილს. მხარეთა შორის არის მწვავე კონფლიქტური სიტუაცია. გ-შვილი არ იხდის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ ქირას, რის გამოც მოითხოვა კ-შვილმა მისი სადავო ფართიდან გამოსახლება და სხვა ფართში შესახლება. საკასაციო პალატა თვლის, რომ მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს 2001წ. 7 ივლისის გადაწყვეტილებით იურიდიულად ძალადაკარგულად ჩაითვალა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-5 მუხლი და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლებიც ითვალისწინებს მოსარგებლეთა გამოსახლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე უზრუნველყოფს შესაბამისი ბინით ან გადაუხდის კომპენსაციის სახით ამ ბინის ღირებულებას, დავის მოსაწესრიგებლად გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, მაგრამ არა 531-575-ე მუხლები, რომლებიც აწესრიგებს ქირავნობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ურთიერთობებს, ვინაიდან სპეციალურ კანონში “საცხოვრებელ სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” იმპერატიულად არის მითითებული, რომ ეს ურთიერთობები არ არის ქირავნობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის წამოჭრილი სამოქალაქო დავა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად იმ მუხლებით, რომლებიც ითვალისწინებს მფლობელისა და მესაკუთრის უფლება-მოვალეობებს. სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად ნივთის მფლობელობა შეწყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეებს შორის არის მწვავე კონფლიქტური სიტუაცია; მოსარგებლე არ იხდის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ ქირას, ხოლო სადავო ფართი არის მწვავე ავარიული და საჭიროებს შეკეთებას. ასეთ პირობებში პალატა თვლის, რომ მესაკუთრე კ-შვილის პრეტენზია მართლზომიერი მფლობელის, გ-შვილის, მიმართ დასაბუთებულია და მას, როგორც მოსარგებლეზე უკეთესი უფლების მქონეს, შეუძლია, მოსთხოვოს მოსარგებლეს მფლობელობის შეწყვეტა. სააპელაციო სასამართლოს სწორად დააკმაყოფილა მისი სარჩელი, რადგან თვითონ მოსარჩელე კ-შვილმა გამოავლინა ნება, რომ მოსარგებლე გ-შვილი იგივე უფლებებით საცხოვრებლად გადაიყვანა თავის კუთვნილ ფართში, რომელიც ..... მდებარეობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი, რადგან იგი მართლზომიერი მფლობელია და ახალი სადგომით მისი პირობები არ უმჯობესდება.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.