Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-347-02 12 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

დავის საგანი: შენობა-ნაგებობების დაბრუნება და მოპასუხის გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ფ-ამ 1997 წ. ნოემბერში სარჩელი აღძრა ზუგდიდის სასამართლოში შპს “ნ.” მიმართ. მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ 1989 წელს მისმა მეუღლემ ზ. ხ-ამ შექმნა კოოპერატივი “ს.", რომლის წევრები იყვნენ თვითონ ზ. ხ-ა, თ. კ-ია და რ. ჯ-ა. ამ უკანასკნელთ კოოპერატივის ჩამოყალიბებასა და ქონების შეძენაში არავითარი წვლილი არ შეუტანიათ. ზ. ხ-ა გარდაიცვალა 1991 წელს. 1996 წელს რ. ჯ-ამ მოსარჩელესთან, როგორც გარდაცვლილი ზ. ხ-ას უფლებამონაცვლესთან, შეთანხმების გარეშე, დამოუკიდებლად გააფორმა ხელშეკრულებები სხვადასხვა პირებთან და დამოუკიდებლად წარმართავდა მათთან მუშაობას. მოპასუხემ კოოპერატივის ქონება გაყო ორ ნაწილად და ჩამოაყალიბა შპს “ნ.", რომლის ერთადერთი წევრიც თვითონ არის. მოსარჩელემ მოითხოვა 1996 წ. 30 დეკემბრის შპს “ნ." რეგისტრაციაში გატარების აქტის ბათილად ცნობა. 2001 წ. 14 მარტს მან გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და რ. ჯ-ასაგან მოითხოვა 20000 ლარის გადახდა მის სასარგებლოდ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხე მისი ნების გარეშე დაეუფლა ზ. ხ-ას სახსრებით შექმნილ ხუთ ავტოფარეხს (ღირებულება 20000 ლარი) და დღემდე ფლობს მათ. ნ. ფ-ამ ასევე მიუთითა, რომ რ. ჯიქიამ მარტომ ჩაატარა კრება, თვითონ იყო მომხსენებელი, კრებაზე არ მოუწვევია ზ. ხ-ას მემკვიდრე ნ. ფ-ა და კრებას არ ესწრებოდა არც თ. კ-ია, რაც მოსარჩელის განმარტებით, წარმოადგენს საფუძველს შპს “ნ." რეგისტრაციის გაუქმებისა.

მოპასუხე შპს “ნ." მიმართ სარჩელი აღძრა სასამართლოში, ასევე სს ავტოსატრანსპორტო ფი. “ე." თავმჯდომარემ დ. გ-ემ, რომელმაც სარჩელში მიუთითა, რომ შპს “ნ." განთავსებულია ქ. ზუგდიდში, ... ქუჩაზე არსებული სამუსიკო სკოლის უკანა ეზოში, სადაც კოოპერატივ “ს." ჰქონდა ზუგდიდის ელქსელებისაგან შესყიდული ავტოფარეხი 2 მანქანაზე და ავტოსადგომი 20 მანქანაზე. ამავე ტერიტორიაზე განლაგებულია მათი შენობა-ნაგებობები, რომლებიც აშენებულ იქნა ჯვარის ავტოსაწარმოს სახსრებით და დღემდე ირიცხება მათ ბალანსზე, არაერთი თხოვნის მიუხედავად, რ. ჯ-ა ამ სათავსებს თვითნებურად იყენებს და არ ათავისუფლებს, არც ამ ნაგებობათა შესაბამის ღირებულებას არ უხდის მოსარჩელეს. სარჩელის საფუძვლად სს ავტოსატრანსპორტო ფი. “ე.” მიუთითებდა ზუგდიდის შს სამმართვლოს მონაკვლევ მასალებს და სამეგრელო, ზემო-სვანეთის რეგიონის კონტროლის პალატის შემოწმების აქტს. დ. გ-ემ სარჩელით ითხოვა ამAშენობა-ნაგებობის მოსარჩელის საკუთრებად ცნობა და მოპასუხის მხრიდან ამ ნაგებობებით სარგებლობის შეწყვეტა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ კოოპერატივ “ს." მთელი ქონება მისი და ზ. ხ-ას სახსრებითაა შექმნილი და მიუხედავად იმისა, რომ კოოპერატივის ქონების ნახევარი მას ეკუთვნის, იმის გამო, რომ სურდა დავა შემწყდარიყო, თანახმა იყო იმ განაწილებაზე, რაც კოოპერატივში მოხდა (15 ავტოფარეხიდან 9 მიეკუთვნა ზ. ხ-ას მეუღლეს _ ნ. ფ-ას, 6 _ რ. ჯ-ას, 3 ა/მანქანიდან 2 ნ. ფ-ას, ხოლო 1 მოპასუხეს), თუმცა მოსარჩელე ამით არ დაკმაყოფილადა. რ. ფ-ამ ასევე მიუთითა, რომ შპს “ნ." რეგისტრაცია სასამართლომ კანონიერად მოახდინა და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს. მოპასუხემ ასევე არ ცნო სს “ე." დირექტორის დ. გ-ის სარჩელი იმ მოტივით, რომ საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტაცია, რომლებიც ადასტურებენ, რომ სადავო შენობა-ნაგებობანი ირიცხებოდა სს “ე."'სახელზე.

აღნიშნული საქმე აცილების წესით განიხილა წალენჯიხის რაიონულმა სასამართლომ, რომლის 2001წ. 20 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ნ. ფ-ას სარჩელი. ნ. ფ-ას სარჩელს უარი ეთქვა შპს “ნ.” რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაწილში, უსაფუძვლობის გამო. შპს “ნ.” ნ. ფ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 10000 ლარის გადახდა. მოსარჩელე, სს “ე.” საკუთრების უფლებით მიეკუთვნა შპს “ნ." კუთვნილებაში არსებული, ქ. ზუგდიდში, ... მიმდებარე ტერიტორია ფართით: სიგრძე 26,7 მ., სიგანე 11,8 მეტრი, ამ ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობებით და მიკუთვნებულ ტერიტორიაზე შემოვლებული რკინის მავთულბადით. აღნიშნული ტერიტორიიდან შპს “ნ." გამოსახლებულ იქნა. არ დაკმაყოფილდა სს “ე." სარჩელი შპს “ნ." 2 ავტოფარეხისა და 6607 ლარის მიკუთვნების შესახებ უსაფუძვლობის გამო.

დ. და რ. ჯ-ებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით: რ. და დ. ჯ-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ცვლილება იქნა შეტანილი წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 მარტის გადაწყვეტილებაში, კერძოდ, მოსარჩელე ნ. ფ-ს სასარგებლოდ მოპასუხე შპს “ნ."'10000 ლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება გაუქმდა და ამ ნაწილში ნ. ფ-ას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ასევე გაუქმდა გადაწყვეტილება მოპასუხე შპს “ნ."'სახელმწიფო ბაჟის სახით 250 ლარის დაკისრების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ის ფაქტი, რომ რ. ჯ-ა, “ს." გამოეყო ამ კოოპერატივის ყოფილი თავმჯდომარის მემკვიდრის, ნ. ფ-ას თანხმობის გარეშე, “მეწარმეთა შესახებ" კანონის 5.8 მუხლის შესაბამისად არ წარმოშობს საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს. (ზუგდიდის სარაიონთაშორისო პროკურატურის 1997წ. აპრილის აქტის, 1997წ. 22 ოქტომბრის სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილების საფუძველზე) პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ კოოპერატივი “ს.” შეიქმნა ზ. ხ-ასა და რ. ჯ-ას სახსრებით, ასევე “ს." ქონება და მისი სახსრები იმითაც შეივსო, რომ 1992წ. 1 ივნისს ¹16 საგადასახადო დავალებით კოოპერატივმა “ე." კოოპერატივ “ს." ფინანსური დახმარების სახით^ჩაურიცხა 17000 რუსული რუბლი, რომელიც მოხმარდა კოოპერატივის ქონების გაზრდას. სააპელაციო სასამართლოს კოოპერატივ “ს.” სრულუფლებიანი წევრი იყო და კოოპერატივის ქონება წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მხარეებმა კოოპერატივის ქონება ფაქტობრივად გაინაწილეს (გაიყვეს) და თითქმის ბოლო ხუთი წელია გაყოფის შედეგად მიღებული მათი წილ ქონებას პატრონობენ. პალატამ მიუთითა, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კოოპერატივ “ს.” ავტოფარეხეის შეძენას აწ გარდაცვლილი ზ. ხუჭუას პირადი სახსრებით. რაც შეეხება ქ. ზუგდიდში ... მდებარე ფართს შენობა-ნაგებობებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ზემოხსენებული შენობა-ნაგებობები სს “ე." კუთვნილებაა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით. ნ. ფ-ას საკასაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.

შპს “ნინოს” წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან და მოითხოვენ მის გაუქმებას ტერიტორიის, შენობა-ნაგებობის მიკუთვნების და გამოსახლების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების გამოტანას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

მოცემულ საქმეზე სასამართლომ სს “ე.” საკუთრებაში გადასცა სადავო ტერიტორია ისე, რომ არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ რამდენიმე წინადადებით კერძოდ, მიუთითა, რომ სადავო შენობა-ნაგებობები სს “ე.” საკუთრებას წარმოადგენს, რაც დასტურდება სამეგრელო-ზემო სვანეთის კონტროლის პალატის 1997წ. აპრილის აქტით და პროკურატურის შემოწმების მასალებით.

კონტროლის პალატის აქტში აღნიშნულია, რომ მხარეთა შორის ქონებრივი დავა აღემატება კონტროლის პალატის პრეროგატივას, რის გამოც მასალები სასამართლოს უნდა გადაეგზავნოს. სასამართლოს მიერ ასევე მტკიცებულებად მითითებულ საქმის მასალებიდან მოსარჩელის რაიმე უფლება სადავო შენობა-ნაგებობებზე არ დასტურდება. ამდენად, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.

სსკ-ს 249(4)-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია მიუთითოს კანონები, რომლითაც იგი ხელმძღვანელობდა.

მოცემულ საქმეზე სასამართლომ არ გამოიყენა კანონის არცერთი ნორმა, რომლის საფუძველზეც უძრავი ნივთი საკუთრებაში გადასცა მოსარჩელეს. უძრავი ნივთის შესაძენად კი სკ-ს 183(1)-ე მუხლი აუცილებელ პირობად მიიჩნევს სანოტარო წესით დამოწმებულ საბუთს და შემძენის რეგისტრაციას საჯარო რეესტრში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ აუცილებელია დადგინდეს სადავო ტერიტორია და შენობა-ნაგებობები ვის კანონიერ სარგებლობაშია, გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები და ბოლოს დადგენილ გარემოებებს უნდა მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილება სააქციო საზოგადოება “ე.” ქ. ზუგდიდში, ... მდებარე საერთო ეზოს შესასვლელთან არსებული ტერიტორიის, ამ ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების და ამ ტერიტორიაზე გარს შემოვლებული რკინის მავთულბადის საკუთრებაში გადაცემის და ამ ფართიდან შპს “ნინოს” გამოსახლების შესახებ წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2001 წ. 20 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და ან ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.