Facebook Twitter

საქმე # 330100122005426625

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №721აპ-24 ქ. თბილისი

კ-ი ლ, 721აპ-24 17 ოქტომბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუგზარ გრიგალაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ლ. კ-ს, - დაბადებულს .. წლის … აპრილს, - ბრალად ედება სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 16 დეკემბერს, შუადღის საათებში, ქ.თ-ში, ი.ჭ-ის გამზირის N..-ში მდებარე ვ-ის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. კ-მა ფიზიკურად იძალადა ა. კ-ს მიმართ, კერძოდ, ფეხი ძლიერად დაარტყა წელის არეში, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2021 წლის 16 დეკემბერს, შუადღის საათებში, ქ.თ-ში, ი.ჭ-ის გამზირის N..-ში მდებარე ვ-ის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. კ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა. კ-ს, ასევე აიღო ქვა და მოკვლის მუქარით ცდილობდა მასთან მიახლოებას, შემდეგ კი ქვა, რომელიც ხელში ეჭირა, ისროლა ა. კ-ის მიმართულებით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით:

2.1. ლ. კ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. ლ. კ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

2.3. გამართლებულს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნუგზარ გრიგალაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განაჩენის გაუქმება, ლ. კ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას და უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში პროკურორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ლ. კ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის ფაქტს, კერძოდ:

7. ბრალდების მხარე ლ. კ-ს ედავება ა. კ-ის მიმართ 2021 წლის 16 დეკემბერს ჩადენილ ფიზიკურ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ასევე 2021 წლის 16 დეკემბერს - სიცოცხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

8. დადგენილია, რომ დაზარალებული ა. კ-ი და მოწმე ნ. ბ-ა, რომლებიც არიან უკრაინის მოქალაქეები, საქმის არსებითი განხილვისას არ იმყოფებოდნენ საქართველოში. აღნიშნული გარემოება გახდა კიდეც მათი გამოკითხვის ოქმების სხდომაზე გამოქვეყნების საფუძველი. გარდა იმისა, რომ მხოლოდ გამოქვეყნებული ჩვენება არ უნდა დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, გასაჩივრებული განაჩენით ასევე შეფასდა, არსებობდა თუ არა სხვა მტკიცებულებები ლ. კ-ის მიერ ა. კ-ს მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის და მუქარის დასადასტურებლად.

9. ბრალდების მხარემ ლ. კ-ის და მისი მეუღლის გარდა, ასევე მოახერხა კიდევ ერთი მოწმის - ა. ბ-ის იდენტიფიცირება და წარმოდგენა სასამართლოში. მოწმემ დაადასტურა კონფლიქტური ვითარების არსებობა, რაც გამოიწვია ძაღლების ჩხუბმა, ასევე ლ. კ-ის აგრესიული ქცევა, რომელიც ა. კ-ს ადანაშაულებდა ალიკაპის გარეშე ასეთი ძაღლის ვოლიერში შეყვანის გამო, თუმცა მოწმემ არ დაადასტურა ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებები, როგორიცაა ძალადობა, მუქარა, მეორე მამაკაცის მხრიდან დაზარალებულის შეჯანჯღარება და „დამარხვის“ ყვირილი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მოწმე დ. ბ-ას მსგავსად, აღნიშნული მოწმის ჩვენება წარმოადგენდა სიმართლის განზრახ დამახინჯებას, ამასთან, მოწმე იყო სმენადაქვეითებული და შესაძლოა კარგად ვერ გაეგო და აღექვა მოვლენები, რაც სრულიად სამართლიანად არ გაიზიარა სააპელაციო პალატამ. საკასაციო სასამართლოს, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მოწმე ა. ბ-ი იყო მიკერძოებული და, თუნდაც რაიმე მიზეზის გამო არ მიუთითა ლ. კ-ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე. რაც შეეხება სმენის დაქვეითებას, მოწმეს არ აღუნიშნავს, რომ აქვს ისეთი შეზღუდვა, რაც, მოცემულ კონკრეტულ ვითარებაში შეუძლებელს გახდიდა მისი მხრიდან მოვლენების აღქმას, დანახვას, დამახსოვრებას ან გადმოცემას.

10. დაზარალებულ ა. კ-სა და ლ. კ-ს შორის ფიზიკური დაპირისპირების, ძალადობისა და მუქარის ფაქტები არ დაადასტურა თვითმხილველმა მოწმე დ. ბ-მაც, რომელმაც ჩვენების მიცემისას ცალსახად განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ლ. კ-ი იყო გაღიზიანებული, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა მხოლოდ ყვირილსა და არანორმალურ ლექსიკას, თუმცა კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა, არავის არავისთვის დაურტყამს და არც დამუქრებია.

11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარე ეყრდნობოდა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს და არ გააჩნდა რაიმე სახის სხვა მტკიცებულება, მხოლოდ გამოქვეყნებული ჩვენებები ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. ერთის მხრივ, სახეზეა დაზარალებულ ა. კ-ისა და მოწმე ნ. ბ-ას გამოძიებაში მიცემული და სასამართლო სხდომაზე საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გამოქვეყნებული ჩვენებები, მეორეს მხრივ კი წარმოდგენილია კონფლიქტის უშუალო თვითმხილველი მოწმეების - ა. ბ-ისა და დ. ბ-ას ჩვენებები, რომლებიც არ ადასტურებენ ლ. კ-ის მხრიდან ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტებს ა. კ-ის მიმართ. სხვა მტკიცებულება კი, რომელიც სასამართლოს მისცემდა ინფორმაციის გადამოწმების ან სხვაგვარად დაზუსტების შესაძლებლობას, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

12. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუგზარ გრიგალაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი