Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-370-02 15 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, მ. ახალაძე

დავის საგანი: ავტოფარეხის, სარდაფისა და საოჯახო ნივთების გადაცემა ან ფულადი თანხის, 2000 აშშ დოლარის, დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ს-ძემ 1998წ. მარტში იყიდა მ. დ-იასაგან ქ. თბილისში, ... მდებარე ბინა. მხარეთა შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნა გაფორმებული. ა. ს-ძემ და მისმა მეუღლე გ. კ-ძემ 2000წ. სექტემბერში სარჩელი აღძრეს მოპასუხე მ. დ-იას და ლ. მ-შვილი-დ-იას წინააღმდეგ და მოითხოვეს ავტოფარეხის, სარდაფისა და საოჯახო ნივთების გადაცემა ან ფულადი კომპენსაციის სახით 2000 აშშ ამერიკული დოლარის გადახდა. მოსარჩელეთა მოთხოვნა დასაბუთებულია იმით, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ გამყიდველს, მ. დ-იას, მყიდველისათვის სამოთახიანი ბინის გარდა უნდა გადაეცა ავტოსადგომი, ამ ბინაში ჩაშენებული ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ქუდების და წიგნების კარადები, ასევე სარდაფი, მაგრამ გამყიდველმა მხოლოდ ბინა გადასცა და ხელშეკრულების სხვა პირობები არ შეასრულა.

ლ. მ-შვილმა შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე გ. კ-ძის მიმართ და მოითხოვა პატივისა და ღირსების დაცვა, მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 11 მაისის გადაწყვეტილებით ა. ს-ძისა და გ. კ-ძის სარჩელი, ავტოფარეხის, სარდაფისა და საოჯახო ნივთების გადაცემისა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციის გადახდის შესახებ, არ დაკმაყოფილდა; ლ. მ-შვილის შეგებებული სარჩელი გ. კ-ძის მიმართ, მორალური ზიანის მიყენების გამო, 1000 ლარის ოდენობით ფულადი კომპენსაციის დაკისრებაზე, არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ს-ძემ და გ. კ-ძემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 19 დეკემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ა. ს-ძისა და გ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ ა. ს-ძემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ცნო კიბის უჯრედის ქვეშ მდებარე სარდაფის გადაცემის ფაქტი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად აპელანტებმა ვერ დაასაბუთეს ის, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი ბინასთან ერთად ავტოფარეხიც რომ იყო. ა. ს-ძესა და მ. დ-იას შორის 1998წ. 2 მარტს გაფორმებულ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაში კი ნასყიდობის საგნად მხოლოდ ბინაა აღნიშნული. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად ავტოფარეხის შეძენა გაფორმებული უნდა ყოფილიყო სანოტარო წესით და შემძენი საჯარო რეესტრში მესაკუთრედ უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ა. ს-ძემ და გ. კ-ძემ. მათ მოითხოვეს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივრის ძირითად მოტივს წარმოადგენს ის, რომ ბინის გამყიდველმა დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა და ბინის მყიდველს არ გადასცა ავტოფარეხი, სარდაფი და საოჯახო ნივთები, რისთვისაც ბინასთან ერთად კასატორებს გადახდილი ჰქონდათ 12 500 აშშ დოლარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. ს-ძისა და გ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ. დ-იამ 1998წ. 2 მარტს მიჰყიდა ა. ს-ძეს კუთვნილი სამოთახიანი ბინა ქ. თბილისში. მხარეთა შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა სანოტარო წესით და რეგისტრირებულ იქნა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ა. ს-ძის და გ. კ-ძის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ბინის გამყიდველმა დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა და ბინის მყიდველს არ გადასცა ავტოფარეხი, სარდაფი და საოჯახო ნივთები. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მ. დ-იასა და ა. ს-ძეს შორის 1998წ. 2 მარტს გაფორმებულ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მხოლოდ ბინა, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს ბინასთან ერთად ავტოფარეხიც თუ წარმოადგენდა, ეს მხარეებმა ვერ დაადასტურეს. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სადავო ავტოფარეხის ნასყიდობის თაობაზე მხარეთა შორის კანონის მოთხოვნათა დაცვით არ გაფორმებულა ნასყიდობის ხელშეკრულება. ა. ს-ძის მიერ ნაყიდი ბინის მისამართად ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია ქ. თბილისი, ..., ხოლო სადავო ავტოფარეხი კი მდებარეობს ქ. თბილისში, ... კორპუსის ეზოში, ხოლო მის მფლობელად რეგისტრირებულია ი. დ-ია, რომელიც ირიცხება გარაჟების მშენებლობის ამხანაგობის წევრად. გ. კ-ძემ სააპელაციო პალატის 2001წ. 19 დეკემბრის სხდომაზე განმარტა, რომ კიბის ქვეშ ორმოა გათხრილი და სარდაფი თუ ჰქვია, ის გადასცა ბინის გამყიდველმა.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა ბინის გამყიდველის განმარტება იმის შესახებ, რომ საოჯახო ნივთები ა. ს-ძეს გადაეცა, ამის საწინააღმდეგო დასაბუთება კი აპელანტებმა სასამართლოს ვერ წარუდგინეს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. ს-ძეს და გ. კ-ძეს ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, რის გამოც სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ს-ძის და გ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 დეკემბრის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.