Facebook Twitter

3კ/361-02 29 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგიშვილი,რ. ნადირიანი

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

სს “კ. ბ." ლიკვიდატორმა თ. გ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2000 წლის ოქტომბრის თვიდან მიმდინარეობს სს “კ. ბ." ლიკვიდაცია. Lლიკვიდაციის პროცესში გაირკვა, რომ შპს “კ. ს. კ." 1994 წლის განმავლობაში 4-ჯერ მიიღო საბანკო კრედიტი, რომლის საერთო თანხამ შეადგინა 41554 აშშ დოლარი. კერძოდ: 1. 1993 წლის 18 თებერვალს 9100 აშშ დოლარი 2 თვით, სარგებელი თვეში 8%; 2. 1993 წლის 11 მაისს 18.905 აშშ დოლარი ორი თვით, სარგებელი თვეში 8%; 3. 1993 წლის 20 მაისს 800 აშშ დოლარი 2 თვით, სარგებელი თვეში 8%; 4. 1999 წლის 29 სექტემბერს 12.749 აშშ დოლარი 3 თვით, სარგებელი თვეში 8%.

მოსარჩელემ განმარტა, რომ შპს “კ. ს. კ.” დღემდე არ დაუფარავს მიღებული სესხები. მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა 269608 აშშ დოლარი.

მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მათ მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დარღვევა გამოწვეულია ბანკის ყოფილი სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობის ამ საკითხისადმი შეგნებულად არაჯანსაღი და უპრინციპო დამოკიდებულებით. 1995 წლის თებერვლიდან ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა წინასწარი პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადებულ იქნა ძებნა; Mმის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 1997 წლის ბოლომდე მიმდინარეობდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენა და მოპასუხეზე 269608 აშშ დოლარის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ.

შპს “კ. ს. კ." სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მასზე უარის თქმა ხანდაზმულობის ვადის გაშვების გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს “კ. ბ." ლიკვიდატორის სარჩელი არ დაკამყოფილდა მოსარჩელის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვების გამო. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ ვინაიდან სადავო ურთიერთობა წარმოიშვა 1993 წელს, დავის გადასაწყვეტად გამოყენებულ უნდა იყოს 1964 წლის რედაქციის საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის 75-ე მუხლის თანახმად, საერთო ვადა უფლების დაცვისა ორგანიზაციებს შორის სარჩელისათვის განისაზღვრებოდა 1 წლით. სასამართლო კოლეგიამ განმარტა, რომ მოსარჩელეს სარჩელის აღძვრის უფლება წარმოეშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების მოქმედების გასვლის შემდეგ, კერძოდ, პირველ საკრედიტო ხელშეკრულებაზე _ 1993 წლის 18 აპრილიდან, მეორე ხელშეკრულებაზე _ 1993 წლის 11 ივლისიდან, მესამე ხელშეკრულებაზე _ 1993 წლის 20 ივლისიდან და მეოთხე ხელშეკრულებაზე 1993 წლის 29 დეკემბრიდან. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სარჩელის ხანდაზმულობის ვადა ჰქონდა 1994 წლის 29 დეკემბრამდე, სარჩელი კი აღძრულ იქნა 2001 წლის 28 ივნისს, ანუ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების საპატიო მიზეზად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ბანკის ხელმძღვანელობის საქმისადმი უპრინციპო და არაჯანსაღი დამოკიდებულება, ასევე ის გარემოება, რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მიმართ 1994-1997წწ. აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 1995 წელს, ანუ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. ამასთან, სასამართლო კოლეგიამ დადგენილად ცნო, რომ ბანკიდან საგამოძიებო ორგანოების მიერ ამოღებული დოკუმენტაცია უკან დაბრუნდა 1997 წელს და თუ ჩაითვლებოდა, რომ მოსარჩელეს მანამდე არ ჰქონდა გაშვებული ხანდაზმულობის ვადა, ამ შემთხვევაშიც, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გავიდა 1998 წელს.

შპს “კ. ბ." ლიკვიდატორმა სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სასამართლომ იხელმძღვანელა 1964 წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსით, როდესაც კასატორის აზრით, გამოყენებული უნდა ყოფილიყო “მეწარმეთა შესახებ" საქართვლოს კანონი, რომლის მე-15 მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 5 წლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს “მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილი.

აღნიშნული ნორმა ადგენს ,,მეწარმეთა შესახებ” კანონიდან გამომდინარე პრეტენზიების წარდგენის ვადას. Pპრეტენზიები უნდა გამომდინარეობდეს იმ უფლებებიდან და ვალდებულებებიდან, რომლებიც ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის მიხედვით დაკისრებული და მინიჭებული აქვთ ცალკეულ პირებს. სადავო ურთიერთობა არ წარმოადგენს ,,მეწარმეთა შესახებ” კანონით მორეგულირებულ ურთიერთობას. Pპირთა შორის სასესხო და საკრედიტო ურთიერთობები მორეგულირებულია სამოქალაქო კოდექსით და არა ,,მეწარმეთა შესახებ” კანონით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები.

1964 წლის რედაქციის საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია განისაზღვრება სამი წლით, ხოლო ორგანიზაციებს შორის სარჩელებისათვის _ ერთი წლით.

ამავე კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.

ამავე კოდექსის მე-20 მუხლის მიხედვით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან. სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლებების დარღვევა.

საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კასატორმა თავისი უფლებების დარღვევა შეიტყო სესხის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, როდესაც შპს “კ. ს. კ." არ შეასრულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები _ პირველ საკრედიტო ხელშეკრულებაზე 1993 წლის 18 აპრილიდან, მეორე ხელშეკრულებაზე 1995 წლის 11 ივლისიდან, მესამე ხელშეკრულებაზე 1993 წლის 20 ივლისიდან და მეოთხე ხელშეკრულებაზე 1993 წლის 29 დეკემბრიდან.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სწორედ აღნიშნული თარიღებიდან უნდა მოხდეს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა, რომელიც 1994 წლის ბოლოს და 1995 წლის დასაწყისში უკვე გასული იყო.

საკსაციო პალატა ასევე იზიარებს სასამართლო კოლეგიის იმ მოსაზრებებს, რომ კასატორის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა საპატიო მიზეზით არ ყოფილა გაშვებული. საპატიო მიზეზების არსებობის შესახებ მტკიცებულებები “კ. ბ." მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ “კ. ბ."' ლიკვიდატორის სარჩელი ხანდაზმულია, რაც სამოქალაქო კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონმდებლობის დაცვით არის მიღებული და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

“სს “კ. ბ." ლიკვიდატორის თ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება