¹ 3კ/344-02 14 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,რ. ნადირიანი
დავის საგანი: ხელშეკრულების გაუქმება (ძირითად სარჩელში), ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 13 მარტს სააქციო საზოგადოება “გ.” გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების წინააღმდეგ ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მიმართა სარჩელით.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2000 წლის 29 ნოემბრის ¹09 ხელშეკრულების საფუძველზე, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებას მისგან უნდა შეეძინა 1500 ტ. ფოსფოროვანი სასუქი ღირებული 130500 ლარად. მოპასუხემ შეიძინა მხოლოდ 300 ტ. ხელშეკრულების შესაბამისად მოპასუხეს უნდა წარმოედგინა სასუქის მიმღებ პირთა სია, მაგრამ მოპასუხემ ხელშეკრულების მითითებული მოთხოვნა არ შეასრულა, რის გამოც მისთვის გაურკვეველი გახდა, თუ ვისთვის გადაეცა სასუქი და რა ოდენობით. ამით საზოგადოებამ განიცადა ზარალი. ამიტომ მოითხოვა ზემოთმითითებული ხელშეკრულების გაუქმება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს.
მოპასუხემ შეგებებულ სარჩელში მიუთითა, რომ საქართველოში გვალვის შედეგად მიყენებული ზარალის დაძლევის მხარდამჭერი პროგრამის შესაბამისად, 2000 წლის 29 ნოემბერს მოსარჩელესთან დადო ხელშეკრულება ფოსფოროვანი სასუქის _ სამმაგი სუპერფოსფატის შეძენის თაობაზე.
ხელშეკრულების შესაბამისად ს/ს “გ.” იკისრა გერმანიის მთავრობისათვის 1500 ტ. სამმაგი სუპერფოსფატის მიწოდების ვალდებულება. მისი ღირებულება 130500 ლარი გადახდილი იქნა ვადაში, მაგრამ მოსარჩელემ გადასცა მხოლოდ 300 ტ. სუპერფოსფატი, რის შემდეგაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეწყვიტა პროდუქციის მოწოდება.
შეგებებული სარჩელის ავტორმა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე ს/ს “გ.” მოითხოვა 2000 წლის 29 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, კერძოდ ფოსფოროვანი სასუქის _ სამმაგი სუპერფოსფატის მიუწოდებელი ნაწილის _ 1200 ტონის მიწოდება.
ს/ს “გაჩიანმა” შეგებებული სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და მიუთითა, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულების მოთხოვნა სასუქის განაწილების სიის წარმოდგენის შესახებ. ამის გამო მისთვის გაურკვეველი იყო, თუ ვისზე გაეცა სასუქი. ამასთან, მათ საწყობში მოპასუხეზე გასაცემი სასუქის გარდა კიდევ გააჩნდათ სხვა სასუქი, რომელიც უნდა მიეყიდათ საქართველოს სხვადასხვა რაიონების მოსახლეობაზე და ვინაიდან მათთვის ცნობილი არ იყო, თუ რომელ რაიონებში შეჰქონდა სასუქი მოპასუხეს, ბრკოლდებოდა მათი პროდუქციის რეალიზაცია, ვინაიდან თუკი თვითონაც იმ რაიონში შეიტანდა თავის პროდუქციას სარეალიზაციოდ, რომელშიც მოპასუხემ შეიტანა, ეს გამოიწვევდა ს/ს “გ.” პროდუქციის რეალიზაციის შეფერხებას და ზარალის მიყენებას.
მანვე მიუთითა, რომ ვინაიდან მომსახურეობის ხარჯები გაიზარდა, სასუქის ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული 87 ლარის ნაცვლად გახდა 108 ლარი და 15 თეთრი. ხელშეკრულების 4.4 პუნქტის შესაბამისად, 2000 წლის 15 დეკემბერს ფასების კორექტირებასთან დაკავშირებით მიმართა მოპასუხეს, მაგრამ მოპასუხემ ფასების კორექტირებაზე უარი განაცხადა. ამიტომაც მიმართა მან სასამართლოს ზემოთმითითებული ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით.
ს/ს “გ.” დაზუსტებული სარჩელით, რომლის სასამართლოში წარდგენის თარიღი არაა დადგენილი, მოითხოვა 2000 წლის 29 ნოემბერს დადებული ¹09 კონტრაქტზე უარის თქმის კანონიერების სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარება და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების თბილისის საპროექტო ბიუროსათვის ზემოთმითითებული ხელშეკრულების შესაბამისად დარჩენილი ნაწილის შესრულების მოთხოვნის აკრძალვა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სააქციო საზოგადოება “გ.” სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
დაკმაყოფილდა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების სარჩელი და სააქციო საზოგადოება “გ.” დაევალა 2000წ. 29 ნოემბრის ¹09 კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, კერძოდ ფოსფოროვანი სასუქის სამმაგი სუპერფოსფატის მიუწოდებელი ნაწილის 1200 ტონის მიწოდება.
რაიონულმა სასამართლომ დაადგინა ზემოთმითითებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს/ს “გ.” სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება ს/ს “გ.” ფოსფოროვანი სასუქის სამმაგი სუპერფოფატის დაკისრების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში და უარი ეთქვა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებას სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე. დანარჩენ ნაწილში მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის უფლებამოვალეობათა წარმოშობას საფუძვლად დაედო 2000 წლის 29 ნოემბრის ¹09 კონტრაქტი, რომლის თანახმადაც ს/ს “გ.” კისრულობდა ვალდებულებას მიეწოდებინა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებისათვის 1500 ტ. ფოსფოროვანი სასუქი _ სამმაგი სუპერფოსფატი; მყიდველი _ გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება თავის მხრივ კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა სასუქის ღირებულება ერთ ტონაზე 87 ლარი. მყიდველმა შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და გადაიხადა 130500 ლარი. გამყიდველმა კი მიაწოდა მხოლოდ 300 ტ. ღირებული 26100 ლარად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხელშეკრულების შესაბამისად მყიდველს წინასწარ სასუქის მიმღებ პირთა სრული სიის გადაცემა არ ეკისრებოდა, ამასთან გამყიდველს 2001 წლის 15 თებერვალს მიეწოდა იმ ფერმერთა შევსებული სია, რომლებიც უფლებამოსილნი იყვნენ მიეღოთ სასუქი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტის დროს სწორად იქნა გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის შესაბამისადაც ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
2002 წლის 18 იანვარს სააქციო საზოგადოება “გაჩიანმა” საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. მას მიაჩნია, რომ ხელშეკრულების პირობა არ დაურღვევია. პირიქით მყიდველმა დაარღვია ხელშეკრულების 2.2 მუხლის მოთხოვნა ფერმერთა სიის წარმოუდგენლობით.
სააპელაციო სასამართლოს კასატორის მოსაზრებით მოცემული დავის გადაწყვეტის დროს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი.
მანვე მიუთითა, რომ მას არ გააჩნია სამმაგი სუპერფოსფატი. ასეთი პროდუქცია საქართველოშიც არ იწარმოება. იგი თანხმაა მყიდველს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი თანხა საბანკო პროცენტით. მას მიაჩნია, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი და 352-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” პუნქტი და სასუქის ნაცვლად მისთვის დაეკისრებინა ფულადი ანაზრაურება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულების არსებობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 1500 ტონა ფოსფოროვანი სასუქის _ სამმაგი სუპერფოსფატის ნასყიდობის შესახებ 2000 წლის 29 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით. აღნიშნული ხელშეკრულების 3.1. ნაწილის თანახმად განისაზღვრა ღირებულების ანაზრაურების ფორმა. საქმეში წარმოდგენილი ცნობებით დასტურდება და ამას მხარეების სადავოდ არ ხდიან, რომ გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგნის ღირებულება სრულად იქნა გადახდილი.
საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. მითითებული ნორმა განამტკიცებს იმ პრინციპს, რომ ხელშეკრულებაში მონაწილე ყოველმა მხარემ ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, სრულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროსა და ადგილას, რაც მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ სრულად არ არის შესრულებული.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ თითქოს ხელშეკრულების პირობები დარღვეულ იქნა მოწინააღმდეგე მხარის მიერ, კერძოდ, მან არ წარადგინა ფერმერთა სიები, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო სასუქის გაცემა, რაც ხელშეკრულების 4.1. ნაწილის და სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის საფუძველზე კასატორს აძლევს უფლებას ხელშეკრულებიდან გასვლისათვის.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებას არ ეკისრებოდა სასუქის მიმღებ პირთა სრული სიის წინასწარ გადაცემა. საკასაციო პალატა აღნიშნულის შესახებ მიუთითებს, რომ მიუხედავად ამისა სიები მოწინააღმდეგე მხარის მიერ გაგზავნილ იქნა 2000 წლის 15 თებერვალს. სიების მიღების ფაქტი დაადასტურა ასევე კასატორის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, მაგრამ მიუთითა, რომ აღნიშნულ სიებში იყო იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებსაც უნდა მიეღოთ ხორბალი და არა სასუქი. საკასაციო პალატა ამის შესახებ აღნიშნავს, რომ მოდავე მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა გაფორმებულია არა ხორბალზე, არამედ სამმაგ სუპერფოსფატზე. ამდენად, კასატორის მტკიცება, რომ გაგზავნილ სიებში მითითებული იყო ხორბლის მიმღებ ფერმერთა ვინაობა საკასაციო პალატას მიაჩნია უსაფუძვლოდ.
საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი და უკანონოდ უთხრა მას უარი ხელშეკრულებიდან გასვლაზე. აღნიშნული სამართლის ნორმა განსაზღვრავს ორმხრივი ხელშეკრულების პირობების დარღვევის დროს მეორე მხარის უფლებას, ხელშეკრულებიდან გასვლისა და გასვლის წესის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებას ნაკისრი ვალდებულება არ დაურღვევია, რის გამოც კასატორის მოთხოვნა, სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, უსაფუძვლოა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების ყოველ მხარეს შეუძლია უარი თქვას თავისი ვალდებულების შესრულებაზე, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდა, რომ არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ მეორე მხარე თავის მოვალეობათა მნიშვნელოვან ნაწილს არ შეასრულებს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია სრულად. კერძოდ, გადახდილია საქონლის ღირებულება, ასევე განსაზღვრულია სასუქის მიმღებ ფერმერთა ვინაობა და მათი სია მიწოდებულია კასატორისათვის. აღნიშნულის გამო, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ უსაფუძვლოა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 379-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი არ არის ვალდებული მიიღოს სხვა შესრულება გარდა იმისა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, როცა შესრულება დიდი ღირებულების მქონეა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მოწინააღმდეგე მხარისათვის მიცემული შეთავაზება ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების შესახებ, მოცემულ შემთხვევაში გააძნელებს კრედიტორის მიერ ფერმერთა წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. ამასთან აღნიშნული მუხლის თანახმად გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების, როგორც კრედიტორის მოთხოვნა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების მიღების შესახებ, სამართლიანი და დასაბუთებულია იმ თვალსაზრისითაც, რომ მას ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულება შესრულებული აქვს სრულად, რის გამოც იგი უფლებამოსილია მოვალისაგან მოითხოვოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულის შესრულება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი ანალიზის საფუძველზე მიიღო სწორი და სამართლებრივად დასაბუთებული განჩინება, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს/ს “გ.” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 20 ნოემბრის განჩინება.
განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.