გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-343-02 22 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
სარჩელი საგანი: დავალიანების გადასახდელად დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 3 ივლისს კორპორაცია “ტ-მა” შპს “ს.”-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ კორპორაცია “ტ-ი” 1998წ. 20 დეკემბერს “...-1”-თან და 1999წ. 16 იანვარს “...-2”-თან გაფორმებული ხელშეკრულებით მათ წინაშე ვალდებულებას იღებდა “ს-ს” დებიტორული დავალიანების, 678793673 კვ.სთ ელექტროენერგიის, ღირებული 6302080 ლარად, რეალიზაციის თაობაზე.
“ტ-მა” 1999წ. 20 მაისის ხელშეკრულებით მითითებული ელეტროენერგიის რეალიზაციის უფლება გადასცა შპს “ა. პ-ს”, რასაც საფუძვლად დაუდო მხარეთა შორის 1998წ. 23 დეკემბერს “მხარეთა განზრახულობი ოქმი”.
აღნიშნულის საფუძველზე შპს “ა. პ-ს”, “.. ..-ის”, სკ “ს-სა” და ფირმა “ფ-ის” მიერ გაკეთდა 1998წ. 21 დეკემბრის დამატება მათ შორის არსებული 1997წ. 1 ივლისის ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვით მომხმარებლისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურს გადამხდელი უხდიდა შპს “ა. პ-ს”. აღნიშნული შეთანხმების შედეგად სკ “ს-მ” სს .. ..-ს” მიაწოდა 161221890 კვ.სთ ელექტროენერგია, ღირებული 2982605 აშშ დოლარად, რომლის სანაცვლოდაც ფირმა “ფ-ს” უნდა გადაეხადა შპს “ა. პ-ისათვის “მითითებული თანხები”.
ამ პერიოდისათვის სკ “ს-ს” ფირმა “ფ-სადმი” საჯარიმო სანქციების საფუძველზე წარმოექმნა დავალიანება, რომლის დაფარვაც 1999წ. 25 აგვისტოს შეთანხმების საფუძველზე იკისრა შპს “ა. პ-მა” და ფირმა “ფ-ს” გადაუხადა სკ “ს-ს” დავალიანება _ 2982652 აშშ დოლარი. სკ “ს-მ” ¹105 შეთანხმების საფუძველზე იკისრა, რომ ამ დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში იგი გადაიხდიდა პირგასამტეხლო თანხას _ 1,2 კოეფიციენტს.
კორპორაცია “ტ-ის” არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად შპს “ა. პ-მა” დავალიანება არ დაფარა.
“ტ-მა” 2000წ. 6 დეკემბერს წარადგინა მოთხოვნა გადაუხდელი თანხის 20%-ის ოდენობით ჯარიმის შესახებ, რაც შპს “ა. პ-ის” მიერ აღიარებული იქნა.
შპს “ა. პ-მა” მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე უშედეგოდ მიმართა სკ “ს-ს”, გადაერიცხა “ტ-ისათვის” დებიტორული დავალიანებიდან 2980605 აშშ დოლარი, 2000წ. 12 და 20 ოქტომბერს “ტ-სთან” გააფორმა ხელშეკრულება და ¹1 დამატება, რომლითაც მას დაუთმო სკ “ს-საგან” 3699031 აშშ დოლარი დებიტორული დავალიანების მოთხოვნის უფლება.
