გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ-390-02 4 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
დავის საგანი: პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
კ. თ-ემ, ა. ჩ-ემ, ვ. დ-ამ, ზ. ვ-მა, ნ. ი-მა, ზ. უ-ემ და რ. მ-ნმა აღძრეს სარჩელი ე. ჩ-ისა და გაზეთ “რ.” მიმართ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ 2001წ. 16 მარტს გაზეთში “რ.” გრიფით “ჟურნალისტური გამოძიება” გამოქვეყნდა ჟურნალისტ ე. ჩ-ის პუბლიკაცია სათაურით: “დინამო” შვიდი პოლიციელის საკუთრება, თ-ეს და კომპანიას შ-ძე ბიუჯეტიდან 7 მილიონს ჩუქნის”. გაზეთის ამავე ნომრის სატიტულო გვერდზე, ზემოთ, მსხვილი შრიფტით გაკეთებულია წარწერა “სუპერაფერა”. წარწერის გვერდით მოთავსებულია კ. თ-ის ფოტოსურათი. აქვე, გაზეთის პირველ გვერდზე, საფეხბურთო კლუბ “დ. თ.” ემბლემის ქვეშ არის ჩანაწერი: “თ-ემ მ-ა ერთი, მოატყუა მეორე, მოატყუა მესამე”.
პუბლიკაციაში გატარებულია აზრი, რომ მოსარჩელეებმა მოტყუებით და ძალით ხელში ჩაიგდეს და მიისაკუთრეს საფეხბურთო კლუბი “თ. დ.” და ამასთან, აპირებენ ,,თ. დ.” მიმართული სახელმწიფო სახსრების პირადი ინტერესებისათვის გამოყენებას. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა “თ. დ.” აჩუქა 7 კაცს, პოლიციის შვიდ მაღალჩინოსანს. სტატიაში აღნიშნულია, რომ უხეშმა ძალამ ,,დინამო” წაართვა საქართველოს, ხალხს, ფეხბურთელებს და გახადა შპს “-ე და კ-ს” საკუთრება. ის, რომ ამ შვიდ კაცში მოსარჩელეები იგულისხმებიან, პუბლიკაციაშივეა აღნიშნული. მასში ნათქვამია, რომ ეს შვიდი ადამიანი აფუძნებს შპს-ს. ეს აზრი ამა თუ იმ სახით მრავალგზის არის გატარებული. ყოველივე მომხდარს ჟურნალისტი აფიორას უწოდებს, რომლის ერთ-ერთ ნაწილად ჟურნალისტს შს მინიტრის 1997წ. 6 ოქტომბრის ^¹575 ბრძანება მიაჩნია, რომლითაც სამინისტროს პირადი შემადგენლობის ხელფასის 0,2%-ით ფიზკულტურულ-სპორტული კლუბ “დინამოს” დაფინანსება გადაწყდა. აქვე გაკეთებულია ჟურნალისტის მოკლე დასკვნაც, სადაც აღნიშნულია: “აი ასე აცურებს პოლიციის ნომენკლატურა თავისივე თანამშრომლებს”. პუბლიკაციის ავტორი ვ. დ-ას მიაწერს აზრს იმის თაობაზე, რომ ის შვიდი პიროვნება, რომლებიც გამგეობაში არიან, უზარმაზარ ქონებას როგორც უნდათ ისე განკარგავენ. ჟურნალისტის აზრით, მოსარჩელე კ. თ-ე ,,თ. დ.” მეპატრონე იქნება ყოველთვის, მიუხედავად იმისა, დარჩება თუ არა იგი შს მინისტრად. საგაზეთო სტატიაში, იქ, სადაც ჟურნალისტი ფიზკულტურულ-სპორტული კლუბ “დ.” რეგისტრაციის საკითხებს ეხება, აღნიშნავს, რომ კ. თ-ე არად აგდებს საკუთარი თანამშრომლების ნება-სურვილს, რომ მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, ისინი თანახმანი არიან თუ არა თარგამაძის თავმჯდომარეობით გაწევრიანდნენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
2001წ. 17 მარტს გაზეთში “რ.” გრიფით “ჟურნალისტური გამოძიება” გამოქვეყნდა ჟურნალისტ ე. ჩ-ის პუბლიკაცია სათაურით: “ქურდებისა და პოლიციელების “დინამო”. გაზეთის ამავე ნომრის სატიტულო გვერდზე, ზემოთ, მსხვილი შრიფტით გაკეთებულია წარწერა “სუპერაფერისტი.” წარწერის გვერდით მოთავსებულია კ. თ-ის ფოტოსურათი, აქვე, გაზეთის პირველ გვერდზე, არის შემდეგი ჩანაწერები: “დინამო თ-ეს გამარტივებული წესით” და “როგორ გააცუცურაკა თ-ემ შ-ე.” მოსარჩელე მიუთითებდა, რომ პუბლიკაციაში განმტკიცებულია გაზეთის წინა ნომერში გაცხადებული აზრი. ჟურნალისტი ე. ჩ-ე მიუთითებს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლო “დინამოს” გადასცემს არა შსს-ს, არამედ _ 7 ფიზიკურ პირს და კვლავაც ჩამოთვლის მოსარჩელეთა ვინაობას. პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, რომ ქართულ ფეხბურთს დაუდგა დრო, როდესაც პოლიციის მაღალჩინოსნებმა მოინდომეს ამ მომგებიან სფეროში არსებული ქონების მნიშვნელოვანი წილის საკუთარ ჯიბეში გადაქაჩვა. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი შს მინისტრმა კ. თ-ემ მოატყუა და რომ კლუბის სახელით შვიდი კაცი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონის ხელში ჩაგდებას აპირებს.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული პუბლიკაციით ილახება მათი პატივი და ღირსება.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მოპასუხეებმა დარღვეული უფლება აღადგინონ გაზეთ ,,რ.” მეშვეობით შემდეგი სახით: გაზეთი “რ.” და ე. ჩ-ე ბოდიშს უხდიან კ. თ-ეს, ა. ჩ-ეს, ვ. დ-ს, ზ. ვ-ს, ნ. ი-ს, ზ. უ-ეს და რ. მ-ს გაზეთ ,,რ.” 2001წ. 16 და 17 მარტის ნომრებში მათ შესახებ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებისათვის. ბოდიშის მოხდა მოპასუხეს დაევალოს იმ შრიფტით და იმ ადგილას, სადაც წერია ,,სუპერაფერისტი” და ,,სუპერაფერა”.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე გაზეთ ,,რ.” ზემოაღნიშნული ინფორმაციის უარყოფისათვის წაემძღვარებინა სათაური: გაზეთი ,,რ.ი” უარყოფს მის მიერ გავრცელებულ ყალბ ცნობებს.”
მოპასუხემ აღნიშნული ინფორმაციის უარმყოფელი სათაური დაბეჭდოს გაზეთის სატიტულო გვერდზე, გაზეთის სახელწოდების ზემოთ, იმ ზომით და იმ ადგილის, რა ზომითაც და რა ადგილზეც გაზეთ “რ.” 2001წ. 16 და 17 მარტის ნომრებში განთავსებულია წარწერები შესაბამისად ,,სუპერაფერა” და ,,სუპერაფერისტი”.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და შესაგებელში მიუთითეს: გაზეთ ,,რ.” დაბეჭდილი სტატიები ემყარება ფიზკულტურულ-სპორტული კლუბ ,,დინამოს” და შპს ,,დ. თ.” რეგისტრაციის მასალებს. საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 6 მარტის ¹42 ბრძანებულებისა და შს მინისტრის 1997წ. 6 ოქტომბრის ¹575 ბრძანების ტექსტს. საქართველოს პარლამენტის დეპუტატების: კ. დ-ის, ვ. ხ-ის, ვ. მ-ის, დ. გ-ძის, იუსტიციის მინისტრის მოადგილის ი. ო-ის, იურისტ დ. უ-ის შეფასებებს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. მოპასუხეს ყალბი ცნობები არ გაუვრცელებია, ხოლო რაც შეეხება ამა თუ იმ შეფასებას, ეს ჟურნალისტის და გაზეთის პოზიციაა და სრულად “ჯდება” სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციურ ნორმაში. ამა თუ იმ მოვლენის აფიორად შეფასება არ წარმოადგენს ყალბი ცნობის გავრცელებას, ეს აზრი მოვლენის ჟურნალისტისეული და გაზეთისეული აღქმაა. Aამასთან, გაზეთი იმეორებს ზემოთ ჩამოთვლილი პირების შეფასებებს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კო.იის 2001წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. Kკო.ია მიუთითებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის არა ცნობები, როგორც ეს მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, არამედ მოპასუხე ე. ჩ-ის მიერ გაზეთ ,,რ.” მეშვეობით გავრცელებული ის მოსაზრებები, რაც მას ჩამოუყალიბდა ჟურნალისტური გამოძიებით მოპოვებული მასალებით.
კო.ია მიუთითებს, რომ, როცა საქმე მთავრობის წევრს, პოლიტიკურ მოღვაწეს და საჯარო მოსამსახურეს ეხება, დასაშვები კრიტიკის ფარგლები ფართოა.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ა. კ-მა.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ ჩათვალა, რომ ტერმინი ,,ცნობა” გულისხმობს ინფორმაციას მხოლოდ ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, ხოლო ყველა დანარჩენი სახის ინფორმაცია კი სასამართლომ სამართლის ნორმით მოწესრიგებული ურთიერთობის მი. გაიტანა. Kკასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტში აღიარებულია ინფორმაციისა და აზრის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლება. ამდენად, სასამართლოს დასკვნა, რომ ,,მოსაზრება” არ არის ცნობა, კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებაში არასწორია.
საქართველოს შიდასამართლებრივი, ასევე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ანალიზიდან ირკვევა, რომ სკ-ს მე-18 მუხლით აღიარებული პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ცნობაში უნდა მოვიაზროთ გავრცელებული აზრი, მრწამსი, ინფორმაცია და იდეა. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნა, როდესაც მან გავრცელებული ცნობის ფარგლები დაავიწროვა მხოლოდ ,,ფაქტის შესახებ ცნობად”, ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ შიდა და საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს.
კასატორი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მეორე პუნქტში სასამართლო კო.ია მიუთითებს იმ შიდასახელმწიფო და საერთაშორისო სამართლის ნორმებზე, რომლებიც აზრის გამოთქმისა და გავრცელების თავისუფლებას აღიარებენ. სარჩელში არ არის მითითებული არც ერთი გარემოება, სადაც სადავოდ იქნებოდა გამხდარი მოპასუხეთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეთა მოქმედება უკანონოა. Aამდენად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებულ დასკვნებს დავის საგანთან მიმართება არ გააჩნია.
Kკასატორის აზრით, სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეთა მიმართ ,,დასაშვები კრიტიკის ფარგლები ფართოა”, არის იმის მტკიცება, რომ მოპასუხეებს ამ ფარგლებისათვის არ გადაუბიჯებიათ.Aასეთი დასკვნა ეწინააღმდეგება სასამართლოს პირველ დასკვნას, როდესაც მან მოპასუხეთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოსაზრებები და არა ცნობები უწოდა.
კასატორი მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კო.იის 2001წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია, ცენზურა დაუშვებელია. კონსტიტუციის ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ” ევროპის კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას ჰქონდეს მოსაზრებანი და მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. Eეს მუხლი არ უშლის ხელს სახელმწიფოებს მოითხოვონ რადიომაუწყებლობის, ტელევიზიისა და კინოწარმოების ლიცენზირება. ამ თავისუფლებათა განხორციელება იმის გამო, რომ იგი მოიცავს ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სასჯელს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებლობას წარმოადგენენ დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გამომდინარე, უწესრიგობისა და დანაშაულის აღკვეთისათვის, ჯანმრთელობისა და მორალის, სხვათა რეპუტაციის დაცვისათვის, კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებისა ან სასამართლო ხელისუფლების მიუკერძოებლობის შენარჩუნებისათვის.…
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და საქართველოს საკანონმდებლო აქტები ადგენს, როგორც მოსაზრებების, ინფორმაციის გამოხატვისა და გავრცელების, ისე პირთა პატივისა და ღირსების დაცვის გარანტიებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება.
ეს არის ის შემთხვევა, როდესაც კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს სახელმწიფოს ჩარევას სიტყვის თავისუფლების განხორციელებაში და სახელმწიფო იძულებითი ღონისძიებების განხორციელებას პირთა პატივისა და ღირსების დასაცავად.
პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს ჩარევა არ უნდა განხორციელდეს და სასამართლოს მიერ მოპასუხეს იძულების ღონისძიება არ უნდა დაეკისროს შემდეგ გარემოებათა გამო:
სიტყვის თავისუფლება, იმ სახით, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და შესაბამისი საერთაშორისო აქტებით, წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების არსებობის ერთ-ერთ საფუძველს, საზოგადოების პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციის ერთ-ერთ პირობას.
დემოკრატიულ საზოგადოებაში პრესის მისიაა, გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები პოლიტიკურ საკითხებთან და იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც საყოველთაო ინტერესის საგანს წარმოადგენს. სიტყვის თავისუფლება არის დემოკრატიული საზოგადოების ის იარაღი, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, შეიტყოს პოლიტიკური ლიდერების საზოგადოებრივ პრობლემებთან დამოკიდებულება, ერთმანეთს შეადაროს მათი შეხედულებები და იდეები.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ” ევროპის კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებულია არა მხოლოდ პრესის თავისუფლება, რომ ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, არამედ საზოგადოების უფლებაც _ იყოს სათანადო დონეზე ინფორმირებული.
პოლიტიკური დისკუსიის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების გულს. შესაბამისად, პოლიტიკური თანამდებობის პირთა კრიტიკის ფარგლები ფართოა, ვიდრე კერძო პირთა. Pპოლიტიკური თანამდებობის პირისათვის გარდაუვალია და ამგვარი თანამდებობის დაკავება თავისთავად ნიშნავს, რომ მისი ყოველი სიტყვა და მოქმედება იქნება ჟურნალისტთა მუდმივი და დაჟინებული ანალიზისა და კრიტიკის ობიექტი. პოლიტიკოსმა, შესაბამისად, უნდა გამოავლინოს მოთმინების მაღალი დონე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ახორციელებს ისეთ მოქმედებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძაფრი კრიტიკა. სახელმწიფო მოხელეებმა პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით გამართულ დებატებში დასაშვებ ზღვარზე მეტი კრიტიკა უნდა ითმინონ. Aამასთან, კრიტიკა უნდა იყო საქმიანი და იგი არ უნდა გადაიზარდოს ღვარძლიან კრიტიკაში, რომელიც აშკარად შეუსაბამოა კრიტიკისა და განსჯის საგანთან.
საკასაციო პალატა თვლის, რომ, რაც უფრო დიდია პოლიტიკური თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე, მის მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები უფრო ფართოა, მისი მისამართით გამოთქმულ საფუძვლიან კრიტიკას მეტი დატვირთვა აქვს საზოგადოებრივი, სახელმწიფო და თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.
პოლიტიკოსს, რა თქმა უნდა, აქვს მისი რეპუტაციის დაცვის უფლება, მაგრამ ამგვარი დაცვის მოთხოვნის საპირისპირო და გამაწონასწორებელ გარემოებას წარმოადგენს საზოგადოების მოთხოვნები და ინტერესები პოლიტიკურ საკითხებზე ღია დისკუსიის მიმართ.
სასამართლოს ამოცანა მოცემულ საქმეზე არის აღნიშნული პრინციპების ფონზე სადავო საკითხის გადაწყვეტა.
ჟურნალისტი ე. ჩ-ე ჟურნალისტურ გამოძიებაში მიუთითებს, რომ დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაცია, ფიზკულტურულ-სპორტული კავშირი “დ.”, რომლის გამგეობა და უფლებამოსილი პირები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები. თ-ის ხელში აღმოჩნდა ისეთი ბიზნესი, რომლის მეპატრონე ის მაინც იქნება, მიუხედავად იმისა, შინაგან საქმეთა მინისტრად დარჩება თუ არა. ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი, კავშირი “დინამო” ისეა გატარებული რეგისტრაციაში, რომ ,,რ.” ვერც კავშირის წევრთა სავარაუდო რაოდენობის დადგენა შეძლო და ვერც ის გაარკვია, გაცხადებული აქვთ თუ არა კავშირის წევრობაზე თანხმობა იმ პირებს, ვინც კავშირის წევრად ითვლება.
კავშირის რეგისტრაციის შესახებ სასამართლოს დადგენილებაში მითითებულია, რომ კლუბის წევრები არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მათი ოჯახის წევრები, ,,დინამოს” წარმოება-დაწესებულებათა მუშა-მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მითითებულია პუბლიკაციაში, პარლამენტარი კ. დ-ი აღნიშნავს: “ანეკდოტია, თუ ბატონ კ. ჰ-ა, რომ ყველა ოჯახის ხელმძღვანელი, შსს-ს თანამშრომლებისა, არის თვითონ. მას თანაც წარმომადგენლობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ გააჩნია”.
პარლამენტარ ვ. ხ-ის აზრით, “შეუძლებელია, რომელიმე ორგანიზაციის თანამშრომელთა გაერთიანება იყოს იძულებითი. ყველა პიროვნებას საკუთარი თანხმობა ხელმოწერით უნდა ჰქონდეს დადასტურებული”.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ი. ო-ი მიუთითებს: “საოცარია, მოსამართლემ როგორ გაატარა რეგისტრაციაში კავშირი, სადაც არ არსებობს კონკრეტული ჩამონათვალი, ვინ არიან კავშირის წევრები”.
პარლამენტარი ვ. მ-ე მიუთითებს: “გაუგებარია რატომ არის ამჯერად დაფუძნებული კავშირი ძველი კავშირის სამართალმემკვიდრე. გაუგებარია იმდენად, რამდენადაც ის იყო სახელმწიფო ქონება, ახლა კი ის არის სრულიად კონკრეტული პიროვნების საკუთრება. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, დღევანდელმა პარლამენტარებმა რომ შევქმნათ არასამთავრობო ორგანიზაცია და გამოვაცხადოთ, რომ პარლამენტის შენობა და მისი ქონება არის ჩვენი საკუთრება”.
“მტკნარი სიცრუეა გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ საფეხბურთო კლუბი “დ. თ.” შსს-ს გადაეცა და, ამდენად, იგი სახელმწიფო ზრუნვის საგნად უნდა იქცეს. სინამდვილეში არავითარი სამართლებრივი კავშირი შპს “დ. თ.” და შსს-ს შორის არ არსებობს. შპს “დ. თ.” ერთადერთი მეპატრონეა არასამთავრობო ორგანიზაცია კლუბი “დ.”, რომელსაც თავის მხრივ განაგებს შსს-ს თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს ამოფარებული 7 ფიზიკური პირი. ესენი არიან: ბატონები კ. თ-ე, ა. ჩ-ე, ზ. უ-ე, ვ. დ-ა, ნ. ი-ი, ზ. ვ-ი და რ. მ-ი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ბატონების შსს-ში დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შემთხვევაშიც კი, ორივე “დინამო” მათ საკუთრებაში დარჩება. სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლი რეგისტრაციისათვის ითხოვს კავშირის დამფუძნებელთა ვინაობის მითითებას. კლუბ “დ.” დამფუძნებელთა ვინაობად ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება ჩანაწერი _ “შსს თანამშრომლები, მათი ოჯახის წევრები, დინამოს წარმოება-დაწესებულებების მუშა-მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები”,_ მიუთითებს იურისტი დ. უ-ი.
ამ გარემოებების საფუძველზე აღნიშნული პირები, ასევე, უკანონოდ მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტის ¹42 ბრძანებულებას და შინაგან საქმეთა მინისტრის ¹575 ბრძანებას, რომლითაც “შეიქმნა სამინისტროს ხაზინაში ერთიანი ფონდი, პირადი შემადგენლობის ხელფასიდან 0,2%-ის დაქვითვით, რითაც უნდა დაფინანსდეს ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი “დ.”.
თავად მოსარჩელე ვ. დ-ა ინტერვიუში შეკითხვაზე: ამ ხალხს (შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს) აქვს გაცხადებული თანხმობა წევრობაზე, ვ. დ-ა პასუხობს: არ არის ეს თანხმობით, ეს ბრძანებით არის დარეგულირებული.
ჟურნალისტის შეკითხვაზე: კი მაგრამ, არ უნდა ჰქონდეს ხელი მოწერილი თანამშრომელს, რომ თანახმაა?, მოსარჩელე ნ. ი-ი პასუხობს: ახლა ვაკეთებთ ყველაფერს თავიდან.
თვით ექსპერტთა პასუხებში არაერთხელ არის მითითებული, რომ მომხდარი არის უმაღლესი პილოტაჟის სამართლებრივი აფიორა, რომ ეს არის კურიოზი, ანეკდოტი.
მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით ჟურნალისტი აკეთებს შეფასებას:
ა) საქართველოს პრეზიდენტმა “თ. დ.” აჩუქა კ. თ-ეს, ა. ჩ-ეს, ვ. დ-ას, ზ. ვ-ს, ნ. ი-ს, ზ. უ-ეს და რ. მ-ს.
ბ) “დინამო” წაერთვა საქართველოს, ხალხს, ფეხბურთელებს და გახდა შპს “თ. და კ.” საკუთრება.
გ) შვიდმა ადამიანმა დააფუძნა შპს “თ. დ.”.
დ) ნ. ი-მა დააფუძნა შპს “თ. დ.”.
ე) შს მინისტრის 1997წ. 6 ოქტომბრის ¹575 ბრძანება არის აფიორა.
ვ) პოლიციის ნომენკლატურა აცურებს თავისსავე თანამშრომლებს.
ზ) კ. თ-ე “თ. დ.” მეპატრონე იქნება ყოველთვის, მიუხედავად იმისა, დარჩება თუ არა იგი შს მინისტრად.
თ) კ. თ-ე ამით აცხადებს, რომ კ. თ-ისათვის მნიშვნელობა არა აქვს, საკუთარი თანამშრომლები თანახმანი არიან თუ არა, გაწევრიანდნენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
ი) დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლომ “თ. დ.” გადასცა 7 ფიზიკურ პირს.
კ) პოლიციის მაღალჩინოსნებმა მოინდომეს ფეხბურთის მომგებიან სფეროში არსებული ქონების მნიშვნელოვანი წილის საკუთარ ჯიბეში გადაქაჩვა.
ლ) შს მინისტრმა მოატყუა საქართველოს პრეზიდენტი.
მ) 7 კაცი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონის ხელში ჩაგდებას და საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენებას აპირებს.
ნ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან “თ. დ.” გამოყოფილი თანხა მაღალი ჩინოვნიკების მადის დასაკმაყოფილებლად წარიმართება.
არც სარჩელში, არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, არც საკასაციო საჩივარში მოსარჩელენი არ უთითებენ, რომ სპორტსაზოგადოება “დ.” დაფუძნებასთან დაკავშირებული იურიდიული შეფასებები, რომელშიც აშკარად არის გამოხატული, რომ რეგისტრაცია განხორციელდა კანონის დარღვევით და სამართლებრივი კავშირი შსს-სა და სპორტსაზოგადოება ,,დ.” შორის არ არსებობს, არ შეესაბამება სინამდვილეს და რეგისტრაცია ყოველგვარი ხარვეზის გარეშე განხორციელდა.
კანონის დარღვევა, მისი მოთხოვნების უგულვებელყოფა წარმოადგენს ისეთ ფაქტს, რომელიც მიუღებელია საზოგადოებისათვის. Bბუნებრივია, კანონის ამგვარი დარღვევის თითოეული ფაქტი ადეკვატურად ფასდება საზოგადოებასა და პრესაში.
როდესაც მოსარჩელე ჟურნალისტურ შეფასებებს პატივისა და ღირსების შემლახველად მიიჩნევს, მან უნდა მიუთითოს, რომ ეს შეფასებები არ წარმოადგენენ იმ ფაქტების შესაბამისს, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებაშია გამოყენებული, ან ფაქტობრივი მონაცემები, რომელიც ჟურნალისტის მიერ არის მოტანილი, არ შეესაბამება სინამდვილეს. თვით კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სარჩელში არ არის მითითებული არც ერთი გარემოება, სადაც სადავოდ იქნებოდა გამხდარი მოპასუხეთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეთა მოქმედება უკანონოა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ჟურნალისტურ შეფასებებს არ განიხილავს ჟურნალისტის მიერ მოტანილ ფაქტებთან ერთად და მიუთითებს, რომ ეს შეფასება ლახავს მის პატივსა და ღირსებას.
პალატის აზრით, როდესაც ფაქტები, რომელზედაც შეფასებითი განსჯაა დაფუძნებული, სადავო არ ხდება, ასეთ შემთხვევაში შეფასებითი განსჯის გამოყოფა და მათი სინამდვილესთან შესაბამისობის მტკიცება უსაფუძვლოა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კო.იის მოსაზრებას, რომ: “იმის გამო, რომ მოსარჩელეთა მიერ ბოდიშის მოხდის საფუძვლად დასახელებული არგუმენტები ჟურნალისტ ე. ჩ-ისა და გაზეთ “რ.” მოსაზრებებს წარმოადგენენ და არა ცნობებს, რის შესახებაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტშია მითითებული, მოპასუხეებს უფლება აქვთ, მაგრამ არ ევალებათ, ამტკიცონ მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებების ნამდვილობა, რამდენადაც ასეთ ვალდებულებას მათ არ აკისრებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი”.
ცნობა არის ოფიციალურად გადაცემული ამბავი, ცხოვრების აღწერა, მონათხრობი ვინმეს ან რისამე შესახებ.
პატივისა და ღირსების შელახვაში იგულისხმება ფიზიკური ან იურიდიული პირების შესახებ ისეთი ცნობების გავრცელება, რომლებიც შეიცავენ მტკიცებას მათ მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ.
მოსაზრება არის განსჯის პროდუქტი. ამდენად, თუ მოსაზრება შეიცავს მტკიცებას პირის მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ, ეს შეიძლება გახდეს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობის საგანი.
სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ კოლეგიამ არასწორად დაყო გავრცელებული ინფორმაცია ცნობებად და მოსაზრებებად.
მოცემულ შემთხვევაში გავრცელებული ინფორმაცია შეიძლება დაიყოს ინფორმაციად ფაქტობრივი მონაცემების შესახებ და ინფორმაციად შეფასებების შესახებ, რომლებიც ამასთან, ცნობებსაც წარმოადგენს.
მოპასუხეს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს არა იმის გამო, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცნობებს არ წარმოადგენს, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი უნდა გახდეს შემდეგი გარემოებები:
პოლიტიკური თანამდებობის პირების ქმედებათაMმკვეთრი შეფასებები, რომლებიც არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობენ, არ შეიძლება იყოს ჟურნალისტის პასუხისმგებლობის საფუძველი. ჟურნალისტური შეფასებები უნდა წარმოადგენდეს მის ხელთ არსებული ფაქტების ადეკვატურს.
სასამართლო თვლის, რომ გაზეთ ,,რ.” მითითებული პუბლიკაციის გამოქვეყნებამ ხელი შეუწყო იმ პრობლემების საჯარო განხილვას, რომელიც საყოველთაო ინტერესის საგანს წარმოადგენდა.
როდესაც საგაზეთო პუბლიკაცია ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ განხორციელებულ უკანონო მოქმედებას, რომლებიც თვითონ არიან პასუხისმგებელნი ქვეყანაში კანონიერების დაცვაზე და ამ დარღვევების არსებობის უარყოფა არ ხდება, ამ შემთხვევაში კრიტიკის ფარგლები ფართოა. ამ შემთხვევაში პრესის ფუნქციაა, შეასრულოს “ნაგაზის” როლი საზოგადოებაში და გაავრცელოს ინფორმაცია პოლიტიკური ლიდერის შესახებ, რათა ხალხმა შეაფასოს ლიდერთა საქმიანობა. Pპოლიტიკოსი, რომელიც ახორციელებს ასეთ სარისკო მოქმედებებს, თვითონ ხდის თავის თავს ჟურნალისტებისა და საზოგადოების მხრიდან მკვეთრი რეაქციის საგნად.
როდესაც უდავოა ფაქტების სინამდვილე, რომელსაც შეფასებითი განსჯა ეფუძნება და თვით ეს შეფასებებიც გამოტანილია სხვა პოლიტიკოსთა და სპეციალისტთა მოსაზრებებიდან, მოთხოვნა ჟურნალისტის მხრიდან ამგვარი ცნობების ურყოფის შესახებ ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლების პრინციპებს.
ჟურნალისტს და რედაქციას, მოცემულ შემთხვევაში, საგაზეთო პუბლიკაციის მკვეთრი და ყოველი ადამიანისათვის თვალშისაცემი ფორმა აქვს შერჩეული. Gგანსახილველი პრობლემიდან გამომდინარე, ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ კრიტიკის ობიექტები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, რომლებიც თვითონ არიან პასუხისმგებელნი კანონის დაცვაზე, არ შეიძლება ითქვას, რომ კრიტიკის ამგვარი ფორმის არჩევით ჟურნალისტმა და რედაქციამ გადალახეს სიტყვის თავისუფლების ფარგლები.
გამოხატვის თავისუფლების პრინციპის განხორციელებას ისახავს მიზნად ,,პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის 21-ე მუხლის შესაბამისად, ჟურნალისტი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩამოყალიბებული პრინციპებით. ჟურნალისტი ვალდებულია, შეამოწმოს მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის უტყუარობა. ჟურნალისტი პასუხს აგებს თავის წერილზე. Mმასთან ერთად რედაქციამაც უნდა იკისროს პასუხისმგებლობა, რომ არ გამოქვეყნდეს დაუზუსტებელი, დამახინჯებული ან ისეთი ინფორმაცია, რომელსაც წინასწარი განზრახვით შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ჟურნალისტი და რედაქცია არ გასცდენიან პოლიტიკური თანამდებობის პირების კრიტიკის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს.
პალატამ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის” მე-10 მუხლის დებულებათა განმარტებისას გაითვალისწინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგი გადაწყვეტილებები: “ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ”, “ობერლშიკი ავსტრიის წინააღმდეგ”, ,,სანდი თაიმსი” გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ”.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კო.იის 2001წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
კ. თ-ის, ა. ჩ-ის, ვ. დ-ას, ზ. ვ-ის, ნ. ი-ის, ზ. უ-ის, რ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.