Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3კ-395-02 12 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, თ. კობახიძე

დავის საგანი: სამკვიდრო ვადის აღდგენა, მისი გაგრძელება და სამკვიდრო ქონების მიღება.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. კ-ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის აღდგენა, მამკვიდრებლის დანაშთი ქონებიდან ანდერძისა და მემკვიდრეობის გათვალისწინებით კუთვნილი წილის მიკუთვნება. მოსარჩელის განმარტებით, მისმა ბებიამ, ნ. ჭ-ა-კ-ამ, რომელიც გარდაიცვალა 1997წ. 3 ივნისს, 1993წ. 7 აგვისტოს ანდერძით მის სახელზე რიცხული ყოველგვარი ქონება, მათ შორის _ საცხოვრებელი სახლი, მდებარე ზუგდიდში ..., უანდერძა შვილს _ ნ. კ-ას და შვილიშვილს _ ი. კ-ას. ი. კ-ამ საბოლოოდ მოითხოვა სამკვიდრო ქონების მიღების ვადის გაგრძელება, ზუგდიდში, ... მდებარე სახლის 1\4 წილის და საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე ¹78 მაღაზიიდან 35კვ.მ. მიკუთვნება. აღნიშნულ მაღაზიაზე ნ. კ-ას კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის ბათილად ცნობა, ასევე სამემკვიდრეო წილის მიკუთვნება პურსაცხობ “გ.” და მოპასუხისათვის 7400 ლარის დაკისრება.

ზუგდიდის რაიონის სასამართლოს 2001წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ი. კ-ას გაუგრძელდა სამკვიდრო ქონების მიღების ვადა და ანდერძისმიერი მემკვიდრეობის წესით საკუთრებაში გადაეცა ქ. ზუგდიდში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1\4 ნაწილი, შესაბამისად ცვლილებები იქნა შეტანილი ზუგდიდის ნოტარიუსის მიერ 1997წ. 31 დეკემბერს გაცემულ ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში და ნ. კ-ასთან ერთად კანონისმიერ მემკვიდრედ ცნობილ იქნა ი. კ-ა. თითოეულს საკუთრების უფლებით გადაეცა ნ. ჭ-ა-კ-ას დანაშთი ქონების, ზუგდიდში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1\4 წილი, ხოლო ნ. კ-ას საკუთრებაში გადაეცა ზუგდიდში, ... მდებარე საკარმიდამო ნაკვეთის 1\4 წილი.

ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი. ნ. კარტოზიას საკუთრებაში გადაეცა ნ. ჭ-ა-კ-ას დანაშთი ქონებიდან საძინებელი გარნიტური და პიანინო.

გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. კარტოზიამ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. კ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის სხვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; დაკმაყოფილდა ი. კ-ას სარჩელის მოთხოვნა _ იგი ცნობილ იქნა ზუგდიდში, ... საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე ¹78-ე მაღაზიის 19კვ.მ-ის მესაკუთრედ. ნ. კ-ას ი. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 3900 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ სკ-ს 985-ე მუხლის შესაბამისად მიიჩნია, რომ ი. კ-ა უფლებამოსილია, მოითხოვოს მოგება, რომელიც აღემატება მის ქონებრივ დანაკლისს. სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია ნ. ჭ-ა-კ-ას საკუთრების უფლება სადავო მაღაზიის ფართობზე.

ნ. კ-ამ საკასაციო საჩივარი შეიტანა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება იმ საფუძვლით, რომ სადავო მაღაზიის პრივატიზაცია მოახდინა მისმა მეუღლემ, მაგრამ იგი ფორმალურად გაფორმდა დედამისის სახელზე. გარდა აღნიშნულისა, ნ. ჭ-ა-კ-ა როგორც მესაკთურე არ იყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული. ეს უკანასკნელი არასოდეს ყოფილა რეგისტრირებული ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურში.

კასატორის განმარტებით, სკ-ს 183-ე მუხლში ზუსტადაა მითითებული, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საფუძველია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ნ. ჭ-ა-კ-ა გარდაიცვალა 1997წ. 3 ივნისს, რომელმაც თავის სახელზე რიცხული ყოველგვარი ქონება 1993წ. 7 აგვისტოს ანდერძით უანდერძა შვილს ნ. კ-ას და შვილიშვილს ი. კ-ას. 1994წ. 5 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე, როგორც კონკურსში გამარჯვებულს, აწ გარდაცვლილ ნ. ჭ-ა-კ-ას საკუთრებაში გადაეცა ქ. ზუგდიდის ვაჭრობის სამმართველოს ¹...-ე მაღაზია, რომლის სასარგებლო ფართობი შეადგენს 38,4 კვ.მ-ს. 1994წ. 9 აგვისტოს აწ გარდაცვლილ ნ. ჭ-ა-კ-ას სახელზე გაიცა ¹78-ე მაღაზიის ¹20\14კ საკუთრების უფლების მოწმობა. სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილადაა მიჩნეული, რომ ნ. კ-ას (რომელმაც სადავო მაღაზია 1998წ. 10 ივლისს გადაიფორმა მემკვიდრეობის მოწმობის საფუძველზე) სამკვიდროს მიღების დღიდან გაქირავებული აქვს სადავო ფართობი, საიდანაც სუფთა მოგების სახით იღებს 200 ლარს.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ სადავო მაღაზია არ უნდა ჩათვლილიყო სამკვიდრო მასაში, ვინაიდან ნ. ჭანტურია-კარტოზია არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.

პალატა თვლის, რომ სადავო მაღაზია მიეკუთვნება ნ. ჭ-ა-კ-ას სამკვიდრო მასას, ვინაიდან საკუთრების მოწმობით დადასტურებულია მისი საკუთრების უფლება ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულ ქონებაზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში არ არსებობს ნ. კ-ას მიერ აღნიშნულ ფართობზე მემკვიდრეობის აღდგენის სამართლებრივი საფუძველი.

სკ-ს 1348-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, თუ ანდერძში მითითებული არ არის ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეთა წილი, მაშინ სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება მემკვიდრეებს შორის.

სკ-ს 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო ქონება შეიცავს მამკვიდრებლის ქონებრივ უფლებებს, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სააპელაციო პალატამ ისე ჩათვალა სადავო მაღაზიის შენობის გაქირავების შედეგად მიღებული ქირა სამემკვიდრეო ქონებად, რომ არ მიუთითა იურიდიულ ნორმაზე, რომელზე დაყრდნობითაც მიიღო ამ ნაწილში გადაწყვეტილება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში იურიდიულად დასაბუთებული არ არის, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად ქირის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

ვინაიდან საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია საპროცესო ნორმების დაცვით, ახალი მტკიცებულებების გამოკვლევა საჭირო არ არის. საკასაციო პალატა თვლის, რომ გაუქმებულ ნაწილში შესაძლებელია ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. ზუგდიდში საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე მაღაზია წარმოადგენდა 1997წ. 3 ივნისს გარდაცვლილ ნ. ჭ-ა-კ-ას სამკვიდრო ქონებას. მოსარჩელე ი. კ-ას თავის დროზე არ მიუმართავს მემკვიდრეობის მიღების თაობაზე, მემკვიდრეობა კანონით დადგენილი წესით მიიღო კასატორმა ნ. კ-ამ, რომელმაც მაღაზიის შენობის თავის საკუთრებაში აღრიცხვის შემდეგ გააქირავა იგი. მოსარჩელე ი. კ-ას არ გააჩნია იურიდიული საფუძველი, მოსთხოვოს ყოფილ მესაკუთრეს ნორა კარტოზიას მაღაზიის შენობის გაქირავებით მიღებული შემოსავალი, თანხა, რის გამოც ამ ნაწილში მას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

ნ. კ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილება 3900 ლარის ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

ი. კ-ას სარჩელი მოპასუხე ნ. კ-აზე სამკვიდრო მაღაზიის გაქირავებიდან მიღებული ქირის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.