სულ მოსარჩელემ მოპასუხისაგან მოითხოვა 3846991 აშშ დოლარის დაბრუნება, რომელშიც 2982605 აშშ დოლარი შპს “ა. პ-ის” მიერ ფირმა “ფ-სათვის” გადახდილი თანხაა; 596521 აშშ დოლარი – ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, ყოველ გადაცილებულ დღეზე - 2%, არაუმეტეს 10 დღისა, 119905 აშშ დოლარი ¹105 შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე _ შეთანხმების დარღვევისათვის ნამდვილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის 1.2 კოეფიციენტი და 147960 აშშ დოლარი ადვოკატთან გაფორმებული ხელშეკრულების ხარჯები.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია დოკუმენტები მხოლოდ იმის შესახებ, რომ შპს “ა. პ-ს” გააჩნია კორპორაცია “ტ-ის” ვალი. 2000წ. 12,20 ოქტომბრის ხელშეკრულება, რომლითაც შპს “ა. პ-მა” დაუთმო კორპორაცია “ტ-” ს/კ “ს-საგან” მისაღები ვალი არ უნდა იქნეს გაზიარებული იმის გამო, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი, რადგან შპს “ა. პ-მა” განიცადა ცვლილებები და სასამართლოს 2000წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეეცვალა სახელწოდება. მისი ახალი სახელწოდება გახდა “მ.” და საზოგადოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები დაეკისრა დირექტორ ნ. ხ-იკს, ხოლო კ-ძე, რომელიც ხელს აწერდა ხელშეკრულებას, განთავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან.
მოპასუხემ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით თავისი ზემოთ აღნიშნული მოსაზრება სასამართლოს წარუდგინა მთავარ სხდომაზე. მთავარ სხდომაზევე წარადგინა წერილობითი მტკიცებულება – სასამართლოს დადგენილება სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ და საზოგადოების ახალი დირექტორის წერილის ასლი. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვეოდა, რომ სასამართლოს 2000წ. 9 ოქტომბრის დადგენილებით შპს “ა. პ-ი” გარდაიქმნა შპს-დ “მ.” და დირექტორად დაინიშნა ნ. ხ-იკი. მითითებული დოკუმენტის შინაარსის გათვალისწინებით უჭვის ქვეშ დადგა მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარდგენილი 2000წ. 12 და 20 ოქტომბრის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებების ნამდვილობის საკითხი. აღნიშნულის გამო მოსარჩელემ იშუამდგომლა საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენისა და მესამე პირად მოსარჩელის მხარეს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შპს “მ.”-ს ჩაბმის შესახებ, მაგრამ სასამართლომ მოსარჩელის შუამდგომლოობა არ დააკმაყოფილა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საოლქო სასამართლომ შპს “ა. პ-ის” 2000წ. 12 და 20 ოქტომბრის ხელშეკრულებები მოსარჩელისათვის შპს “ს.”-ის მიმართ, 3699031 აშშ დოლარის მოთხოვნის დათმობის შესახებ ბათილად მიიჩნია, იმ საფუძვლით, რომ შპს “ა. პ-ს” საფირმო სახელწოდება და დირექტორი შეეცვალა 2000წ. 9 ოქტომბერს, 9 ოქტომბრიდან ამ საზოგადოებას სხვა დირექტორი ხელმძღვანელობს და წარმომადგენლობის უფლებამოსილება მხოლოდ მას გააჩნია. საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ შპს “ა. პ-ის” მიერ 2000წ. 12,20 ოქტომბერს გარიგების დადება არა საკუთარი სახელით, არამედ იმ საფირმო სახელით, რომელიც მას 2000წ. 9 ოქტომბრიდან არ ჰქონდა, ეწინააღმდეგებოდა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 6.1 მუხლის მოთხოვნას და ეს გარიგება სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად მისი დადასტურების შემთხვევაშიც ვერ გახდებოდა ნამდვილი.
საოლქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შპს “მ.”-ს ჩაბმის შესახებ, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მაგრამ კერძო საჩივარი კოლეგიის მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული და საქმე კერძო საჩივართან ერთად შემდგომი განხილვის მიზნით გადაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ამასთან ერთად 2002წ. 16 იანვარს მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის საოლქო სასამართლოში დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:
კასატორს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორია იმ თვალსაზრისით, რომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 7.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებთან ურთიერთობაში რეესტრის ჩანაწერების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა რეესტრში ჩასაწერი ფაქტები რეგისტრირებული და გამოქვეყნებულია. მართალია, 2000წ. 9 ოქტომბერს რეესტრში ჩასაწერი ფაქტები რეგისტრირებული იყო, მაგრამ იგი არ იყო გამოქვენებული სათანადო წესით, ამიტომ 2000წ. 12, 20 ოქტომბრის გარიგება სასამართლოს არ უნდა ჩაეთვალა უცილოდ ბათილ გარიგებად, ვინაიდან “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 7.1 მუხლის შესაბამისად ცვლილებები ძალას იძენს რეგისტრაციისა და მისი სასამართლოში გამოქვეყნების შემდეგ. მისი მოსაზრებით, შპს “მ.”-ს თავისი სახელით გარიგება შეეძლო დაედო მხოლოდ მას შემდეგ, როცა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 4.3 მუხლის შესაბამისად რეგისტრაციის მონაცემები გამოქვეყნდებოდა პრესაში. ამდენად, შპს “ა. პ-ის” დირექტორი კ-ძე უფლებამოსილი იყო 2000წ. 12 და 20 ოქტომბერს შპს “ა. პ-ის” სახელით დაედო ხელშეკრულება. კასატორი მიუთითებს, რომ შპს “ა. პ-ის” სამართალმემკვიდრე შპს “მ.” სადავოდ არ ხდის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებას, მაგრამ სასამართლომ კანონის დარღვევით იგი არ ჩააბა საქმეში მესამე პირად.
კასატორს მიაჩნია, რომ არასწორია საოლქო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო გარიგება უცილოდ ბათილია და მისი დადასტურების შემთხვევაშიც ვერ გახდება იგი ნამდვილი, რადგან დადასტურება მხოლოდ მაშინაა ნამდვილი, როცა ხელშეკრულება ან გარიგება არ ეწინააღმდეგება ზნეობისა და საჯარო წესრიგის მოთხოვნებს. კასატორს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლომ არ განმარტა მოთხოვნის დათმობისას შპს “ა. პ-ის” მიერ რაში გამოიხატა ზნეობის ნორმების ან საჯარო წესრიგის მოთხოვნების დარღვევა. აქედან გამომდინარე, მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტისა და 394-ე მუხლის “ე” პუნქტის მოთხოვნები.
2002წ. 28 მარტს მოსარჩელემ დამატებითი საკასაციო საჩივარი წარადგინა სასამართლოში, რომელშიც მიუთითა, რომ საოლქო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დარღვევით საქმის ზეპირი განხილვის დროს არ მიიღო მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება შპს “ა. პ-ის” მიერ 2000წ. 28 მარტის თარიღით შედგენილი მოთხოვნის დათმობის შესახებ. ასევე, უსაფუძვლოდ უთხრა უარი მესამე პირად საქმეში შპს “მ.”-ს ჩაბმის თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-200-206-ე მუხლები არეგულირებენ მხარეთა ურთიერთობებს საქმის მთავარ სხდომაზე განხილვამდე. ამ პროცესს საქმის მომზადების პროცესი ეწოდება. საქმის მომზადების მიზანია ამ საქმის დროული განხილვა და სწორი გადაწყვეტილების მიღება. საქმის მომზადების სტადიაზე მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრება წერილობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად მოპასუხეს ეგზავნება სარჩელი და მასზე დართული მასალები, ენიშნება ვადა სარჩელზე პასუხის და შესაგებლის წარდგენის თაობაზე; მოპასუხის წერილობით პასუხში სხვა საკითხებთან ერთად მითითებული უნდა იყოს, ცნობს თუ არა სარჩელს, რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი, რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები, რა საპროცესო საშუალებებით აპირებს მოპასუხე სარჩელისაგან თავის დაცვას და ა.შ. ხოლო ამავე კოდექსის 202-ე მუხლის შესაბამისად მოპასუხის წერილობითი პასუხი და მასზე დართული დოკუმენტების ასლები ეგზავნება მოსარჩელეს და მას უფლება აქვს, წარუდგინოს მოსამართლეს დამატებითი მტკიცებულებები, აგრეთვე, წერილობით აცნობოს მას თავისი მოსაზრებები მოპასუხის წერილობითი პასუხის თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ამ წესის გამოყენებით იცავს საქმეში მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს. მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი კი დაცული უნდა იქნეს არა მარტო საქმის მოსამზადებელ სტადიაზე, არამედ საქმის ზეპირი განხილვის დროსაც – მთავარ სხდომაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის დროს მათ შეიძლება წარმოაყენონ ახალი მოსაზრებანი ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა განცხადებული საქმის მოსამზადებელ სტადიაზე ან მხარეთა ზეპირი შეჯიბრების დაწყებამდე.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სასამართლო გაითვალისწინებს ამ ახალ გარემოებებსა და მტიკიცებულებებს, თუ ცნობს, რომ მათ შესახებ თავის დროზე არ იყო განცხადებული საპატიო მიზეზით და რომ ეს არ მომხდარა საქმის გაჭიანურების მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში 2001წ. 5 ოქტომბერს სასამართლომ მიიჩნია რა, რომ საქმე მომზადებული იყო, დანიშნა საქმის ზეპირი განხილვა 2001წ. 19 ოქტომბრისათვის. მთავარ სხდომაზე სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა მტკიცებულებათა წარმოდგენის შესახებ. კერძოდ, წარმოდგენილ იქნა შპს “ა. პ-ის” შპს “მ.”-დ გარდაქმნის და სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ სასამართლოს დადგენილება, შპს “მ.”-ს წერილი, მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა წარმოდგენილ მტკიცებულებათა გასაბათილებლად დამატებითი მტკიცებულებისა და საქმეში მესამე პირად შპს “მ.”-ს ჩაბმის თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილისა და მე-5 მუხლის მოთხოვნა, რომელთა შესაბამისადაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამ ნორმის შესაბამისად მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტი.
მართალმსაჯულებას სამოქალაქო საქმეზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სამართლის წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სხვა დოკუმენტებთან ერთად სურდა სასამართლოსათვის წარედგინა შპს “ა. პ-ის” მიერ 2000წ. 28 მარტის თარიღით გაცემული დოკუმენტი, რომლითაც შპს “ა. პ-მა” ვალის მოთხოვნის უფლება დაუთმო “ტ-ს” და ამ მტკიცებით დაესაბუთებინა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა და უარეყო მოპასუხის მიერ საქმის ზეპირი განხილვის დროს სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც შემდეგ საფუძველი გახდებოდა მოცემულ საქმეზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა, მაგრამ მას სასამართლომ ამის საშუალება არ მისცა. მოსარჩელის მიერ საოლქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე ახალი მტკიცებულების წარმოდგენის აუცილებლობა განაპირობა მოპასუხის მიერ მთავარ სხდომაზე წარმოდგენილმა ახალმა მტკიცებულებამ. მოსარჩელეს საქმის მოსამზადებელ სხდომაზე 2000წ. 28 მარტის თარიღით შედგენილი მოთხოვნის დათმობის დოკუმენტის წარდგენა არ ესაჭიროებოდა, რადგან წარდგენილი ჰქონდა ანალოგიური შინაარსის 2000წ. 12, 20 ოქტომბრის თარიღით შედგენილი დოკუმენტები. 2000წ. 28 მარტის თარიღით შედგენილი დოკუმენტის წარდგენის აუცილებლობა წარმოიშვა მთავარ სხდომაზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შემდეგ, ვინაიდან ამ მტკიცებულებით ეჭვის ქვეშ დადგა 2000წ. 12, 20 ოქტომბრის თარიღით შედგენილი დოკუმენტების ნამდვილობა.
აქედან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს თავის დროზე არ შეეძლო და არც უნდა წარმოედგინა 2000წ. 28 მარტის თარიღით შედგენილი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის საქმის ზეპირი განხილვის სტადიაზე წარმოდგენა მიზნად არ ისახავდა საქმის გაჭიანურებას.
საოლქო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად 2001წ. 25 ივლისის თარიღით შედგენილი გზავნილითმოპასუხეს შესთავაზა, რომ 2001წ. 10 აგვისტომდე წარმოედგინა ის დოკუმენტები და მოსაზრებები, რომლის საფუძველზეც იგი აპირებდა სარჩელისგან თავის დაცვას, მაგრამ მოპასუხის მიერ ასეთი დოკუმენტები და მოსაზრება არც მოსამზადებელ სხდომამდე, 2001წ. 10 აგვისტომდე და არც მოსამზადებელ სხდომაზე, 2001წ. 4 ოქტომბერს, არ წარმოდგენილა მოპასუხის მიერ. როცა მოპასუხემ შესაგებელი და ახალი მტკიცებულებები წარმოადგინა მთავარ სხდომაზე, სასამართლო ვალდებული იყო, მოსარჩელისათვის კანონით დადგენილი წესით გადაეცა წარმოდგენილი დოკუმენტები და განესაზღვრა ვადა დამატებითი მტკიცებულებების თუ წერილობითი მოსაზრების წარმოდგენის შესაძლებლობის შესახებ.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლო ვალდებული იყო, მიეღო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულად განხილვის შემდეგ მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საოლქო სასამართლოს ასევე უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა საქმეში მესამე პირად შპს “მ.”-ს ჩაბმის შესახებ, ვინაიდან მისი საქმეში ჩაბმის მოთხოვნის აუცილებლობაც საქმის მთავარ სხდომაზე განხილვის სტადიაზე წამოიჭრა და აღნიშნული განაპირობა მოპასუხის მიერ ამავე სხდომაზე წარმოდგენილმა დოკუმენტმა შპს “ა. პ-ის” შპს “მ.”-ედ გარდაქმნისა და საზოგადოების სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ.
მესამე პირად შპს “მ.”-ს საქმეში ჩაბმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე, 90-ე მუხლების შესაბამისად აუცილებლობითაც იყო გამოწვეული, რადგან მოცემულ შემთხვევაში სარჩელი საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველზე იყო წარდგენილი. კერძოდ, სარჩელი მოპასუხის მიმართ სამართლებრივი ურთიერთობიდან მხარის, შპს “ა. პ-ის”, გასვლის გამო იყო წარმოშობილი (მოთხოვნის დათმობა) და მოპასუხის მიერ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი დოკუმენტის (სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ) შემდეგ შესაძლებელი იყო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად პროცესის ნებისმიერ სტადიაზე უფლებამონაცვლეობის პრინციპიდან გამომდინარე საჭირო გამხდარიყო მხარის შეცვლა. შპს “მ.”, როგორც შპს “ა. პ-ის” უფლებამონაცვლე, დაინტერესებულ პირს წარმოადგენდა საქმეზე, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეიძლება შემდგომში გავლენა მოეხდინა მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ, ამიტომ საოლქო სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის შუამდგომლობა საქმეში შპს “მ.”-ის მესამე პირად ჩაბმის თაობაზე.
საოლქო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მარტოოდენ იმ საფუძვლით, რომ 2000წ. 12 და 20 ოქტომბრის თარიღით შედგენილი მოთხოვნის დათმობის დოკუმენტები ბათილია, დაუსაბუთებელია, ვინაიდან საოლქო სასამართლოს სრულყოფილად არ დაუდგენია მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები, არ დაუდგენია, მოთხოვნის დათმობას რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი და რამდენად საფუძვლიანი იყო იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად კი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული სადავო განჩინებები და გადაწყვეტილებები იურიდიულად დაუსაბუთებელია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილება, ამავე დღის საოქმო განჩინებები და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის კოლეგიას.
კორპორაცია “ტ-ს” სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 5000 ლარი, საიდანაც 3500 ლარი ჩაერიცხოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ¹000141107 ანგარიშზე, კოდი 59, ხოლო 1500 ლარი – სახელმწიფო ბიუჯეტში.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.