გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-394-02 8 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: სესხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. ხ-ძემ, ა. ც-ძემ და ა. ბ-შვილმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების “კ-ს” დირექტორის გ. გ-ძის წინააღმდეგ 1998 წლის 7 ივლისს სარჩელით მიმართეს ზესტაფონის რაიონის სასამართლოს.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ისინი იყვნენ კოოპერატივ “ლ-ს” მეპაიეები-წევრები. 1991-1992 წლებში, სხვადასხვა დროს, კოოპერატივში პაის სახით შეიტანეს სხვადასხვა ოდენობის თანხა; ამასთან, კოოპერატივს ამავე პერიოდში სესხად მისცეს სხვადასხვა რაოდენობის თანხა.
1997 წლის 11 მარტს კოოპერატივი “ლ.” გარდაიქმნა შპს “კ-დ”. მოსარჩელეები შპს “კ-ს” პარტნიორებად არ იქნენ აღრიცხულნი, ამიტომ მოითხოვეს 1991-92 წლებში კოოპერატივში პაის სახით და კოოპერატივისათვის სესხად მიცემული 6000 ლარის დაბრუნება, მათ შორის 1997 წლის 20 ოქტომბრის ხელწერილით დადასტურებული სესხის - 3000 მანეთის და პაის - 2000 მანეთის დაბრუნება.
საქმის განხილვის პროცესში მოსარჩელეებმა გაზარდეს მოთხოვნა და იმავე მოტივით მოითხოვეს ა. ბ-შვილისათვის 1350 აშშ დოლარის, ე. ხ-ძისათვის _ 2888 აშშ დოლარის, ხოლო ა. ც-ძისათვის _ 10698 აშშ დოლარის გადახდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგეგებული სარჩელით მოითხოვა ე. ც-ძისათვის მის სასარგებლოდ 877000 მანეთის შესაბამისი თანხის ლარებში გადასახდელად დაკისრება, ხოლო სამივე მოსარჩელისათვის სოლიდარულად 600 ლარის დაკისრება.
ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 16 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი მთლიანად დაკმაყოფილდა.
ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა გ. გ-ძის საჩივარი, გაუქმდა ამ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, არ დაკმაყოფილდა სარჩელი და შეგებებული სარჩელი.
შეგებებული სარჩელის ავტორს რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, ხოლო მოსარჩელეებმა 1999 წლის 29 დეკემბერს სააპელაციო საჩივრით მიმართეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას. აპელანტებმა მოითხოვეს მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება. ქუთაისის
საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება და გ. გ-ძეს ა. ც-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 15315 ლარი და 50 თეთრი, ხოლო ე. ხ-ძის სასარგებლოდ _ 4282 ლარი. ა. ბ-შვილის სარჩელი და სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ა. ბ-შვილს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, ამიტომ მის მიმართ ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 1 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა გ. გ-ძის საკასაციო საჩივარი, გაუქმდა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მხოლოდ მოსარჩელეებმა. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა რა მათი სააპელაციო მოთხოვნა მთლიანად, გააუქმა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არა მხოლოდ _ გასაჩივრებულ ნაწილში, არამედ მთლიანად, ანუ სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და გადაწყვეტილება გააუქმა შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილშიც, მაშინ, როცა შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გააუქმა რა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, თავისი გადაწყვეტილებით არ იმსჯელა შეგებებულ სარჩელზე.
საკასაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებული იყო.
2001 წლის 13 ნოემბერს გ. გ-ძემ შეიტანა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომელშიც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილის გაუქმება და მოსარჩელეებისათვის 877000 მანეთის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ხ-ძისა და ა. ც-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა გ. გ-ძის შეგებებული სააპელაციო საჩივარი ხანდაზმულობის ვადის გასვლისა და დაუსაბუთებულობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეები მოპასუხისაგან ითხოვდნენ 1990-91 წლებში კოოპერატივ “ლ-ში” შეტანილ ან უშუალოდ გ. გ-ძისათვის გადაცემული თანხების დაბრუნებას. აღნიშნული თანხების დაბრუნებას მოსარჩელეები მოპასუხისაგან ითხოვენ 1992 წლიდან (სადავო თანხის ნაწილი 1991-92 წლებში მიიღეს კიდეც), მაგრამ 1992 წლიდან მოპასუხემ თხოვნა არ დააკმაყოფილა. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელეებმა სარჩელით სასამართლოს მიმართეს 1998 წლის 7 ივლისს, ანუ სარჩელის შეტანის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, გ. გ-ძის შეგებებული სარჩელი შეტანილი იყო ვადაში, მაგრამ იგი მიიჩნია დაუსაბუთებლად, ვინაიდან არ არსებობდა 877000 მანეთის ეკვივალენტი ლარის მოთხოვნის საფუძველი.
2002 წლის 28 იანვარს ე. ხ-ძემ და ა. ც-ძემ საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორებმა მოითხოვეს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძველით:
კასატორებმა საკასაციო საჩივრის განხილვის დროს შეცვალეს მოთხოვნა. მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილივის მიზნით სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
კასატორებს მიაჩნიათ, რომ მათი უფლებები დაირღვა 1997 წლიდან, ანუ იმ დროიდან, როცა კოოპერატივ “ლ-ს” ნაცვლად რეგისტრაციაში გატარდა შპს “კ.”. ისინი ამ დრომდე თავს კოოპერატივ “ლ-ს” წევრებად თვლიდნენ და იმედოვნებდნენ, რომ კოოპერატივი ფუნქციონირებას გააგრძელებდა და ისინი კოოპერატივის მოგებიდან აინაზღაურებდნენ მათ კუთვნილ თანხებს. ამრიგად, კასატორებს მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი. ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა დაწყებულიყო მაშინ, როცა მხარეებისათვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევა, ეს კი, მათი მოსაზრებით, 1997 წელს მოხდა და მათი მითხოვნა არ იყო ხანდაზმული. მათივე მოსაზრებით, სასამართლოს მათ მიერ 1900-91 წლებში კოოპერატივისათვის გადაცემული თანხები, ვინაიდან ისინი კოოპერატივის წევრები არ აღმოჩნდნენ, სამოქალაქო კოდექსის 976-ე, 979-ე და 98-ე მუხლების შესაბამისად უნდა მიეჩნია უსაფუძვლო გამდიდრებად და გადასახდელად მოპასუხისათვის უნდა დაეკისრებინა.
კასატორები მოითხოვენ მოპასუხის მიერ 1997 წელს ხელწერილით აღიარებული 1991 წლის ვალის გადახდასაც, რომელზეც არანაირი ხანდაზმულობის ვადა არაა გასული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიიჩნია, რომ ც-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ა. ხ-ძის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა ცნობილი, რომ მოსარჩელეები არ წარმოადგენენ კოოპერატივ “ლ-ს” წევრებს და, ცხადია, ვერც კოოპერატივის ბაზაზე შექმნილი შპს-ს პარტნიორები გახდებოდნენ. კოოპერატივ “ლ-ში” მოსარჩელეები, მსახურობდნენ სხვადასხვა თანამდებობაზე და, ცხადია, კოოპერატივთან გააჩნდათ სხვადასხვა ურთიერთობა, მათ შორის ფულადი ურთიერთობაც.
თანხები, რომელთა დაბრუნებასაც მოსარჩელეები მოითხოვდნენ მათ მიერ კოოპერატივში განხორციელებული საქმიანობისათვის, გადახდილი ჰქონდათ 1990-91 წლებში და კოოპერატივის ხელმძღვანელობასა და მათ შორის ამ პერიოდში იყო სხვადასხვა სახის ურთიერთობა, მათ შორის ფულადი ანგარიშსწორებაც.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები სარჩელში მოთხოვნილ თანხის დაბრუნებას 1992 წლიდან სისტემატურად მოითხოვდნენ, მაგრამ ამ საკითხის მოგვარების მიზნით სარჩელი არ შეტანილა. თანხები, რომელთა დაბრუნებაზეც მოსარჩელეები დავობენ, სესხის სახით გადაცემული არ ყოფილა (არ არსებობს სათანადო წესით დამოწმებული სესხის ხელშეკრულება). აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 74-ე, 75-ე მუხლების შესაბამისად, სარჩელი ხანდაზმულად სწორად მიიჩნია და სწორად უთხრა უარი მოსარჩელეებს 1990-91 წლებში გ. გ-ძეზე მათ მიერ გადაცემული თანხების დაბრუნების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
არასწორია კასატორთა მითითება ამ ნაწილში იმის შესახებ, რომ თითქოს მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მათYმიერ გადახდილი თანხები უნდა ჩაეთვალა უსაფუძვლო გამდიდრებად და უნდა დაებრუნებინა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მითითებული თანხები სააპელაციო სასამართლოს თუნდაც უსაფუძვლო გამდიდრებად რომ ჩაეთვალა, მისი დაბრუნების საკითხს დადებითად მაინც ვერ გადაწყვეტდა, რადგან მოცემულ შემთხვევაშიც გასული იყო სარჩელის შეტანის ხანდაზმულობის ვადა.
