Facebook Twitter

¹3კ-364-02 19 ივნისი, 2002 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე)

ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

სარჩელის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის (ღირებულების) ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 25 დეკემბერს ლ. ჯ-ძემ სარჩელი აღძრა გარდაბნის რაიონულ სასამართლოში ვ. შ-შვილის მიმართ და მოითხოვა ავტომანქანის ღირებულების ანაზღაურება.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1998 წელს მან ვ. მ-შვილს მიყიდა ავტომობილი “ბმვ-520”, რომლის ღირებულებაც 2500 აშშ დოლარი მოპასუხეს უნდა გადაეხადა 1999წ. სექტემბერში.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დარჩენილი 2000 აშშ დოლარიდან 1300 დოლარის სანაცვლოდ მოპასუხემ მას გადასცა თავისი კუთვნილი ავტომანქანა “ბმვ-525”, 600 აშშ დოლარზე კი მათ შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

ლ. ჯ-ძემ აღნიშნა, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება 600 აშშ დოლარის დაბრუნების შესახებ, რის გამოც მოითხოვა ავტომანქანა “ბმვ-525”-ის მოპასუხისათვის დაბრუნება და მის მიერ ავტომანქანა “ბმვ-525”-ის დარჩენილი ღირებულების – 2000 აშშ დოლარის გადახდა.

ზემოაღნიშნულ სარჩელზე შეგებებული სარჩელი შეიტანა ვ. შ-შვილმა და მოითხოვა, რომ მოსარჩელეს დაებრუნებინა მისი კუთვნილი ავტომანქანა და წაეყვანა თავისი. მასვე დაკისრებოდა ზარალი ბანკში შეტანილი ქირის სახით ა/მ “ოპელ ომეგაზე”, ვაზ 2107 მარკის ¹477 ა/მ-ს შეკეთებაზე გაწეული ხარჯები, ასევე 100 აშშ დოლარი და 50 ლარი, რომელიც მან დახარჯა “ბმვ-520”-ის გადაცემათა კოლოფის შეცვლისას, ასევე აენაზღაურებინა ქირა სამარშრუტო ხაზისა და ავტომანქანის მოცდენისათვის.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ჯ-ძის სარჩელი და მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო ვ. შ-შვილს კი უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. შ-შვილმა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება; მისი კუთვნილი ავტომანქანის _ “ბმვ-525”-ის დაბრუნება: სარჩელზე უარის თქმა და შეგებებულ სარჩელში მითითებული მოთხოვნების დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. შ-შვილის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილება ლ. ჯ-ძის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით აპელანტს მოწინააღმდეგე შხარის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 600 აშშ დოლარი შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის დაიდო მანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც დასტურდება თვით ვ. შ-შვილის შეგებებული სარჩელით.

მხარეები შეთანხმდნენ ავტომანქანის ფასზე 2400 აშშ დოლარზე, ასევე თანხის გადახდის ვადაზე.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ გარკვეული დროის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულება შესრულებულიყო სხვა მანქანის გადაცემით, რომელიც მათ მიერ შეფასდა 1300 აშშ დოლარად, ხოლო დარჩენილ 600 აშშ დოლარზე გაფორმდა სესხის ხელშეკრულება.

პალატამ არ გაიზიარა ვ. შ-შვილის განმარტება იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმება მოხდა იძულებით, რადგან ეს ფაქტი არ არის დადასტურებული მტკიცებულებებით.

პალატამ ასევე არ გაიზიარა ლ. ჯ-ძის არგუმენტი, რომ ვ. შ-შვილმა მას ავტომობილი დაუტოვა ვალდებულების უზრუნველსაყოფად, რადგან საქმეში არსებობს მინდობილობა გაყიდვისა და შემდგომი გადარწმუნების უფლებით.

სასამართლომ მიუთითა, რომ მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს ნივთის ფასი და რადგან ლ. ჯ-ძემ 1300 აშშ დოლარის სანაცვლოდ ვ. შ-შვილისგან მიიღო ავტომობილი “ბმვ-525”, შ-შვილს გადასახდელი დარჩა 600 აშშ დოლარი, რომელიც აღიარებულია სესხის ხელშეკრულებით. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 506-ე და 507 მუხლები.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. შ-შვილმა, რომლითაც იხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარისათვის 500 აშშ დოლარის დაკისრებას იმ მოტივით, რომ მასა და ლ. ჯ-ძეს შორის არ ყოფილა წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა: მან უსაფუძვლოდ მიიღო კასატორისაგან აღნიშნული თანხა. კასატორმა ავტომობილი “ბმვ-520”, რომლის საფასურზეც მიმდინარეობს დავა, შეიძინა არა ლ. ჯ-ძისგან, არამედ სრულიად სხვა პიროვნებისგან. აქედან გამომდინარე არავითარი ვალდებულება არ შეიძლება არსებობდეს მხარეთა შორის. კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელის სიმამრმა, რომელიც მუშაობს გარდაბნის რაიონის პროკურორად, ხელოვნურად გახვია კრიმინალურ ქმედებაში და პატიების სანაცვლოდ მოითხოვა 2500 აშშ დოლარი, რომლის ნაწილიც 500 აშშ დოლარის ოდენობით, მაშინვე წაართვეს, რის შედეგადაც მუქარის ძალით იგი აიძულეს მისი კუთვნილი ავტომანქანა “ბმვ-525” 1300 აშშ დოლარის სანაცვლოდ გადაეფორმებინა ლ. ჯ-ძეზე და სესხის ხელშეკრულებით ეკისრა 600 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილით საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსთვის, თუ წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევით).

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ ლ. ჯ-ძისაგან ვ. შ-შვილმა იყიდა ავტომანქანა “ბმვ-520” 2400 აშშ დოლარად. თანხის ნაწილი მიიღო, ხოლო ნაწილი – 600 აშშ დოლარი მხარემ არ გადაიხადა.

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. დადგენილია, რომ მყიდველმა მიიღო ნაყიდი ქონება, მაგრამ ფასი სრულად არ გადაიხადა. მითითებული ნორმის საფუძველზე მყიდველი ვ. შ-შვილი ვალდებულია გადაიხადოს ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მასსა და ლ. ჯ-ძეს შორის არ წარმოშობილა ვალდებულებითი ურთიერთობა, მაშინ, როცა საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება (ამ ფაქტზე თვით ვ. შ-შვილიც მიუთითებს შეგებებულ სარჩელში). სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს იმ გარემოებებს, რომ ხელშეკრულება მუქარითა და იძულებითაა დადებული, რადგან ჯერ ერთი, სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლით იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაშ. იძულების დამთავრების მომენტიდან. უდავოა, რომ ვ. შ-შვილს ეს გარიგება სადავოდ არ გაუხდია. მეორე კასატორს ამ გარემოების მიმართ არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, ე.ი. არ მიუთითებს საქმეში არსებულ ისეთ მტკიცებულებაზე, რომლებიც მართალია მხარის მიერ წარმოდგენილია სასამართლოში, მაგრამ სასამართლოს მიერ ისინი კანონით დადგენილი წესით არ იქნა დამტკიცებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ვ. შ-შვილის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. შ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.