გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-348-02 22 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, თ. კობახიძე
დავის საგანი: საცხოვრებელი ფართის სარგებლობის უფლების ხელშეშლის აკრძალვა.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. დ-შვილი ფაქტობრივ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა დ. რ-იასთან. სამტრედიის რაიონის სახალხო სასამართლოს 1977წ. 29 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. დ-შვილის სარჩელი მოპასუხეების: ვ. და დ. რ-იების, ა. ვ-იას მიმართ და ვ. რ-იას კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან თ. დ-შვილს მცირეწლოვან შვილ შ. რ-იასთან ერთად გამოეყო სარგებლობის უფლებით სახლის ზედა სართულზე მდებარე წინა ოთახი 14 კვ.მ ფართით, ¹1 და მისი შესაბამისი სათავსი ოთახი ქვედა სართულზე, ზედა და ქვედა აივნები და საერთო სარგებლობის კიბე. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამჟამად კანონიერ ძალაშია. თ. დ-შვილმა 2000წ. სექტემბერში, სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. რ-იას დის, ჰ. რ-იას მიმართ და მოითხოვა საცხოვრებელ ფართზე მისი სარგებლობის უფლების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის აღკვეთა მოპასუხის მიერ, მიყენებული ზიანის _ 400 ლარის ანაზღაურება. თ. დ-შვილმა სარჩელში მიუთითა, რომ მოპასუხემ აუკრძალა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიკუთვნებული ოთახის, პირველ სართულზე არსებული სათავსის, საერთო აივნისა და კიბით სარგებლობა. ჰ. რ-ია სისტემატურად კეტავს საერთო სარგებლობის დერეფანს და ჭიშკარს, მან მოშალა მეორე სართულზე ასასვლელი საერთო სარგებლობის კიბე, ამიტომ მოპასუხეს უნდა დაევალოს ამ კიბის აღდგენა, ასევე, საერთო დერეფნის და ჭიშკრის სარგებლობის უფლებაზე ხელშეშლის აღკვეთა.
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. დ-შვილის სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. ჰ. რ-იას დაევალა, აღკვეთოს თ. დ-შვილისადმი უკანონო ხელისშეშლა სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის ქ.სამტრედიაში, ... სარგებლობის უფლებით გამოყოფილ ფართზე. ჰ. რ-იამ დაუყოვნებლივ უნდა აღადგინოს სახლის წინა მხარეს მდებარე კიბე, წინააღმდეგ შემთხვევაში თ. დ-შვილს ნება მიეცემა, მიაშენოს თავის სარგებლობაში არსებულ ფართზე დროებითი სარგებლობის კიბე.
ჰ. რ-იამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 19 სექტემბერს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელთაც ჰ. რ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მისი გამოუცხადებლობის გამო. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2001წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩა უცვლელად.
ჰ. რ-იამ გაასაჩივრა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 21 ნოემბერს გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება: ჰ. რ-იას გამოუცხადებლობის გამო არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი; უცვლელი დარჩა სამტრედიის სასამართლოს 2001წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე.
სააპელაციო პალატის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 21 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდენ ჰ. რ-ია და თ. დ-შვილი; ჰ. რ-იამ სასამართლოს მისცა აცილება და პროტესტის ნიშნად დატოვა სასამართლო სხდომის დარბაზი; მოწინააღმდეგე მხარემ თ. დ-შვილმა მოითხოვა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა ჰ. რ-იას გამოუცხადებლობის გამო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლის თანახმად გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.
ჰ. რ-იამ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის შემდეგი მოტივებით: ძმის, დ. რ-იას, გარდაცვალების გამო მან სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გადადებულიყო საქმის განხილვა ოქტომბრამდე, მაგრამ სასამართლომ ეს განცხადება დატოვა უპასუხოდ, არ იმსჯელა ჰ. რ-იას პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარში მან მოითხოვა სასამართლო შემადგენლობის აცილება, მაგრამ სააპელაციო პალატის 2001წ. 21 ნოემბრის სხდომაზე სასამართლოს იგივე შემადგენლობა იხილავდა მის საჩივარს, რის გამოც მოითხოვა მისი აცილება, რადგან მათ უნდობლობას უცხადებდა და პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომის დარბაზი. ამის მიუხედავად სასამართლომ გააგრძელა პროცესი და გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ჰ. რ-იას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 19 სექტემბერს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ჰ. რ-იას სააპელაციო საჩივარი მისი გამოუცხადებლობის გამო; სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2001წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩა უცვლელად. ჰ. რ-იამ საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 5 ნოემბრის განჩინებით მიიღო ჰ. რ-იას საჩივარი განსახილველად და საჩივრის განხილვა დანიშნა 2001წ. 21 ნოემბერს 1100 საათზე, სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 21 ნოემბრის სხდომაზე ჰ. რ-იამ იშუამდგომლა სასამართლოს მთლიანი შემადგენლობის აცილების თაობაზე, რადგან მისი აზრით სასამართლომ დაუსაბუთებლად გადადო 2001წ. 2 ივლისის სხდომა. მისთვის ცნობილი არ იყო 2001წ. 19 სექტემბრის სხდომის შესახებ. სასამართლომ ისე გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომ არ გაითვალისწინა მისი საპატიო მიზეზი ძმის გარდაცვალების გამო. მან სასამართლოს წარუდგინა აცილების შესახებ განცხადება და სასამართლოსადმი უნდობლობის გამო დატოვა სხდომის დარბაზი. სააპელაციო სასამართლომ გააფრთხილა მხარე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლის საფუძველზე, მხარე რომელიც თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, მაგრამ უარს აცხადებს პროცესში მონაწილეობაზე, ითვლება გამოუცხადებლად. მოწინააღმდეგე მხარე თ. დ-შვილმა იშუამდგომლა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. სასამართლომ იმავე სხდომაზე არ დააკმაყოფილა ჰ. რ-იას შუამდგომლობა სასამართლოს აცილების შესახებ;
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლი; ამ ნორმის თანახმად ითვლება, რომ ჰ. რ-ია არ გამოცხადდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეტანილი საჩივრის განხილვის სასამართლო სხდომაზე. სააპელაციო პალატამ ასევე სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილი მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამ მუხლში მითითებულია, რომ მხარეს, რომელმაც შემოიტანა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ, მაგრამ არ გამოცხადებულა დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე, უფლება არა აქვს კვლავ შეიტანოს საჩივარი მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის კვლავ განახლების შესახებ.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოს არ დაურღვევია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს, რის გამოც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჰ. რ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 21 ნოემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.