Facebook Twitter

ბს-216-366-კ-03 19 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),

ბ. კობერიძე

დავის საგანი: საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სადავო ფართიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 17 იანვარს ბაღდათის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბაღდათის რაიონულ სასამართლოს მოსპუხეების: ბაღდათის სახლმმართველობის, ა. გ.-ისა და ა. ფ.-ის მიმართ საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელების, 1999წ. აპრილის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სადავო ფართიდან მოპასუხის გამოსახლების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1998წ. იანვარში ბაღდათის სახლმმართველობასა და ბაღდათის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს ერთი წლის ვადით გადაეცა ბაღდათის სახლმმართველობის ბალანსზე რიცხულ სხვადასხვა ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე მდებარე არასაცხოვრებელი 310 კვ.მ, ყოველთვიურად 139 ლარისა და 50 თეთრის გადახდის პირობით.

ხელშეკრულების ვადა გავიდა 1999წ. იანვარში, მაგრამ მიუხედავად ამისა, საიჯარო ურთიერთობები მხარეებს შორის ფაქტობრივად არ შეწყვეტილა, რის გამოც ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით დადებულ ხელშეკრულებად ჩაითვალა.

1999წ. აპრილში სახლმმართველობამ ამავე ფართზე იჯარის ხელშეკრულება გაუფორმა ა. გ.-ს, ხოლო ამ უკანასკნელმა გამოყოფილი ფართიUდაუთმო ა. ფ.-ს. მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხეს უფლება არ ჰქონდა, სადავო ფართი იჯარით გაეცა სხვა პირზე.

მოსარჩელემ მოითხოვა მასა და მოპასუხეს შორის 1998წ. იანვარში დადებული ხელშეკრულების გაგრძელებულად ცნობა; 1999წ. აპრილში ბაღდათის სახლმმართველობასა და ა. გ.-ს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ა. ფ.-ის დაკავებული ფართიდან გასახლება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს; მოპასუხე ბაღდათის რაიონის სახლმმართველობამ მიუთითა, რომ მოსარჩელეებთან მის მიერ დადებულ საიჯარო ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა 1999წ. იანვარში. მიუხედავად მათი არაერთი მიმართვისა, მოსარჩელემ საიჯარო ხელშეკრულება არ გააგრძელა და საიჯარო ქირის გადახდაზე უარი განაცხადა, რის გამოც ხელშეკრულება გაფორმდა ა. გ.-სა და იმ სხვა პირებთან, რომლებიც ფიზიკურად ფლობდნენ ამ ფართს და ჰქონდათ ქირის გადახდის შესაძლებლობა, რისი უფლებაც მას გააჩნდა.

მოპასუხე ა. გ.-მ მიუთითა, რომ სადავო ფართი კანონის დაცვით იჯარით ჰქონდა მიღებული სახლმმართველობისაგან და ამიტომ მიაჩნდა, რომ არ არსებობდა ხელშეკრულების ბათილად ცნობის არავითარი საფუძველი.

მოპასუხე ა. ფ.-მ განმარტა, რომ იგი სადავო ფართში მუშაობს ამ ფართის კანონიერი დამქირავებლის, ა. გ.-ის თანხმობით და არ არსებობს მისი ამ ფართიდან გამოსახლების კანონიერი საფუძველი ფართის მესაკუთრის ან მისი დამქირავებლის ნების საწინააღმდეგოდ.

ვანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბაღდათის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივმა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ვანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 1 აგვისტოს განჩინებით ბაღდათის რაიკოოპერატივის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ვანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბაღდათის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივმა.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შედეგად საქმე ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსთვის დაებრუნებინა, ვინაიდან მან საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა სსკ-ის 240-ე მუხლის დარღვევის მოტივით, ხოლო საქმის ხელახლა განხილვისთვის რაიონულ სასამართლოში დაბრუნება კი შესაძლებელია მხოლოდ სსკ-ის 385-ე მუხლში მითითებული საფუძვლით. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თვითონ უნდა მიეღო გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 19 ოქტომბრის განჩინებით ბაღდათის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 1 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. Y

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 მარტის გადაწყვეტილებით ბაღდათის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა ვანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილება; ბაღდათის სამომხმარებლო კოოპერატივის სარჩელი დაკმაყოფილდა და მასა და ბაღდათის რაიონის სახლმართველობას შორის დადებული 1999წ. 1 იანვრის ხელშეკრულება ჩაითვალა განუსაზღვრელი ვადით დადებულად და გაგრძელდა; ბათილად იქნა ცნობილი ბაღდათის სახლმართველობასა და ა. გორგაძეს შორის 1999წ. 1 აპრილით დადებული ხელშეკრულება ბაღდათში, ... მდებარე არასაცხოვრებელი 126 კვ.მ-ის იჯარის თაობაზე და მისი მომდევნო ხელშეკრულება. ა. ფ.-ი გამოსახლებულ იქნა ბაღდათში, ... მდებარე ფართიდან, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა ა. ფ.-მა.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ მომდევნო წელს სახლმმართველობამ უშუალოდ მასთან გააფორმა ხელშეკრულება, რაზეც მოსარჩელეს პრეტენზია არ გამოუთქვამს. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ აღნიშნულ ფაქტს არ მისცა სათანადო შეფასება, ასევე არ გამოიყენა სკ-ის 605-ე მუხლი და არასწორად განმარტა გამოყენებული ნორმები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ვანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 15 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 1 მარტის გადაწყვეტილება მომდევნო ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და ა. ფ.-ის გამოსახლების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 2 აპრილის განჩინებით ქ. ბაღდათის სახლმმართველობის ნაცვლად მოპასუხედ ჩაება მისი უფლებამონაცლე _ ქ. ბაღდათის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო – ქ. ბაღდათის საკრებულო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 2 აპრილის განჩინებით ბაღდათის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განასახილველად გადაეცა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას იმ მოტივით, რომ სადავო 2001წ. 1 იანვრის ხელშეკრულება განხილულ უნდა იქნეს როგორც ადმინისტრაციული გარიგება, ვინაიდან ამ ხელშეკრულების მონაწილეს _ ქ. ბაღდათის სახლმმართველობის სამართალმემკვიდრესა და, შესაბამისად, მის საპროცესო უფლებამონაცვლეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო – ქ. ბაღდათის საკრებულო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებით ბაღდათის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ვანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილება ა. ფ.-ის გამოსახელებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო ბაღდათის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის მოთხოვნა ბაღდათის სახლმმართველობასა და ა. ფ.-ის შორის დადებული 2000წ. 1 იანვრის საიჯარო ხელშეკრულებისა და მომდევნო 2001, 2002, 2003 წლების საიჯარო ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატა განჩინებაში მიუთითებდა, რომ ა. ფ.-ის გამოსახლების შესახებ სასარჩელო და სააპელაციო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სადავო ხელშეკრულებები შეესაბამება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებს, დადებულია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ კანონის მოთხოვნების დაცვით და არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს, კერძოდ, 2000წ. 1 იანვარს ბაღდათის სახლმმართველობასა და ა. ფ.-ს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულება ბაღდათში, წ.-ის ქუჩაზე მდებარე არასაცხოვრებელ ფართზე, რომელიც ყოველ წელს ახლდებოდა, წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას, სადაც გამოვლენილია მხარეთა ნება, რომელიც სრულიად შეესაბამება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე და 69-ე მუხლების მოთხოვნებს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტება იმის შესახებ, რომ, რადგან 1998წ. 1 იანვრის საიჯარო ხელშეკრულება მასა და სახლმმართველობას შორის გაგრძელდა განუსაზღვრელი ვადით, ამიტომ უკანონოა ა. ფ.-თან დადებული ხელშეკრულებები.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 1998წ. საიჯარო ხელშეკრულება დადებული იყო 1 წლის ვადით და რადგან ხელშეკრულების განახლებისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ დამქირავებლის სურვილი და აუცილებელია არსებობდეს გამქირავებლის ნებაც, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა და, შესაბამისად, არ გაგრძელებულა ხელშეკრულების ვადა, ამიტომ აპელანტს არ შეეძლო მოეთხოვა ა. ფ.-თან დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ჩათვალა, რომ ბაღდათის რაიონის გამგეობის 1998წ. 16 დეკემბრის დადგენილებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ ქირის გადაუხდელობის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. აქედან გამომდინარე, დადგინა, რომ გამქირავებელს, ბაღდათის რაიონის სახლმმართველობას არ გამოუვლენია ქირავნობის ხელშეკრულების განახლების ნება. შესაბამისად, ბაღდათის გამგეობის 1998წ. 16 დეკემბრის დადგენილება და სახლმმართველობის მიერ ჯერ ა. გ.-სთან, ხოლო შემდეგ ა. ფ.-თან დადებული ხელშეკრულებები ნიშნავს მოსარჩელესთან 1998წ. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განცხადებას.

სააპელაციო პალატამ დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნია ისიც, რომ სადავო ფართი ქ. ბაღდათის საკრებულოს საკუთრებას წარმოადგენს და, რადგან ეს უკანასკნელი არ ითხოვს ა. ფ.-სთან 2000წ. 1 იანვრსა და მომდევნო წლებში დადებული ხელშეკრულებების გაბათილებას და მის გამოსახლებას, არ არსებობს ამ ფართიდან მისი გამოსახლების სამართლებრივი საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდნარე, სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ბაღდათის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა ვანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილება ა. ფ.-ის გამოსახლებაზე უარის თქმის ნაწილში და ასევე არ დაკმაყოფილდა ბაღდათის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის მოთხოვნა ქ. ბაღდათის სახლმმართველობასა და ა. ფ.-ს შორის დადებული 2000წ. 1 იანვრის საიჯარო ხელშეკრულებისა და მომდევნო 2001, 2003, 2003 წლების საიჯარო ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს გააწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბაღდათის რაიონის სამომხმარებლო კოპერატივმა და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება, საჩივარს კასატორი ამყარებდა შემდეგ გარემოებებზე:

1. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 1 მარტის განჩინების კანონიერ ძალაში შესულ ნაწილს, რომლითაც რაიკოოპერატივთან 1998წ. 1 იანვარს დადებული საიჯრო ხელშეკრულება გაგრძელებულად იქნა ცნობილი განუსაზღვრელი ვადით, ხოლო ა. გ.-სთან 1999წ. 1 აპრილს დადებული ხელშეკრულება გამოცხადდა ბათილად, რითაც სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ის მე-10, 104-ე და 266-ე მუხლების მოთხოვნები;

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია წინააღმდეგობრივია და ემყარება ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნას, რის გამოც იგი იურიდიულად დაუსაბუთებელია და სსკ-ის 394-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია;

3. გასაჩივრებული გადაწყვეტლების ის ნაწილი, სადაც საუბარია, სკ-ის 559-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რაიკოოპერატივთან საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტაზე, შეიცავს ფაქტობრივ და ლიგიკურ წინაამდეგობებს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, თითქოს მეიჯარემ ხელშეკრულების მოშლის შესახებ განცხადებით შეწყვიტა რაიკოოპერატივთან არსებული საიჯარო ურთიერთობა, ეწინააღმდეგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს;

4. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე, იმავე კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი _ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, თავისი უფლებამოსილება განახორციელოს მიუკერძოებულად, კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე და თუკი ადმინისტრაციული ორგანო ამ მოთხოვნების საწინააღმდეგოდ ახორციელებს რაიმე მოქმედებას, ასეთი ქმედება ბათილია როგორც სკ-ის 54-ე მუხლის, ისე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებები შეესაბამება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს, იურიდიულად დაუსაბუთებელია და არ ემყარება ზემოთ მითითებულ ნორმებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბაღდათის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

1998 წელს ქ. ბაღდათის სახმართველობასა და ბაღდათის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივს შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქ. ბაღდათის სახმართველობა გადასცემდა, ხოლო ბაღდათის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივი იჯარით იღებდა ქ. ბაღდათის სახმართველოს ბალანსზე რიცხულ, სხვადასხვა ქუჩაზე მდებარე არასაცხოვრებელ ფართს, სულ _ 310 კვ.მ-ს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 12 თვით, რომლის გასვლის შემდეგაც “მოიჯარე” განაგრძობდა იჯარით აღებული ფართით სარგებლობას, რაზედაც “მეიჯარეს” წინააღმდეგობა არ გაუწევია.

1999წ. 1 აპრილს ქ. ბაღდათის სახმმართველობასა და ა. გ.-ეს, ხოლო მოგვიანებით ა. ფ.-ს შორის ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართის ნაწილზე (186,5მ2) დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის შემდგომი განახლებაც მოხდა 2000 და 2002 წლებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 15 ნოემბრის განჩინებით ძალაში იქნა დატოვებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ბაღდათის სამომხმარებლო რაიკოოპერატივის სარჩელი მასსა და ბაღდათის რაიონის სახმართველობას შორის დადებული 1999წ. 1 იანვრის ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით დადებულად მიჩნევის თაობაზე და მითითებული ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელდა განუსაზღვრელი ვადით. ამავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ბაღდათის სახმართველობასა და გ.-ეს შორის 1999წ. 1 აპრილით დათარიღებული ხელშეკრულება ბაღდათში, ... მდებარე არასაცხოვრებელი 126 კვ.მ-ის იჯარით აღების თაობაზე.

ამდენად, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 1 მარტის გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.

საკასაციო სასამართლო ადასტურებს კასატორის მსჯელობის მართებულობას და აღნიშნავს, რომ სსკ-ის 106-ე მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობდნენ.

ზემოაღნიშნული მუხლის დებულებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ბაღდათის რაიონის გამგეობის 1998წ. 16 დეკემბრის დადგენილებით ბაღდათის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივსა და ბაღდათის სახმმართველობას შორის 1998 წელს დადებული საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე და დადგენილად მიიჩნევს, რომ მითითებული ხელშეკრულება ჩაითვალა განუსაზღვრელი ვადით დადებულად.

სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

მოწინააღმდეგე მხარის _ ბაღდათის რაიონის საკრებულოს მხრიდან საქმეში წარმოდგენილი არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომელიც საკასაციო სასამართლოს მისცემდა საფუძველს, ჩაეთვალა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 01 მარტის გადაწყვეტილებას ძალაში შესვლის შემდეგ ბაღადათის საკრებულომ, როგორც სახლმმართველობის უფლებამონაცვლემ, კასატორთან შეწყვიტა იჯარის ხელშეკრულება. საქმეში ასევე წარმოდგენილი არ არის შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო წესით მოითხოვდა ხელშეკრულების შეწყვეტას, თუმცა საყურადღებოა, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესაძლებლობის თაობაზე მხარეს მიეთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 15 ნოემბრის განჩინებით, რა უფლებითაც ბაღდათის საკრებულოს არ უსარგებლია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და თვლის, რომ ბაღდათის რაიონის საკრებულომ (ბაღდათის რაიონის სახმმართველობის) იჯარით დატვირთული ფართი მე-3 პირის სასარგებლოდ იმავე უფლებით ისე დატვირთვა, რომ არ შეუწყვეტია თავდაპირველი საიჯარო ხელშეკრულება. ამდენად, ბაღდათის რაიონის საკრებულოს მხრიდან დაირღვა სკ-ის 533-ე მუხლის მოთხოვნები.

ამავე სკ-ის 581-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის წესები თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

ხოლო სკ-ის 575-ე მუხლის შესაბამისად, დამქირავებელს უფლება აქვს დაიცვას თავისი მფლობელობა ყოველგვარი დამრღვევისგან, მათ შორის, მესაკუთრისგან.

მითითებული მუხლი, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორს, როგორც ფართის მოიჯარეს სკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე აძლევს იმ ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნის სამართლებრივ უფლებას, რომლითაც მას ხელი ეშლება საკუთარი უფლების, კერძოდ კი მფლობელობის უფლების განხორციელებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებს და კანონი არამართებულად გამოიყენება, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას, ხოლო საკასაციო საჩივარი _ დაკმაყოფილებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული სპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ბაღდათის რაიკოოპერატივის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ბაღდათის რაიკოოპერატივის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდეს; ბათილად იქნეს ცნობილი ბაღდათის სახმმართველობასა და ა. ფ.-ს შორის ქ. ბაღდათში, ... მდებარე არასაცხოვრებელი 126 კვ.მ-ზე დადებული ხელშეკრულებები. ა. ფ.-ი გამოსახლდეს ქ. ბაღდათში, ... მდებარე 126 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართიდან;

4. ა. ფ.-ს კასატორის ბაღდათის რაიკოოპერატივის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 40 ლარის ოდენობით;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.