საქმე # 020142224701682792
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №21აგ-24 11 ოქტომბერი, 2024 წელი
გ-ძე გ, 21აგ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენით:
გ. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით დანიშნულ სასჯელს, 3 წლით თავისუფლების აღკვეთას სრულად დაემატა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და საბოლოოდ, გ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 5 წლით.
გ. გ-ს სასჯელი აეთვალა – 2022 წლის 22 მარტიდან. მასვე, სასჯელის მოხდად ჩაეთვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდილი ნაწილი, 2020 წლის 23 ივნისიდან 2022 წლის 22 მარტის ჩათვლით.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. გ-მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით:
მსჯავრდებულ გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენი გ. გ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. გ-მ, რომელმაც ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინებით:
მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენების გადასინჯვის შესახებ ცნობილ იქნა დაუშვებლად.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა – გ. გ-ემ; კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას, რომ განსახილველად დაუშვას მისი შუამდგომლობა.
7.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები გადასინჯვას საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით ექვემდებარება. განაჩენს საფუძვლად უდევს მხოლოდ ვარაუდი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის ავტორის არგუმენტები, გააანალიზა მისი მოსაზრებები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან:
2. მსჯავრდებული გ. გ-ძე მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს.
3. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე ახალი გარემოება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი მხარეების ან სასამართლოსათვის და რომელიც დაადასტურებდა იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს. ამასთან, გ. გ-ის მსჯავრდების საქმეში არსებული მტკიცებულებები შეაფასა სამი ინსტანციის სასამართლომ და მათი ხელმეორედ შეფასება სცილდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.
4. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის არც სხვა, რომელიმე საფუძვლის დამადასტურებელი მასალა წარმოუდგენია; შესაბამისად, ვინაიდან განსახილველ საქმეში, კასატორ გ. გ-ის საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ მიესადაგება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ არცერთ საფუძველს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 აპრილის განჩინება – მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი