¹ 3კ/349-02 5 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. ცისკაძე
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. ა-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1998 წლის 23 მარტს ა. ნ-იას უპროცენტოდ ასესხა 1500 აშშ დოლარი. მან 1998 წლის 11 ოქტომბერს ა. და რ. ნ-იებს დამატებით ასესხა 1000 აშშ დოლარი 10%-ის სარგებლით, ხოლო 1998 წლის 20 ოქტომბერს _ 1000 აშშ დოლარი 8%-ის სარგებლით. Mმოპასუხეებმა ვალი არ გადაიხადეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი. ა-შვილმა მის სასარგებლოდ მოითხოვა ა. და რ. ნ-იებისათვის 3500 აშშ დოლარის დაკისრება. საქმის სასამართლო განხილვის დამთავრებამდე მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა 7536 აშშ დოლარი.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ ი. ა-შვილის მიერ წარმოდგენილი ხელწერილები არ ასახავდნენ საქმის რეალურ მდგომარეობას, ვინაიდან მათი დადებისას არ მომხდარა თანხის გადაცემა და ხელწერილის დადებას არ ესწრებოდნენ ხელწერილზე ხელმომწერი პირები. ა. და რ. ნ-იების განმარტებით, მათ გადახდილი აქვთ მოსარჩელისაგან მიღებული თანხა და მათი ურთიერთობა შეწყვეტილია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ა-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილები არ წარმოადგენდნენ მოცემულ საქმეზე მტკიცებულებას, რადგან ხელწერილების შედგენაში მათზე ხელის მომწერნი არ მონაწილეობდნენ, ხოლო მათ ხელი მოაწერეს სხვა გარემოებაში და არა ხელწერილში მითითებულ დროს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ა. და რ. ნ-იებს დაბრუნებული ჰქონდათ მოსარჩელეებისათვის სესხად აღებული თანხა და მათ შორის რაიმე ვალდებულება აღარ არსებობდა.
ი. ა-შვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიჩნია უკანონოდ და სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატას.
აპელანტმა აღნიშნა, რომ არასწორი იყო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოს ხელწერილების დადების დროს არ მომხდარა თანხის გადაცემა. ი. ა-შვილმა მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მოპასუხეებისათვის მის მიერ განსაზღვრული თანხის დაკისრება.
ა. ნ-იას განმარტებით, მას სრულად ჰქონდა გადახდილი სესხის თანხა ი. ა-შვილისათვის და ამდენად, აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი. ა-შვილის სააპელაციო საჩივარი. '
საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმეზე წარმოდგენილი ხელწერილები არ წარმოადგენდნენ მტკიცებულებებს, ვინაიდან ისინი არ ასახავდნენ საქმის რეალურ მდგომარეობას.
საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ა. და რ. ნ-იებს დაბრუნებული ჰქონდათ სესხი ი. ა-შვილისათვის და მათ შორის ვალდებულებითი ურთიერთობა აღარ არსებობდა.
ი. ა-შვილმა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 ნოემბრის განჩინება მიიჩნია უკანონოდ და საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს ი. ა-შვილის მიერ წარმოდგენილი ხელწერილები უნდა მიეჩნია ვალდებულებითი ურთიერთობის დამადასტურებელ მტკიცებულებად და უნდა დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა ძირითადი თანხისა და პროცენტის დაკისრების შესახებ.
კასატორის აზრით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა სამოქალაქო კოდქსის 328-ე, 341-ე და 625-ე მუხლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ ი. ა-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლითაც სასამართლო ხელმძღვანელობს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხლშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
აღნიშნული ნორმის თანახმად ზეპირი ხელშეკრულების ნამდვილობის დასადასტურებლად საკმარისი არაა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები. აუცილებელია მსესხებლის სავალო ხელწერილის ან სხვა რაიმე დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადასტურდება მსესხებლისათვის განსაზღვრული ფულადი თანხის ან სხვა ნივთის გადაცემის ფაქტი. Kკანონმდებელი სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის დროს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს წერილობით მტკიცებულებას.
საქმეში წარმოდგენილია მოპასუხეთა მიერ დადასტურებული ხელწერილები, რომლებითაც მოპასუხეები ადასტურებენ თანხის მიღებას. სააპელაციო სასამართლო არ მიუთითებს და არ ასაბუთებს, თუ რატომ მიაჩნია, რომ ხელწერილებში მითითებული თანხა მოპასუხის დავალიანებას არ წარმოადგენს. ის გარემოება, რომ, როგორც სასამართლო ადგენს, ხელწერილის დადებას არ ესწრებოდა მასზე ხელმომწერი ყველა პირი, არ გამორიცხავს ხელწერილის ნამდვილობას, ვინაიდან თვით მოპასუხე არ უარყოფს ხელწერილზე ხელის მოწერას.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით უნდა იმსჯელოს, მოცემული ხელწერილები ხომ არ წარმოადგენს არსებული ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებში ვალდებულების შესრულების დეტალების დადასტურებას ან ვალის არსებობის აღიარებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ ასევე უნდა შეაფასოს საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები.
პალატა ვერ ასაბუთებს მის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობას, როდესაც მიუთითებს, რომ ნ-იამ ი. ა-შვილისაგან სესხის სახით მიიღო 1720 აშშ დოლარი. აღნიშნულ დასკვნამდე პალატა მიდის მხოლოდ მოპასუხის განმარტების მიხედვით და შესაბამის შეფასებას არ აძლევს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
სააპელაციო პალატამ შესაბამისი შეფასება ასევე არ მისცა 1998 წლის 25 ოქტომბრით დათარიღებულ დოკუმენტს, რომელსაც ხელს აწერს მოპასუხე და მოსარჩელე.
სასამართლომ მოწმეთა განმარტებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის 800 აშშ დოლარის დაბრუნება.
სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კრედიტორმა უნდა გასცეს დამადასტურებელი დოკუმენტი მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ.
კანონმდებელი ამ ნორმით კიდევ ერთხელ განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის პრინციპს, რომ სასესხო ვალდებულებებში როგორც სესხის გაცემის, ისე მისი დაბრუნების დადასტურება უნდა მოხდეს წერილობითი ფორმის მტკიცებულებებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აშკარად დარღვეულია აღნიშნული პრინციპი.
საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატის განჩინება არ არის იურიდიულად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. ა-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.