გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-384-02 3 ივლისი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,მ. ახალაძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ს-ოვის საკუთრებას წარმოადგენდა ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი; მას ე. ტ-სკაია-ს-ულთან 1992წ. იანვარში შეეძინა ქალიშვილი ა. ს-ოვა. ვ. ს-ოვი გარდაიცვალა 1992წ. ივლისში. მამის გარდაცვალების შემდეგ კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა გაიცა შვილზე – ა. ს-ოვაზე.
ა. ს-ოვის კანონიერმა წარმომადგენელმა, დედა ე. ს-ულმა, 2001წ. იანვარში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: ა., გ. და ც. მ-ძეების მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი ოთახებიდან მათი გამოსახლება. ა. ს-ოვას სურს, იცხოვროს მამის დანატოვარ ბინაში, მაგრამ მოპასუხეები ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ ბინას.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2001წ. 4 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ს-ოვას კანონიერი წარმომადგენელი ე. ს-ულის მინდობილი პირის, ს. კ-კოს, სარჩელი დააკმაყოფილა. მოპასუხეები: ა., გ. და ლ. მ-ძეები, მ. კ-ძე (მცირეწლოვან შვილთან ერთად) გამოსახლდა ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/18 ნაწილიდან. ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ა. ს-ოვას მეურვეს – დედა ე. ს-ულს.
ა., ც. და გ. მ-ძეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 16 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა გ., ა. და ც. მ-ძეების სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 4 ივნისის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ვ. ს-ოვის საკუთრებას წარმოადგენდა ქ.ბათუმში, ... მდებარე ბინა. იგი გარდაიცვალა 1992 წელს. მას დარჩა მცირეწლოვანი ქალიშვილი ა. ს-ოვა. აპელანტებმა სადავო ბინა დაიკავეს ვ. ს-ოვის გარდაცვალების შემდეგ მამკვიდრებლის ბიძის თანხმობით, რომელსაც გადაუხადეს 6000 რუსული მანეთი. მ-ძეების ოჯახი 1994 წლამდე იხდიდა ამ ბინის ქირას.
სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა აპელანტების მითითება იმის თაობაზე, რომ სადავო ბინის თაობაზე გაცემული მემკვიდრეობის მოწმობები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, აპელანტებს უნდა დაუბრუნდეთ ვ. ს-ოვის ბიძისათვის მიცემული თანხა, ასევე მათ უნდა აუნაზღაურდეთ ის ხარჯები, რომლებიც გაიღეს სადავო ბინის შეკეთებისათვის. აღნიშნული მოთხოვნები წარმოადგენს ცალკე დავის საგანს. აპელანტებს შეგებებული სარჩელი არ წარუდგენიათ არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო სასამართლოში, ამიტომ, ეს საკითხები სააპელაციო პალატამ არ განიხილა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის მოტივი იმის შესახებ, რომ ს. კ-კოს არ გააჩნია მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომც ჰქონოდა მას ასეთი დოკუმენტი, პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება არ გააჩნდა. საქმეში წარმოდგენილია ს. კ-კოზე გაცემული მინდობილობის დედანი. სსკ-ს 93-ე მუხლის მეორე ნაწილის, 94-ე მუხლის “დ” პუნქტისა და სკ-ს 101-ე მუხლის თანახმად, კანონიერ წარმომადგენელს, მცირეწლოვანი შვილის დედას, უფლება აქვს, იყოლიოს ადვოკატი. სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ მ-ძეების ოჯახს არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი სადავო ბინაში ცხოვრებისათვის. მათ ქირავნობის ხელშეკრულება სადავო ბინის მესაკუთრესთან არ დაუდიათ, ამიტომ სკ-ს 170-ე, 172-ე მუხლების შესაბამისად კანონიერად იქნა დაკმაყოფილებული მოთხოვნა აპელანტების ბინიდან გამოსახლების შესახებ.
ა. მ-ძემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება იმავე პალატისათვის. საკასაციო საჩივრის მოტივებს წარმოადგენს შემდეგი: სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა, რომ სადავო ბინა ა. ს-ოვამ უანდერძა შვილს _ ვ. ს-ოვს. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ა. ს-ოვას შვილი არ იყო ვადიმი, მას ჰყავდა ორი შვილი – ნ. და ა. სასამართლოში არ იქნა წარდგენილი ა. ს-ოვას მიერ დატოვებული ანდერძის დედანი; სასამართლომ არ იმსჯელა ამ ანდერძის ნამდვილობის თაობაზე; სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ს 562-ე მუხლი, რადგან კასატორი უარს არ ამბობს ბინის ქირის გადახდაზე, მაგრამ ვის გადაუხადოს ქირა, ეს არ იცის; ოჯახთან ერთად ათი წელია ცხოვრობს სადავო ბინაში, მას სხვა ბინა არ აქვს; ს. კ-კოს არ ჰქონდა უფლება, პროცესზე გამოსულიყო არასრულწლოვნის ინტერესების დასაცავად;
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ვ. ს-ოვის საკუთრებას წარმოადგენდა ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი; მას ე. ტ-სკაია-ს-ულთან 1992წ. იანვარში შეეძინა ქალიშვილი ა. ს-ოვა. ვ. ს-ოვი გარდაიცვალა 1992წ. ივლისში. მამის გარდაცვალების შემდეგ კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა გაიცა შვილზე – ა. ს-ოვაზე.
ა. ს-ოვის კანონიერმა წარმომადგენელმა, დედა ე. ს-ულმა, 2001წ. იანვარში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: ა., გ. და ც. მ-ძეების მიმართ და მოითხოვა ქ.ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი ოთახებიდან მათი გამოსახლება. ა. ს-ოვას სურს, იცხოვროს მამის დანატოვარ ბინაში, მაგრამ მოპასუხეები ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ ბინას.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ იმსჯელა ა. ს-ოვას მიერ ვ. ს-ოვისათვის დატოვებული ანდერძის ნამდვილობაზე, რადგან აღნიშნული მოთხოვნით შეგებებული სარჩელი ა. მ-ძეს არ წარუდგენია არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოებში. საქმეში წარმოდგენილი ცნობით ირკვევა, რომ ა. ს-ოვას შვილიშვილი იყო ვ. ს-ოვი, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო სადავო საცხოვრებელი სახლი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ს 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ კასატორის ოჯახს სადავო ბინაში ცხოვრების უფლება ბინის ყოფილი მესაკუთრის, ვ. ს-კოვისაგან, არ მიუღია.K პირველი ინსტანციის სასამართლოში თვით ა. მ-ძემ განმარტა, რომ სადავო ბინაში შევიდა ვ. ს-ოვის ბიძის, ან. ს-ოვის, თანხმობით, ბინის ქირას მას უხდიდა 1994 წლამდე. ან. ს-კოვი კი არ წარმოადგენდა სადავო ბინის მესაკუთრეს. კასატორმა ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ ან. ს-ოვს მიღებული ჰქონდა ვ. ს-ოვისაგან სადავო საცხოვრებელი ბინის განკარგვის უფლება. სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
დაუსაბუთებელია ასევე კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ ს. კ-კოს არ ჰქონდა უფლება, სასამართლო პროცესზე გამოსულიყო არასრულწლოვანი ა. ს-ოვას ინტერესების დასაცავად. საქმეში წარმოდგენილია არასრულწლოვანი ა. ს-ოვას დედის, ე. ს-ულის, მიერ გაცემული მინდობილობა ს. კ-კოს სახელზე, რომელიც ძალაშია 2004 წლამდე.
სკ-ს 1198-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მშობლები თავისი არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის – სასამართლოშიც.
სსკ-ს 93-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად მხარეებს შეუძლიათ, აგრეთვე, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს ა. მ-ძის სააპელაციო საჩივრის განხილვისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს მისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 16 ნოემბრის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.