გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-354-02 5 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
კასატორის თხოვნა: განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. ჰ-რუმმა ი. ლ-იანისა და გ. თ-უას წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეთა ეზოში დრენაჟის მოწყობის ნებართვა. მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ... ქ. თბილისში და მოპასუხეთა მიწის ნაკვეთი ემიჯნება მისი სახლის კედელს ისე, რომ სახლის სახურავი და მოპასუხეთა მიწის ნაკვეთი ერთ სიბრტყეზეა განლაგებული. მოსარჩელს სახლის კედელსა და მოპასუხეთა მიწის ნაკვთებს შორის ადრე სიცარიელე იყო და წვიმის წყალი ჩაედინებოდა საკანალიზაციო გაყვანილობაში. შემდგომში ეს სიცარიელე ამოივსო მიწით, რამაც გამოიწვია ის, რომ წვიმისა და გრუნტის წყლები ჟონავს სახლის კედელში, რაც იწვევს კედლის დანესტიანებას და ქმნის ჩამოქცევის საფრთხეს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მეზობელი მიწის ნაკვეთში დრენაჟის მოწყობით შესაძლებელია მოსალოდნელი საფრთხის აღკვეთა. ამასთან, იგი თანახმაა გადაუხადოს მოპასუხეებს დრენაჟის მოწყობის ნებართვისათვის კომპენსაცია.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ი. ჰ-რუმს ნება დაერთო თავისი ხარჯით, საამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად შედგენილი პროექტის დაცვით, მოაწყოს სათანადო დრენაჟი მოპასუხეთა მიწის ნაკვეთში. მოსარჩელეს დაეკისრა მოპასუხეთა სასარგებლოდ 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა ერთჯერადი კომპენსაციის სახით მათი მიწის ნაკვეთის გამოყენების თმენის ვალდებულებისათვის.
სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის I ნაწილი, 170-ე მუხლის I ნაწილი, 174-ე მუხლი, 175-ე მუხლის I ნაწილი და 180-ე მუხლი (ანალოგიით).
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 20 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე არაა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, არ ეყრდნობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც საქმე ხელახლა უნდა იქნეს განხილული. წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებასთან ერთად პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა იმაზეც, რამდენად შესაძლებელია დრენაჟის მოწყობასთან დაკავშირებული თმენის ვალდებულება, როცა დრენაჟი შესაძლებელია მოეწყოს მოსარჩელის სახლის მხრიდანაც. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლომ საქმის გადაწყვეტისას უნდა მოახდინოს ამ ორი შესაძლებლობის შედარება და დასაბუთება, თუ რატომ იქნა ამორჩეული ერთი და არა მეორე ვარიანტი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სასამართლოს ანალოგიით არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი, რომელიც ადგენს აუცილებელი გზის გაყვანას საჯარო გზასთან დასაკავშირებლად.
ი. ჰ-რუმმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება, რადგან მიაჩნია, რომ იგი უკანონოა. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 174-ე, 180-ე მუხლები.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემული საქმე სააპელაციო სასამართლომ ხელახლა განსახილველად დააბრუნა პირველი ინსტანციის სასამართლოში იმ მოტივით, რომ იგი იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული. ამასთან, მიუთითა, რომ სასამართლომ საქმეზე დამატებით უნდა გამოიკვლიოს მტკიცებულებანი და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებანი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აღნიშნული დავა პირველი ინსტანციით ხელახლა უნდა იქნეს განხილული, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილით სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი, რადგან მას უფლება აქვს საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები თვითონაც დაადგინოს. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლით სააპელაციო სასამართლო გამოიკვლევს როგორც ახლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ისე შეუძლია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები გაიზიაროს მთლიანად ან ნაწილობრივ. ე.ი. სააპელაციო სასამართლო ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლოა და მას სრული უფლება აქვს ყოველმხრივ გამოიკვლიოს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი და დაადგინოს საქმეზე ფაქტები. მოცემულ შემთხვევაშიც სააპელაციო სასამართლოს შეეძლო გამოეყენებინა სსკ-ს 385-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინიჭებული უფლება და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით (სარჩელი შეტანილია 1999წ. 14 დეკემბერს) თვითონ გამოეკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებანი, მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება და მიეღო ახალი გადაწყვეტილება, თუ არ გაიზიარებდა პირველი ინსტანციის საამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვა გაჭიანურებულია, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიყენოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილი და არსებითად თვითონ გადაწყვიტოს დავა. პალატის აღნიშნული მოსაზრება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილია საქმეთა განხილვის საპროცესო ვადები, რაც ითვალისწინებს სამოქალაქო დავების დროულ, გონივრულ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი. მოცემული დავის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის უნდა გამოიკვლიოს, მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მოსარჩელის სახლს ემუქრება თუ არა ჩამოქცევის საფრთხე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, თავიდან იქნება აცილებული თუ არა ჩამდინარე წყლებით სახლის გარე კედლისა და საძირკვლის დაზიანება მხოლოდ შიდა სადრენაჟო სამუშაოების ჩატარებისას. აგრეთვე გამოსარკვევია მეზობლის მიწის ნაკვეთზე სადრენაჟო სამუშაოების ჩატარების დაუშვებობისას ემუქრება თუ არა ჩამოქცევის საფრთხე მოსარჩელის სახლს მეზობელი მიწის ნაკვეთიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. ჰ-რუმის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 20 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.