არასწორია კასატორთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს მათ სარჩელის შეტანის უფლება წარმოეშვათ 1997 წლიდან, როცა კოოპერატივი “ლ.” გარდაიქმნა შპს “კ-დ”, რამეთუ მაშინ შეიტყვეს თავიანთი უფლებების დარღვევა.
საქმეში არსებული მასალებით, თვით მოსარჩელეთა არაერთი განმარტებით სააპელაციო სასამართლოს დადგენილად აქვს მიჩნეული, რომ სარჩელში მითითებულ თანხებს ისინი 1992 წლიდან მოითხოვდნენ და მოპასუხე მათ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა. აქედან გამომდინარე, სარჩელის ხანდაზმულობის დინების ვადა 1992 წლიდან სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა და სწორად არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა, რადგან სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად (1964წ. რედაქციით) სარჩელის ხანდაზმულობის ვადა 3 წელია, ხოლო ამავე კოდექსის მე-80 მუხლის მიხედვით სარჩელის ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის შეტანის უფლების წარმოშობის დროიდან, სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ 1997 წლის 20 (თვე დაუდგენელია) თარიღით შედგენილ ხელწერილს. მოცემული ხელწერილი წარმოადგენს კ. გ-ძის მიერ ა. ც-ძის სასარგებლოდ 1991 წლის ვალის _ 15000 მანეთის ოდენობით აღიარებას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება წარმოადგენს დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, ვინაიდან მოსარჩელე ამ თანხის ანაზღაურებას (სხვა თანხასთან ერთობლიობაში) 1998 წლის 7 ივლისს შეტანილი სარჩელითაც მოითხოვდა. მასზე გასული არ იყო სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა. ამ ხელწერილით კ. გ-ძე 1997 წლისათვის აღიარებდა რა 1991 წლის მონაცემებით 15000 მანეთის ოდენობით ვალს, მიუთითებდა, რომ მას მოთხოვნისთანავე გადაიხდიდა თანამედროვე კურსით. სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ შეუფასებია მოცემული დოკუმენტები და არ უმსჯელია, წარმოადგენდა თუ არა იგი ვალის აღიარებას. და თუკი ეს ვალის აღიარება იყო, მაშინ რას შეადგენდა 1991 წლის 15000 მანეთი 1997 წლის ხელწერილში მითითებული დროისათვის ლარებში. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტებს სწორად უთხრა უარი 1991-92 წლებში გადაცემული თანხების დაბრუნების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ხოლო 1997 წლის ხელწერილის ნაწილში მოპასუხეს მიერ ვალის აღიარება სათანადოდ არ გამოიკვლია და ამ ნაწილში მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული ან მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში გაურკვეველია, თუ რატომ არ დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა 1997 წლის ხელწერილის შესაბამისად 15000 მანეთის ვალის აღიარების შესახებ. გაურკვეველია ასევე, თუ რატომ არ იმსჯელა სასამართლომ მოთხოვნის ამ ნაწილთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ აბსოლუტურად დაუსაბუთებელია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმეში. მოთავსებული დოკუმენტი, დაადგინოს, თუ როდისაა იგი შედგენილი და ამის შესაბამისად გადაწყვიტოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 154-ე და მე-4 მუხლების საფუძველზე, ანდა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს თუ არა ვალის არსებობის აღიარებას; თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ვალის არსებობის აღიარებას, უნდა დაადგინოს, თუ რამდენ ლარს წარმოადგენს 1991 წლის 15000 მანეთი 1997 წლის ხელწერილში აღნიშნული დროისათვის და დავა ამის შესაბამისად გადაწყვიტოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ც-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება ვალის აღიარების შესახებ 1997 წლის ხელწერილში მითითებული თანხის – 15000 მანეთის გადასახდელად დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება