გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-352-02 16 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. მ-ძე 1981 წლიდან მუშაობდა ზუგდიდის სააქციო საზოგადოება “მ-ში” ეკონომიკური სამსახურის უფროსად. 1998წ. 14 ივლისის ¹13 ბრძანებით საზოგადოების დირექტორმა გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის I ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
მ. მ-ძემ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონის სასამართლოს და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და სააქციო საზოგადოება “მ-ის” დირექტორ ბ. გ-ავასათვის 3000 ლარის დაკისრება მისთვის მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ.
რაიონულ სასამართლოს 1998წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. მ-ძის სარჩელი. იგი აღდგენილ იქნა ზემოაღნიშნულ სამუშაოზე. სს “მ-ის” ადმინისტრაციას მ. მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 5 თვისა და 10 დღის საშტატო განაკვეთის ოდენობით იძულებით გაცდენილი სამუშაო დროის ხელფასის ანაზღაურება, 1998წ. 17 ივლისიდან 1998წ. 24 დეკემბრამდე. მოსარჩელეს მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა.
ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999წ. 16 თებერვლის განჩინებით საკასაციო საქმის წარმოება შეჩერდა მ. მ-ძის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 26 სექტემბრის განჩინებით შეჩერებული საქმის წარმოება განახლდა და საკასაციო საჩივრები განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატას ქვემდებარეობისამებრ განსახილველად.
მ. მ-ძემ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხისათვის 3000 დოლარის ნაცვლად მოითხოვა 500 000 ლარის დაკისრება; სს “მ-ის” გენერალურმა დირექტორმა ბ. გ-ავამ მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების გამოტანა მ. მ-ძის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 20 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრები და უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ განჩინებაში მიუთითა, რომ ადმინისტრაციის მიერ მიღებული მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის ბრძანებაში არ ჩანს, მ. მ-ძემ შრომის ხელშეკრულება და შრომის შინაგანაწესი დაარღვია, თუ არასაპატიო მიზეზით გააცდინა სამუშაო, რომლის მიმართ ადრე გამოყენებული იყო დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება. პალატამ შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მიიჩნია, რომ მ. მ-ძეს ადმინისტრაციული სასჯელის დადებამდე არ ჩამოართვეს წერილობითი განმარტება; პალატამ ჩათვალა, რომ მხარე ვერ ასაბუთებს, როგორ შეავსებს 500 000 ლარი ამ ზიანს, რასაც იგი მორალურ ზიანს უწოდებს;
მ. მ-ძემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საოლქო სასამართლოს განჩინება მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და მოითხოვა მოპასუხისათვის 100 000 ლარის დაკისრება მისი პატივისა და ღირსების შელახვის გამო, რაც გამოიხატა პანღურის ამორტყმაში, ხულიგნობასა და კოლექტივისათვის მიუღებელ პიროვნებად შეფასებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო პალატის განჩინება დაუსაბუთებელია, არ არის მითითებული კანონის ნორმა, რომლის საფუძველზეც მიიღო სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება. აღნიშნული კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად განჩინების გაუქმების საფუძველია.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები მ. მ-ძის მიერ მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით და აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 413-ე, მე-18 მუხლების შესაბამისად გადაწყვიტოს მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 20 დეკემბრის განჩინება და საქმე ხალახლა განსახილველად გაეგზავნოს იმავე პალატას.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.