საქმე # 330100120003820188
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №562აპ-24 თბილისი ქ. თბილისი
მ-ი მ 562აპ-24 14 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ნ-ისა და გ. ტ-ის და მსჯავრდებულ თ. ქ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ-ძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდებების არსი:
ბ. ქ-ანი, ი. ჩ-ე, ლ. დ-ძე, მ. მ-ი, ი. ა-ძე და რ. პ-ა აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობენ მის საქმიანობაში. მათ სისტემატიური და აქტიური კავშირი აქვთ ,,კანონიერ ქურდებსა“ და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან. ისინი ,,კანონიერი ქურდის“ დავალებით, აქტიურად მოქმედებენ ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად და თავისი ქმედებით გამოხატავენ მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.
,,ქურდული სამყაროს“ წევრებს – ბ. ქ-ნს, ი. ჩ-სა და მ. მ-ს დაუკავშირდა ასევე ,,ქურდული სამყაროს“ წევრი – ლ. დ-ძე, რათა „ქურდული გარჩევა“ განეხორციელებინათ ე. წ-ის მატერიალური სარგებლისა და მატერიალური უპირატესობის მისაღებად. ,,ქურდული სამყაროს“ წევრებმა: ბ. ქ-მა, ი. ჩ-მ, ლ. დ-მ და მ. მ-მა – „კანონიერ ქურდ“ ჯ. კ-ან შეთანხმებით, გადაწყვიტეს ე. წ-ის სარგებლის მიღების, აგრეთვე საკუთარი კრიმინალური გავლენის, ძალაუფლების დამკვიდრებისა და გავრცელების მიზნით, ვ. წ-ს მოეწყოთ ,,ქურდული გარჩევა.“ აღნიშნულისათვის ისინი დაუკავშირდნენ ბ-ში მცხოვრებ ,,ქურდული სამყაროს“ წევრს ი. ა-ს, რომელსაც სთხოვეს ,,ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერის ა. ს-ის მეშვეობით, ,,ქურდული გარჩევის“ მოწყობის მიზნით მოეძებნა მოდავე მხარე ვ. წ-ია.
2020 წლის 27 თებერვალს, ,,ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერმა ა. ს-ემ, რომლისთვისაც ცნობილი გახდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ, აქტიური ქმედებით ხელი შეუწყო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას და ვ. წ-ა მიიყვანა ბ-ში მდებარე ი. ა-ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ბ. ქ-მა, ი. ჩ-მ, მ. მ-მა, ლ. დ-მ და ი. ა-მ თავიანთი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, „ქურდული სამყაროს“ ძალაუფლებისა და გავლენის განმტკიცების მიზნით, ვ. წ-ს მოუწყვეს ,,ქურდული გარჩევა“, განიხილეს დავა და ე. წ-ას სასარგებლოდ დააკისრეს 8 800 ევროს გადახდა. ასევე მოსთხოვეს მათი გადაწყვეტილების დროულად შესრულება. ამ შეხვედრისას ვ. წ-ა მათ გადაწყვეტილებას დასთანხმდა.
აღნიშნულის შემდეგ, ვ. წ-მ დაიწყო მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების მიზნით მოქმედება, რის გამოც, მ. მ-ი, თანამზრახველებთან შეთანხმებით, „ქურდული სამყაროს“ ძალაუფლების მოპოვებისა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების უპირობო შესრულების მიზნით, იმუქრებოდნენ მისი ფიზიკური ანგარიშსწორებით.
ვ. წ-მ თავისთვის მატერიალური სარგებლისა და უპირატესობის მისაღებად, ,,ქურდული სამყაროს“ წევრებზე: ბ. ქ-ნზე, ი. ჩ-ზე, მ. მ-ზე, ლ. დ-სა და ი. ა-ზე გავლენის მოხდენის მიზნით, გადაწყვიტა მიემართა თ-ში მყოფი ,,კანონიერი ქურდისათვის“ თ. ქ-ს, რაც შეატყობინა ,,ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერს, ა. ს-ს.
2020 წლის 7 მარტს, ვ. წ-აია და ა. ს-ძე გაემგზავრნენ თ-ში, სადაც ,,კანონიერ ქურდს“ – თ. ქ-ს – მოახსენეს სადავო საკითხის თაობაზე, ბ. ქ-ის, ი. ჩ-ის, მ. მ-ის, ლ. დ-სა და ი. ა-ის გადაწყვეტილების შესახებ. ,,კანონიერმა ქურდმა“ თ. ქ-მ მოაწყო ,,ქურდული გარჩევა“, განიხილა დავა და ა. ს-ს დაავალა მათთან მოდავე მხარე მას დაკავშირებოდა. ა. ს-მ შეასრულა ,,კანონიერი ქურდის“ – თ. ქ-ის – დავალება და მოდავე მხარეს შეატყობინა, რომ თავად დაჰკავშირებოდნენ ქ-ს.
2020 წლის 13 მარტს, ი. ჩ-ძე და ბ. ქ-ნი დაუკავშირდნენ ,,კანონიერ ქურდს“ – თ. ქ-ს, რომელთანაც იმყოფებოდა, მის მიერ მართული ,,ქურდული სამყაროს“ წევრი რ. პ-ა. ი. ჩ-მ და ბ. ქ-მა დაუდასტურეს, რომ სადავო საკითხის თაობაზე ,,საქმის კურსში“ ჩაყენებული ჰყავდათ ,,კანონიერი ქურდი“ ჯ. კ-ი. ,,კანონიერმა ქურდმა“ თ. ქ-მ განუცხადა, რომ მის პოზიციას შეატყობინებდა ,,ქურდული სამყაროს“ წევრის რ. პ-ს მეშვეობით, რომელიც ჩამოვიდოდა საქართველოში. თავის მხრივ, აღნიშნული საუბრის შესახებ ი. ჩ-მ, ბ. ქ-მა და მ. მ-მა ანგარიში ჩააბარეს ,,კანონიერ ქურდს“ ჯ. კ-ს, რომელმაც მის მიერ მართულ, ზემოაღნიშნულ ,,ქურდული სამყაროს“ წევრებს დაავალა შეხვედროდნენ რ. პ-ას, ასევე – ა. ს-ს, ხოლო შემდეგ ჩასულიყვნენ თ-ში.
2020 წლის 13 მარტს, ,,ქურდული სამყაროს“ წევრი – რ. პ-ა – ჩამოვიდა საქართველოში, შეასრულა ,,კანონიერი ქურდის“ – თ. ქ-ის დავალება და შეხვდა ბ. ქ-ნს, ი. ჩ-ს, ლ. დ-სა და მ. მ-ს, რომელთაც მოახსენა ,,კანონიერი ქურდის“ თ. ქ-ის პოზიცია-გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, დავა გადაწყვეტილი იყო ვ. წ-ს სასარგებლოდ. თავის მხრივ, ბ. ქ-მა, ი. ჩ-მ, ლ. დ-მ და მ. მ-მა ,,კანონიერ ქურდს“ – ჯ. კ-ს ჩააბარეს ანგარიში და შეატყობინეს ,,კანონიერი ქურდის“ – თ. ქ-ის პოზიციის შესახებ.
2020 წლის 14 მარტს, მ. მ-ი, ბ. ქ-ნი, ი. ჩ-ძე და ლ. დ-ე წავიდნენ ბ-ში, რათა გადასულიყვნენ თ-ში ,,ქურდულ გარჩევაში“ მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნულის შემდეგ, უკვე ,,კანონიერი ქურდები“ ჯ. კ-ლი და თ. ქ-ძე უკავშირდებოდნენ ერთმანეთს, ხოლო მათი პოზიციის თაობაზე ინფორმაციას აწვდიდნენ და დავალებებს აძლევდნენ: ბ. ქ-ნს, ი. ჩ-ს, მ. მ-ს, ლ. დ-სა და რ. პ-ს, რომლებიც ემორჩილებოდნენ მათ და მზადყოფნას გამოხატავდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 17 მარტის განაჩენით:
რ. პ-ა, დაბადებული .. წლის ... დეკემბერს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, რ.პ-ას განემარტა, რომ მას უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ლ. დ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ლ. დ-ძე, დაბადებული .. წლის .. ივნისს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2020 წლის 23 ივნისიდან.
ა. ს-ძე, დაბადებული .. წლის... აპრილს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2020 წლის 23 ივნისიდან.
ბ. ქ-ნი, დაბადებული .. წლის ... მაისს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2020 წლის 23 ივნისიდან.
ი. ჩ-ე, დაბადებული ... წლის ... აგვისტოს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ი. ჩ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ი. ჩ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან 2020 წლის 23 ივნისიდან.
მ. მ-ი, დაბადებული .. წლის .. დეკემბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა განაჩენის გამოტანის დღიდან – 2021 წლის 17 მარტიდან.
თ. ქ-ე, დაბადებული .. წლის .. დეკემბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თ. ქ-ს სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით, მისი დაკავების მომენტიდან.
ჯ. კ-ი, დაბადებული .. წლის .. აგვისტოს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყება განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან.
ი. ა-ე, დაბადებული .. წლის .. ნოემბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაუვადდა გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
ი. ა-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან; მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2020 წლის 23 ივნისიდან 2021 წლის 17 მარტის ჩათვლით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 21 მარტის განაჩენით:
3.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის, მსჯავრდებულების – ა. ს-ს, ბ. ქ-ის, ი. ჩ-ის, მ. მ-ის, თ. ქ-სა და ლ. დ-ის ადვოკატების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა;
3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 17 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორები – მსჯავრდებულ მ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები – გ. ნ-ლი და გ. ტ-ი – ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო ალტერნატივის სახით ქმედების გადაკვალიფიცირებას, საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლის შესაბამისად.
4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არ შეესაბამება საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზს. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მტკიცებულებების შეფასებისას, არაობიექტური და სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებულია.
5. კასატორები – მსჯავრდებული თ. ქ-ძე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი – კ. კ-ძე – ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და თ. ქ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
5.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, განაჩენი დაფუძნებულია ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნასა და ვ. წ-ას ჩვენებაზე. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ექსპერტიზისათვის ლ. ქ-ისა და ა. ს-ის ტელეფონებიდან ამოღებული ხმის ნიმუშები არ შეიძლება ეკუთვნოდეს თ. ქ-ს. არარელევანტურია ვ. წ-სა და ა. ს-ის თ. ქ-ან ,,შეხვედრის“ ფაქტის დადგენილ გარემოებად და უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა. თ. ქ-სა და მის ოჯახს სახელმწიფო დევნიდა, რაც გამოიხატა მის მიმართ უკანონო განაჩენის გამოტანითა და წლები მისი სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში უკანონოდ ყოფნით, რასაც ადასტურებს მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმე – ,,ქ-ძე საქართველოს წინააღმდეგ.“
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარეთა საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.
8. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მხოლოდ: მ. მ-მა და თ. ქ-მ, შესაბამისად, საკასაციო პალატა იმსჯელებს მხოლოდ მათი მსჯავრდების ნაწილში.
9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას ზემოაღნიშნულ მსჯავრდებულებზე და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით, დასტურდება, მ. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), ხოლო თ. ქ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ:
10. მოწმე ვ. წ-ამ განმარტა, რომ ყოფილი მეუღლისგან ისესხა 5 000 ევრო. ვალი საქართველოდან დაფარა. ბრალდებულები ი. ა-ის სახლში გაიცნო. ა. ს-ძე დაუკავშირდა და უთხრა, რომ ,,კ-ოს,“ ანუ, ი. ა-ს სახლში იყვნენ შეკრებილები: ლ. დ-ძე (მისი ყოფილი მეუღლის ბიძაშვილი), ბიჭები და სთხოვა მისვლა. მივიდა. საცხოვრებელ ბინაში დახვდნენ: ჯ. გ-ძე, ლ. დ-ძე, ბ. ქ-ნი და ი. ჩ-ე. მეორე ოთახიდან გამოვიდნენ: მ. მ-ი და ი. ა-ე. მ. მ-ი დაჯდა მის გვერდით და დაუწყო ლაპარაკი, რომ ახლობლურად შეხვდნენ. სთხოვეს მოეყოლა, რა ხდებოდა. უამბო, რომ ყოფილი მეუღლისგან ისესხა 5 000 ევრო, რომელიც უკვე დაბრუნებული ჰქონდა. მ. მ-მა ჰკითხა, რით დაადასტურებდა თანხის დაბრუნებას, რაზეც უპასუხა, რომ შეეძლო ყოფილ მეუღლესთან არსებული მიმოწერა ეჩვენებინა. მ. მ-მა უთხრა, რომ მის ადგილზე ის ამ თანხას მეუღლეს აჩუქებდა. შემდეგ ი. ა-ს და დანარჩენებს ჰკითხა, თავად როგორ მოიქცეოდნენ, რაზეც უპასუხეს, რომ ამ თანხას არც ისინი ჩაუთვლიდნენ. ჯ-მა და ,,კ-ომ“ (ი. ა-მ) ჰკითხეს, მისი აზრით, რამდენი ჰქონდა გადასახდელი, რაზეც მან უპასუხა, რომ – არაფერი. მ. მ-ი აღნიშნულ პასუხზე გაბრაზდა. მოსთხოვეს 8 800 ევროს გადახდა. მან უთხრა, რომ აღნიშნული თანხა არ ჰქონდა. მ. მ-მა შესთავაზა სახლის გაყიდვა და თანხის ასე გადახდა, მთავარი იყო იგი აგვისტომდე დაეფარა. დასთანხმდა. უთხრეს, რომ თანხა მათთვის უნდა მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვანაირად ნახავდნენ და ერთ ამდენს ზემოდან დაუმატებდნენ. მოწმის განმარტებით, ბრალდებულებთან შეხვედრის მეორე დღეს, დაუკავშირდა შვილს და სთხოვა გამოეგზავნა სესხთან დაკავშირებული დოკუმენტები, თუმცა, უარი უთხრა. მომხდარის შემდეგ, მას დაურეკა ი. ჩ-მ და სთხოვა ა. ს-ძე დაელაპარაკებინა. საუბრისას, ი. ჩ-მ უკმაყოფილება გამოხატა იმის თაობაზე, რომ ვ. წ-ამ საბუთები მოითხოვა და ა. ს-ს ჰკითხა მისთვის (ვ. წ-ის) იყო თუ არა მათი სიტყვები ,,დასტატოჩნი“ და შეიგინა მისი მისამართით. მომხდარის შემდეგ, ა. ს-ს სთხოვა ის დაეკავშირებინა ,,კანონიერ ქურდ“ თ. ქ-ან, იგივე ,,კ-ან“. იცოდა, რომ თ. ქ-ის მამის წლისთავი იყო და ა. ს-ძე მის ნახვას აპირებდა. ი. ა-ის სახლში შეხვედრიდან ერთ კვირაში ის და ა. ს-ძე თ-ში გადავიდნენ თ. ქ-ნ, რომელსაც მოუყვა მომხდარი ამბები. მან უპასუხა, რომ როგორც მას მოუსმინა, ისე უნდა მოესმინა მეორე მხარისთვისაც და შემდეგ მიიღებდა გადაწყვეტილებას. მას არავინ შეეხებოდა და თავად გაარკვევდა ყველაფერს. ბ-ში დაბრუნების შემდეგ, ბრალდებულები ურეკავდნენ, თუმცა, არ პასუხობდა. დაურეკა ა-ოს (ა. ს-ს) და ჰკითხა, როგორ მოქცეულიყო, რაზეც უპასუხა, რომ წესით, მას არ უნდა დაკავშირებოდნენ, რადგან მათთვის მიწერილი ჰქონდა, საქმეზე ,,რასხოდი“ იყო. მომხდარიდან რამდენიმე დღეში ა. ს-ეს მიაკითხა სამსახურში. ა. ნერვებმოშლილი დახვდა. უთხრა, რომ მასთან მისულები იყვნენ ბიჭები, რომლებმაც ჰკითხეს, რატომ გადაიყვანა ის ,,ქურდთან“. აღნიშნულის შემდეგ, მალევე დააკავეს. გარჩევისა და თანხის დაკისრების ამბავი მოუყვა თავის ამჟამინდელ მეუღლეს, ნ. მ-ეს.
11. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 4 მაისის N MIA 4 20 00977987 წერილისა და დანართის თანახმად, დასტურდება, რომ ა. ს-ძე, ვ. წ-ია და თ. ქ-ს მეუღლე ლ. ქ-ძე 2020 წლის 7 მარტს, ერთსა და იმავე დროს, გადადიან თ-ის რესპუბლიკაში და იმავე დღეს ბრუნდებიან საქართველოში. ამავე, წერილის თანახმად, ასევე დასტურდება, რომ მ. მ-ი და ბ. ქ-ნი 2020 წლის 26 თებერვალს, ერთსა და იმავე დროს, გადადიან თ-ის რესპუბლიკაში და იმავე დღეს ბრუნდებიან საქართველოში.
12. სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი სახის გარემოებებთან მიმართებით (მათ შორის, უშუალოდ მ. მ-ისა და თ. ქ-ის ნაწილში), სააპელაციო სასამართლომ განაჩენში საკმარისად ვრცლად და დეტალურად მიმოიხილა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის შინაარსი, რასაც საკასაციო სასამართლო აღარ გაიმეორებს, თუმცა აღნიშნავს, მათი გაანალიზებისა და მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, დადასტურებულია, რომ: ვ. წ-სა და ე. წ-ს შორის არსებობდა ფინანსური სახის დავა, რომელსაც წყვეტდნენ ,,ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირთა მიერ ,,ქურდული სამყაროსათვის“ დამახასიათებელი წესებით. მათ შორის, თ. ქ-მ მოაწყო ,,ქურდული გარჩევა“ და განიხილა ხსენებული დავა. მ. მ-სა და ი. ა-ს შორის 2020 წლის 8 მარტის აუდიო და კრებსითი ჩანაწერებით ირკვევა, რომ გაიგეს ვ. წ-სა და ა. ს-ის ვიზიტის შესახებ ,,კ-ან“. ისინი უკმაყოფილებას გამოხატავენ იმის თაობაზე, რომ შეღავათის მიუხედავად, ვ. წ-ია საქმის გადასაწყვეტად ,,კ-ან“ გაიქცა და უთხრა, რომ ძალით დააკისრეს თანხა; ასევე უკმაყოფილებას გამოხატავენ ა. ს-ზე, რომელმაც საშუალება მისცა ვ. წ-ას ,,კ-ან” დაკავშირებისა. ბრალდებულები ერთმანეთში ასევე განიხილავენ იმ საკითხს, რომ ,,კ-ა“ თუ მათ დაუძახებთ და დაურეკავს მაშინვე ჩავლენ მასთან და დაელაპარაკებიან.
13. საკასაციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ,,ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებს ამ კატეგორიის დანაშაულების საქმეებში, დიდწილად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება“ (იხილეთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს №913აპ-23 გადაწყვეტილება). ამასთანავე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ფონოსკოპიური დასკვნით გამოირიცხა ხსენებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალაში რაიმე სახის ეჭვის შეტანის საფუძველი. აგრეთვე, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზით დადასტურდა, რომ საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარდგენილ ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათზე დაფიქსირებული გამოსახულება იდენტურია მონაცემთა ბაზიდან ამოღებულ თ. ქ-ის ფოტოსურათზე დაფიქსირებულ პირის იერსახის გამსოახულების. როგორც ფონოსკოპიური, ისე ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის ჩამტარებელმა ე. კ-მა და გ. გ-მ დაადასტურეს გაცემული დასკვნების სისწორე და მიუთითეს მათ კატეგორიულ ხასიათზე. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს არ მიუთითებია ისეთი სახის არგუმენტზე, რომელიც საკასაციო სასამართლოს მისცემდა ექსპერტიზის დასკვნის გაზიარებაზე უარის თქმის უტყუარ საფუძველს.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები შეესაბამება ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა შედეგად მოპოვებულ მასალას და საბოლოოდ, ისინი ერთობლივად ქმნიან ლოგიკურ ჯაჭვს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თ. ქ-სა და მ. მ-ის ქმედებები სრულად შეიცავს სწორედ იმ დანაშაულთა შემადგენლობებს, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო თ. ქ-ის საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით, – დასაბუთებულია და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებში დასმულ, უმეტეს არგუმენტზე შესაბამისი პასუხებია გაცემული.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ ადვოკატების არგუმენტების/პოზიციების საფუძველზე, არ გამოკვეთილა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე კანონისმიერი საფუძველი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით;“ (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44); „მსგავსი მტკიცება შესაძლოა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდისა ან მსგავსი, უტყუარი ფაქტების პრეზუმპციიდან” (იხ. ,,დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ,“ (Dvalishvili v. Georgia), N19634/07, 18/03/2013, §39; ,,ავშარი თურქეთის წინააღდეგ,“ (Avsar v. Turkey), N25657/94, 10/07/2001, §282).
16. ამასთან, პალატა დამატებით უთითებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia), N12391/06, §175, 14/05/2020).
17. საკასაციო სასამართლო კასატორებთან: მ. მ-სა და თ. ქ-ნ მიმართებით, ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონს, რომლის მე-7 მუხლით, ამნისტია არ ვრცელდება მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე (კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ნ-სა და გ. ტ-ის და მსჯავრდებულ თ. ქ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი