გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-393-02 22 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, მ. ახალაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ო. ბ-ძე მუშაობდა ჭიათურის რაიონის სასწავლო საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრის ...ის თანამდებობაზე. იგი ამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ჭიათურის რაიონის გამგებელმა 2001წ. 22 ივნისს ¹68 ბრძანებით “საჯარო სამსახურის” შესახებ კანონის 98-ე მუხლის I პუნქტის “გ” ქვეპუნქტის, შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე; ასევე, საქართველოს კულტურის მინისტრის ¹022/2186-8 მომართვის, კულტურის ცენტრის დებულების მე-4 თავის 4.1, 4.2 ქვეპუნქტების, შრომის კანონთა კოდექსის 371 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტისა და 371 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად.
ო. ბ-ძემ სამსახურიდან განთავისუფლება მიიჩნია უკანონოდ, რის გამოც მან სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ჭიათურის რაიონის გამგებლის წინააღმდეგ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა;
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ო. ბ-ძის სარჩელი; მოსარჩელის მოთხოვნა, “სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრის” შექმნის შესახებ ჭიათურის რაიონის გამგეობის 2000წ. 9 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის და უსაფუძვლობის გამო. უსაფუძვლობის გამო, ასევე არ დაკმაყოფილდა სარჩელი ჭიათურის რაიონის გამგეობის 2001წ. 25 აპრილის ¹44/4 გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. ო. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა სამუშაოზე აღდგენის თაობაზე, იგი აღდგენილ იქნა ჭიათურის რაიონის სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრის ...ის თანამდებობაზე და აუნაზღაურდა განაცდური.
ჭიათურის რაიონის გამგებელმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000წ. 13 დეკემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ჭიათურის რაიონის გამგებლის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად იქნა დატოვებული ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 აგვისტოს გადაწყვეტილება ო. ბ-ძის სარჩელთან დაკავშირებით; უცვლელად იქნა დატოვებული, ასევე, იმავე სასამართლოს 2001წ. 5 ოქტომბრის განჩინება ო. ბ-ძის სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენასთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ჭიათურის რაიონის გამგეობამ ცვლილებები შეიტანა “სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრის” დებულებაში, რომლის თანახმად დირექტორს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ადმინისტრაციული მუშაობის არანაკლებ ორი წლის სტაჟი. ვინაიდან ო. ბ-ძეს არ გააჩნდა უმაღლესი განათლება, იგი სამუშაოდან იქნა დათხოვნილი. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 98-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მოხელე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, თუ მას არ სურს გადავიდეს სხვა შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო იმავე კანონის 108-ე მუხლის მიხედვით კი მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. საქმის მასალებით და თვით მოპასუხის განმარტებით ირკვევა, რომ მოსარჩელისათვის არ შეუთავაზებიათ 2001წ. 22 ივნისის ¹68 ბრძანების გამოცემამდე სხვა შესაბამისი თანამდებობა და არც განუცხადებია უარი შეთავაზებული თანამდებობის დაკავებაზე. მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტი, ანუ ო. ბ-ძის შეუსაბამობა დაკავებული თანამდებობისადმი არასაკმარისი კვალიფიკაციის გამო. სააპელაციო პალატამ არც ეს მოტივი გაიზიარა, რადგან მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის ბრძანების მიღებამდე არ ჩატარებულა ო. ბ-ძის ატესტაცია და არ არსებობს საკვალიფიკაციო კომისიის დასკვნა იმის შესახებ, რომ ო. ბ-ძე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. უმაღლესი განათლების საბუთის არქონა და არასაკმარისი კვალიფიკაცია კი სხვადასხვა ცნებებია; მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნისას დარღვეულ იქნა შრომის კანონთა კოდექსის 422 მუხლის პირველი ნაწილი და იგი განთავისუფლების ბრძანების დაწერამდე ორი თვით ადრე არ გააფრთხილეს ამის შესახებ; მოსარჩელე მუშაობდა განუსაზღვრელი ვადით, ამიტომ შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის მეორე ნაწილის გათვალისწინებით მისი განთავისუფლება კანონსაწინააღმდეგოა. “სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრის” დებულების 4.1 მუხლის მიხედვით ცენტრის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს რაიონის გამგებელი საქართველოს კულტურის მინისტრთან შეთანხმებით. ო. ბ-ძის სამუშაოდან დათხოვნისას დარღვეულ იქნა აღნიშნული დებულების მოთხოვნა, თუმცა მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის ერთ-ერთ საფუძვლად მოხსენიებულია კულტურის მინისტრის ¹022/2186-8 მომართვა, რომელიც არ გულისხმობს ო. ბ-ძის განთავისუფლებაზე შეთანხმებას.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჭიათურის რაიონის გამგებელმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩიების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ო. ბ-ძის სარჩელის დაუკმაყოფილებლობა. საკასაციო საჩივრის ძირითადი მოტივებია შემდეგი: სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 98-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რადგან ო. ბ-ძემ კატეგორიული უარი განაცხადა შეთავაზებულ ტოლფას თანამდებობაზე, ასევე არასწორად იქნა გამოყენებული შრომის კანონთა კოდექსის 422 მუხლი, რადგან საჯარო მოსამსახურეზე, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად უპირველეს ყოვლისა უნდა გავრცელდეს ამ კანონის ნორმები. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 98-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე მუშაკის განთავისუფლება არ საჭიროებს მის წინასწარ წერილობით გაფრთხილებას; სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რადგან იგი სულ სხვა ურთიერთობებს არეგულირებს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ ო. ბ-ძე მუშაობდა ჭიათურის რაიონის სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრის ...ის თანამდებობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ო. ბ-ძეს არ აქვს უმაღლესი განათლება. იგი დაკავებულ თანამდებობიდან დათხოვნილ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტით; ამ ნორმის თანახმად მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო იმ დოკუმენტის არქონისას, რომელიც აუცილებელია მოცემული თანამდებობის დასაკავებლად. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა აღნიშნული ნორმა და მიუთითა, რომ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთის არქონა და არასაკმარისი კვალიფიკაცია სხვადასხვა ცნებებია, რადგან მუშაკის კვალიფიკაციის ერთ-ერთ ძირითად განმსაზღვრელ დოკუმენტს წარმოადგენს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთი; გარდა ამისა, “სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრის” დებულების 4.2 მუხლის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ ცენტრის დირექტორად ინიშნება პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და ადმინისტრაციული მუშაობის არანაკლებ ორი წლის სტაჟი.
“სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრის” დებულების მე-4.1 მუხლის თანახმადაც ცენტრის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დაკავებული თანამდებობიდან რაიონის გამგებელი საქართველოს კულტურის მინისტრთან შეთანხმებით. საქმეში წარმოდგენილია ჭიათურის რაიონის კულტურის განყოფილების გამგის წერილი საქართველოს კულტურის მინისტრის სახელზე, რომელშიც მითითებულია, რომ რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნიათ ო. ბ-ძე, რომელსაც დამთავრებული აქვს ... სასწავლებელი, კლუბის მუშაკის, თვითმოქმედი თეატრალური კოლექტივის ხელმძღვანელის კვალიფიკაციით, წარდგენილი იქნეს კულტურის სამინისტროში კულტურის ცენტრის ...ის თანამდებობაზე დასამტკიცებლად საქმეში მოცემულია ასევე საქართველოს კულტურის მინისტრის 2000წ. 7 დეკემბრის ¹022/2186-8 წერილი ჭიათურის რაიონის კულტურის განყოფილების გამგის სახელზე იმის შესახებ, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნულ ცენტრში ჩატარდეს რეორგანიზაცია და დირექტორის თანამდებობაზე კონკურსის წესით შეირჩეს უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტი. ვინაიდან კულტურის მინისტრმა თანხმობა გამოხატა ცენტრის დირექტორის კონკურსის წესით შერჩევაზე, ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ ო. ბ-ძის თანამდებობიდან დათხოვნის თაობაზე კულტურის მინისტრს თანხმობა გამოთქმული აქვს და სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია იგი მხოლოდ სარეკომენდაციო წერილად. გარდა ამისა საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კულტურის მინისტრმა თანხმობა არ განაცხადა ო. ბ-ძის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებაზე.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 98-ე მუხლის მეორე პუნქტში აღნიშნულია, რომ მოხელე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ”-”ვ” ქვეპუნქტების საფუძველზე, თუ მას არ სურს გადავიდეს სხვა შესაბამის თანამდებობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ საქმის მასალებიდან და თვით მოპასუხის განმარტებიდან ჩანს, რომ ო. ბ-ძისათვის არ შეუთავაზებიათ 2001წ. 22 ივნისის ¹68 ბრძანების გამოცემისას სხვა შესაბამისი თანამდებობა და არ არსებობს თვით ო. ბ-ძის უარი შეთავაზებული თანამდებობის დაკავებაზე.
მოპასუხემ სააპელაციო საჩივართან ერთად წარადგინა ჭიათურის რაიონის გამგეობის 2001წ. 20 ივნისის სხდომის ოქმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ო. ბ-ძე წინააღმდეგია სხვა სამსახურში გადასვლაზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაარკვია, მოპასუხე შესთავაზა თუ არა ო. ბ-ძეს კონკრეტული სამუშაო და მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა თუ არა მასზე. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად იგი კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჭიათურის რაიონის გამგებლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 13 დეკებრის განჩინება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.