საქმე # 120100123007596317
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№1118აპ-24 21 ოქტომბერი, 2024 წელი
ღ-ე ა, 1118აპ-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ბეგაშვილისა და მსჯავრდებულ ა. ღ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ფ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ნოემბრის განაჩენით:
ა. ღ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, რომლის მოხდა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2023 წლის 19 მარტიდან.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
2023 წლის 18 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, ბ-ში, თ-ს ქუჩის მე-2 შესახვევის N--ში მდებარე რ. ა--ს სახლის მიმდებარედ ქუჩაში, ა. ღ-ემ შელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტისას, რ. ა–ს მოკვლის განზრახვით დანა დაარტყა გულ-მკერდის არეში, რის შემდეგაც კვლავ ცდილობდა დანის დარტყმას, თუმცა, დაზარალებულმა ხელი დაუჭირა და ასევე ადგილზე მისულმა რ. ა-ა ფიზიკური ძალით განარიდა რ. ა-ს, რის გამოც ა. ღ-ემ ვერ შეძლო რ. ა--ს მოკვლა, ვინაიდან გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მისი სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განაჩენით:
მსჯავრდებულ ა. ღ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ფ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
ცვლილება შევიდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ნოემბრის განაჩენში:
ა. ღ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ა. ღ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით, იმავე ვადით.
ა. ღ-ეს სასჯელი აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2023 წლის 19 მარტიდან.
4. კასატორი – პროკურორი გიორგი ბეგაშვილი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, ა. ღ--ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას;
5. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ა. ღ-ის ქმედება სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად დაკვალიფიცირდა. სასამართლომ არ შეაფასა ბრალდებულის ჩვენება, რომელიც ეწინააღმდეგება მოწმეთა გამოკითხვის ოქმებსა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ა. ღ-ემ როგორც გამოკითხვისას, ისე დაკითხვისას განმარტა, რომ რ. ა. იყო მის ზემოთ მოქცეული, ურტყამდა, რის გამოც, ერთხელ, მოგერიების მიზნით, დაარტყა დანა (მცირე ზომის დანის პირით). როგორც რ. ა-ა, ისე რ. ა--ა სასამართლოში დაადასტურეს, რომ ა. ღ-ე მოექცა რ-ის ზევით. ა. ღ-ის დაკავების ოქმში მითითებულია, რომ ბრალდებულს დაზიანებები აღენიშნებოდა მუხლებსა და იდაყვებზე, რაც აგრეთვე მისი პირადი შემოწმების საფუძველზე გაცემული ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება. შესაბამისად, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები ცხადჰყოფს, რომ ა. ღ-ის ჩვენებაში არსებითი წინააღმდეგობებია. ამასთან, ა. ღ-ეს განზრახვა მაშინ გაუჩნდა, როდესაც რ. ა-ა მასზე ფიზიკურად იძალადა. პროკურორის პოზიციით, რ. ა--სა და რ. ა-ს ჩვენებები თანხვდენილია. ფაქტი, რომ რ. ა. არის დაზარალებული, ხოლო რ. ა. მისი მეგობარი, მოცემული იმთავითვე საეჭვოს არ ხდის მათი ჩვენების სანდოობას.
6. კასატორი – ადვოკატი ი. ფ-ე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანასა და ა. ღ-ისათვის დანიშნული სასჯელის 1 წლითა და 6 თვით შემცირებას;
7. საკასაციო საჩივრის მიხედვით, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არის მკაცრი და არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხარიხსა და დამნაშავის პიროვნებას. მისთვის 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სრულად საკმარისია დამნაშავის რესოცილიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის.
8. ბრალდებისა და დაცვის მხარეს საკასაციო საჩივრებზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბრალდებისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ადვოკატის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება:
2. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ღ-ემ ჩაიდინა არა რ. ა-ს განზრახ მკვლელობის მცდელობა (საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლი), არამედ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება (საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი).
3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ქმედების გადაკვალიფიცირების ნაწილში და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებითა და ექსპერტიზის დასკვნებით, უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით, დასტურდება ა. ღ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისათვის, თანაბრად მნიშვნელოვანია ქმედების როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით დადგენა, რაც გულისხმობს იმას, რომ გარდა დაზარალებულისათვის კონკრეტულ ლოკაციაზე დაზიანების მიყენებისა, სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის შექმნისა, უნდა იკვეთებოდეს უშუალოდ პირის მოკვლის განზრახვის ფაქტიც.
5. საკასაციო პალატამ სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეში მიუთითა, რომ: ,,ქმედების სუბიექტური შემადგენლობის, განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა“ (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს №527აპ-17 გადაწყვეტილება).
6. მოცემულ შემთხვევაში, რ. ა-ს ფიზიკურ დაზიანებასთან მიმართებით წარმოდგენილია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები, კერძოდ:
7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 11 აპრილის დასკვნის თანახმად: რ. ა–ს 2023 წლის 18 მარტს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა არეში კანქვეშა ემფიზემით. შესაბამისი კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევით, არ არის დადასტურებული ჭრილობის შემავლობა გულმკერდის ღრუში. აღნიშნული ჭრილობა მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და იგი ცალკე იზოლირებულად აღებული, ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო.
8. ამასთან, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 7 ივლისს დასკვნის თანახმად: შპს ,,ჯ–ს“ ბ-ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N984/23-ის მიხედვით, რ. ა-ს კლინიკისათვის მიუმართავს 18.03.2023 წელს, 22:15 საათზე, სადაც დაესვა დიაგნოზი: მწვავე ტრამვული კანქვეშა ემფიზემა, გულმკერდის ღია ჭრილობა, დაუზუსტებელი ნაწილი გულმკერდის კედელი, რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი კლინიკო-ლაბორატორიული და წარმოდგენილი რადიოლოგიური გამოკველევის მონაცემებით, ჰემოპნევმოთორაქსის მოვლენები არ აღინიშნება და მხოლოდ ჭრილობის ირგვლივ კანქვეშა ემფიზემის არსებობა არ შეიძლება განიხილოს ჭრილობის გულმკერდის ღრუში შემავლობის ნიშნად. დაზიანება მიყნებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
9. ამდენად, როგორც წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების შინაარსით გამოიკვეთა, რ. ა-სათვის მიყენებული ჭრილობა ხარისხობრივად არ იყო მძიმე და სიცოცხლისთვის სახიფათო.
10. რაც შეეხება სუბიექტურ შემადგენლობას, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით და თავად ა. ღ-ის მიერ მიცემული ჩვენებით ნამდვილად დასტურდება, რომ ა. ღ-ეს გააჩნდა დაზარალებულისათვის დაზიანების მიყენების განზრახვა, რაც გამოწვეული იყო ურთიერთდაპირისპირებული მხარეების ჩხუბის შედეგად, თუმცა, უტყუარად არ დგინდება, რომ მას სურდა დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა, კერძოდ:
11. დაზარალებულმა რ. ა-ა განმარტა, რომ ბრალდებული დაახლოებით, 2-3 წლის განმავლობაში მის ბიცოლასთან სასიყვარულო ურთიერთობას აბრალებდა, რასაც თავად უარყოფდა. 2023 წლის 18 მარტს, საღამოს, რ. ა. იყო რ. ა-ნ, რა დროსაც ა-ი მათთან მივიდა. ა-მა დაუძახა რ-ს, რომ ის მასთან სასაუბროდ ჩასულიყო. მოწმემ როდესაც ნასვამი ა-ი დაინახა, არ ჩავიდა. 10 წუთის შემდეგ, ისევ დაუძახა ა-მა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. რ-ის განმარტებით, მან ვერ მოითმინა და რ-ის სახლიდან ჩაირბინა ჭიშკართან, გასცდა მას და გავიდა ჭიშკრის გარეთ. ა-იც გაჰყვა, რა დროსაც რ-მა შემოარტყა ხელი. ა-მაც შემოარტყა და დაიწყეს ჩხუბი. ამ დროს, რ-ს ა-ის ხელში დანა არ შეუნიშნავს. 2-3 წუთი ფეხზე მდგარნი ჩხუბობდნენ. ჩაჭიდებულები დაეცნენ ძირს. რ. ა. აღმოჩნდა ა-ის ქვემოთ. ა-მა დაარტყა მას და მარცხენა მხარეს, იღლიის ქვემოთ რ-მა იგრძნო ტკივილი. ბრალდებული მეორედაც ცდილობდა დარტყმას, რა დროსაც, რ-მა მისი მარცხენა მკლავით დაუჭირა ა-ს მარჯვენა ხელი. მეორე ხელით ა-ის მეორე ხელი ეჭირა და ხელს უშლიდა დარტყმაში. ამის გამო მეორე დარტყმა ვეღარ შეძლო. მოწმის განმარტებით, ა-ს ეჭირა პრიალა საგანი და დაინახა მხოლოდ მისი თავი. მოწმემ დაუძახა რ-ს, რომელიც მიდიოდა მათკენ მისაშველებლად. დაზარალებული ტკივილისგან ითიშებოდა. რ-ი მივიდა, ა-ს ზურგს უკან მოჰკიდა ხელი და გაიყვანა, რ-ს მოაშორა. ა. ღ-ე ამ დროს უკვე აღარ იწევდა რ-ისკენ.
12. მოწმე რ. ა-ს ჩვენებით, 2023 წლის 18 მარტს, ის და რ. ა. იმყოფებოდნენ მის ეზოში. შებინდებულზე მივიდა ა. ღ-ეც, რა დროსაც მის ხელში დანა არ დაუნახავს. ა-ი და რ-ი შეკამათდნენ. ა--ი აგინებდა რ-ს, რა დროსაც რ-მა მას ხელი დაარტყა და ა-ს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. რ-ი მივიდა მათთან, ჩაუდგა შუაში და გააშველა. რ-ი გამოიყვანა გვერდით. ა-ი კი წავიდა. რ-მა და რ-მა გააგრძელეს ეზოში საქმიანობა. ა--ი იყო ნასვამი. დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, ის ისევ დაბრუნდა და დაუძახა რ-ს, რომ მასთან მისულიყო. რ-ი ჩავიდა მასთან დაბლა, ატყდა ჩხუბი. რ-ი ეძახდა რ-ს, რომ ა-მა დაჭრა და მიშველებოდა. ჩხუბის დაწყებიდან დაახლოებით, 2 წუთში რ-მა ჩაირბინა მათთან. რ--ი იყო წაქცეული, ა-ი ეჯდა ზემოდან და ხელში ეჭირა მისი აზრით, დანა. რ-მა იღლიებში შეუყარა ა-ს ხელები, გადაითრია უკან და გაიყვანა. გაუჭირდა მისი გაყვანა, რადგან ა-ი ისევ რ-ისკენ იწევდა, რ-ს კი ეშინოდა მეორედ არ ჩაერტყა დანა რ--ისთვის. ა--ს სურდა მისთვის კიდევ დაერტყა დანა, რადგან რ-ს ზემოდან ეჯდა და დანიანი ხელით ცდილობდა დარტყმას, თუმცა, რ-ი უძალიანდებოდა, თან შველას ითხოვდა. გათრევის შედეგად, ა-ი დაეცა რ-ს ზემოდან. რ. ა. კი წამოხტა და რ-ის სახლის ეზოსკენ გაიქცა შეშინებული. მოწმის განმარტებით ის, რომ არ ჩარეულიყო ჩხუბში, ისინი ერთმანეთს თავს არ დაანებებდნენ და შესაძლოა, სავალალოდ დასრულებულიყო შემთხვევა, რადგან რ-ი ვეღარ შესძლებდა ა-ის მოგერიებას და ა--ს კვლავ მიეცემოდა დანის დარტყმის საშუალება.
13. მსჯავრდებულმა ა. ღ-ემ, განმარტა, რომ ორივე მოწმის მიერ მიცემული ჩვენება არის სიცრუე. რ-ი მას იჭერდა, ხოლო რ-ი ურტყამდა და სხეულის რამდენიმე ადგილას ჰქონდა დაზიანება. მან ამ ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი იმდენად, რომ ,,სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს.“ მსჯავრდებულმა განმარტა, რომ მას სურდა რ-ის ნახვა და ახსნა მისთვის, რომ ის სჩადიოდა არაკაცურ საქციელს და არ უნდა მისულიყო მისი ბიძის, მ. კ-ს ოჯახში. ბრალდებულის განმარტებით, ბიძამისმა არაფერი იცოდა. მას რომ ყველაფერი სცოდნოდა, მკვლელობა მოხდებოდა და ამიტომ, აფრთხილებდა ის რ-ს, რომ არ მიჰკარებოდა მათ ოჯახს. ა-ის აღწერით, რ. ა. მისი ეზოს ასასვლელ კიბეზე იყო წაწოლილი და ა-იც მას ზემოდან აწვა. ამასთან, რ-ი ზემოდან ეჯდა მუცელზე, ურტყამდა მას, რ-ი კი უკნიდან უჭერდა მას ყელში ხელებით, გუდავდა მას, აქტიურად იყო ჩართული მის მიმართ ,,ძალადობაში“ და ეხმარებოდა რ-ს. დანას აქვს ორი პირი, ერთი დიდი და მეორე, პატარა. ბრალდებულის განმარტებით, მას რ-ის მოკვლა არ უნდოდა და ამიტომ გაშალა დანის პატარა პირი. ა-ი იგერიებდა ხელებით რ-ს და როდესაც ვეღარ მოიგერია, ამოიღო დანა, გაშალა ცალი ხელით და დაარტყა მას. რ-მა მაშინვე დაანება თავი. დაუძახა რ-ს, რომ რაღაც აქვს ხელშიო და წავიდნენ. ა-ი მათ არ გაჰკიდებია. უთხრა, რომ მეორე დღეს ნახავდა და წავიდა სახლში. ა-ის განმარტებით, მას შეეძლო მეორედ და მესამედაც დარტყმა თუმცა, აღარ დაარტყა. მას რომ შესძლებოდა და მოეგერიებინა რ-ი და რ-ი, დანას აღარ იხმარდა. მისი დარტყმის მიზანი იყო, რომ მისთვის თავი დაენებებინათ. ბრალდებულის თქმით, დანა, რომ არ დაერტყა ისინი მას მოკლავდნენ. სადაც მოუხვდა იქ დაარტყა.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ განზრახვის კომპონენტთან მიმართებით, ერთის მხრივ, დეტალურად მიმოიხილა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (რასაც სრული მოცულობით საკასაციო პალატა აღარ გაიმეორებს), ხოლო მეორეს მხრივ, შესაბამისი არგუმენტების მითითებით, სიღრმისეულად გაანალიზა მათი შინაარსი და მართებულად დაადგინა, რომ ა. ღ-ეს არ გააჩნდა რ. ა--ს მოკვლის განზრახვა. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ:
15. როგორც თავად მსჯავრდებული უთითებს, „ბიძამისმა არაფერი იცოდა. მას რომ ყველაფერი სცოდნოდა, მკვლელობა მოხდებოდა და ამიტომ აფრთხილებდა ის რ-ს, რომ არ მიჰკარებოდა მათ ოჯახს, რითიც რეალურად, ცდილობდა თავისი წარმოდგენით, ოჯახი დანაშაულისაგან დაეცვა.“ საყურადღებოა, ასევე ჩხუბის დაწყების ნაწილიც, რომელსაც როგორც რ. ა. და რ. ა. აღწერენ, აღნიშნული თავად დაზარალებულმა დაიწყო, კერძოდ, მან პირველმა დაარტყა ა. ღ-ეს, რომელსაც ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. შესაბამისად, თუ დაჭრის მოტივი და საფუძველი გარკვეული ხნის განმავლობაში მხარეთა შორის დაპირისპირება იყო და ა. ღ-ე კონკრეტულად ამ დღეს დაზარალებულის მოკვლის განზრახვით იყო განმსჭვალული, გაურკვეველია, თუ როგორ მოხდა, რომ ჩხუბის ინიციატორი თავად დაზარალებული აღმოჩნდა და პირველმა მან დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება. განზრახვის არსებობას ასევე აქარწყლებს ის ფაქტიც, რომ ა. ღ-ემ, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა, ისეთ ადგილასა და ვითარებაში, რაც არ გამორიცხავდა მოცემულ ტერიტორიაზე თვითმხილველი მოწმეების არსებობას, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მსჯავრდებულს შეცნობილი ჰქონდა, ის ფაქტი, რომ იგი მიდიოდა რ. ა-ს სახლში, სადაც იგი დაზარალებულთან ერთად იმყოფებოდა. ალოგიკურია, ა. ღ-ეს სურვილი ჰქონოდა განზრახ მკვლელობას შესწრებოდა თვითმხილველი მოწმე, რომელიც ა--ს მეგობარი იყო და რომლებსაც შესწევდათ უნარი ერთობლივად, რეალური წინააღმდეგობა გაეწიათ ა. ღ-ისთვის და გაერთულებინათ მისი განზრახვის აღსრულების პროცესი. ზემოაღნიშნული სამი ჩვენება გამოკვეთს ერთმანეთის ანალოგიურ სურათს, რომლის თანახმადაც, ა. ღ-ემ დატოვა დანაშაულის ადგილი, ისე რომ მას შეცნობილი ჰქონდა დაზარალებულის მდგომარეობა (ერთი მიყენებული ჭრილობა), მიუხედავად ამისა, მას არ უცდია თავისი ქმედების დასრულება, რ. ა-ს მკვლელობა, დანაშაულის ბოლომდე მიყვანა, პირიქით, ღ-ე ფიქრობდა, რომ მეორე დღეს დაელაპარაკებოდა აღნიშნულ პირებს მათი „უღირსი“ საქციელის, მისი ცემის გამო. ა. ღ-ე არ შეწინააღმდეგებია რ. ა--ს გაშველების დროს. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ მოცემულ საქმეზე არ არის წარმოდგენილი ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა, გარდა მიყენებული ერთი ჭრილობისა, დაზარალებულის ტანისამოსზე ხომ არ იყო სხვა დაზიანებების კვალიც.
16. მაშასადამე, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე უტყუარი ფორმით დადგენილია მხოლოდ: დაზარალებულ რ. ა-ს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენების ფაქტი (სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით) და რომ ა. ღ-ის ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, კერძოდ, რ. ა-ს სხეულის მსუბუქ დაზიანებასთან, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
17. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის შინაარსზე დაყრდნობით, მიაჩნია, რომ ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და იგი უნდა დარჩეს ძალაში.
18. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელს, მასთან დაკავშირებით, ადვოკატი მიიჩნევს, რომ იგი არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და მსჯავრდებულის პიროვნებას. საკასაციო სასამართლო ა. ღ-ის სასჯელთან მიმართებით, მიუთითებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება ის პირი, რომელმაც საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა (თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია).
19. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულმა რ. ა--ა ნოტარიულად დამოწმებული ფორმით, თანხმობა განაცხადა მსჯავრდებულ ა. ღ-ის მიმართ ზემოხსნებული ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების თაობაზე. შესაბამისად, ა. ღ-ე ზემოაღნიშნული მოთხოვნების თანახმად, უნდა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის, 3 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.
20. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამავე ამნისტიის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზემოხსენებული, პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა). შესაბამისად, ა. ღ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 3 წლით, უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან წარმოდგენილ საქმეზე მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის საჩივარი (ა. ღ--ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით დაკვალიფიცირების ნაწილში) არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ადვოკატის საკასაციო საჩივარი სასჯელის შემსუბუქების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განაჩენში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონზე დაყრდნობით, მსჯავრდებულ ა. ღ-ის სასიკეთოდ უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ბეგაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ ა. ღ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ფ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. ა. ღ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
5. ა. ღ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 3 წლით;
6. ა. ღ-ეს სასჯელის მოხდის ათლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2023 წლის 19 მარტიდან;
7. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ა. ღ-ე გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის 3 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;
8. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ვადა ა. ღ-ეს აეთვალოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების მომენტიდან;
9. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებების ბედის გადაწყვეტა:
დანა და ნიმუშები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ტანსაცმელები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს;
დისკები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
10. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი