¹3კ-345-02 24 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, ქ. გაბელაია
დავის საგანი: პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. და გ. ხ-ძეები ცხოვრობდნენ სოფ. ......-ში, საიდანაც 1944 წელს სხვა ოჯახებთან ერთად გადასახლდნენ ადიგენის რაიონში.
1959 წელს რ. ხ-ძე მშობლებთან ერთად დაბრუნდნენ ......-ში, სადაც დაოჯახდა და ამჟამად ცხოვრობს ქ. ქუთაისში. რ. ხ-ძემ პოლიტიკური რესპრესიის მსხვერპლად ცნობა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მისი მშობლები 1944 წელს იძულებით იქნენ გადასახლებული სხვა რაიონში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. ხ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
რ. ხ-ძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 16 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
რ. ხ-ძემ სააპელაციო პალატის 2001წ. 16 ნოემბრის განჩინებაზე შეტანილი საკასაციო საჩივარით, მოითხოვა განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ არასწორად იქნა განმარტებული საქართველოს კანონი “საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რესპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ".
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის მიიჩნეული ფაქტობრივი გარემოება, რომ ხ-ძეების ოჯახი სხვა ოჯახებთან ერთად გადასახლებულ იქნა ადიგენის რაიონში. მშრომელთა დეპუტატების რაისაბჭოს აღმასკომის 1945წ. 20 თებერვლის ¹249 სხდომის ოქმით დადგენილია, რომ კოლმეურნეთა გადასახლება არ იყო გამოწვეული პოლიტიკური მოტივით, გადასახლებულებს მიეცათ საცხოვრებელი სახლების რეალიზაციის უფლება. გადასახლების ადგილებზე გაეწიათ დახმარება: სოფლის მეურნეობის საწარმოებლად გადაეცათ პირუტყვი, თესლი და სხვა. ეს ღონისძიება არ იყო სადამსჯელო პირიქით, მოხდა მოსახლეობის გეგმიური ჩასახლება, მათი საცხოვებელი პირობების გაუმჯობესებით.
“საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის შესაბამისად პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა კანონით გათვალისწინებული ქმედებები, “რომლებიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკურ მოტივით, სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოთა გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედებების მიმართ წინააღმედეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან". მითითებული კანონის მიხედვით რ. ხ-ძის ოჯახის ადიგენის რაიონში გადასახლება არ შეიძლება პოლიტიკურ რეპრესიად ჩაითვალოს. კასატორი ცნებას “გადასახლება" განიხილავს ცალკე და არა სხვა კანონით მოყვანილ ცენებებთან კავშირში, რაც არასწორია.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 16 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.