გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ-385-02 1 მაისი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: სესხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 23 თებერვალს ყ. დ-ძემ შპს “.. ..-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1995 წელს მან საწარმოს საქმიანობისათვის კომბინატის მაშინდელი დირექტორის, აწ გარდაცვლილი ა. გ-ძის მიერ გამოგზავნილ მომმარაგებელ გ. კ-ძეს ასესხა 21 ტ. ცემენტი, რომელმაც შემდგომში მისცა მას ხელწერილი, რომლითაც დაადასტურა მომარაგების უფროსის და დირექტორის დავალებით ცემენტის სესხებისა და დაბრუნების აუცილებლობის ფაქტი.
ახალმა დირექტორმა, რომელიც 1995 წელსვე დაინიშნა, ცემენტის დაბრუნებაზე უარი განუცხადა. მოგვიანებით მან დახმარებისათვის მიმართა პოლიციას. პოლიციამ ცემენტის სესხად გაცემის ფაქტი დაადასტურა, მაგრამ მოპასუხემ ცემენტი მაინც არ დაუბრუნა. 21 ტ. ცემენტის ღირებულება შეადგენს 2840 ლარს.
მოსარჩელემ მოითხოვა მითითებული თანხის დაბრუნება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კომბინატს მოსარჩელისაგან ცემენტი არ შეუძენია. კომბინატში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი იმის შესახებ, რომ კომბინატმა მოსარჩელისაგან ისესხა ცემენტი. ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არც მოსარჩელეს არ გააჩნდა.
ბათუმის საქალქო სასამართლოს 2001 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ, 1995 წლის 12 ოქტომბრის თარიღით შესრულებულ ხელწერილს არ შეიძლებოდა მისცემოდა მტკიცებულების ძალა, რადგან იგი ცალმხრივად შედგენილ დოკუმენტს წარმოადგენდა და მასზე არ იყო მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ მოთხოვნა იყო ხანდაზმული, რადგან ამგვარ დავებზე სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს, სარჩელის შეტანის დროისათვის კი ეს ვადა გასული იყო.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს გადასახდელად დაეკისრა 2840 ლარი.
უმაღლესმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ყ. დ-ძესა და კომბინატის დირექტორ ა. გ-ძეს შორის ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე დაიდო ზეპირი ხელშეკრულება 21 ტ. ცემენტის სესხებასთან დაკავშირებით იმ პირობით, რომ ა. გ-ძე ორგანიზაციაში ცემენტის მიღებისთანავე უმალვე გაისტუმრებდა ვალს, მაგრამ როცა ა. გ-ძემ ვალი ვერ დააბრუნა, მისი დავალებით ორგანიზაციის სახელით ვალის დაბრუნების ხელწერილი გააფორმა გ. კ-ძემ.
უმაღლესმა სასამართლომ სესხების ფაქტი დადასტურებულად მიიჩნია, მოწმეთა _ კ-ძისა და ბ-ძის ჩვენებებით. უმაღლესმა სასამართლომ სესხის შესახებ წერილობით დოკუმენტად მიიჩნია 1995 წლის 12 ოქტომბრის თარიღით შედგენილი ხელწერილი.
უმაღლესმა სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ, ვინაიდან ყ. დ-ძემ მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება წარადგინა 1998 წლის 3 დეკემბერს, სადაც მოპასუხე ორგანიზაციის თანამშრომლებმა სიტყვიერად აღიარეს ვალის არსებობა, ხოლო 2000 წლის ოქტომბრის თვეში ყ. დ-ძეს ვალის დაფარვის მიზნით კიდევაც გადასცა 200 ცალი კედლის ბლოკი და აღიარა, რომ 2000 წლის ბოლომდე გადაუხდიდა 300 აშშ დოლარს.
აქედან გამომდინარე, უმაღლესმა სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად ვალის აღიარება წარმოადგენდა ახალი მოთხოვნის საფუძველს და ხანდაზმულობის ვადის ხელახლა ათვლა ვალის არსებობის აღიარებიდან უნდა დაწყებულიყო.
2002 წლის 22 იანვარს შპს “.. ..-ის” დირექტორმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:
კასატორს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელწერილი, რომელსაც ხელს აწერს გ. კ-ძე, არ წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ მოპასუხე ორგანიზაციამ ისესხა ხელწერილში მითითებული ცემენტი. კომბინატში ცემენტის შემოტანისა და რეალიზაციის ფაქტი არც კომბინატშია დარეგისტრირებული.
მხარეთა შორის სადავო ურთიერთობა ეხება 1995 წელს, როცა მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად ამგვარი სესხის ხელშეკრულებისათვის, აუცილებელი იყო წერილობითი ფორმა. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 46-ე მუხლის შესაბამისად (1964 წლის რედაქცია) ამ ფორმის დაუცველად დადებული ხელშეკრულება მხარეებს უსპობდა შესაძლებლობას, დავის შემთხვევაში გარიგების დასადასტურებლად დაყდნობოდნენ მოწმეთა ჩვენებებს.
სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა მოწმე ბ-ძის ჩვენება, როცა გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ თითქოს მან დაადასტურა ცემენტის სესხების ფაქტი. პირიქით, სასამართლო პროცესზე მოწმე ბ-ძემ არ დაადასტურა სესხების ფაქტი. მისივე მითითებით, უმაღლესმა სასამართლომ არასწორად მიიჩნია მოპასუხის ვალდებულების არსებობის საფუძვლად პოლიციის მოკვლევის შედეგები. მასვე მიაჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან გასული იყო 3 წელი.
მისივე მოსაზრებით, უმაღლესი სასამართლოს მიერ არასწორად იქნა მიჩნეული ვალის აღიარებად 2000 წელს მის მიერ ყ. დ-ძისათვის ბლოკის მიცემის ფაქტი, რადგან იგი სასამართლოში და სხვა ინსტანციაში მიცემულ განმარტებებში ყოველთვის აფიქსირებდა თავის პოზიციას იმის შესახებ, რომ იგი უარს ამბობდა 21 ტ. ცემენტის ღირებულების გადახდაზე.
მანვე მიუთითა, რომ უმაღლესმა სასამართლომ არ გამოიყენა ძველი სამოქალაქო კოდექსის 44-ე, 46-ე 75-ე და ახალი სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 129-ე მუხლები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარის განმარტება და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ, ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ურთიერთობის მონაწილეებს არ გამოუთქვამთ სურვილი, რომ მათ შორის წარმოშობილი ურთიერთობა ახალი სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად გადაწყვეტილიყო, დავა სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა ძველი სამოქალაქო კოდექსით.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის (1964 წლის რედაქცია) შესაბამისად წერილობით უნდა დაიდოს სახელმწიფო, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების გარიგებანი ურთიერთშორის და მოქალეებთან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ასევე, წერილობით უნდა დაიდოს გარიგებანი მოქალაქეებს შორის 100 მანეთზე მეტი თანხისა.
ამავე კოდექსის 46-ე მუხლის შესაბამისად კანონით დაწესებლი გარიგების მარტივი წერილობითი ფორმის დაუცველობა უსპობს მხარეებს უფლებას, რომ დავის შემთხვევაში გარიგების დასადასტურებლად დაეყრდნენ მოწმეთა ჩვენებებს, ხოლო კანონში პირდაპირ მითითებულ შემთხვევაში იწვევს გარიგების ბათილობას. ამავე კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად 50 მანეთზე მეტი თანხისა სესხის ხელშეკრულება წერილობით უნდა იქნეს დადებული.
საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით, რომელიც 1995 წლის თარიღითაა შედგენილი და ხელს აწერს ბათუმის სახლმშენი კომბინატის მომმარაგებელი გ. კ-ძე და მიუთითებს, რომ მან მომარაგების უფროსის, კომპლექტაციის უფროსისა და დირექტორის დავალების შესაბამისად ყ. დ-ძისაგან ისესხა 21 ტ. ცემენტი და პასუხისმგებლობას კისრულობს, რომ დაუბრუნებს მას, არ წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებას, დადებულს ბათუმის სახლმშენებელ კომბინატსა და ყ. დ-ძეს შორის, რადგან აღნიშნულ დოკუმენტს ხელს არ აწერს მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ხელწერილი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ბათუმის სახლმშენებელ კომბინატსა და ყ. დ-ძეს შორის დადებულ სესხის ხელშეკრულებად, ვინაიდან ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად რწმუნებულება სახელმწიფო, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინაშე წარმომადგენლობისათვის დადასტურებული უნდა იყოს სანოტარო წესით. ასეთი სახის რწმუნება კი ხელწერილში მითითებულ პირს არ გააჩნდა.
აქედან გამომდინარე, შპს “.. ..-ს” ამ ხელწერილის შესაბამისად ვერ წარმოეშობოდა ვალდებულება 21 ტ. ცემენტის დაბრუნების შესახებ, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როცა საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით, კომბინატში მითითებული ცემენტის შეტანის ფაქტი არ დასტურდება.
არასწორია უმაღლესი სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ 2000 წელს ახალი დირექტორის მიერ დ-ძისათვის 200 ცალი ბლოკის გადაცემა და დაპირება 300 აშშ დოლარის გადაცემის თაობაზე წარმოადგენს 21 ტ. ცემენტის ვალის აღიარებას.
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენიმლი დოკუმენტების შესაბამისად შპს “.. ..-ს” 21 ტ. ცემენტის ვალი არასდროს არ უღიარებია არც სიტყვიერად და არც წერილობით, არც ანგარიშსწორების ფორმით არ მოუხდენია მოსარჩელისათვის ცემენტის დაბრუნება. აქედან გამომდინარე, მცდარია უმაღლესი სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს 2000 წელს მოპასუხემ აღიარა ვალი და აქედან გამომდინარე, იგი ვალდებული იყო შეესრულებინა ვალდებულება. საქმეში მოთავსებული დოკუმენტი არ წარმოადგენს მოპასუხის მიერ ვალის არსებობის აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტს. აღნიშნული დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს ეკონომიკური დაშანაულისა და კორუფციასთან ბრძოლის სამსახურის უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი თ.წ-ძე წარმოადგენს ყ. დ-ძისათვის გაგზავნილ პასუხს, ამ უკანასკნელის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ შს სამინისტროში გამოძახებულმა ნ. მ-ძემ, სიტყვიერად განაცხადა, რომ ერთი თვის ვადაში გადაიხდიდა დავალიანებას _ 300 აშშ დოლარს. მითითებული დოკუმენტი არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად შპს “.. ..-ის” მიერ ვალის აღიარებას.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლიდან.
მოცემულ შემთხვევაში 2000 წელს მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე 200 ცალი ბლოკის გადაცემით მოპასუხეს 21 ტ. ცემენტის დაბრუნების ვალდებულება არ წარმოშობია; მას ასევე არ წარმოშობია 300 აშშ დოლარის გადაცემის ვალდებულება, რადგან ამის შესახებ მოპასუხეს განაცხადი წერილობით არ მოუხდენია. ვინაიდან მხარეებს შორის არ არსებობს არც სესხის ხელშეკრულება და არც ვალის არსებობის აღიარება, სამოქალაქო კოდექსის 317-ე და სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-4, 154-ე მუხლების შესაბამისად მოპასუხეს მოთხოვნის უფლება არ წარმოეშობა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უმაღლესმა სასამართლომ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, მაგრამ დადგენილ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რომლის გამოსწორებაც საკასაციო სასამართლოს შეუძლია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
შპს “.. ..-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ყ. დ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
გადაწყვეტილება საბოლოოა არ არ გასაჩივრდება.