გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-399-02 9 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, ქ. გაბელაია
დავის საგანი: მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ბათილად ცნობა და ოთახების დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ქუთაისში ... მდებარე სახლთმფლობელობა ირიცხებოდა დ. ო-ის სახელზე. დ. ო-ის გარდაცვალების შემდეგ, 1945 წელს, ქონებაზე მემკვიდრეობა აღიდგინა მამკვიდრებლის ძმამ კ. ო-მა. 1973 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ბინის მესაკუთრე გახდა შ. ჭ-ე.
ლ. ხ-ემ 2000წ. 12 მაისს სარჩელი აღძრა სასამართლოში მემკვიდრეობის მოწმობის ბათილად ცნობისა და კუთვნილი ბინის დაბრუნების შესახებ იმ საფუძვლით, რომ 1943 წელს მისმა დედამ ნ. ო-მა შეიძინა ბიძის, დ. ო-ის, სახლი, რომლის გადაფორმებაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოასწრო. ამით ისარგებლა კ. ო-მა და უკანონოდ აღადგინა მემკვიდრეობა სადავო ფართზე, ხოლო 1973წ. 11 იანვარს ხელშეკრულებით ბინა მიჰყიდა შ. ჭ-ეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 14 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ხ-ემ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 22 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. ხ-ემ, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა არასწორად მიიჩნია ხანდაზმულად, რადგან სამემკვიდრეო მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნაზე არ ვრცელდება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. უფლების დარღვევის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 1987 წელს, როდესაც იპოვნა ბიძამისის, დ. ო-ის მიერ დედის _ ნ. ო-ის სახელზე გაცემული მინდობილობა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამემკვიდრეო მოწმობა, რომლის ბათილობის საკითხსაც აყენებს კასატორი, გაცემულ იქნა 1945 წელს. ლ. ხ-ის დედას _ ნ. ო-ს, რომელმაც კასატორის მტკიცებით ბიძამის, დ. ო-ისაგან შეიძინა სადავო სახლი არასოდეს სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული ფაქტი. სამემკვიდრეო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნით ლ. ხ-ემ სასამართლოს მიმართა 2000 წელს ე.ი. მოწმობის გაცემიდან 55 წლის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლომ ლ. ხ-ის მოთხოვნა სწორად ჩათვალა ხანდაზმულად, სკ-ს 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს, ხოლო კ. ო-ზე მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაცემიდან ლ. ხ-ის მიერ სარჩელის აღძვრამდე 10 წელზე გაცილებით მეტი დროა გასული.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ უფლების დარღვევის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 1987 წელს, როდესაც იპოვნა დ. ო-ის მიერ დედამისის სახელზე გაცემული მინდობილობა, რადგან ნ. ო-ს, თუ მართლაც ჰქონდა სადავო ბინა ნაყიდი, უფლების დარღვევის შესახებ უნდა შეეტყო იმ დროიდან, როდესაც კ. ო-მა აღიდგინა მემკვიდრეობა და შეუდგა სადავო ფართის ფლობას. პალატას რომ გაეზიარებინა კიდეც კასატორის მოსაზრება, მოთხოვნა მაინც ხანდაზმული იქნებოდა, რადგან სარჩელი აღძრულ იქნა მის მიერ მითითებული თარიღიდან 10 წლის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 22 ნოემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.