¹ 3კ/360-02 22 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,ქ. გაბელაია
დავის საგანი: საკვალიფიკაციო გამოცდების საბოლოო შედეგების გაუქმებულად ცნობა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
დ. ლ-ავა მუშაობდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო პოლიტიკის, გადამხდელთა დაბეგვრის კონტროლის მეთოდების განყოფილების უფროსის მოადგილედ.
საგადასახადო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით 2000 წლის 3 სექტემბერს ჩატარდა საკვალიფიკაციო გამოცდა.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000 წლის 19 ოქტომბრის ¹5 – 901 ბრძანების საფუძველზე დ. ლ-ავა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანებას საფუძვლად დაედო საგადასახადო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები.
2000 წლის ნოემბერში დ. ლ-ავამ სარჩელი შეიტანა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგების გაუქმებისა და სამსახურში აღდგენის შესახებ.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ დ. ლ-ავამ ვერ გაიმარჯვა კონკურსში. საკვალიფიკაციო გამოცდაზე მოსარჩელემ დაიმსახურა 45 ქულიანი შეფასება, მაშინ როდესაც კონკურსში გასასვლელად საჭირო იყო არანაკლებ 60 ქულა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დ. ლ-ავამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ლ-ავას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დ. ლ-ავას სარჩელი არ დაკმაყოფილდა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგების გაუქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. გაუქმდა დ. ლ-ავას სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტში საგადასახადო პოლიტიკის, გადამხდელთა დაბეგვრის კონტროლის მეთოდების და პროგრამების დეპარტამენტის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის და გარემოზე ზემოქმედების გადასახადის, კონტროლის მეთოდების განყოფილების უფროსის მოადგილედ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2001 წლის 31 ივლისის განჩინებით გააუქმა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწრმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. ლ-ავას სააპელაციო საჩვარი. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გაუქმდა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები დ. ლ-ავას ნაწილში და მოსარჩელე აღდგენილ იქნა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში სამუშაოდან განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე.
საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსი ჩატარდა სამინისტროს 2000 წლის 25 ივნისის ¹ 103 ბრძანების შესაბამისად, ხოლო შრომის ნაყოფიერების განსაზღვრა მოხდა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მიხედვით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გაუქმდეს დ. ლ-ავას სამსახურიდან განთავისუფლებამდე დაკავებულ ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში დატოვებულ უნდა იქნას უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მოხელეების საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდა სამინისტროს 2000 წლის 25 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული “საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) წესის” საფუძველზე, რომელიც საერთოდ არ ითვალისწინებდა კანდიდატის შერჩევის ისეთ კრიტერიუმს როგორიცაა ქულებით განსაზღვრული შრომის ნაყოფიერება. უსაფუძვლოა კასატორის მითითება შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლზე, რომელიც არ ადგენს შრომის ნაყოფიერების ქულებით შეფასების წესს.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის შესაბამისად აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში წარმოშობილი სამსახურებრივი დავა განიხილება და წყდება “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.
აღნიშნულ კანონში 1999 წლის 9 დეკემბერს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების შესაბამისად შეიქმნა საგადასახადო შემოსავალების სამინისტრო. საგადასახადო დეპარტამენტი ამოღებულ იქნა სამთავრობო დაწესებულებების სტრუქტურებიდან და ხსენებული კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შევიდა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს შემადგენლობაში, როგორც ამ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის ¹280 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დებულებით სამინისტროს სტრუქტურაში შედის: საგადასახადო და საბაჟო ორგანოები, გენერალური ინსპექცია, საგანგებო ლეგიონი და აქციზური მარკების სამსახური.
კანონს არ შეესაბამება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ტოლფას თანამდებობაზე სამსახურიდან განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში აღდგენის ნაწილში. სასამართლომ კონკრეტულად არ მიუთითა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფზე და თანამდებობაზე, რომელიც ჩათვალა მოსარჩელის მიერ განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასად. გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ არის დასაბუთებული და მისი სამართლებრივი შეფასება შეუძლებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
ფაქტობრივად გადაწყვეტილების აღსრულებაც არ არის შესაძლებელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 410-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება დ. ლ-ავას საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებულ თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.