Facebook Twitter
საქმე # 190100124008615114


საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით


საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ

საქმე №677აპ-24 ქ. თბილისი
ხ-ი ვ, 677აპ-24 22 ოქტომბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლელა ჭეშმარიტაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მარტის განაჩენით:
1.1. ვ. ხ-ი, - დაბადებული .. წლის .. სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 16 დეკემბრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ხ-მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2023 წლის ოქტომბრის ბოლო რიცხვებიდან იმავე წლის დეკემბრის ჩათვლის პერიოდში, ვ. ხ-ი, გენდერის ნიშნითა და შეუწყნარებლობის მოტივით, სხვა პირებზე ვეჭვიანობისა და ქალის ქცევის კონტროლით განპირობებული მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ყოფილ ინტიმურ პარტნიორს - ნ. კ-ს, როგორც პირადად, ასევე, სოცილაური ქსელის საშუალებით, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. 2023 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით, 14:00 საათზე, დაუთქვა შეხვედრა ქ. რ-ვში, მ-ის ქუჩაზე მდებარე წმინდა ნ-ის სახელობის ტაძრის ეზოში, სადაც თანნაქონი დანის დემონსტრირებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ არ გაახარებდა და მოკლავდა, რაც ნ. კ-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლელა ჭეშმარიტაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ ვ. ხ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა - პროკურორმა ლელა ჭეშმარიტაშვილმა მოითხოვა მხოლოდ მსჯავრდებულ ვ. ხ-ის დანიშნული სასჯელის დამძიმება.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ ლელა ჭეშმარიტაშვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ვ. ხ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე (მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), ვ. ხ-მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, რისი მხედველობაში მიღებითაც, შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი და სამართლიანი სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ), რომელიც სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე



დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლელა ჭეშმარიტაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ხ-ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.




თავმჯდომარე ლ. თევზაძე



მოსამართლეები: შ. თადუმაძე



მ. გაბინაშვილი