Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-366 30 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, ლ. გოჩელაშვილი

სარჩელი საგანი: ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილების გამო პროცენტის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 3 აპრილს ე. ს-ოვამ რ. ს-ოვის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ს-ოვს მის სასარგებლოდ დაეკისრა 8242 ლარი. ვინაიდან მითითებულ თანხაში არ იქნა გათვალისწინებული გასული წლების გადაუხდელი ვალი, მოითხოვა 18 წლის ვადის გადაცილების გამო პროცენტის, 1997 წლიდან სასამართლო ხარჯებისა და მორალური ზიანის ანაზღაურება.

2001 წლის 21 მაისს მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და ვალის დროულად დაუბრუნებლობის გამო მოითხოვა 23324 ლარის, ხოლო სასამართლო ხარჯების ჩათვლით, სულ 27080 ლარის გადახდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი. მოპასუხეს დაეკისრა 10302 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ ე. ს-ოვამ რ. ს-ოვს 1983 წელს უვადოდ ასესხა 12500 საბჭოთა მანეთი. კრედიტორმა სესის დაბრუნება მოითხოვა 1997 წელს. რ. ს-ოვმა სესხის მოთხოვნისას 12500 საბჭოთა მანეთის ნაცვლად აღიარა 8242 ლარის გადახდა, მაგრამ იგი დღემდე არ დაუბრუნებია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 403-ე და 625-ე მუხლების შესაბამისად მოვალე ვალდებული იყო, გადაეხადა კანონით გათვალისწინებული პროცენტი, რაც საერთო ჯამში 10302 ლარს შეადგენდა.

2002 წლის 18 იანვარს ე. ს-ოვამ, ხოლო 2002 წლის 13 თებერვალს რ. ს-ოვმა საკასაციო საჩივრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა ე. ს-ოვამ მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:

კასატორს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 403-ე და 625-ე მუხლების შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს 1997 წლიდან, ანუ იმ პერიოდიდან კი არ უნდა დაეკისრებინა ვალის გადაცილების გამო პროცენტი, როცა მოვალემ აღიარა ვალის არსებობა, არამედ 1983 წლიდან, როცა მან თავდაპირველად მოსთხოვა მოვალეს ვალის დაბრუნება.

კასატორმა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ დამცველის ხარჯების 3760 ლარის, ანაზღაურებაზე უარის თქმაც, თუმცა არ მიუთითა, თუ რატომ მიაჩნია იგი უსაფუძვლოდ.

კასატორმა რ. ს-ოვმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:

კასატორს მიაჩნია, რომ ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილება გამოწვეულია იმ მოტივით, რომ 1997 წლიდან 2000 წლის დეკემბრამდე მიმდინარეობდა დავა მოსარჩელესთან იმის თაობაზე, თუ რამდენი უნდა დაკისრებოდა მას გადასახდელად (ს-ოვა მოითხოვდა 21000 ლარის გადახდას, სასამართლომ კი დააკისრა მხოლოდ 8 242 ლარი) აქედან გამომდინარე, რ. ს-ოვს მიაჩნია, რომ გადახდის ვადის გადაცილება მისი ბრალით არ იყო გამოწვეული და სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს ვადა გადაცილებულად არ უნდა ჩაეთვალა.

2002 წლის 26 მარტს ე. ს-ოვამ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. მან მოხსნა თავისი საკასაციო საჩივარი და მოითხოვა, საკასაციო საჩივრის მოხსნის გამო, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

აღნიშნული გარემოება მისმა წარმომადგენელმა დაადასტურა 2002 წლის 27 მარტს გამართულ სასამართლო პროცესზეც და საკასაციო საჩივრის მოხსნის გამო მოითხოვა საკასაციო წარმოების შეწყვეტა.

ვინაიდან რ. ს-ოვს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, მას ამავე დღეს მიეცა ერთკვირიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. ამასთან განემარტა, მისი საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად თუ მითითებულ ვადაში იგი არ შეავსებდა ხარვეზს და უზენაეს სასამართლოში არ წარმოადგენდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.

2002 წლის 24 აპრილს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მხარეები და მათი წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ, რის გამოც სასამართლომ დაადგინა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ე. ს-ოვას სარჩელთან დაკავშირებით საკასაციო წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო რ. ს-ოვის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ე. ს-ოვამ 2002 წლის 26 მარტის განცხადებით მოხსნა თავისი საკასაციო საჩივარი და ამ მოტივით მოითხოვა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის.

ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. საქმის ზეპირი განხილვისას სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით.

მოცემულ შემთხვევაში 2002 წლის 27 მარტს გამართულ სასამართლო პროცესზე მოწინააღმდეგე მხარემ თანხმობა განაცხადა ე. ს-ოვას მიერ საკასაციო საჩივრის მოხსნის გამო საკასაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონის ანალოგიას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობებს.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან არ არსებობს საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, კანონის ანალოგიით გამოყენებული უნდა იქნეს საქმის წარმოების შეწყვეტის ნორმები, კერძოდ, ვინაიდან სარჩელზე უარის შემთხვევაში საქმის წარმოება წყდება, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში საკასაციო წარმოება უნდა შეწყდეს.

რ. ს-ოვს 2002 წლის 27 მარტს სასამართლო პროცესზე მიღებული განჩინებით მიეცა ერთკვირიანი ვადა ხარვეზის შესავსებად და განემარტა, რომ თუ კი იგი მითითებულ ვადაში არ წარმოადგენდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარს, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

მიუხედავად აღნიშნულისა, რ. ს-ოვმა 2002 წლის 24 აპრილამდე სასამართლოს არ წარუდგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს ხარვეზის შევსებას, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შესრულებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.

ამავე კოდექსის 401-ე მუხლის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ. ს-ოვის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა დაუშვებელს ხდის მის მიერ შემოტანილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 387-ე, 272-ე მუხლის “გ” პუნქტით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 399-ე, 401-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ს-ოვას საკასაციო საჩივარზე საკასაციო წარმოება შეწყდეს.

რ. ს-ოვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება